26 მაისი 2024 - 17:46

„სანტიაგოში წვიმა მოდის“: პინოჩეტის დიქტატორული რეჟიმი ჩილეში

1973  წლის 11 სექტემბერს მსოფლიო მორიგი საზარელი დანაშაულის მოწმე გახდა, როცა შეერთებული შტატების ხელშეწყობით სამხედრო გადატრიალება მოეწყო ჩილეში და კანონიერი პრეზიდენტის სალვადორ ალიენდეს დამხობის შემდეგ ქვეყნის მმართველობა დიქტატორმა აუგუსტო პინოჩეტიმ ჩაიგდო ხელში. 

„სახალხო ერთობის“ გამარჯვება

სინამდვილეში, ჩილეს ტრაგედია 1973 წლის სისხლიან გადატრიალებამდე ბევრად ადრე დაიწყო. შეერთებულ შტატებში ათწლეულების განმავლობაში მიიჩნევდნენ ლათინური ამერიკის ქვეყნებს საკუთარ კოლონიებად, სადაც ქვეყნის მმართველებსაც თვითონ ნიშნავდნენ და პოლიტიკურ კურსსაც საკუთარი გემოვნებით საზღვრავდნენ. ამგვარი თავნებობა ერთის მხრივ, გავლენისა და ძალაუფლების დაკარგვის შიშით, მეორეს მხრივ, იმ მსხვილი კორპორაციების ინტერესთა დაცვით იყო განპირობებული, რომლებიც სწორედ ლათინურ ამერიკაში მოიპოვებდნენ სასარგებლო წიაღისეულს და ე.წ. „პარტნიორი ქვეყნების“ ხარჯზე მდიდრდებოდნენ. 
 
1970 წელს ამერიკელების შიში გამართლდა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სოციალისტმა სალვადორ ალიენდემ მოიპოვა, რომელსაც ჩილელი ქრისტიან-დემოკრატების გაერთიანებულმა ბლოკმა „სახალხო ერთობამ“ დაუჭირა მხარი.  

პრეზიდენტის პოსტზე ალიენდე თანმიმდევრულად შეუდგა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას. მისი საგარეო პოლიტიკა კუბასთან, საბჭოთა კავშირსა და სხვა სოციალისტურ ქვეყნებთან დაახლოებას, საშინაო პოლიტიკა კი, ერთის მხრივ, უცხოელი ინვესტორების მფლობელობაში არსებული მსხვილი კომპანიებისა და ბანკების ნაციონალიზაციას, მეორეს მხრივ, რიგითი მუშებისა და მოსამსახურეების ანაზღაურების გაზრდას, მოსახლეობის ყველა ფენის უფასო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას და ნაკლებად შეძლებული ოჯახების ბავშვებისთვის უფასო სკოლების გახსნას ითვალისწინებდა. 

ალიენდეს სოციალურმა რეფორმებმა შეერთებული შტატების უკმაყოფილება გამოიწვია. ამერიკელი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები განსაკუთრებით მძიმე მეტალურგიის დარგის ნაციონალიზაციამ გაანაწყენა, რომელსაც ტრადიციულად ჩრდილოამერიკული კომპანიები ხელმძღვანელობდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩილეს მთავრობა საერთოდ არ გეგმავდა მსხვილი კორპორაციების ექსპროპრიაციას, მეტიც, მზად იყო გადაეხადა კომპენსაცია ყოფილი პარტნიორებისთვის, თუმცა ამერიკელები აღმოჩნდნენ წინააღმდეგი. 

საბოტაჟი და უკმაყოფილო ჩილელები

სალვადორ ალიენდე ნაკლებად ჰგავდა მემარცხენე ყაიდის რევოლუციონერებს, რადგან გამოცდილი პოლიტიკოსი იყო და ყოველთვის მაქსიმალურად ერიდებოდა ძალის გამოყენებას. მეტიც, არისტოკრატული გვარის წარმომადგენელმა და შეძლებულ ოჯახში აღზრდილმა სამედიცინო განათლება მიიღო და ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა, 1930-იან წლების მეორე ნახევარში კი, ჩილეს სოციალისტურ პარტიას ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით, მომავალი პრეზიდენტი ჯერ ნაციონალურ კონგრესს შეუერთდა, მერე ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პოსტი ჩაიბარა, საბოლოო გამარჯვებამდე კი, სამჯერ მიიღო მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში. 

თუმცა ალიენდეს, რომელიც გულწრფელად ცდილობდა ქვეყნის ინტერესების დაცვას, ამერიკულ კორპორაციებთან ერთად ადგილობრივებიც დაუპირისპირდნენ, რადგან პრეზიდენტი მსხვილი ჩილელი მიწათმფლობელებისა და მეწარმეების ინტერესებს დაემუქრა, რომელთაც მტკიცედ გადაწყვიტეს არასასურველი მმართველის თავიდან მოცილება. 

1972-1973 წლებში ალიენდეს წინააღმდეგ „ცარიელი ქვაბების მარშის“ სახელით ცნობილი მასობრივი გაფიცვების მთელი სერია მოეწყო მეტწილად საშუალო კლასის ქალბატონების მონაწილეობით, რომელთაც ჩათვალეს, რომ სოციალისტი პრეზიდენტის რეფორმებმა ზარალი უფრო მეტი მოიტანა, ვიდრე სარგებელი. მოგვიანებით საპროტესტო აქციებმა საბოტაჟის ხასიათი შეიძინა. მეტიც, სატვირთოების მძღოლთა გაფიცვამ პრაქტიკულად ქვეყნის ეკონომიკის პარალიზება გამოიწვია, რასაც რბილმა და მშვიდმა ალიენდემ მისთვის უჩვეულო სიმკაცრით უპასუხა და სატვირთოების კონფისკაციის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო ქვეყანაში, მთავრობა კი, ძალოვანი სტრუქტურების სამი წარმომადგენლით გააძლიერა, რომელთაც სამთამადნო მრეწველობის, შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტროების ხელმძღვანელობა ჩაიბარეს.

ამერიკული ბოიკოტი

მძიმე ეკონომიკური კრიზისი ჩილეში არა იმდენად პრეზიდენტის პოლიტიკური მეტოქეების საბოტაჟმა, რამდენადაც ამერიკელთა ზეწოლამ გამოიწვია, რადგან ქვეყნის ბიუჯეტს მეტწილად სპილენძის ექსპორტით მიღებული უცხოური ვალუტა ამყარებდა, შეერთებული შტატების მხრიდან მსოფლიო ბაზარზე ჩილეს წინააღმდეგ ბოიკოტის გამოცხადებამ კი, ერთის მხრივ, ალიენდეს მდგომარეობა დაამძიმა, მეორეს მხრივ, საზოგადოების ორ ნაწილად - მის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფას შეუწყო ხელი, რითაც ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელობამ ისარგებლა და აქტიურად შეუდგა ჩილელ სამხედროებთან ერთად გადატრიალების გეგმის შემუშავებას.  

პირველი მცდელობა 1973 წლის ივნისში განხორციელდა, თუმცა მომხრეების მხარდაჭერით ალიენდემ მაინც შეძლო ბუნტის ჩახშობა. როგორც აღმოჩნდა, აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა შეთქმულებს რამდენიმე თვით ადრე საპარლამენტო არჩევნებში „სახალხო ერთობის“ ბლოკის გამარჯვებამ აიძულა, რამაც ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად მაინც გააძლიერა ალიენდეს პოზიციები.  

სხვათა შორის, 1998 წელს შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტომ დაზვერვის სამსახურის და სალვადორ ალიენდეს დამხობის ოპერაციის დოკუმენტების ნაწილი გაასაჯაროვა, რომელთაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს შეერთებული შტატების აქტიური მონაწილეობა გენერალ აუგუსტო პინოჩეტის ხელმძღვანელობით მოწყობილ სამხედრო გადატრიალებასა და მისი ახალი რეჟიმის დაფინანსებაში. საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, ამერიკელებმა ჯერ უზარმაზარი ძალა გადაისროლეს ჩილეში, მერე კი, სოლიდური თანხა დახარჯეს სასურველი რეჟიმის შესანარჩუნებლად. ამასთანავე, არსებობს ვერსია, თითქოს ალიენდემ ბევრად ადრე შეიტყო შეთქმულების მზადების შესახებ, თუმცა ვერ გაბედა აჯანყებული გენერლების წინააღმდეგ ძალის გამოყენება.  

სამხედრო გადატრიალება

გადატრიალება 1973 წლის 11 სექტემბერს, გამთენიისას დაიწყო ჩილეს სამხედრო-საზღვაო ძალების გემებზე, რომლებიც ამერიკელებთან ერთად მონაწილეობდნენ „უნიტას“ სახელით ცნობილ სამხედრო მანევრებში. აჯანყებულებმა ჯერ ალიენდეს მომხრე რამდენიმე ასეული მეზღვაური და ოფიცერი დახვრიტეს, მათი ცხედრები კი, ზღვაში გადაყარეს, მერე ქალაქ ვალპარაისოს შეუტიეს, რომელიც რამდენიმე საათში დაიკავეს დესანტის გადმოსხმის შემდეგ. 

დილის 6 საათსა და 30 წუთზე ამბოხებულებმა ოპერაცია ჩილეს დედაქალაქში - სანტიაგოში გადაიტანეს კოდური ფრაზით: „სანტიაგოში წვიმა მოდის“, რომელსაც ამბოხებულთა მხარდამჭერი რადიოსადგურები ციტირებდნენ და მომხრეებს აქტიურ მოქმედებაზე გადასვლისკენ - ტელეცენტრის დაკავებისკენ, ალიენდეს თანამოაზრეთა ოფისების დარბევისა და რადიოსადგურების დაბომბვისკენ მოუწოდებდნენ. ოფიციალურად გამოცხადდა ჩილეს ფეხოსანთა არმიის მეთაურის, გენერალ აუგუსტო პინოჩეტის ხელისუფლებაში მოსვლის შესახებაც, რომელმაც „ლა მონედას“ სასახლეში გამაგრებულ ალიენდეს ულტიმატუმი წაუყენა - პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა და ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ პინოჩეტი არც ფიქრობდა პრეზიდენტის გაშვებას, პირიქით ჰაერში გეგმავდა მისი თვითმფრინავის აფეთქებას.   

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა

დილის 9 საათსა და 10 წუთზე პრეზიდენტის მომხრეთა რადიოსადგურმა „მეგალიანესმა“  სალვადორ ალიენდეს მიმართვა გადმოსცა, რომელმაც ჩილელებს გადადგომის შესახებ აუწყა და იმედი გამოთქვა, რომ მის დაწყებულ საქმეს სწორედ ისინი გააგრძელებდნენ.    

პრეზიდენტის მოწოდებით გაღიზიანებულმა აჯანყებულებმა შტურმით აიღეს რადიოსადგური, თანამშრომლები და ალიენდეს მომხრეები კი, დაუნდობლად დახოცეს. პარალელურად განხორციელდა თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, რომელიც ჯერ დაბომბეს, მერე ტანკებით შეუტიეს. მართალია, საჯარისო დანაყოფებს პრეზიდენტის 40-მდე შეიარაღებულმა მომხრემ გაუწია წინააღმდეგობა, მაგრამ 5-საათიანი ბრძოლის შემდეგ „ლა მონედა“ მაინც დაეცა.

სალვადორ ალიენდე, რომელმაც აჯანყებულთა ტყვეობას ერთი გასროლით თავის მოკვლა ამჯობინა, სასახლეში შტურმით შევარდნილმა ჯარისკაცებმა იპოვეს საკუთარ სამუშაო კაბინეტში, თუმცა გაბოროტებულებმა ცდუნებას ვერ სძლიეს, ავტომატის ჯერი მიუშვირეს და უკვე გარდაცვლილი პრეზიდენტი ათობით ტყვიით დაცხრილეს. 

პინოჩეტის რეჟიმი

დიქტატურამ აუგუსტო პინოჩეტის ხელმძღვანელობით, რომელიც მთელი 25 წელი გაგრძელდა, რეჟიმის პირველსავე დღეებში გამოავლინა სისასტიკე. გაპრეზიდენტებულმა გენერალმა საკონცენტრაციო ბანაკებად აქცია ქვეყნის სტადიონები, სადაც ალიენდეს მომხრეები გამოამწყვდია. სწორედ სანტიაგოს ეროვნულ სტადიონზე გამოასალმეს სიცოცხლეს ცნობილი პოეტი და მუსიკოსი ვიქტორ ხარა, რომელსაც ჯერ ხელ-ფეხი დაამტვრიეს, მერე ელექტროშოკით სცადეს მისგან ინფორმაციის მიღება, რამდენიმედღიანი წამების შემდეგ კი, 34 ტყვიით დახვრიტეს.  

ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში პინოჩეტი ეტაპობრივად ანადგურებდა ოპონენტებს და არც საზღვარგარეთ ერიდებოდა ტერაქტების მოწყობას. სწორედ პინოჩეტის დიქტატურას ემსხვერპლა 1976 წელს შეერთებულ შტატებში ჩილელი ეკონომისტი და დიპლომატი ორლანდო ლეტელიერი, რომელიც ყოველთვის ღიად ილაშქრებდა პინოჩეტის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ.   

დიქტატურის მსხვერპლი

დაზუსტებით დღემდე არაა ცნობილი გადატრიალების შემდეგ განვითარებული მოვლენები, რადგან არ არსებობს სრული ინფორმაცია. 1978 წელს პინოჩეტმა ამნისტია გამოაცხადა და ჯერ ის სამხედროები გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან, ვინც უდანაშაულო ადამიანებს გაუსწორდა, მერე დოკუმენტები გაანადგურა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 51 წლის შემდეგაც შეუძლებელია პინოჩეტის რეჟიმის დანაშაულებების გამოძიება, მით უფრო, რომ მისი მომხრე მემარჯვენე პოლიტიკოსები, რომლებიც დღესაც მრავლად არიან ჩილეში, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მათთვის არასასურველი ფაქტების გასაჯაროებას, თავად პინოჩეტი კი, რომელიც რამდენჯერმე დააკავეს პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, თუმცა, მაინც მოახერხა მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევა, 2006 წელს სანტიაგოს კლინიკაში გარდაიცვალა 91 წლის ასაკში.

მართალია 2011 წელს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, რომელზეც ჩილელი პოლიტპატიმრების საქმეთა სპეციალურმა კომისიამ იმუშავა, გადატრიალების პირველ დღეებში 3 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მემარცხენე ძალების მტკიცებით, ციფრები მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან მათი მონაცემებით, მხოლოდ ალიენდეს მომხრე პარტიების აქტივისტებს შორის დაიღუპა 12 ათასი ადამიანი, 1973 წლის სექტემბრის თვეში დაღუპულთა საერთო რიცხვმა კი, 30 ათასს გადააჭარბა. 

სხვა თემები