10 ივნისი 2024 - 13:23

Deutsche Welle: მემარჯვენეები დაიძრნენ, თუმცა ცენტრი ისევ ადგილზეა. როგორ ჩაიარა არჩევნებმა ევროკავშირში?

ფოტო: REUTERS

ულტრამემარჯვენე პარტიებმა პარიზში და ბერლინში ლიდერებს დაარტყეს, თუმცა ცენტრისტული უმრავლესობა ევროპარლამენტში მაინც ვერ დაძლიეს. ასეთია 9 ივნისს ჩატარებული საერთოევროპული არჩევნების შედეგები. ამდენად, ევროკომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, შესაძლოა,  პოსტზე 2029 წლამდე დარჩეს. „ევროპულ არჩევნებში ჩვენ მოვიგეთ. ჩვენ უდავოდ ყველაზე ძლიერი პარტია ვართ. ჩვენ ვართ სტაბილურობის ღუზა“, - განუცხადა მან ბრიუსელში, ევროპარლამენტში შეკრებილ ჟურნალისტებს, როგორც კი წინასწარი არჩევნების შედეგები ცნობილი გახდა. „ცენტრი თავის ადგილზეა“, - დასძინა ფონ დერ ლაიენმა. 

ევროპარლამენტში მისმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ - „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ოფიციალური პროგნოზების მიხედვით, 720 ადგილიდან 191 მოიპოვა. მეორე ადგილზეა სოციალისტებისა და დემოკრატების გარკვეულწილად დასუსტებული მემარცხენე-ცენტრისტული ჯგუფი, რომელმაც 135 მანდატი მიიღო. შემდეგ პოზიციაზეა 83 ადგილის მქონე ლიბერალური პარტია Renew-ი, რომელმაც თავისი პოზიციები მკვეთრად დათმო.  ”ჩვენ ავაგებთ ბასტიონს, რომელიც უკიდურესი მემარცხენეებისა და მემარჯვენეების წინააღმდეგ იქნება მიმართული”, - განუცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა EPP-ის მხარდამჭერებს სხვა ღონისძიებაზე. ამით მან მიანიშნა მემარცხენე-ცენტრისტულ და ლიბერალურ პარტიებზე, რომლებთანაც მას მოუწევს თანამშრომლობა, თუ ურსულა ფონ დერ ლაიენს თავისი პროგრამის შესრულება უნდა. მართალია, მემარჯვენე პოპულისტური პარტიების - მარინ ლე პენის „ნაციონალური გაერთიანება“, „ავსტრიის თავისუფლება“ და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) -  საოცარი წარმატებების სერიამ ევროკავშირის პოლიტიკური ლანდშაფტის მკვეთრი ცვლილება არ გამოიწვია. თუმცა ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე დეპუტატები ახლა ისხდებიან იმაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე - ოდესმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი ხმის მოსმენა მეტად მოგვიწევს. 

სენსაცია პარიზში: პარლამენტი დაიშალა

ოთხდღიანი კენჭისყრის შემდეგ, რომელშიც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან თითქმის 180-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მთავარი შოკური ამბავი მოვიდა პარიზიდან, სადაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, საბოლოო ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. მისმა ცენტრისტულმა პროევროპულმა პარტია „აღორძინებამ“ ხმების მხოლოდ 15%-ი მოიპოვა და შესაბამისად, დამარცხდა ულტრამემარჯვენე „ნაციონალურ გაერთიანებასთან“, რომელმაც ფრანგების ხმების 30%-ზე მეტი მოიპოვა. „გადავწყვიტე, კენჭისყრის გზით ჩვენი საპარლამენტო მომავლის არჩევის უფლება დაგიბრუნოთ. ამიტომაც მე ვშლი ეროვნულ ასამბლეას. ულტრამემარჯვენე პარტიები... მთელ კონტინენტზე წინ მიიწევენ. ეს არის სიტუაცია, რომელსაც ვერ შევეგუები“, - განაცხადა მაკრონმა თავის მიმართვაში. 

ეს სარისკო ნაბიჯია მაკრონისთვის, რომელიც აშკარად ცდილობს, ქვეყანაზე კონტროლი დაიბრუნოს. ფრანგი ამომრჩევლები არჩევნებზე კვლავ მივლენ 30 ივნისსა და 7 ივლისს, პარიზში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. თავად მაკრონის თანამდებობა ამ ეტაპისთვის ტექნიკურად უსაფრთხოა, რადგან ის პრეზიდენტად ხელახლა 2022 წელს აირჩიეს. მან „ნაციონალური გაერთიანების“ კანდიდატი მარინ ლე პენი დაამარცხა.

უკიდურესი მემარჯვენეები ხარობენ, შეძლებენ თუ არა ისინი კოალიციის შექმნას?

მაკრონის განცადებას ლე პენი მაშინვე მიესალმა. „მზად ვართ ძალაუფლება საკუთარ ხელში  ავიღოთ, თუკი ფრანგები ამ არჩევნებში ნდობას გამოგვიცხადებენ“, - განაცხადა მან. „ჩვენ მზად ვართ შევცვალოთ ქვეყანა, დავიცვათ ფრანგების ინტერესები, შევაჩეროთ მასობრივი მიგრაცია“,- დასძინა ლე პენმა.

მოსალოდნელია, რომ ის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კვლავ მიიღებს. თუმცა ულტრამემარჯვენე „ნაციონალურ გაერთიანებას“ 28 წლის ევროპარლამენტარი ჟორდან ბარდელლა ხელმძღვანელობს. სიხარულის მიზეზი ჰქონდა ევროპარლამენტის ორივე მემარჯვენე კონსერვატიულ ჯგუფს - როგორც „ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებს“, ისე - „იდენტობასა და დემოკრატიას“, თუმცა მათი ზრდა იმაზე მოკრძალებული აღმოჩნდა, ვიდრე -  მოელოდნენ. შესაბამისად, მათ ცალ-ცალკე 71 და 58 მანდატი მოიპოვეს. გარდა ამისა, პროგნოზების თანახმად, ევროპარლამენტში 14 ადგილს მიიღებს მემარჯვენე-პოპულისტური AfD, რომელიც, მთელი რიგი სკანდალის მიუხედავად, ფონ დერ ლაიენის პარტიის შემდეგ, გერმანიაში სიდიდით მეორე ძალა გახდა. 

თუმცა AfD შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიტიკურად უსახლკარო პარტია ბრიუსელში. ულტრამემარჯვენე გერმანული გაერთიანება „იდენტობისა და დემოკრატიის“ ჯგუფიდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც მისი მთავარი კანდიდატი მაქსიმილიან კრაჰი რუსული გავლენის ხელშეწყობაში  დაადანაშაულეს, ხოლო მის საპარლამენტო თანაშემწეს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. ცეცხლზე ნავთი დაასხა პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საკამათო კომენტარებმა SS-ის ჯარებთან დაკავშირებით, რამაც გააბრაზა მისი მოკავშირე ლე პენი. კითხვა, შეძელებენ თუ არა ულტრამემარჯვენეები, თავიანთი გავლენის მაქსიმალურად გასაფართოებლად კოალიციის შექმნას, უახლოეს კვირებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იქნება. ”ამ არჩევნების მთავარი გამარჯვებული არის ორი რადიკალური მემარჯვენე გაერთიანება,” - განუცხადა DW-ს საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ანალიტიკოსმა პაველ ზერკამ. ”ისეთი არაფრაქციული პარტიების ჩათვლით, როგორიცაა AfD და Fidesz-ი, ისინი ახლოს არიან მანდატების მესამედის ბარიერის გადალახვასთან, რაც მათ საშუალებას მისცემს, ევროპარლამენტის მიერ კანონების მიღებას ხელი შეუშალონ“,- დასძინა მან. 

ფართო კოალიციის შექმნას ბოლო კვირების განმავლობაში დაჟინებით ითხოვს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. მისი პარტია "იტალიის ძმები" ქვეყანაში პირველ ადგილზე გავიდა. იმავდროულად, პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა, მატეუშ მორავეცკიმ DW-ს განუცხადა, რომ მისი პარტია ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

მწვანეებმა მარცხი განიცადეს

გერმანიაში კანცლერ ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) მესამე ადგილი დაიკავა, რითაც ევროკავშირის არჩევნების ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ფედერალურ კოალიციურ მთავრობაში მისმა ერთ-ერთმა უმცროსმა პარტნიორმა „მწვანეთა პარტიამაც“ მძიმე მარცხი განიცადა. ამ უკანასკნელმა ევროპარლამენტში 25-დან 10 დაკარგა. ეს არის საერთოევროპული ტენდენცია: ევროკავშირის მასშტაბით, „მწვანეებმა“ 2019 წლის პოპულარობის ტალღა ვერ შეინარჩუნეს. ასე რომ, მთლიანობაში ისინი დაკარგავენ 18 მანდატს და 53-ს შეინარჩუნებენ. ევროპარლამენტის „მწვანეთა“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიდერლანდელმა ბას ეიკჰაუტმა იმედი გამოთქვა, რომ მისი პარტია უმრავლესობის კოალიციაში გაწევრიანებას მაინც შეძლებს. ”ერთადერთი საიმედო, სტაბილური დემოკრატიული კოალიცია მხოლოდ „მწვანეებთან“ ერთად არის შესაძლებელი”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის მომავალი საფრთხეშია.  

მეორე ადგილზე გასულმა საპარლამენტო ჯგუფმა - „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულმა ალიანსმა“ - ევროკომისრის რანგში ფონ დერ ლაიენთან მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა. „სავსებით ცხადია, რომ ჩვენ მზად ვართ, მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდეს ამ პარლამენტის ყველა დემოკრატიულ ძალასთან“, - განაცხადა პარტიის წამყვანმა კანდიდატმა, ლუქსემბურგელმა ნიკოლას შმიტმა. ამავდროულად, საიდუმლო არავისთვის არის, რომ ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური ოპონენტები, თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მას მემარჯვენე ძალებთან ლმობიერ მიდგომაში ადანაშაულებენ. უახლოეს კვირებში, ევროკომისიის ხელმძღვანელი გერმანიიდან შეეცდება, ევროპარლამენტარების უმრავლესობამ ის მეორე ვადითაც დაამტკიცოს. წინასწარი შედეგების გათვალისწინებით, ფონ დერ ლაიენის შანსები გაიზარდა, მაგრამ გადარჩევა მარტივი არ იქნება.

რა მოხდება მომავალში?

ევროსაბჭოს საგარეო ურთიერთობათა ანალიტიკოსის, პაველ ზერკას თქმით, ევროპარლამენტის არჩევნების „მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ ამ არჩევნებს შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პოლიტიკისთვის“. მან მიუთითა ვადამდელი არჩევნების შესახებ მაკრონის განცხადებაზე, ასევე - ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოს მოულოდნელ გადადგომაზე, რომლის ნიდერლანდურენოვანმა ლიბერალურმა პარტიამ Open VLD-მა, გამოკითხვის მიხედვით, ფლამანდიური სეპარატისტული ძალების წინააღმდეგ ნაციონალურ არჩევნებში ცუდი შედეგი აჩვენა. ზოგადად, ეს საარჩევნო მარათონი ჩატარდა სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის შესახებ მუდმივი გაფრთხილებებისა და პოლიტიკოსებზე თავდასხმების ფონზე, რომელთაგან ყველაზე სასტიკი იყო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს სიცოცხლის მოსპობის მცდელობა. ევროკავშირის 27 ქვეყანაში კენჭისყრა კვირას, 9 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 23:00 საათზე დასრულდა. ევროპარლამენტის მიერ წარმოდგენილი კენჭისყრის შედეგები, შესაძლოა, ოდნავ გადაიხედოს ხმების საბოლოო დათვლისა და განცხადებებისა თუ საჩივრების განხილვის შემდეგ. ეს ყველაფერი კი სათავეს დაუდებს ინტენსიურ უსიამოვნო პოლიტიკურ ვაჭრობასა და ალიანსების შექმნის მცდელობას ახალი პარლამენტის პირველ სესიამდე, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში დაიწყება. 

სხვა თემები