06 ივნისი 2024 - 14:06

არამხოლოდ ლითიუმი. შეძლებს თუ არა ევროკავშირი კრიტიკული ნედლეულით თვითუზრუნველყოფას?

ფოტო: Felix Pauschinger/DW

     23 მაისს ამოქმედდა ევროკავშირის კანონი კრიტიკული მინერალების შესახებ, რომლის მიზანიც ჩინეთზე ნედლეულის მიმართულებით დამოკიდებულების შემცირებაა. თუმცა შეძლებს თუ არა ევროკავშირი, ამ ტიპის ნედლეულით კონკურენტულ ფასებში თვითუზრუნველყოფას, Deutsche Welle-მ გაარკვია. 
 

რა ხდება?

გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის მიწაზე მდებარე ბიტერფელდ-ვოლფენში ქიმიური წარმოება დიდი ხანია არსებობს. თუმცა იქ მალე ამოქმედდება ლითიუმის ახალი ქარხანა, რომელსაც ანალოგი მთელ ევროპაში არ აქვს. სწორედ ამ ქარხანაში მოხდება ლითიუმის მოპოვება, დამუშავება და გაწმენდა, რაც მრავალჯერადი დატენვის ბატარეების წარმოებისთვის არის აუცილებელი. ამრიგად, AMG Lithium-ის (ამერიკული AMG Critical Materials N.V.-ის გერმანული შვილობილი კომპანია) ახალმა ქარხანამ გერმანიაში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირის ბრძოლაში კრიტიკული ნედლეულისთვის ევროპული მრეწველობის მიმართულებით. ეს განსაკუთრებით ეხება ლითიუმს, რომლის ჩინეთისგან ყიდვაც მომავალში აღარ იგეგმება. 

ევროკავშირის სტრატეგია ჩინეთის დომინანტობის წინააღმდეგ

ამ მიზნის მიღწევა იგეგმება 2028 წლისთვის, როდესაც AMG Lithium-ის აღმასრულებელი დირექტორის - შტეფან შერერის თქმით, შესაძლებელი გახდება ჩინეთის დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა და ევროკავშირის ამბიციური მიზნის მიღწევა, რომ ე.წ. კრიტიკული ნედლეულით თვითუზრუნველყოფა შეძლოს. ლითიუმის გარდა, ამ კატეგორიას განეკუთვნება ფოსფორი და ბოქსიტი, ასევე - დედამიწის იშვიათი ლითონები, როგორიცაა ნიობიუმი. ევროკავშირის კანონი კრიტიკული ნედლეულის შესახებ (Critical Raw Material Act, CRMA), რომელიც ძალაში 23 მაისს შევიდა და ეს არის პირველი ყოვლისმომცველი ევროპული სტრატეგია, რომელიც ამ სფეროს არეგულირებს. CRMA-ში დასახულმა ამბიციურმა მიზნებმა უნდა წაახალისოს ნიადაგის იშვიათი ლითონების მოპოვება, ასევე - მინერალების დამუშავება და ხელახალი გამოყენება.

2030 წლამდე, ევროკავშირის მიერ წლიურად მოხმარებული კრიტიკული ნედლეულის, სულ ცოტა, 10% უნდა მოიპოვებოდეს ევროკავშირში. გარდა ამისა, აქვე უნდა დაფიქსირდეს მისი გადამუშავების სიმძლავრის, სულ ცოტა, 40% და ე.წ. რისაიქლინგის 15%. ამასთანავე,  კრიტიკული ნედლეულის არაუმეტეს 65%-ისა უნდა მიეწოდოს ევროკავშირს მისი არაწევრი ნებისმიერი ქვეყნიდან, რაც მიმდინარე მიწოდების ჯაჭვის პირობებში საკმაოდ რთულია. „გეოპოლიტიკური კონკურენცია სხვა ისეთ მსხვილ მოთამაშეებთან, როგორიცაა ჩინეთი და შეერთებული შტატები, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა (CRMA. - რედ.) დაუშვას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჭიროებებისა და მოთხოვნების კოორდინაცია“, - განაცხადა ფონდ „მეცნიერებისა და პოლიტიკის“ ანალიტიკოსმა მელანი მიულერმა DW-სთან  ინტერვიუში. 

იშვიათი მიწისქვეშა მეტალების ბაზარზე ჩინეთი დომინანტია

ევროკომისიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის საჭირო იშვიათი მიწისქვეშა ლითონები სრულად ჩინეთიდან არის იმპორტირებული. ოფიციალური პეკინი ამ ბაზარზე აშკარა დომინანტია. ის დამოუკიდებლად მოიპოვებს, ასევე აკონტროლებს ასეთი ნედლეულის გადამუშავებასა და გაწმენდას. ამ მიმართულებით არსებული მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციისა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის მიმართულებით ევროკავშირის მცდელობებისთვის პეკინის გავლენა საფრთხედ აღიქმება. "მიუხედავად იმისა, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის ჩიპებზე ვსაუბრობთ თუ მზის პანელების ბატარეებზე, ამ ინდუსტრიაში ნებისმიერი ცვლილება სწორედ ნედლეულზე იქნება დამოკიდებული. ლითიუმი და იშვიათი მიწისქვეშა ელემენტები უკვე ანაცვლებს გაზსა და ზეთს ჩვენი ეკონომიკის გულში", - განაცხადა 2022 წელს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ახალი მიზნების მისაღწევად, ევროკავშირის ქვეყნებმა სამთო მრეწველობის ახალი საწარმოები უნდა გახსნან. როგორც უკვე აღინიშნა, 2030 წლისთვის ევროკავშირის მიერ მოხმარებული ნედლეულის, სულ ცოტა, 10% მისსავე ტერიტორიაზე უნდა მოიპოვებოდეს. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ია.

თუმცა კრიტიკული ნედლეულის მოპოვებას დრო და ფული სჭირდება. „ლითიუმის მაღაროს დამუშავებას, მისი გახსნიდან  ამუშავებამდე, საშუალოდ, 17 წელი სჭირდება“, განმარტავს S&P Global Commodity Insights-ის ანალიტიკოსი ალისა იუ. AMG Lithium-ის აღმასრულებელი დირექტორის - შტეფან შერერის შეფასებით, ლითიუმის ჰიდროქსიდის წარმოებისთვის საჭირო ახალ საბადოს საინვესტიციო ხარჯები 500 მილიონიდან 1 მილიარდ ევრომდე თანხას შეადგენს.

საიდან მოდის ფული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულისთვის?

ქარხნის პირველი მოდული, რომელიც ბიტერფელდ-ვოლფენში აშენდება, დაჯდება, დაახლოებით, 140 მილიონი ევრო, რომლიდანაც 5 მილიონს საქსონია-ანჰალტის მიწის მთავრობა გამოჰყოფს. თუმცა ბაზარზე ფასების რყევის  გამო, მსგავსი ნედლეულის პროექტებში ინვესტიციები საკმაოდ რთულად მიდის. მაგალითად, ლითიუმის ფასი 2022 წლიდან 80%-ით დაეცა. „ახლა ინვესტორები ძალიან ფრთხილად უდგებიან ლითიუმის პროექტებს, რადგან ამჟამინდელი ფასების დონეზე ძალიან რთულია საინვესტიციო პაკეტის მომზადება“, - ამბობს AMG Lithium-ის დირექტორი შერერი. სწორედ აქ შეიძლება იყოს გამოსადეგი საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის მთავრობების ერთობლივი ინიციატივა: სამმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ საერთო ჯამში, დაახლოებით 2,5 მილიარდ ევროს მოცულობის საჯარო ინვესტიციას გამოჰყოფენ. თუმცა ეს ფული შეიძლება არ იყოს საკმარისი. „თუ ამ სახსრებს  მხოლოდ ლითიუმისთვის განვიხილავთ, ჩვენ ვსაუბრობთ მილიარდობით ევროს საშუალო ინვესტიციაზე, რომელიც საჭიროა 2030 წლისთვის ევროკავშირის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად“, - ამბობს  S&P Global Commodity Insights-ს წარმომადგენელი ალისა იუ. 

რა მოხდება, თუ ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის პროექტებში და ინვესტირებისთვის მზად იქნება? ”როდესაც ვსაუბრობთ ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებით დივერსიფიკაციაზე, ძირითადად ვფიქრობთ ჩინეთიდან იმპორტის შეჩერებაზე. თუმცა ჯერჯერობით, ბატარეების წარმოების მიმართულებით, ევროკავშირი ჩინელ ინვესტორებთან თანამშრომლობს. ასე რომ, თუ საუბარია ლითიუმზე, მაშინ კითხვა იმაში მდგომარეობს, იმუშავებს თუ არა ევროკავშირი ჩინური გამოცდილებით და კაპიტალით ამ სფეროში“, - განაცხადა ალისა იუმ. 

სხვა თემები