13 მაისი 2024 - 12:53

როგორ და რატომ იმოგზაურა ჩინეთის ლიდერმა სი ცზინპინმა ევროპაში?

ფოტო: REUTERS

ჩინეთის ლიდერი სი ცზინპინი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ევროპას ეწვია. მისმა ვიზიტმა ნათლად აჩვენა, თუ რამდენად რადიკალურად შეიცვალა მსოფლიო ამ მოკლე დროში და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, დასავლეთი და აღმოსავლეთი რამდენად დაშორდნენ ერთმანეთს. სი ცზინპინის ევროპული ტურნეს დეტალები BBC-მ გაარკვია. 

რა ხდება?

ევროპის პარტნიორისა და კონკურენტის ნაცვლად, ჩინეთი გადაიქცა მეტოქედ, რომელიც მის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ბოლო ხუთ წელიწადში ჩინეთის ეკონომიკამ ევროპულს გადააჭარბა და ამასობაში, სიმ თავისი ძალაუფლება იმდენად გაიმყარა, რომ, ფაქტობრივად, უვადო მმართველად იქცა. ეს კი თანამედროვე ჩინურ ტრადიციას ეწინააღმდეგება. ცზინპინმა „ძვირფას მეგობარ“ პუტინს ზურგი არ აქცია, რომელიც დასავლეთმა გარიყა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში პირველი ფართომასშტაბიანი ომი არ დაგმო.

ევროპას ცზინპინისთვის ბევრი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ მან ევროპული ტურნეს მარშრუტი ისე შეადგინა, რომ ხუთივე დღე წითელ ხალიჩებზე იარა. ის სადილობდა კარვებში სამხედრო ორკესტრებისა და ფოლკლორული ანსამბლების თანხლებით და მხოლოდ პირველ დღეს მოისმინა ევროპელების პრეტენზია ვაჭრობის წესების დამახინჯებასა და რუსეთის მხარდაჭერაზე. დანარჩენ დროს ან პირადად ესაუბრებოდა საფრანგეთის თავაზიან პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ან საჯარო შეხვედრები ჰქონდა "ნამდვილ მეგობრებთან" - პუტინის ორ მთავარ მოკავშირესთან ევროპაში: უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან. 

ექსპერტების შეფასებით, ცზინპინი ევროპელებს ჩინეთის იმპერატორის რანგში მოევლინა. ის მზად არის მოუსმინოს, მაგრამ არ გაითვალისწინოს ევროპის პრეტენზიები, რომელსაც ის შეერთებული შტატების ვასალად მიიჩნევს. ვაშინგტონს კი ოფიციალური პეკინი ერთადერთ სამხედრო, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ კონკურენტად მიიჩნევს. ექსპერტებით თქმით, ვიზიტის მთელი ქორეოგრაფია მიმართული იყო არა ევროპელ, არამედ შიდა ჩინურ აუდიტორიაზე. „ვიზიტი გამიზნული იყო საკუთარი მოქალაქეებისთვის მკაფიო სიგნალის გასაგზავნად: შეხედეთ, ჩვენ გვყავს მეგობრები ევროპაში“, - ამბობს Asia Society France-ის ექსპერტი ფილიპ ლე კორე. 

ორი ბოთლი კონიაკი

პეკინში შარშანდელი მოგზაურობის მსგავსად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ცზინპინისთვის კარგი პოლიციელის როლი შეასრულა, ოღონდ ამჯერად პარიზში და ცუდი პოლიციელის როლი ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს გადააბარა. ორივე მათგანმა შესაბამისი ფორმით სის ევროპის მთავარი საჩივრები გააცნო. პირველი არის ის, რომ ევროკავშირის აზრით, ვაჭრობის სფეროში ჩინეთი არასამართლიან კონკურენციას ეწევა. მეორე არის ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთის მიმართ, რომელსაც უკრაინასთან ომი აქვს გაჩაღებული. პირველ პრეტენზიას ცზინპინმა ტრადიციული მანერით უპასუხა - არანაირი დამახინჯება არ არსებობს, ჩვენ უბრალოდ თქვენზე უკეთესად და იაფად ვაწარმოებთ. მან, როგორც ყოველთვის, ომს "კრიზისი" უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინის გამო ჩინეთთან კამათი საჭირო არ არის, რადგან ეს მას არ ეხება. „მე წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ უკრაინაში კრიზისი მესამე ქვეყნის გასაშავებლად და ახალი ცივი ომის გასაჩაღებლად იყოს გამოყენებული. ეს კრიზისი ჩინეთს არ დაუწყია და ის მასში არ მონაწილეობს“,- განაცხადა სიმ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

მაკრონის მცდელობები წარუმატებელი იყო როგორც სავაჭრო დავებში, ისე - ცზინპინის გადარწმუნებაში, რომ პუტინისთვის ზურგი შეექცია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერს ორი ბოთლი კონიაკი აჩუქა -  Hennessy XO და Louis XIII „Remy Martin“-სგან (თითო ბოთლის ფასი 3000 ევროდან იწყება). თუმცა სი მხოლოდ დაჰპირდა, რომ ფრანგული კონიაკის იმპორტზე ტარიფებს გააუქმებს მხოლოდ მანამ, სანამ არ დასრულდება ანტიმონოპოლიური გამოძიება, რომელიც პეკინმა ევროკავშირის ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ წამოიწყო. ეს ეხება ჩინურ ელექტრომობილებს, რომელთაც ევროპული ბაზარი დატბორეს. სავაჭრო ომი გრძელდება და ჩინური ინვესტიციებისთვის ბრძოლას კვლავ იგებენ ისინი, ვინც არ აწუხებს ცზინპინს პუტინის შესახებ კითხვებით, არ იჭერს ჩინელ ჯაშუშებს და არ მოითხოვს ჩინურ ბაზარზე წვდომას ვაჭრობის წესების დამახინჯების აღმოსაფხვრელად. 

პუტინის ორი მეგობარი

ევროპული ტურის შემდგომ დღეებში სი კრიტიკისა და პრეტენზიებისგან გათავისუფლდა. მას უმღერეს დითირამბები, მადლობა გადაუხადეს და უმაღლესი დონის მიღება გაუმართეს. სერბეთსა და უნგრეთში მან აღმოაჩინა ევროპელები, რომლებიც მზად  არიან, ჩინეთთან არა მხოლოდ იმეგობრონ, არამედ იზიარებენ მის მტრულ დამოკიდებულებას შეერთებული შტატების, ევროკავშირის პოლიტიკური ხელისუფლებისა და ნატოს სამხედრო ბლოკის მიმართ. აქ საუბარი შეეხო არა მარტო ჩინურ ინვესტიციებს უნგრეთსა და სერბეთში, არამედ - ელექტრომობილების ქარხნების მშენებლობასა და ჩქაროსნული რკინიგზის გაყვანას ბელგრად-ბუდაპეშტში.

თუ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე  უნგრეთი ჩინური კომპანიებისთვის ჰაბი ნამდვილად ხდება, სერბეთთან ვაჭრობისა და ბიზნესის მიკროსკოპული მნიშვნელობა სის ვერ დააინტერესებდა. ის ბელგრადში სრულებით განსხვავებული მიზეზით ჩავიდა. „სი ცზინპინი ბოლო რვა წლის განმავლობაში სერბეთში მეორედ ჩავიდა არა ეკონომიკის, არამედ პოლიტიკის გამო“, - განუცხადა BBC-ს აზიის კვლევების ცენტრალური ევროპის ინსტიტუტის წარმომადგენელმა რიჩარდ ტურჩანიმ. 

სი ცზინპინი ბელგრადში 7 მაისს, ამერიკელების მიერ ჩინეთის საელჩოს დაბომბვის წლისთავზე ჩავიდა. ეს 25 წლის წინ მოხდა, მაგრამ ჩინელებს დღემდე ახსოვთ. „25 წლის წინ ნატომ დაბომბა ჩინეთის საელჩო იუგოსლავიაში. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. ჩინელი ხალხი აფასებს მშვიდობას, მაგრამ ამ ტრაგიკული ისტორიის გამეორებას აღარასდროს დავუშვებთ“, - განუცხადა სიმ თავისი ვიზიტის წინ ერთ-ერთ სერბულ გაზეთს. ჩასვლისთანავე მან ვუჩიჩს „ჩემი ძვირფასი მეგობარი“ უწოდა და სერბეთი „მშვენიერ და მეგობრულ ქვეყნად“ მოიხსენია. ცზინპინმა მხარი დაუჭირა სერბეთის "დამოუკიდებელ ქმედებებს" უსაფრთხოებისა და "ტერიტორიული მთლიანობის" სფეროში კოსოვოს საკითხებში და პასუხად ვუჩიჩისგან მოისმინა, რომ "ტაივანი ჩინეთია".

ამის შემდეგ სი გაფრინდა უნგრეთში, სადაც მას პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელგაშლილი ელოდა. ცზინპინმა თავისი რიტორიკა ბუდაპეშტშიც გააგრძელა და ორბანი შეაქო, რომ ის მზად არის, წავიდეს აშშ-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ საგარეო პოლიტიკისა და ჩინეთთან ვაჭრობის მიმართულებით, „ჩვენ არ ვმეგობრობთ ვინმეს წინააღმდეგ ან ვიღაცის დიქტატის გამო“, - განაცხადა სიმ. 

შემდეგი არის პუტინი

ცზინპინის ევროპული ტურნეს დასრულების შემდეგ, პეკინში მას მეხუთე ვადით არჩეული და ახლად ინაუგურირებული პუტინი ეწვევა. მასთან მეგობრობამ ჩინეთს ურთიერთობები გაუფუჭა არა მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და მოხუც ევროპასთან, არამედ მათთანაც, ვინც ბოლო დროს ღია იყო მასთან თანამშრომლობისთვის. ეს არის სის ევროპული ტურის კიდევ ერთი აშკარა შედეგი.

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ჩინეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნებთან წარმატებით თანამშრომლობდა. მანა შეკრიბა 16 ევროპული ქვეყანა „16+1“ კლუბში, დაჰპირდა ინვესტიციებსა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას. თუმცა ეს მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, რადგან ჩინელებმა ფული არ გაგზავნეს და სავაჭრო დეფიციტი მხოლოდ გაიზარდა. კოვიდ- პანდემიის დაწყებისთანავე, კლუბმა დაშლა დაიწყო და როგორც კი კრემლმა უკრაინის დასაპყრობად ჯარები გაგზავნა, სი კი პუტინთან ჩახუტებასა და ვაჭრობას განაგრძობდა, „16+1“ ინიციატივა დაიშალა. უფრო მეტიც, ამ ომმა პუტინისა და ცზინპინის საძულველი ნატოს გაფართოება გამოიწვია.

„პირდაპირ რომ ვთქვათ, ნატოს გაძლიერება აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში ჩინეთის დიპლომატიის ყველაზე დიდი მიღწევა არ არის“, - განაცხადა ექსპერტმა ფილიპ ლე კორემ. „უკრაინის ომმა აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ტრანსატლანტიკური ალიანსისკენ მოაქცია“,- დასძინა მან. ცზინპინის ევროპულმა ტურნემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ მიიჩნევს ევროპას დამოუკიდებელ მოთამაშედ და არ არის მზად, მისი მოკავშირე პუტინი დათმოს. სი არ ერიდება, რომ გააგრძელოს „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკა და იმეგობროს მათთან, ვინც უხერხულ კითხვებს არ უსვამს და მუდმივად პრეტენზიებს არ გამოთქვამს. 

სხვა თემები