10 მაისი 2024 - 10:00

რატომ ყიდულობს ევროკავშირი ისევ რუსულ გაზს?

ფოტო: Reuters

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა რუსეთიდან გაზის იმპორტი მკვეთრად შეამცირა, თხევადი ბუნებრივი აირის დიდი მოცულობა, მათ შორის - გაზსადენებით, ევროკავშირს ისევ მიეწოდება. ამ პროცესის მთავარი მიზეზი ევროპიდან რუსული  გაზის რეექსპორტია. აღნიშნული თემის დეტალები Deutsche Welle-მ გაარკვია. 

რა ხდება?

ორ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, თუმცა რუსული გაზი ევროპას კვლავ მიეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა იმპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად შეამცირა, რუსული თხევადი ბუნებრივი აირი ევროკავშირის ბევრ საცხოვრებელ შენობას კვლავ ათბობს და ეს უკანასკნელი სამრეწველო წარმოებაშიც გამოიყენება. ამ ყველაფრის შედეგად კი, კრემლის შემოსავლები იზრდება. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, ევროპელი ლიდერები იძულებული გახდნენ, კიდევ ერთხელ გაეანალიზებინათ გრძელვადიანი დამოკიდებულება როგორც რუსულ გაზზე, ასევე - ნავთობზე. განსაკუთრებულ პრობლემას გაზი წარმოადგენდა, რადგან 2021 წელს ამ ტიპის საწვავის 34% ევროკავშირში სწორედ რუსეთიდან შევიდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კი ყველაზე მეტად იყვნენ დამოკიდებული ასეთ მარაგებზე. როდესაც ბრიუსელმა რუსული გაზისა და ნავთობის აკრძალვაზე დაიწყო საუბარი, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ამის წინააღმდეგ სასწრაფოდ გაილაშქრა. „ევროპამ სანქციების ჩამონათვალიდან მიზანმიმართულად ამოიღო რუსული ენერგორესურსების მიწოდება. ამ ეტაპზე ევროპის ენერგომომარაგება, რაც აუცილებელია ელექტრომომარაგებისთვის, ტრანსპორტისა და მრეწველობის ფუნქციონირებისთვის, სხვაგვარად შეუძლებელია“, - განაცხადა მან. 

ამით ისარგებლა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. შესაბამისად, მთელი 2022 წლის განმავლობაში რუსეთი ევროპაში გაზის ექსპორტს სულ უფრო ამცირებდა. ევროპელი ლიდერები იმ ზამთარში ენერგოდეფიციტს უფრთხოდნენ. მართალია, ეს შიში არ გამართლდა, მაგრამ ნამდვილად იმოქმედა იმაზე, რომ ევროკავშირს რუსული გაზის შესყიდვებზე სანქციები არ დაუწესებია. ”ეს იყო ქვეყნების ნებაყოფლობითი და გონივრული გადაწყვეტილება, რომ ლურჯი საწვავის წყაროების დივერსიფიცირება მოეხდინათ და რუსული შანტაჟის მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ“,-  ამბობს კიევის ეკონომიკის სკოლის წარმომადგენელი ბენიამინ ჰილგენშტოკი DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

როგორ ჩაანაცვლა რუსულმა თხევადმა ბუნებრივმა აირმა რუსეთის მილსადენის გაზი

ევროკავშირის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ იმპორტირებული რუსული მილსადენის გაზის წილი მთლიანი იმპორტის 40%-დან დაახლოებით 8%-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი 2021-2023 წლებს ეხება, თუმცა ტანკერებით მიწოდებული თხევადი ბუნებრივი აირის გათვალისწინებით, მან 15% მაინც შეადგინა. რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირების გასაღები იყო  თხევადი ბუნებრივი აირის შეძენა აშშ-სა და ყატარისგან. თუმცა ამან ევროპულ ბაზარზე რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. არა და, იქამდე ის დაბალ ფასად იყიდებოდა. 

კომპანია Kpler-ის მონაცემებით, რუსეთი ევროკავშირისთვის თხევადი ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე მიმწოდებელია. 2023 წელს  ევროკავშირში ამ ტიპის საწვავის მთლიანი იმპორტის 16% სწორედ რუსეთზე მოდიოდა, 2021 წელთან შედარებით, რაც 40%-ით მეტია. ამასთან, 2023 წელს მიწოდების მოცულობა ოდნავ შემცირდა 2022 წელთან შედარებით, მაგრამ 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემები აჩვენებს, რომ ეს ციფრი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით მეტია. ყველაზე დიდი იმპორტიორები იყვნენ საფრანგეთი, ესპანეთი და ბელგია. 2023 წელს, ევროკავშირისთვის მიწოდებული თხევადი ბუნებრივი აირის 87% სწორედ მათზე მოდიოდა. 

ევროკავშირიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის რეექსპორტის შეჩერება

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული თხევადი ბუნებრივი აირის დიდი ნაწილი ევროპულ ბაზარს არ ჭირდება. შესაბამისად, ის იგზავნება ევროპის პორტებში, საიდანაც ხდება მათი რეექსპორტი მესამე ქვეყნებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოსა და კომპანიისთვის ძალიან მოგებიანია. "რუსული თხევადი ბუნებრივი აირის უმეტესი ნაწილი, რომელიც ევროპაში შემოდის, უბრალოდ გადაიტვირთება აქ", - განმარტავს ჰილგენშტოკი. "ასე რომ, მას არაფერი აქვს საერთო ევროპისთვის გაზის მიწოდებასთან. უბრალოდ, ევროპული კომპანიები ფულს აკეთებენ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის ხელშეწყობით", - აზუსტებს ის.  Centre for Research on Energy and Clean Air -ის ბოლო მოხსენების თანახმად, 2023 წელს რუსეთიდან ევროპაში იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის მეოთხედი (22%) სხვა ბაზრებზე გადანაწილდა. როგორც ამ ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პეტრას კატინასმა DW-ს განუცხადა, ზემოთ ხსენებული ლურჯი საწვავის უმეტესი ნაწილი აზიის ქვეყნებში გაიყიდა. 

აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი, როგორიცაა შვედეთი, ფინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ახდენენ ზეწოლას ბრიუსელზე, რათა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე სრული აკრძალვა დაწესდეს. თუმცა მას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. ევროკავშირი ამჟამად ევროპის პორტებიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის რეექსპორტის აკრძალვას განიხილავს. Bloomberg-ის ცნობით, ასევე განიხილება სანქციების დაწესება აღნიშნულ სფეროში მიმდინარე ძირითად რუსულ პროექტებზე. ”ჩვენ მთლიანად უნდა ავკრძალოთ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი,” - ამბობს ბენიამინ ჰილგენშტოკი. ”ჩვენ არ გვჯერა, რომ ის რაიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის გაზმომარაგებაში“, - ასკვნის ის. ამ მოსაზრებას ადასტურებს ანალიტიკურ ცენტრ Bruegel -ის 2023 წლის კვლევაც. თუმცა ევროკავშირის ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელმა Acer-მა ცოტა ხნის წინ გაფრთხილება გაავრცელა, რომ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ნებისმიერი შემცირება უნდა მოხდეს "ეტაპობრივად", რათა თავიდან იყოს აცილებული ენერგოშოკი. 

ევროკავშირის ქვეყნებს რუსული მილსადენის გაზი ისევ მიეწოდება

რუსეთიდან მილსადენით მიმავალი გაზი ევროკავშირს ისევ მიეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის სექტემბერში, „ჩრდილოეთის ნაკადის“ ოთხი ხაზიდან სამი ააფეთქეს და „იამალ- ევროპის“ გაზსადენი 2022 წლის მარტიდან შეჩერებულია, რადგან პოლონეთმა რუსულ გაზზე უარი თქვა, ის უკრაინის გავლით, ავსტრიის ჰაბ ბაუმგარტენში მაინც მიდის. ავსტრიის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია OMV-ს „გაზპრომთან“ 2040 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული. თებერვალში ოფიციალურმა ვენამ დაადასტურა, რომ 2023 წლის დეკემბერში საზღვარგარეთ შეძენილი გაზის 98% რუსეთზე მოდიოდა. ავსტრიის მთავრობა აცხადებს, რომ სურს, „გაზპრომთან“ რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ხელშეკრულება, მაგრამ ეს ლეგალურად რომ მოხდეს, საჭიროა ევროკავშირმა რუსული გაზის შესყიდვაზე სანქციები დააწესოს. 

ავსტრიის მსგავსად, დიდი რაოდენობით ლურჯი საწვავის იმპორტს რუსეთის ფედერაციიდან უნგრეთიც აგრძელებს. ოფიციალურმა ბუდაპეშტმა ცოტა ხნის წინ გააფორმა გაზის გარიგება თურქეთთან, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ გაზი, რომელიც ბუდაპეშტს „თურქული ნაკადის“ მილსადენით მიეწოდება, ასევე რუსეთიდან მოდის. ბენიამინ ჰილგენშტოკი თვლის, რომ ზოგიერთი ქვეყანა  რუსული გაზის შესყიდვას აგრძელებს, რადგან ისინი დაბალი ფასებით არიან მოხიბლული. „ამიტომაც სანამ რუსულ გაზზე ემბარგო არ დაწესდება, ყველაფერი ამ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული“, - აცხადებს ექსპერტი. ისეთი სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა ავსტრია და უნგრეთი, რუსეთის ფედერაციიდან მილსადენის გაზის იმპორტის შესაძლო შეწყვეტა, საბოლოო ჯამში, უკრაინაზეა დამოკიდებული. კიევი ამტკიცებს, რომ არ განაახლებს „გაზპრომთან“ არსებულ შეთანხმებას, რომელიც მისი ტერიტორიის გავლით გაზის მიწოდებას ეხება. ამ ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება. 

ემბარგოს დროა?

მიუხედავად იმისა, რომ ევროპას რუსული გაზი კვლავ მიეწოდება, მისი წილი ამ ტიპის ენერგიის მთლიან ევროპულ იმპორტში 2021 წლიდან მკვეთრად შემცირდა. ევროკავშირი აცხადებს, რომ მას სურს, 2027 წლისთვის რუსულ გაზზე სრულად თქვას უარი და ეს მიზანი, ჰილგენშტოკის აზრით, სულ უფრო რეალურია.  „ვფიქრობ, თუკი ამან რაიმე დაგვანახა, ეს არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია შედარებით სწრაფად მოვახერხოთ რუსული გაზისა და სხვა ენერგორესურსების დივერსიფიკაცია“, - დასძენს ანალიტიკოსი. თუმცა მისი აზრით, ამ მომენტისთვის პოლიტიკური პირობები „არ არის ძალიან ხელსაყრელი“, რათა რუსულ გაზზე, განსაკუთრებით კი, მილსადენის გაზზე სრული ემბარგო დაწესდეს. ის პოტენციურ დაბრკოლებად 2024 წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის უნგრეთის პრეზიდენტობას ასახელებს. ბუდაპეშტს უფრო მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, ვიდრე - ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობას. 

ბუნებრივ თხევად აირთან მიმართებით ჰოლგენშტოკი უფრო ოპტიმისტურია და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის ქმედებების გარდა, ბუნებრივი თხევადი აირის მსხვილმა იმპორტიორებმა, როგორიცაა ესპანეთი და ბელგია, თავად უნდა მიიღონ ზომები. ”რუსული გაზის „შემოვლითი გზით“ იმპორტი უზარმაზარი პრობლემაა, განსაკუთრებით იმ მხრივ, თუ რა არის მისი გზავნილი. ამით ჩვენ ვეხმარებით რუსეთს, რომ მიწოდების ჯაჭვი შეინარჩუნოს, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ“,- ასკვნის ექსპერტი.

სხვა თემები