24 ივლისი 2024 - 15:02

რას შეიძლება ელოდეს უკრაინა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობისგან?

ფოტო: Reuters

ახალ ევროპარლამენტში, სადაც უკიდურესი მემარჯვენეები სიდიდით მესამე პოლიტიკურ ძალას ქმნიან, ევროკავშირის ხელმძღვანელ თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატებისთვის პირველი კენჭისყრა გაიმართა. თუ რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის, Deutsche Welle-მ გაარკვია.  

რა ხდება?

ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ თავის პირველ სესიაზე ევროპული ინსტიტუტების ორი მაღალჩინოსნის დანიშვნას მხარი დაუჭირა. ხუთშაბათს, 18 ივლისს, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.  ორი დღით ადრე კი, რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტი ხელმეორედ გახდა. საინტერესოა, იმოქმედებს თუ არა ეს ევროკავშირისა და უკრაინის სამომავლო ურთიერთობებზე ? DW-მ ამ კითხვით ევროპელ და უკრაინელ დამკვირვებლებს მიმართა. 

"კარგი ამბავი უკრაინისთვის"

მაღალ თანამდებობებზე რობერტა მეცოლასა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელახლა დანიშვნა მეტყველებს იმ კურსის თანმიმდევრულობაზე, რომელიც უკრაინის ძლიერ მხარდაჭერას გულისხმობს,  - ამბობს ანა ნალივაიკო, ბრიუსელში მდებარე ვილფრიდ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრის ექსპერტი. „ევროკავშირის ორივე ხსენებული ლიდერი, თავიდანვე, უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იყო. ამასთანავე, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კაი კალასის დანიშვნა საგარეო და თავდაცვის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე,  საკმარისზე მეტ მიზეზს იძლევა იმის დასაჯერებლად, რომ უკრაინის ინსტიტუციური მხარდაჭერა გაგრძელდება ან გაძლიერდება", - აღნიშნა ნალივაიკომ DW-სთვის მიცემულ კომენტარში.

ამ პოლიტიკოსების ხელახალი არჩევა „უკრაინისთვის კარგი ამბავია“, - იმავე აზრზეა ჯეიმი ში, ბრიუსელში მდებარე ანალიტიკური ცენტრის, Friends of Europe-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი აზრით, ეს ფაქტი კიევთან მიმართებით, „ევროკავშირის პოლიტიკის თანმიმდევრულობაზე“ მიუთითებს. „უფრო მეტიც, ფონ დერ ლაიენმა უკვე ცხადყო, რომ  ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაფართოებასა და ამ საკითხებზე ცალკე ევროკომისრის დანიშვნას აპირებს“, - ამბობს ში. ეს გამოიწვევს ახალ ინვესტიციებს ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიაში, „რაც აშკარა სარგებელს მოუტანს უკრაინას, რადგან ის იარაღის წარმოების ერთობლივ პროცესში ჩაერთვება“, - დასძენს ის. 

მნიშვნელოვანი სიგნალი ვაშინგტონისთვის

დღეს უკრაინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დამოკიდებულია ორ დედაქალაქზე - ბრიუსელსა და ვაშინგტონზე, - ამბობს ვლადიმერ დენისიუკი, უკრაინული ანალიტიკური ჯგუფის, Geostrategy-ს ექსპერტი. „შეერთებულ შტატებში მიმდინარე მღელვარე საარჩევნო კამპანიის ფონზე, რომლის ფარგლებშიც დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა ჯეიმს დევიდ ვენსი - პოლიტიკოსი, რომელიც ცნობილია თავისი პოზიციით უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის შესახებ, ევროკავშირის საკვანძო თანამდებობებზე იმ ადამიანების არჩევა, ვინც ძალიან კარგად იცნობს უკრაინის საკითხს, შეიძლება კიევის მთავარი პარტნიორების სტაბილურობის სიგნალად  ჩაითვალოს“, - ხაზგასმით აღნიშნა დენისიუკმა. 

მთლიანობაში, ახალი ევროპარლამენტის პირველი სესიის შედეგები „აგვირგვინებს იმ პოზიტიური ამბების სიას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ გასულ კვირას, ნატოს სამიტის დროს მიიღო“, - ამბობს ჯეიმი ში. ეს მოიცავს, 2025 წლის განმავლობაში, უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს მიწოდებას და ნატოს შიგნით ცალკე განყოფილების შექმნას, რომლის მიზანიც უკრაინის უსაფრთხოების მხარდასაჭერა იქნება და რომლის შტაბ-ბინაც გერმანიაში განთავსდება, - იხსენებს ში. ის ასევე დარწმუნებულია, რომ დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს, „ზელენსკიმ ასევე მოისმინა  ბევრი მხარდამჭერი განცხადება“. ”თუ შეერთებულ შტატებში შექმნილი სიტუაცია, განსაკუთრებით ტრამპი-ვენსის კომბინაცია, უკრაინისთვის ბევრ კითხვას შეიცავს, აშკარაა, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი თამაშში რჩებიან და მათი მხრიდან იქნება მხარდაჭერა, რომელზე დაყრდნობაც ზელენსკის შეუძლია“,- ასკვნის ში. 

ვლადიმერ დენისიუკი დარწმუნებულია, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის სტრუქტურების „გადატვირთვის“ შემდეგ, ევროკავშირი უკრაინის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკას  ავლენს, ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. „დონალდ ტრამპს უყვარს გამეორება, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არის ევროპის ომი. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა ავლენს სიმწიფეს, იცის რა მის წინაშე არსებული გამოწვევები და არ უარყოფს იმას, რომ ეს მისი ომია და უკრაინასთან ერთად უნდა გაიმარჯვოს“, - ამბობს დენისიუკი. 

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე მოქმედი ბერკეტები ულტრამემარჯვენეებს არ აქვთ

რობერტა მეცოლასა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელახალი არჩევის გარდა, ახალმა ევროპარლამენტმა ასევე აჩვენა, რომ კიევის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ რეზოლუციის მიღებით, უკრაინის საკითხზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსი მის დღის წესრიგში რჩება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობა შემდგომში მხარს დაუჭერს უკრაინის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას, - ამბობს ანა ნალივაიკო. „მაშინაც კი, თუ ორი ახლად შექმნილი ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ და „სუვერენული ერების ევროპა“ მიჰყვებიან კრემლის მითითებებს და შეეწინააღმდეგებიან ევროკავშირის სოლიდარობას უკრაინასთან, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ფართო მხარდაჭერა ყველა სხვა პარტიიდან და ევროპარლამენტარებისგან“, - პროგნოზირებს ნალივაიკო. თუმცა ის აფრთხილებს, რომ ევროპარლამენტს მოუწევს მეტი იმუშაოს „რუსულ ნარატივებთან დასაპირისპირებლად, რომელიც სულ უფრო და უფრო გაისმის სხდომათა დარბაზში, სადაც უფრო მეტი ულტრამემარჯვენე და რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ევროპარლამენტარი გამოჩნდა“.

ახლად არჩეული ევროპარლამენტის პირველმა პლენარულმა შეხვედრამ აჩვენა, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობის სულისკვეთება რჩება და პესიმისტური პროგნოზები ულტრამემარჯვენე ძალების წინააღმდეგ საპასუხო ქმედებებთან დაკავშირებით, არ ახდა. „არსებობს „ორბანის ჯგუფი“, რომელიც ცდილობს უკრაინას პრობლემები შეუქმნას, თუმცა, როგორც ვხედავთ, მას არ აქვს საკმარისი ბერკეტები, რომ სიტუაციაზე გავლენა იქონიოს“, - ამბობს ვლადიმერ დენისიუკი. ექსპერტი პროგნოზირებს, რომ „პუტინის მეგობრები“ გააგრძელებენ „თავიანთ თამაშს, დებატებში წამოაყენებენ უკრაინისთვის უხერხულ საკითხებს, კერძოდ, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ან ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობა“. თუმცა, DW-ის მიერ გამოკითხული დამკვირვებლების აზრით, ეს ყველაფერი ხელს არ შეუშლის ბრიუსელისა და სტრასბურგის ზოგად ტენდენციას, კიევის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა გააგრძელონ. 

სხვა თემები