18 ივნისი 2024 - 17:11

ისრაელის სამხედრო კაბინეტი დაიშალა. ეს ნეთანიაჰუს ისტერიკაა თუ მისი ეშმაკობა?

ფოტო: Getty Images

ორშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმისა და ღაზაში ომის დაწყებიდან მალევე შექმნილი სამხედრო კაბინეტი დაშალა. აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალები BBC-მ გაარკვია. 

რა ხდება?

როგორც ისრაელის სამთავრობო წრეებში ამბობენ, ეს იყო მოსალოდნელი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც 9 ივნისს, კაბინეტი ორმა მნიშვნელოვანმა წევრმა დატოვა. ესენი არიან გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი ბენი განცი და ნეთანიაჰუს პოლიტიკური ოპონენტი, გენერალი გადი აიზენკოტი. ორივე ცენტრისტი პოლიტიკოსია, რომლებიც ნეთანიაჰუს სამხედრო კაბინეტში გაწევრიანებას მხოლოდ ქვეყანაში საგანგებო სამხედრო სიტუაციის გამო დასთანხმდნენ. საერთო ჯამში, კაბინეტი ექვსი ადამიანისგან შედგებოდა. ესენი იყვნენ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები. განცის თქმით, ის ტოვებს სამხედრო კაბინეტს, რადგან ღაზაში „ჰამასის“ რეჟიმის შესაცვლელად ნეთანიაჰუს სტრატეგია არ აქვს. 

განცის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს უფრო მეტად თავისი პოლიტიკური კარიერა აწუხებს, ვიდრე - მძევლების გადარჩენა. ამ დროისთვის, ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ გეგმას ცეცხლის შეწყვეტისა და დაბრუნების შესახებ მხარი არ დაუჭირა. როგორც ისრაელელი ექსპერტები განმარტავენ, მისი კოალიციის წევრები, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები ბეცალელ სმოტრიჩი (ფინანსთა მინისტრი) და იტამარ ბენ-გვირი (ეროვნული უშიშროების მინისტრი) ნეთანიაჰუს მთავრობის დაშლით დაემუქრნენ, თუ ის ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას დასთანხმდებოდა. ბენი განცი  ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარებას მომავალ შემოდგომაზე ითხოვს და მოუწოდებს ხელისუფლებაში მყოფ ზომიერ მემარჯვენეებსა და ცენტრისტებს (თუმცა ისინი ცოტანი არიან), მის წინადადებას მხარი დაუჭირონ. კერძოდ, მან მიმართა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს, რომ მისი მაგალითისთვის მიებაძა და სამხედრო კაბინეტი დაეტოვებინა. თუმცა ნეთანიაჰუმ მოვლენების შემდგომ განვითარებას დაასწრო და თავად დაშალა ის. 

რატომ გააკეთა მან ეს?

ნეთანიაჰუს თქმით, ბენი განცი დაემორჩილა საერთაშორისო ზეწოლას და სამხედრო კაბინეტის დატოვებით რთული გადაწყვეტილებების მიღება თავიდან აირიდა. „განცის გადასაწყვეტი არ არის მორალის ქადაგება პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთვის, რომელიც სამხედრო კამპანიას ხელმძღვანელობს და საბოლოო გამარჯვებამდე, კომპრომისზე წასვლა არ სურს“, - ნათქვამია პარტია „ლიკუდის“ განცხადებაში. ბენი განცის მომხრეები კი ამბობენ, რომ ისრაელის მოქმედ პრემიერ-მინისტრს გრძელვადიან პერსპექტივაში არ აქვს ხედვა, მას ეს ესმის და „ამიტომაც არის ისტერიკული“. „მომავალში ომის პროტოკოლი გამჟღავნდება და საზოგადოება გაიგებს, ვინ შეჩერდა და ვინ იბრძოდა რეალური გამარჯვებისთვის“, - ნათქვამია ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ჯგუფის განცხადებაში. სამხედრო კაბინეტის შემადგენლობა მის შესაძლებლობებთან დაკავშირებით ეჭვებს თავიდანვე აჩენდა. ამის მიზეზი კი იყო სამხედრო კამპანიის მიზნების შესახებ განსხვავებული შეხედულებების არსებობა, თუმცა ისრაელელ ანალიტიკოსებს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა აქვთ ბიბის (ბენიამინ ნეთანიაჰუს ზედმეტსახელი) დაშლის შესახებ. 

მათი აზრით, ნეთანიაჰუმ თავისი გადაწყვეტილება დააჩქარა, რათა თავიდან აეცილებინა მისი კოალიციის ულტრამემარჯვენე პარტნიორების - სმოტრიჩისა და ბენ-გვირის მეტი პოლიტიკური დაწინაურება. მან ეს გააკეთა მაშინ, როდესაც ნეთანიაჰუმ მათ გადასცა პორტფელი, რომელიც მთავრობაში მოითხოვეს.
ამრიგად, ფინანსები და შიდა უსაფრთხოების საკითხები აღმოჩნდა იმ ადამიანების ხელში, რომლებიც პალესტინის ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების გაფართოებას  ემხრობიან და ყოველგვარ ტერიტორიულ და/ან შიდა პოლიტიკურ კომპრომისებს ეწინააღმდეგებიან. თუმცა ომი სულ სხვა თემაა. აქ ნეთანიაჰუ არ დაუშვებს, რომ სამხედრო სტრატეგების მიერ შედგენილი კამპანია ულტრამემარჯვენეებმა ჩაუგდონ. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ბიბი თავს იწონებს იმით, რომ ვაშინგტონი მას ვერაფერს უკარნახებს, სინამდვილეში ნეთანიაჰუს არაფერში სჭირდება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება, რაც ბოლო კვირებში გამოიკვეთა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ულტრამემარჯვენე მრჩევლები ზემოთ ხსენებული ურთიერთობების გაციებაში მთავარ როლს ასრულებენ. ამდენად, ვერსია იმის შესახებ, რომ სამხედრო კაბინეტის დაშლით, ნეთანიაჰუ ცდილობს, სამხედრო სფეროდან მათ ჩამოცილებას, საკმაოდ დამაჯერებელია. 

ომი არ დასრულებულა. რა არის შემდეგი?

ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდაცვის მინისტრ გალანტსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან შეხვედრებს გამართავს. სწორედ ამ შედეგებით განისაზღვრება, თუ როგორ მიიღება ამიერიდან ძირითადი სამხედრო გადაწყვეტილებები. სავარაუდოდ, იმ საკითხებს, რომლებიც აქამდე სამხედრო კაბინეტის იურისდიქციაში იყო, განიხილავს სპეციალური უშიშროების საბჭო, ხოლო ძირითადი გადაწყვეტილებები ღაზაში ომის მიმდინარეობის შესახებ მცირე საკონსულტაციო ჯგუფთან შეთანხმდება. სავარაუდოდ, ამ ჩამონათვალში იქნებიან თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ცახი ჰანეგბი, მინისტრი სტრატეგიულ საკითხებში რონ დერმერი და ორთოდოქსული პარტია „შასის“ ლიდერი არიე დერი, რომელიც სამხედრო კაბინეტში დამკვირვებელი იყო. სავარაუდოდ, ნოემბრამდე ნეთანიაჰუ და მისი მხარდამჭერები რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, თუმცა მთელი მათი ძალისხმევა მძევლების პოვნასა და გადარჩენაზე იქნება კონცენტრირებული. გასულ კვირას, „ჰამასის“ ტყვეობიდან ოთხი ისრაელელის გათავისუფლებას ისრაელში სიხარულით შეხვდნენ და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა (ყველასთვის არა, მაგრამ მაინც), რომ ბიბიმ იცის, რას აკეთებს. სამომავლო ნაბიჯები კი უმეტესწილად აშშ-ის არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული. თუ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, რასაც ნეთანიაჰუ და მისი წრე მოუთმენლად ელოდება, ისრაელის სამხედრო ტაქტიკა, შესაძლოა, კიდევ უფრო გადამწყვეტი გახდეს და სტრატეგია კი - მეტად ამბიციური. 

სხვა თემები