რა ემუქრება ლიბანს, თუ ისრაელმა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომი დაიწყო?
ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ შორის მოსალოდნელმა ომმა, შესაძლოა, გამოიწვიოს არა მხოლოდ ლიბანის ინფრასტრუქტურის განადგურება, არამედ - ახალი კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში. თუ რამდენად მაღალია ამის ალბათობა, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რა ხდება?
ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის მორიგმა ესკალაციამ შეიძლება ისრაელის მიერ ლიბანში, „ჰეზბოლას“ მებრძოლების საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებები გამოიწვიოს. გოლანის მაღლობებზე მდებარე სოფელ მაჯდალ შამსზე სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, რომელსაც დრუზების (მუსლიმური რელიგიური სექტის მიმდევარი არაბები, რომლებიც ცხოვრობენ ლიბანში, სირიასა და მცირე რაოდენობით, ისრაელში) მხრიდან12 ბავშვი და მოზარდი ემსხვერპლა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაემუქრა ირანის მიერ მხარდაჭერილ ლიბანურ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომ თავისი ქმედებებისთვის, ის „მაღალ საფასურს“ გადაიხდის. თუმცა „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელობა აღნიშნულ სარაკეტო თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა უფლება მისცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს, რადიკალური შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მოქმედების მეთოდი და ვადები განესაზღვრათ, როგორც ამის შესახებ მთავრობის მეთაურის ოფისმა 28 ივლისის გვიან საღამოს განაცხადა. თუმცა 29 ივლისის ნაშუადღევს, ისრაელის ტონი უფრო მოზომილი იყო. ისრაელის გარკვეულმა ოფიციალურმა პირებმა, რომელთაც ანონიმურობა ისურვეს, Reuters-ს განუცხადეს, რომ ისრაელი „ჰეზბოლაზე“ დარტყმას გეგმავდა, თუმცა არ სურს, მთელ ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღება. „ეს ამჟამად ჩვენს ინტერესებში არ შედის“, - განაცხადა Reuters-თან საუბარში ანონიმურმა წყარომ.
ლიბანელები ღამეს ქუჩებში ათევენ
„რეალურად, სამხრეთ ლიბანში, ისრაელის საზღვარზე, უკვე არის ომის მსგავსი პირობები“, - ამბობს მაიკლ ბაუერი, კონრად ადენაუერის ფონდის ბეირუთის ოფისის ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად იორდანიაში იმყოფება. ამასთანავე, ისრაელის არმიამ „ჰეზბოლას“ ობიექტებს ქვეყნის სხვა რაიონში არაერთხელ შეუტია. „ლიბანელებს, რა თქმა უნდა, ამ კონფლიქტის ახალ ფაზაში ჩათრევის ეშინიათ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ესკალაცია იმ გაგებით, რომ ისრაელის არმია ახალ სამიზნეებს ირჩევს და ახალ-ახალი ტიპის იარაღს იყენებს“, - განმარტავს ის. ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილი საკუთარი უსაფრთხოებით ძალიან შეშფოთებულია. ახალგაზრდა ლიბანელი ქალის თქმით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მან მეორე ღამე გაატარა თავისი სახლის გარეთ, „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად დაჰიას რაიონში. კიდევ ერთი ლიბანელი ქალი ამბობს, რომ სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ შეშფოთებულია თავისი ახლობლების გამო, რომლებიც ქვეყნის სამხრეთით ცხოვრობენ.
ლიბანი: დასუსტებული სახელმწიფო და საზოგადოება
თუ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდება, ეს ისედაც სუსტ სახელმწიფოზე მკვეთრად აისახება. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ლიბანს დიდი საგარეო ვალი აქვს. კერძოდ, ეს მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 180%-ს შეადგენს. მსოფლიო ბანკის კიდევ ერთი ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვი ბოლო ათწლეულის განმავლობაში გასამმაგდა. მაგალითად, 2024 წელს ლიბანელთა 44%-ი სწორედ ამ კატეგორიაში ხვდება. მრავალი წლის განმავლობაში, ლიბანის სახელმწიფო სისუსტეს ავლენდა. კერძოდ, 2020 წლის აგვისტოში, ბეირუთის პორტში მდებარე უზარმაზარ საწყობში 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქებამ ქალაქში მძიმე ნგრევა გამოიწვია. ამ კატასტროფას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 6500-ზე მეტი დაშავდა. 30 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლიდაეტოვებინა. ტრაგედიის მიზეზი ის იყო, რომ მრავალი წლის განმავლობაში, ლიბანის ხელისუფლება ასაფეთქებელი ქიმიკატების უსაფრთხო ადგილზე ტრანსპორტირებას ვერ ახერხებდა.
ქვეყანაში არაერთი სხვა პრობლემაც არის. კერძოდ, ომს გამოქცეულმა, დაახლოებით, 1,5-მა მილიონმა სირიელმა თავშესაფარი სწორედ ლიბანში იპოვა. ისინი შეურთდნენ 250 ათას პალესტინელ ლტოლვილს, რომელთაგან ბევრი ათწლეულების განმავლობაში ბანაკებში ცხოვრობდა. სირიელების შემოდინებამ, ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, რესურსების გადანაწილებაზე ბრძოლა კიდევ უფრო გააძლიერა. ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების ალბათობა კი ლიბანზე უკვე მოქმედებს. მაგალითად, ფრენები ამ ქვეყანაში სულ უფრო ხშირად უქმდება, - ამბობს მაიკლ ბაუერი. მისი განმარტებით, საერთაშორისო ავიაკომპანიები ამცირებენ ფრენებს ბეირუთში ან საერთოდ აუქმებენ მათ. მთავრობები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ურჩევენ თავიანთ მოქალაქეებს, არ ეწვიონ ლიბანს, თუ ეს გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. 29 ივლისს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა ყველა გერმანელს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ლიბანი.
შესაძლო ესკალაციის დამანგრეველი შედეგები
რამდენიმე თვის წინ, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და ლიბანის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილემ, ნასერ საიდმა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შედეგებზე ისაუბრა. ”ამ შემთხვევაში, ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან სწრაფად გაუარესდება”, - განუცხადა მან ჟურნალ The National-ს. შედეგად, დარჩენილი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ნავსადგურები და აეროპორტი, შეიძლება განადგურდეს. „ისინი სამაშველო რგოლია ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუ გავითვალისწინებთ მის ძლიერ დამოკიდებულებას ლიბანურ დიასპორაზე“, - თქვა მან.
თუ ლიბანში საომარი მოქმედებები დაიწყება, შედეგები შეიძლება კატასტროფული იყოს, - ნათქვამია ატლანტიკური საბჭოს მიერ 2024 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ანალიზში. ეს შეიძლება ნიშნავდეს დაბრუნებას „ხანგრძლივ ომებში“. „ჰეზბოლას“ ასევე შეიძლება შეუერთდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები მთელი რეგიონიდან, რაც კონფლიქტს კიდევ უფრო რთულსა და სარისკო გახდის“, - აღნიშნულია დოკუმენტში. „ლიბანი იქნება ამ დაპირისპირების ცენტრში და ის, რა თქმა უნდა, არ არის იმ მდგომარეობაში, რომ დაუშვას კიდევ ერთი კრიზისი ან ომი ისრაელთან“, - ამბობს ექსპერტი მაიკლ ბაუერი.