22 მაისი 2024 - 00:30

რას ნიშნავს ომის დანაშაულის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერები ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერების წინააღმდეგ?

ფოტო: Getty Images

“ჰამასის” წინააღმდეგ ომში ისრაელის ქმედებების კრიტიკამ ახალ პიკს მიაღწია. ეს მოხდა 20 მაისს, როდესაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ომის დანაშაულის გამო ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერის - იაჰია სინვარის დაპატიმრების ორდერებს ითხოვს. გარდა ამისა, ისრაელს საერთაშორისო სასამართლოში მეორე საქმეც აქვს, რომლის მიხედვითაც, მას ბრალად ედება „ჰამასის“ წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო კამპანია, რომელსაც „გენოციდური ხასიათი“ აქვს. როდის შევა ძალაში კარიმ ხანის ეს ინიციატივა და რა მექანიზმი არსებობს მის სისრულეში მოსაყვანად, Bloomberg-მა გაარკვია.

რას წარმოადგენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და რა შედის მის უფლებამოსილებაში?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის მსოფლიოში პირველი მუდმივი სამართლებრივი ინსტიტუტი. რომის სტატუტის თანახმად, ის 2002 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც არაადამიანურ ქმედებებს მასობრივად სჩადის. ჰააგაში მდებარე სასამართლოს ჰყავს პროკურორი, რომელსაც შეუძლია გამოიძიოს და ბრალდებები წარუდგინოს ცალკეულ პირებს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, ასევე - გენოციდისა და აგრესიული დანაშაულის შემთხვევაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმეები, როდესაც ქვეყანა თავისივე ტერიტორიაზე გამოძიებას ან მისი მოქალაქეების წინააღმდეგ საქმის აღძვრას  ითხოვს. ასევე იმ დროს, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭო ითხოვს გამოძიების დაწყებას ან როცა ამავე სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია იძლევა გამოძიების დაწყების უფლებას და ეს საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ არის ინიცირებული. ამასთანავე, იგივე პროკურორი უნდა დარწმუნდეს, რომ სამართლიანობის მიღწევა ეროვნული სამართლებრივი სისტემის დონეზე შეუძლებელია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ შეუძლია სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანა. პატიმრობამისჯილი პირები სასჯელს იხდიან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ცენტრში, რომელიც ნიდერლანდებში მდებარეობს. ამ ეტაპზე რომის სტატუტის მონაწილეა 124 ქვეყანა. ჩინეთი, აშშ და რუსეთი არიან მათ შორის, ვინც ამას არ აკეთებს. 

რაში ადანაშაულებენ ნეთანიაჰუსა და სინვარს?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ნეთანიაჰუს, სხვა საკითხებთან ერთად, მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილობასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე მიზანმიმართულ თავდასხმაში ადანაშაულებს. ორივე ბრალდება ომის დანაშაულს წარმოადგენს. გარდა ამისა, მას ბრალად ედება დევნა, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. რაც შეეხება სინვარს, მას მასობრივ განადგურებაში, მკვლელობაში, მძევლების აყვანაში, გაუპატიურებასა და წამებაში ადანაშაულებენ. სინვარს სხვა სამხედრო დანაშაულებშიც ედება ბრალი. 

რა მოხდება შემდეგ?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს, დააკმაყოფილოს თუ არა ხანის მოთხოვნა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. ნეთანიაჰუსა და სინვარის ბრალდებების პარალელურად, ხანმა რეკომენდაცია მოამზადა, რომ ბრალი წაუყენონ ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტსა და „ჰამასის“ ორ სხვა ლიდერს -  სამხედრო მეთაურს, მუჰამედ დიაბ იბრაჰიმ ალ-მასრისა და პოლიტბიუროს ხელმძღვანელს, ისმაილ ჰანიეს. შეერთებული შტატები და ევროკავშირი „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. სასამართლოს არ დაუსახელებია კონკრეტული ვადა, თუ როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული. 2023 წელს, სისხლის სამართლის საერთაშორისო მოსამართლეთა კოლეგიას სულ რაღაც სამ კვირაზე მეტი დასჭირდა, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გამოეცა. ეს უკანასკნელი უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულშია ეჭვმიტანილი

შესაძლებელია თუ არა, ომის დანაშაულისთვის ნეთანიაჰუს გასამართლება?

ეს ნაკლებად მოსალოდნელია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ უშვებს სასამართლო პროცესებს დაუსწრებლად და  ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ნეთანიაჰუს ან ისრაელის სხვა ოფიციალურ პირებს მისწვდეს. აღნიშნული სასამართლო  დაპატიმრებების რეალიზებაში თავის წევრ ქვეყნებს ეყრდნობა, ისრაელი კი მისი წევრი არ არის. მაგალითად, სასამართლომ ვერ შეძლო პუტინის წინააღმდეგ გამოცემული ორდერის აღსრულება. ამასთანავე, ბრალდების მხარეს შეუძლია შეზღუდოს იმ ქვეყნების სია, სადაც ნეთანიაჰუ დაპატიმრების შიშის გარეშე მოგზაურობას შეძლებს. თუმცა არიან გამონაკლისებიც. კერძოდ, უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია, მაგრამ ამტკიცებს, რომ ზემოთ ხსენებული დაპატიმრების ორდერის აღსრულება მის ტერიტორიაზე სავალდებულო არ არის. 

და რა ხდება „ჰამასის“ ლიდერების შემთხვევაში?

"პალესტინის სახელმწიფო" სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია. ასე რომ, თეორიულად, ღაზას სექტორის მომავალ მმართველს შეუძლია, სასამართლოს გადასცეს სინვარი და ალ-მასრი, რომლებიც როგორც ფიქრობენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე იმალებიან. ისმაილ ჰანიე ცხოვრობს ყატარში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის.

რა თქვა ნეთანიაჰუმ ხანის განცხადებაზე?

ნეთანიაჰუმ ამ განცხადებას უწოდა "ისტორიული მასშტაბის მორალური შეურაცხყოფა", რომელიც სასამართლოს არცხვენს. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ისრაელზე არ ვრცელდება და ბატონი ხანის ქმედებები ხელს ვერ შეგვიშლის „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმართულ სამართლიან ომში“, - განაცხადა მან. „ამ პროვოკაციული გადაწყვეტილებით, ბატონი ხანი კუთვნილ ადგილს იკავებს ჩვენი დროის უდიდეს ანტისემიტთა შორის“, - დასძინა ნეთანიაჰუმ. 

რა თქვეს ისრაელის მოკავშირეებმა?

ჯო ბაიდენმა ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის შესახებ განცხადებას "აღმაშფოთებელი" უწოდა.  აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ "ყოველთვის იდგება ისრაელის გვერდით, როცა მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება". თეთრი სახლის პოზიციაა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ამ საქმეზე არ ვრცელდება, რადგან, საკუთარი წესებიდან გამომდინარე, მას ჯერ ისრაელისთვის უნდა მიეცა უფლება, შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება თავად გაეგრძელებინა და ნაბიჯებიც მხოლოდ ამის შემდეგ გადაედგა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებამ ევროპელი ლიდერების აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ზოგი მიესალმა ამ განცხადებას, სხვები კი აკრიტიკებდნენ. 

 კიდევ ვისზე გასცა სასამართლომ დაკავების ორდერი?

ამ დროისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა დაკავების 46 ორდერი გასცეს და 21 პირი შესაბამის იზოლატორში მოათავსეს. ჩვიდმეტი ადამიანი, მათ შორის - პუტინი და სუდანის ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, თავისუფლები არიან. წაყენებული ბრალი მოეხსნა შვიდ პირს, რადგან ისინი გარდაიცვალნენ. მოსამართლეებმა ათი გამამტყუნებელი და ოთხი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს. 

რა ბედი ეწევა გენოციდის საქმეს?

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ აღძრული გენოციდის საქმე განიხილება იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც ასევე ჰააგაში მდებარეობს. იუსტიციის საერთაშორისო სასამართლო, რომელსაც ზოგჯერ „მსოფლიო სასამართლოსაც“ უწოდებენ, არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი სამართლებრივი ორგანო. ის წევრ სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო სამართლებრივ დავებს წყვეტს. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია განაცხადოს არღვევს თუ არა ესა თუ ის სახელმწიფო ომის წესებს ან გენოციდის კონვენციას, აღნიშნულ ორგანოს ვინმეს გასამართლება ან დასჯა არ შეუძლია.

ფართო მნიშვნელობით, გენოციდი არის ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის წევრების მკვლელობა, ამ ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით. იანვარში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობამ მოუწოდა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში გენოციდად აღიაროს და თელ-ავივს აღნიშნული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა უბრძანოს. 26 იანვარს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს განუცხადა, რომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა უდანაშაულო პალესტინელების მკვლელობა თავიდან აიცილოს. თუმცა, პარალელურად, სასამართლო უწყებამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა. 

მარტში, ტრიბუნალმა ისრაელს ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელებისთვის სასწრაფო და გადაუდებელი ძირითადი მომსახურებისა და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფა დაავალა. იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა და მისი გასაჩივრების უფლება არავის აქვს. როგორც გაეროს წესდების ხელმომწერმა, ისრაელმა უნდა შეასრულოს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება, მაგრამ ასეთი ბრძანების აღსრულების რაიმე მექანიზმი  არ არსებობს. წარსულში სხვა ქვეყნებმა ამ გადაწყვეტილების დაიგნორების გზა აირჩიეს და ეს განსაკუთრებით ეხება რუსეთს, როდესაც საქმე კრემლის უკრაინაში შეჭრას ეხებოდა. 

სხვა თემები