13 ივნისი 2024 - 16:35

არჩევნები საფრანგეთში. რას გამოიწვევს მაკრონის სარისკო თამაში?

ფოტო: Thibault Camus / POOL

ევროპარლამენტის არჩევნებში თავისი პარტიის დამარცხების შემდეგ, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. აღნიშნულ კენჭისყრას შეუძლია პრეზიდენტს დაკარგული პოზიციები დაუბრუნოს ან ულტრა მემარჯვენეებს მისცეს შანსი. 

რა ხდება?

"საკმაოდ უცნაურია, რომ მაკრონმა გადაწყვიტა, დაითხოვოს ეროვნული ასამბლეა (საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატა. - რედ.). არც კი ვიცი, რა ვიფიქრო", - განუცხადა Deutsche Welle-ს საფრანგეთის მოქალაქემ, სახელად ჟან-პოლმა პარიზის ცენტრში, ევროპარლამენტის არჩევნების მომდევნო დღეს. ჟან-პოლი ერთადერთი არ არის, ვინც ამ ქმედებით გაკვირვებულია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცვიფრა მთელი ქვეყანა, მათ შორის - საკუთარი პარტია „აღორძინების“ წევრები, როდესაც საფრანგეთის პარლამენტი დაშალა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. კენჭისყრა ორ ტურად ჩატარდება: 30 ივნისსა და 7 ივლისს.  

მაკრონმა მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც მისი პროევროპული პარტია „აღორძინება“ (ადრე ცნობილი იყო როგორც La France En Marche!, რაც ითარგმნება როგორც - „წინ, რესპუბლიკა!“) ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე „ნაციონალურ გაერთიანებასთან“ სასტიკად დამარცხდა. ამან ქვეყანაში შექმნილი ვითარება კიდევ უფრო გაართულა. ანტიმიგრაციულმა, ნაციონალისტურმა და ევროსკეპტიკურმა პარტიამ, რომელსაც 10 წლის განმავლობაში მარინ ლე პენი ხელმძღვანელობდა და 2022 წელს მართვის სათავეები ამჟამინდელ ლიდერს - ჟორდან ბარდელლეს გადასცა, მოიპოვა ხმების 30%-ზე მეტი, რაც „აღორძინების“ 15%-იან მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. 9 ივნისის საღამოს, როდესაც არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ექსტრემალური მემარჯვენეობა ნიშნავს როგორც ფრანგების გაღატაკებას, ასევე - ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის გაუარესებას“. ”ამ დღის ბოლოს, მე არ შემიძლია მოვიქცე ისე, თითქოს არაფერი მომხდარა”, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ ის ”ხალხს არჩევანს უბრუნებს”. 

ფრანგებმა თავად უნდა გადაწყვიტონ

პარიზელი ჟან-პოლის აზრით, ვადამდელი არჩევნები, შესაძლოა, კარგი გამოსავალი იყოს. „მას ძალიან გაუჭირდება კარგი მთავრობის შექმნა, ამიტომაც სიტუაცია ახლავე გავარკვიოთ და შემდეგ უკვე ვნახოთ“, - განაცხადა მან. „ფრანგები მხარს დაუჭერენ უკიდურეს მემარჯვენეებს თუ ევროპულ გზას გააგრძელებენ, ამას თავადვე გადაწყვეტენ“, - დასძინა ჟან-პოლმა. მაკრონის პოზიცია პირდაპირ არ არის დამოკიდებული მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე: მან 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენის წინააღმდეგ გაიმარჯვა, რითიც უზრუნველყო მისი მეორე და ბოლო ხუთწლიანი ვადა. თუმცა სასწორზეა პარლამენტის კონტროლი, სადაც მაკრონის პარტიამ 2022 წელს უმრავლესობა დაკარგა. 10 ივნისს, „აღორძინებამ“ მიმართა სხვა ცენტრისტულ ძალებს,  ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ უახლოეს კვირებში გაერთიანდნენ. თუ მომავალ თვეს ულტრამემარჯვენე პარტია საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას მოიპოვებს, შესაძლოა, მაკრონი იძულებული გახდეს, „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერი ბარდელლე თავის მეხუთე პრემიერ-მინისტრად დანიშნოს. 

გათვლილი რისკი თუ გიჟური ავანტიურა?

მაკრონის შოკისმომგვრელი განცხადება ევროპარლამენტის არჩევნების მთავარ სენსაციად იქცა, ანალიტიკოსები მთელ ევროპაში ცდილობდნენ გაეგოთ, რა თამაში წამოიწყო საფრანგეთის პრეზიდენტმა. Eurasia Group-ის საკონსულტაციო კომპანიის ევროკავშირის მიმართულების ექსპერტმა, მუჯთაბა რაჰმანმა აღნიშნულ ქმედებას "გათვლილი რისკი ან გიჟური ავანტიურა" უწოდა. როგორც ჩანს, მაკრონი იმედოვნებს, რომ მომავალ ეროვნულ არჩევნებზე უფრო მეტი აქტივობა იქნება და მოქალაქეები ხმის მიცემისას მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ, - დაწერა რაჰმანმა 10 ივნისს, სოციალურ ქსელ X-ზე. ევროპარლამენტის არჩევნებს ამომრჩევლები არაპოპულარული ეროვნული მთავრობების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების დასაფიქსირებლად ხშირად იყენებენ. 

მაკრონის მიზანია, "გამოკითხვების შედეგები გამოიწვიოს"

ევროპული საბჭოს ანალიტიკური ცენტრის ექსპერტი საგარეო ურთიერთობებში, პაველ ზერკა DW-სთან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი რისკავს თავისი ვადის ბოლო სამი წლის გატარებას „იმ შედეგების ჩრდილში, რომლითაც ის მარინ ლე პენთან აშკარად დამარცხდა“. მაკრონს მოუწევდა შეგუება იმ ფაქტთან, რომ მისმა ოპონენტმა „არაერთხელ მოითხოვა ვადამდელი არჩევნები და ცდილობდა მისი კაბინეტის დელეგიტიმაციას“, - დასძინა მან. ამიტომაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც ცნობილია თავისი თავდაჯერებულობით, გრანდიოზული გეგმებითა და ფრაზების მოხერხებული მონაცვლეობით, გადაწყვიტა, შეტევაზე გადასულიყო და ფრანგების გულისა და გონების დაბრუნებას შეეცადა. „მაკრონს სჯერა, რომ მას შეუძლია არჩევნების შედეგებს ახალი გამოწვევით უპასუხოს და საფრანგეთს დაუტოვოს მკვეთრი არჩევანი პროევროპულ, პროუკრაინულ და ცენტრისტულ სტატუს-კვოსა და ულტრამემარჯვენე მთავრობას შორის, რომელიც რჩება სასტიკად ანტიევროპულად და ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერი დიდი ისტორია აქვს“, - განაცხადა ანალიტიკოსმა რაჰმანმა.

ბაძავს თუ არა მაკრონი ესპანეთს?

შესაძლოა, საფრანგეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მიბაძოს ესპანეთის პრემიერ- მინისტრ პედრო სანჩესს, რომელმაც თავისი კარიერა შარშან რიგგარეშე არჩევნებით სასწორზე დადო და მოიგო კიდეც. თუმცა ზერკამ აღნიშნა, რომ თუ ეს ნაბიჯი მაკრონს წარმატებას არ მოუტანს, მაშინ გამარჯვებულები იქნებიან ლე პენი და მისი 28 წლის მემკვიდრე ბარდელლე, თანაც მათი პოზიციები ამჟამად უკიდურესად ძლიერია. „არ გამოვრიცხავთ სცენარს, როდესაც ლე პენის გავლენა საფრანგეთის პოლიტიკაზე ძალიან სწრაფად გაიზრდება, თუ ის ივნისის არჩევნების შემდეგ მომავალ მთავრობას შეუერთდება“, - განაცხადა ექსპერტმა.

ევროპისთვის რა შედეგი მოჰყვება ამ ყველაფერს?

მომავალ საპარლამენტო არჩევნებს გავლენა საფრანგეთის ფარგლებს გარეთაც ექნება. თუ ულტრამემარჯვენეები გაიმარჯვებენ, საფრანგეთი გახდება კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა - იტალიისა და შვედეთის შემდეგ, რომელსაც მემარჯვენე მმართველი პარტია ეყოლება. ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა ასევე სერიოზული დარტყმა მიაყენა ბერლინის ლიდერებს, რითიც ევროკავშირის ორი დიდი ქვეყნის პოლიტიკურ ტანდემზე იმოქმედა. 

ბოლო წლებში მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ერთობლივად წამოაყენეს ევროპული დღის წესრიგი, რომელიც რუსეთთან ომში უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას გულისხმობს. რამდენადაც გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობების პოზიციები შეირყა, ევროკავშირის მთავარი თანამდებობების დასაკავებლად ორივე პოლიტიკოსი ნაკლებად გავლენიანი ჩანს. ემანუელი, DW-ს კიდევ ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ გაბრაზებულია მაკრონზე, მისი სარისკო თამაშის გამო. "არ ვარ დარწმუნებული, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს. არ მესმის, რატომ გააკეთა ეს, რადგან ვფიქრობ, ეს არის გზა ულტრამემარჯვენეებისთვის, რომ მთავრობაში მოხვდნენ", - განაცხადა მან.

სხვა თემები