08 მაისი 2024 - 10:33

პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით წვრთნების ჩატარების ბრძანება გასცა. რას ნიშნავს ეს?

ფოტო: Reuters

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით, გენერალურმა შტაბმა უახლოეს მომავალში სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო ფორმირებებისა და სამხედრო ფლოტის წვრთნების ჩასატარებლად მზადება დაიწყო. აღნიშნულ პროცესში „არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენება“ (მას ასევე უწოდებენ ტაქტიკურს) განიხილება. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს, BBC-მ გაარკვია.

რა ხდება?

თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წვრთნები "დასავლეთის ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარის" საპასუხოდ მზადდება და "უახლოეს მომავალში" დაიწყება. აქ არ იყო დაკონკრეტებული, თუ კერძოდ რომელ განცხადებებზეა საუბარი და არც წვრთნების ჩატარების ადგილი დასახელებულა. თუმცა, ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ საუბარია საფრანგეთის პრეზიდენტის - „ბატონი მაკრონის, ბრიტანეთის წარმომადგენლებისა“ და „აშშ-ის სენატის წევრების“ განცხადებებზე, რომლებიც თითქოს უკრაინაში შეიარაღებული კონტინგენტის გაგზავნას ეხებოდა. „ეს არის დაძაბულობის ესკალაციის სრულიად ახალი რაუნდი. ის უპრეცედენტოა და შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებასა და სპეციალურ ზომებს მოითხოვს“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა (ციტირებულია „ინტერფაქსიდან“).

2024 წლის თებერვლის ბოლოს, Financial Times-მა დაწერა რუსულ საიდუმლო დოკუმენტებზე, რომლებიც გაზეთის ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. აღნიშნული მასალები რუსულ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ეხებოდა. სტატიის ავტორი წერდა, რომ მისი გამოყენების რეალური შანსი იმაზე დაბალია, ვიდრე ის პათოსი, რომლითაც რუსეთის ოფიციალური პირები ამაზე საჯაროდ აცხადებენ.

"სრულებით შეუსაბამო" განცხადება

პესკოვის განცხადების საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა მოსკოვის "უპასუხისმგებლო რიტორიკა“ დაგმო. „ ეს არის იმ უპასუხისმგებლო რიტორიკის მაგალითი, რაც ჩვენ წარსულში უკვე მოვისმინეთ ", - განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა. „არსებული ვითარების უსაფრთხოების კუთხით, ეს სრულებით შეუსაბამოა“, - დასძინა მან. ამავდროულად, რაიდერმა დააკონკრეტა, რომ „ [რუსეთის] სტრატეგიული ძალების პოზიციებში არავითარი ცვლილება“ არ დაუფიქსირებია აშშ-ის დაზვერვას. ”ცხადია, ჩვენ მონიტორინგს გავაგრძელებთ ”, - დასძინა პენგატონის პრესმდივანმა. 

არსებობს თუ არა კრემლის განცხადებაზე შეშფოთების საფუძველი?

BBC-ის რუსული სამსახურის სამხედრო დამკვირვებლის, პაველ აქსენოვის განმარტებით, ბირთვული იარაღით წვრთნების ჩატარების ფაქტი თავისთავად არ შეიძლება იყოს საგანგაშო. ამის მიზეზი არის ის, რომ რუსეთი რეგულარულად ატარებს სტრატეგიული ბირთვული ძალების სხვადასხვა ტიპის მანევრებსა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს. თუმცა სტრატეგიული ბირთვული იარაღი ამ ყველაფერზე ბევრად უფრო ძლიერი და საშიშია. აქსენოვის განმარტებით, პირობები და გარემოებები, ისევე, როგორც სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგები, ყველასთვის ნათელია და ამიტომ მსგავსი ქმედებებით ვინმეს დაშინება ნაკლებად სავარაუდოა. 

პაველ აქსენოვის განმარტებით, სტრატეგიულისგან განსხვავებით, ტაქტიკური ბირთვული იარაღი საშიშია იმით, რომ „პოლიტიკოსებსა და სამხედრო პერსონალს შეიძლება, მისი გამოყენების შემთხვევაში,  „შეზღუდული“ ეფექტის ცრუ განცდა  ჰქონდეთ“. ტაქტიკურ ატომურ ბომბს ან რაკეტას არ შეუძლია გაანადგუროს ქვეყანა და დიდი ალბათობით, არც რომელიმე ქალაქის „პირისაგან მიწისა აღგვა შეუძლია“. სწორედ ამიტომ, ასეთი „შეზღუდული მასშტაბის“ განცდამ შეიძლება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბარიერი შეამციროს. 

თუმცა მეორე მხრივ, მსოფლიოში ბირთვული იარაღისადმი შიში იმდენად დიდია, რომ მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული პოლიტიკური შედეგები, თუნდაც ეს "უბრალოდ" ტაქტიკური სვლა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორ წელზე მეტია, რუსეთი უკრაინაში დესტრუქციულ და სისხლიან ომს აწარმოებს, ის მაინც ინარჩუნებს პარტნიორულ ან მეგობრულ ურთიერთობას ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის, ჩინეთსა და ინდოეთთან. ბირთვული იარაღის გამოყენებამ კი, თუნდაც წვრთნების დროს, შეიძლება ეს კავშირები მნიშვნელოვნად გაართულოს.

ბირთვულ იარაღს აქვს ერთი თვისება: ის ერთგვარი შეკავების ინსტრუმენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ იყენებენ, მისით მხოლოდ იმუქრებიან, - ამბობს  აქსენოვი.

მიმდინარე ომის დროს, უკრაინაში ბირთვულ იარაღის გამოყენებით რუსეთი უკვე იმუქრებოდა. კერძოდ, კრემლმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსის ტერიტორიაზე 2023 წლის გაზაფხულზე განათავსა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც უკრაინამ დასავლეთისგან სამხედრო დახმარება მიიღო. როგორც კრემლში აცხადებენ, ახლად გამოცხადებული წვრთნები დაკავშირებულია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების განცხადებებთან, რომლებიც უკრაინის ომში მათი ქვეყნების ჩართვას ეხება. აქსენოვის განმარტებით, ეს ნამდვილად არის ძალიან საგანგაშო სიგნალი, თუმცა, წინა ჯერზე დასავლეთი ამას შეუფერხებია. 

სხვა თემები