რატომ ჩავიდა პუტინი აზერბაიჯანში?
ფოტო: Trend News Agency
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანშია. ოფიციალური ინფორმაციით, მისი ვიზიტი ორ დღეს - 18 და 19 აგვისტოს გაგრძელდება. პუტინი ბაქოში ჩავიდა მაშინ, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე - კურსკის ოლქში, უკრაინის არმიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
კრემლის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაზე იქნება საუბარი. ამასთანავე, არის მოლოდინი, რომ პუტინი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესსაც განიხილავს. ვინ რას ფიქრობს აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით, BBC-მ გაარკვია.
რატომ ჩავიდა პუტინი აზერბაიჯანში მაინცდამაინც ახლა? ანალიზი
ეს არის ვლადიმერ პუტინის პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში მას შემდეგ, რაც მან ორი წლის წინ, უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ამასთანავე, ეს ვიზიტი შედგა სწორედ მაშინ, როდესაც უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და საბრძოლო მოქმედებები, უშუალოდ, რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინის მიწების ანექსია განახორციელა და ამის პასუხად, დასავლეთისგან იზოლაცია მიიღო, პუტინი ცდილობს, არსებულ მოკავშირეებთან ურთიერთობები გაიღრმავოს და ახალი თანამოაზრეები იპოვოს. მან აზერბაიჯანთან მოკავშირეობის შეთანხმებას ხელი მოაწერა სწორედ იმ დღეებში, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მთავრობა კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს უკრაინასა და დასავლეთთან, მას პუტინისთვის ზურგი არასდროს შეუქცევია. ამჟამინდელი ვიზიტი ასევე არის შესაძლებლობა პუტინისთვის, აჩვენოს მსოფლიოს, რომ მას მხარდაჭერა აქვს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში ვიზიტამდე, პუტინი იმყოფებოდა ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში.
გაზის საკითხი
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და დასავლეთის სანქციების დაწესების შემდეგ, მოსკოვმა ევროპის ქვეყნებში გაზის ექსპორტი შეწყვიტა. სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა ევროკავშირთან შეთანხმებას მოაწერა ხელი და რუსული გაზის გარეშე დარჩენილ ევროპულ ქვეყნებში გაზის ექსპორტის გაზრდას დასთანხმდა. პოლიტიკური ანალიტიკოსი ფუად შაჰბაზოვი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტის ძირითადი მიზნები სწორედ ეკონომიკურ და, პირველ რიგში, ენერგეტიკულ საკითხებს უკავშირდება. მისი აზრით, ვიზიტის დროს, შესაძლოა, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაზის ტრანსპორტირების შესახებ ახალ დოკუმენტს მოეწეროს ხელი. „შეიძლება გაფორმდეს შეთანხმება, რომელიც ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მოცულობის გაზრდის სანაცვლოდ, ბაქოსთვის რუსული გაზის მიწოდებას შეეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული გაზის გამოყენება შიდა ბაზრისთვის იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, შესაძლოა, ხელი მოეწეროს დოკუმენტს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, - ამბობს ფუად შაჰბაზოვი.
შაჰბაზოვის თქმით, ამ ვიზიტის კიდევ ერთი მიზანი შეიძლება იყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესში რუსეთის პოზიციების განმტკიცება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონფლიქტის მოგვარების საქმეში დასავლური ინსტიტუტები ბოლო დროს გააქტიურდნენ. შესაბამისად, რუსეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისი გავლენის აღდგენით არის დაინტერესებული. "ეს ვიზიტი მიზნად ისახავს, რეგიონში რუსეთის ინტერესი დაადასტუროს", - აღნიშნა შაჰბაზოვმა.
სამშვიდობო შეთანხმების მხარდაჭერა
„რუსული მხარე მზად არის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში თავისი წვლილი შეიტანოს“, - წერს „რია ნოვოსტი“ კრემლზე დაყრდნობით. ბოლო თვეების განმავლობაში, აზერბაიჯანი და სომხეთი პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ საზღვრების დელიმიტაციასთან დაკავშირებით, სამშვიდობო შეთანხმება დაიდოს. შესაბამისად, ორივე მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ აღნიშნულ თემაზე ხელშეკრულება გაფორმდეს.
აგვისტოში ბაქომ და ერევანმა სამშვიდობო შეთანხმების პროექტიდან გამორიცხეს პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანისა და მისი ექსკლავის - ნახიჭევანის დამაკავშირებელ სატრანსპორტო მარშრუტს (მას ბაქოში „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებენ) ეხება. ამ საკითხის განხილვა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის გადაიდო. ბაქოსა და მოსკოვს სურდათ, რომ აზერბაიჯანსა და ნახიჭევანს შორის არსებული გზა რუსეთს გაეკონტროლებინა, თუმცა სომხეთი ამის წინააღმდეგი იყო. სომხეთსა და რუსეთს შორის უთანხმოება ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა. ოფიციალური ერევანი უკმაყოფილოა იმით, რომ რუსეთმა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ („ოდეკაბემ“) ომის დროს მას დახმარება არ გაუწიეს. იარაღისა და ჯარის წრთვნის მოთხოვნით დასავლეთის ქვეყნებისადმი სომხეთის მიმართვამ კი რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვია. ნატოს წევრი ქვეყნების სომხეთში ყოფნას ოფიციალური მოსკოვი არ მიესალმება.
ამ ფაქტორებმა (ისევე როგორც, პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის არსებულმა პირადმა უთანხმოებამ) ბოლო წლებში რუსეთი და სომხეთი დააშორა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და სომხეთი მოკავშირეები არიან, ვლადიმერ პუტინი ერევანში არ ჩავიდა, რადგან სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების შესახებ შეთანხმების წევრია. 2023 წლის 17 მარტს კი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
არის თუ არა, პუტინის ვიზიტი დაკავშირებული ირანთან?
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ამჟამინდელ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, 6 აგვისტოს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აზერბაიჯანს სტუმრობდა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მისი ვიზიტი ბაქოში, ირანის გავლით შედგა. სერგეი შოიგუ თეირანში „ჰამასის“ ლიდერის - ისმაილ ჰანიეს მკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ იმყოფებოდა, ამის შემდეგ ჩავიდა ბაქოში, რის შემდეგაც ის სამშობლოში დაბრუნდა. ვიზიტის დროს შოიგუმ ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მშვიდობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში, თუმცა რეგიონის ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანს ესტუმრა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსი მაღალჩინოსნის ვიზიტი ჯერ თეირანში, შემდეგ კი - ბაქოში, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის შესაძლო ესკალაციასთან. ანალიტიკოს ფუად შაჰბაზოვის თქმით, რუსეთს აწუხებს ის, რომ ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, შესაძლოა, აზერბაიჯანმა ისრაელს ფარულად დაუჭიროს მხარი.