მსოფლიოს მერვე საოცრება: ცინ შიხუანდის აკლდამა და ტერაკოტას არმიის საიდუმლო
თავსატეხებითა და უჩვეულო ტრადიციებით მდიდარი ჩინეთი მართლაც უამრავ საიდუმლოს ინახავს, მათ შორის განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი, თანამედროვე ისტორიის ყველაზე გრანდიოზულ აღმოჩენად მიჩნეული ტერაკოტას არმიაა, რომელმაც სამართლიანად შეიძინა მსოფლიოს მერვე საოცრების სტატუსი, რადგან საბრძოლო დარაზმულობით განლაგებული სრულფასოვანი არმია 8 ათასი მეომრის - ფეხოსნების, მხედრებისა და არტილერისტთა ჩათვლით, ნამდვილ გამოცანად იქცა მეცნიერებისთვის, რომლებიც ათწლეულების განმავლობაშო ცდილობენ მის ამოხსნას.
ტერაკოტას არმია
მართალია, ცინ შიხუანდის აკლდამას „ტერაკოტას არმია“ ეწოდა, მაგრამ სინამდვილეში, ის დარბაზების უზარმაზარი კომპლექსია, სადაც თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს, სახელი კი, მეცნიერების წყალობით შეიძინა, რომელთაც სწორედ მეომრების სკულპტურები აღმოაჩინეს პირველად.
ტერაკოტას არმია ჩინეთის პირველი იმპერატორის ცინ შიხუანდის ბრძანებით შეიქმნა, რომელიც ქვეყანას ჩვენს ერამდე 246-210 წლებში მართავდა. სწორედ მას მიეწერება ჩინეთის გაერთიანება და ცნობილი კედლის მშენებლობის დაწყება, რომელსაც ქვეყანა ჩრდილოელი ბარბაროსების შემოსევისგან უნდა დაეცვა.
ჭირვეული იმპერატორი
ახირებებით ცნობილ იმპერატორს ყოველთვის სჯეროდა სულის უკვდავების და მთელი გულით სწყუროდა მარადიული სიცოცხლის მოპოვება, ამიტომ 13 წლისამ, ტახტზე აბრძანებისთანავე დაიწყო მზადება იმქვეყნიური ცხოვრებისთვის და ენთუზიაზმით შეუდგა საკუთარი მიწისქვეშა იმპერიის შენებას ყველა აუცილებელი ატრიბუტის - სამგზავრო ეტლების, საჯინიბოებისა და დარბაზების მდიდრული მორთულობის გათვალისწინებით. იმპერატორი მართლაც მისივე აგებულ მავზოლეუმში დაიკრძალა, თუმცა საიქიოში მარტო გამგზავრება არ მოისურვა და ჩინოვნიკებთან ერთად, უამრავი მოსამსახურე, ხარჭა, მუშა და ხელოსანიც თან გაიყოლა.
მართალია, ინ ჩჟენს, რომელმაც მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა ცინ შიხუანდის სახელი, ძალიან უნდოდა იმქვეყნიურ სამყაროში მეომრების თანხლებით გადაბარგება, მაგრამ ერთგული მრჩევლის ლი სის წყალობით გადაიფიქრა, რომელიც ძალიან შეშინდა, რადგან კარგად იცოდა, რომ იმპერატორის ამგვარი ახირება აუცილებლად სამოქალაქო აჯანყებას გამოიწვევდა. გონიერმა მრჩეველმა მბრძანებელს ადამიანთა მსხვერპლად გაღების ნაცვლად, მათი თიხის ფიგურების გამოძერწვა შესთავაზა და ისიც ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ დათანხმდა. თუმცა, არსებობს ლეგენდა, თითქოს იმპერატორი ძალიან გაანაწყენა ბრძანების უგულებელყოფამ, საკუთარი არმია მოაჯადოვა და მეომრების სულები თიხის სკულპტურებში გამოამწყვდია.
ისტორიული დოკუმენტების თანახმად, გიგანტური მავზოლეუმის აგებაში, რომელიც ჩვენს ერამდე დაახლოებით 246 წელს დაიწყო და მთელი 38 წელი გაგრძელდა, 720 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა, სამუშაოს დასრულების შემდეგ ცინ შიხუანდის ბრძანებით ყველა ერთიანად გამოასალმეს სიცოცხლეს, რათა ვერავის მიეგნო მისი სამარხისთვის. სავარაუდოდ, ასეც იქნებოდა რომ არა „ჩინური ბედისწერა“ და უცნაური შემთხვევითობა.
შემთხვევითი აღმოჩენა
აკლდამისა და ათასობით ტერაკოტას მეომრის არსებობის შესახებ სამყარომ მხოლოდ 1974 წელს შეიტყო, როცა გვალვით შეწუხებულმა გლეხებმა ჩინეთის უძველესი დედაქალაქიდან - სიანიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ახალი ჭის ამოთხრა განიზრახეს, თუმცა წყლის ნაცვლად უნიკალური აკლდამა აღმოაჩინეს.
ხუთი მეტრის სიღრმეში გლეხები გაურკვეველი შემადგენლობის მკვრივ ფენას წააწყდნენ, რომელიც აგურის უძველესი ღუმელი ეგონათ, თუმცა როცა რამდენიმე მეტრის დაშორებით, ახალი ორმოს ამოთხრისას თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებს მიაგნეს, რასაც ნატურალური ზომის თიხის თავის ქალაც მოჰყვა, სერიოზულად დაფრთხნენ და დახმარებისთვის ადგილობრივ არქეოლოგებს მიმართეს.
ნაკლები ხალისით დაწყებული გათხრები, მალე სრულმასშტაბიან არქეოლოგიურ ექსპედიციად იქცა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მეცნიერები გააერთიანა. 1976 წელს უკვე შესწავლილი ნაკვეთის მახლობლად, 20 ათასი კვადრატული მეტრის ორი ახალი ორმო გაითხარა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიწისქვეშ რამდენიმე ასეული საცავი იყო დამარხული და მართალია, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე სამი ორმოც ვერ იქნა სრულად გამოკვლეული, მაგრამ მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ცინ შიხუანდის სამარხი, რომლის საერთო ფართობი 56 კვადრატულ კილომეტრს აღემატება, ყველაზე მსხვილი მავზოლეუმია მსოფლიოში.
აღსანიშნავია, რომ გრანდიოზულ რელიკვიის მომძიებელი გლეხების ცხოვრება გაუმჯობესების ნაცვლად პირიქით, ბევრად გაუარესდა. რა თქმა უნდა, აღმოჩენამ სიანი ტურისტულ მექად აქცია და ბიზნესმენებთან ერთად ჩინოვნიკებიც ერთი-ორად გაამდიდრა, თუმცა საბრალო გლეხებისთვის, უნიკალური კომპლექსის აღმოჩენა ნამდვილ ტრაგედიად იქცა, რადგან ადგილობრივმა მთავრობამ სახლები წაართვა და კუთვნილი მიწიდან გაასახლა, ნასოფლარის ადგილას კი, სასტუმრო კომპლექსები გააშენა რესტორნებითა და მრავალრიცხოვანი სუვენირების მაღაზიებით.
მეტიც, ერთ-ერთმა პირველაღმომჩენმა ვან პუჟიმ, რომელიც წლების მანძილზე იტანჯებოდა მძიმე სენით, წამლის შესაძენად კი არასდროს ჰყოფნიდა ფული, 1997 წელს თავი ჩამოიხრჩო, მისი კომპანიონი, ვინმე იან იასინი კანის დაავადებით გარდაიცვალა, იან ვენხაი კი, თვალების საშინელმა ტკივილმა იმსხვერპლა და მართალია, შვიდიდან ოთხმა გლეხმა შედარებით მსუბუქად დააღწია თავი განსაცდელს, მაგრამ ჩინელი კონსპიროლოგების მტკიცებით, ამგვარი სასჯელი განძის აღმომჩენებმა სწორედ იმპერატორის შეწუხებისთვის დაიმსახურეს.
სკულპტურების შექმნის ხელოვნება
ცინ შიხუანდის აკლდამას ნატურალური სიდიდის 8 ათასი ტერაკოტას მეომარი იცავს 700 ცხენითა და 130 ეტლით, თუმცა მეომრებს ნამდვილი იარაღი - 100 ათასი ერთეული ხმალი, შუბი და მშვილდი ამშვენებს. ჯარისკაცთა უმეტესობა ორი ათასწლეულის შემდეგაც ბრწყინვალედ გამოიყურება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მეცნიერები დიდხანს ბჭობდნენ უძველესი ჩინელების ოსტატობაზე, რომელთაც საოცრად მყარი და გამძლე ფიგურები შექმნეს, თუმცა პასუხი მაინც ვერ მოიძიეს, რადგან მართალია, მეომრები ყვითელი თიხისგან გამოიძერწა, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა ქანის წარმომავლობისა და მისი ზუსტი შემადგენლობის დადგენა.
კვლევამ ჩინელი ოსტატების დაქსაქსულობაც გაართულა, რომლებიც ფიგურებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მექანიკური ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე, მხოლოდ ხელით ძერწავდნენ და ეტაპობრივად აგებდნენ თავის, ტანისა და კიდურების წინასწარ გამზადებული მაკეტების დახმარებით, ერთიან ფიგურად შეკრულს კი, სახის ნაკვთებითა და თმის ვარცხნილობით „ალამაზებდნენ“. გამზადებულ ფიგურებს ოსტატები რამდენიმე დღით უზარმაზარ ღუმელში ტოვებდნენ გამოსაწვავად, მერე კი, ორგანული მინანქრით, საღებავით ფარავდნენ და მხოლოდ აკლდამაში დაბინავების შემდეგ ზრუნავდნენ მისი სამხედრო ფორმის დეტალებსა და აღჭურვილობაზე.
აღსანიშნავია, რომ წოდების შესაბამის ფორმაში გამოწყობილი ყველა მეომარი ინდივიდუალური ვარცხნილობით, უნიკალური სახის ნაკვთებითა და მიმიკით გამოირჩევა, ამიტომ მრავალრიცხოვან არმიაში პრაქტიკულად შეუძლებელია ერთნაირი ნაკეთობების მოძიება, რაც პირველ რიგში სწორედ ოსტატთა განსხვავებული სტილით ძერწვის დამსახურებაა. სკულპტორები ყოველთვის განსაკუთრებულ პატივად მიიჩნევდნენ იმპერატორის ბრძანებით მუშაობას და ვერც მცირე გადაცდომისთვის სიკვდილმისჯილები ბედავდნენ უკმაყოფილების გამოთქმას. სხვათა შორის, ყველა მეომარს საკუთარი შემქმნელის ავტოგრაფი ამშვენებს, რომელთაც მეცნიერები დღესაც გულმოდგინედ სწავლობენ.
არმიის ყველაზე დაბალი ფიგურის სიგრძე 178 სანტიმეტრს შეადგენს, ყველაზე მაღლისა კი, 2 მეტრს აღწევს. რა თქმა უნდა, მკვლევართა ნაწილმა ჩათვალა, რომ უძველესი აზიელები ბევრად მაღლები იყვნენ, ვიდრე დღეს არიან, თუმცა ისტორიულმა მონაცემებმა დაადასტურეს, რომ ცინის დინასტიის წარმომადგენელთა სიმაღლე, მათი თანამედროვე შთამომავლების მსგავსად არასდროს აღემატებოდა 170 სანტიმეტრს, „ახოვანი“ სტატუები კი, მხოლოდ შთამბეჭდავი სანახაობის მოსაწყობად, იმპერატორის არმიის ძლევამოსილებისა და სრული დიდებულების წარმოსაჩენად გამოიძერწა.
მართალია, თავიდან ყველა მეომარი ნატურალური საღებავით შეიღება, შავი თმით, წვერითა და წარბებით დამშვენდა, სამხედრო ფორმა კი, ხასხასა ფერებით გაფერადდა, მაგრამ, სამარხის გათხრით შეცვლილმა ტენიანობამ ფიგურებს ბზარები, დეფორმაცია გაუჩინა, საღებავებს კი, ფერი დაუკარგა და ზოგან საერთოდ წაშალა.
საოცარია, მაგრამ თიხის მეომრების იარაღი, რომელიც სპეციალურად მათთვის გაკეთდა და არასდროს გამოყენებულა ბრძოლაში, დაზიანების გარეშე შემოინახა. მართალია, მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით, დამცავი საფარი ორგანული ქრომის წყალობით შენარჩუნდა, მაგრამ დაზუსტებითაა ცნობილი, რომ უძველეს ჩინეთში მოქრომვის ხელოვნებას ნკლებად იცნობდნენ, რადგან ამგვარი ტექნოლოგია მხოლოდ მე-20 საუკუნეში დამკვიდრდა.
იმპერატორის აკლდამის საიდუმლო
ისტორიული მონაცემების თანახმად, ტერაკოტას არმიის გარდა მიწაში თავად იმპერატორ ცინ შიხუანდის მდიდრული სასახლეც აღმოჩნდა ჩაფლული მთელი თავისი ქონებით - აბრეშუმის სამოსით, ბრინჯაოს და კერამიკის ნაკეთობებით, ფერწერული ტილოებითა და ძვირფასი სამკაულით. თუმცა, იმპერატორის მავზოლეუმი ჯერ ნაკლებადაა შესწავლილი, რადგან სინამდვილეში, აკლდამა ასობით ცალკეული ოთახისა და დარბაზის მიწისქვეშა ლაბირინთს წარმოადგენს, რომლის ვერც ზუსტი განლაგების დადგენა მოხერხდა, ვერც მიწისქვეშა ზონების სკანირება, ბრმად მოქმედებას კი არქეოლოგები ერიდებიან, რადგან თავისუფლად შეიძლება ერთი მონაკვეთის გათხრისას, მეორე დაზიანდეს, რომლის აღდგენა შეუძლებელი იქნება. ამასთანავე, არსებობს ლეგენდა, თითქოს დარბაზი, სადაც იმპერატორია დაკრძალული, უამრავ ხაფანგთან ერთად, ვერცხლისწყლითაა მოწამლული, რაც აკლდამასთან ახლოს ნიადაგის ანალიზმაც დაადასტურა.
სამწუხაროდ, ათწლეულების მანძილზე არქეოლოგებმა უნიკალური კომპლექსის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გამოიკვლიეს, რადგან მისი რეალური მასშტაბის დადგენა დღემდე შეუძლებელია. სავარაუდოდ, მავზოლეუმი 600 ცალკეულ საცავს აერთიანებს - თიხის მუსიკოსების, აკრობატების, ჯამბაზების განყოფილებებით და ზოოპარკით ცხოველებისთვის.
მეცნიერების მტკიცებით, მომავალი აღმოჩენები უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე მეომართა უზარმაზარი „ყაზარმაა“, თუმცა, ცნობისმოყვარეები არც ახლა ამბობენ უარს ტერაკოტას მრავალრიცხოვანი არმიის დათვალიერებაზე, რომლის გარშემო უზარმაზარი დარბაზი გაშენდა და ერთგვარი მუზეუმი გაკეთდა, თუმცა ნაწილობრივ შემინულ და საიმედოდ დაცულ ექსპონატებთან მიახლოება, მით უფრო ხელით შეხება კატეგორიულად იკრძალება და სოლიდური ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება.