26 აგვისტო 2024 - 07:48

ვენეციის კინოფესტივალი: ქართველი რეჟისორები შემოდგომის კინოფორუმზე

28 აგვისტოს ლიდოს კუნძულზე ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალი აიღებს სტარტს, რომელიც 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის ჟიურის წელს ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი უხელმძღვანელებს, თავად კინოფორუმი კი, არასაკონკურსო ფილმის „ბიტლჯუსი, ბიტლჯუსის“ ჩვენებით გაიხსნება, რომელიც ტიმ ბერტონმა 35-წლიანი პაუზის შემდეგ „გააცოცხლა“ ბრწყინვალე მსახიობებთან მაიკლ კიტონთან, უაინონა რაიდერთან, უილიამ დეფოსა და მონიკა ბელუჩისთან ერთად.

წელს „ოქროს ლომისთვის“ 22 ფილმი იბრძოლებს ლუკა გუადანინოს „ქვიარის“ (Queer), ტოდ ფილიპსის „ჯოკერის: სიგიჟე ორისთვის“ (Joker: Folie à Deux) და პედრო ალმოდოვარის „ოთახის მეზობლად“ (The Room Next Door) ჩათვლით, არასაკონკურსო პროგრამაში კი, კევინ კოსტნერის ვესტერნის „ჰორიზონტები: ამერიკული საგა, თავი II“-ის (Horizon: An American Saga-Chapter Two) პრემიერა შედგება, რომელიც პირველ ნაწილში დაწყებული ისტორიის თხრობას გააგრძელებს ამერიკის ველური დასავლეთის ათვისების შესახებ. 

საინტერესოა წლევანდელი ფესტივალის პოსტერიც, რომელზეც ლორენცო მატოტიმ იმუშავა. მხატვრის განცხადებით, ერთი შეხედვით უჩვეულო სპილო, სინამდვილეში 1954 წელს, ვენეციაში გამართული ბაზრობის ნოსტალგიური მოგონებაა, როცა გიგანტი ცხოველები თამამად დააბიჯებდნენ ქალაქის ვიწრო ქუჩებში.  

ქართველი რეჟისორები ვენეციის კინოფესტივალზე

წელს ფესტივალს ქართველი რეჟისორებიც ეწვევიან საკუთარი ნამუშევრებით. დეა კულუმბეგაშვილი საკონკურსო პროგრამაში წარადგენს დრამას „აპრილს“, რუსუდან გლურჯიძის „ანტიკვარიატის“ ჩვენება კი, „საავტორო დღეების“ ფარგლებში მოეწყობა.  

 * „ანტიკვარიატი“ 
ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი „ანტიკვარიატი“, რომელიც  საქართველოს, შვეიცარიის, გერმანიისა და ფინეთის ერთობლივ პროექტად იქცა, ერთგვარი იგავია ემიგრანტების აუხდენელ ოცნებებსა და იმედებზე უცნობ, აბსოლუტურად უცხო ქვეყანაში. ფილმი 2006 წელს ქართველების რუსეთიდან  მასობრივი დეპორტაციის აქტუალური და მეტად მტკივნეული თემის გავლენით დაიდგა, მთავარი როლები კი, სალომე დემურიამ, სერგეი დრეიდენმა, ვლადიმერ დაუშვილმა და ვლადიმირ ვდოვიჩენკოვმა შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის თვეში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სწორედ „ანტიკვარიატში“  შესრულებული როლის წყალობით გამოარჩია კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტთა ჟიურიმ სალომე დემურია10 ევროპელ ტალანტს შორის და ევროპული კინოს „ამომავალი ვარსკვლავის“ პრემიით დააჯილდოვა.

 * „აპრილი“ 
დეა კულუმბეგაშვილის „აპრილი“ პროვინციული ქალაქის საავადმყოფოს ექიმ-გინეკოლოგის ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს, რომელიც დაუდევრობაში  დადანაშაულებული თავგამოდებით ცდილობს პროფესიული ღირსებისა და პირადი ფასეულობების დაცვას. მთავარი როლები ფილმში ია სუხიტაშვილმა, კახა კინწურაშვილმა და მერაბ ნინიძემ შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ კულუმბეგაშვილი, რომლის „დასაწყისმა“ 2020 წელს ტორონტოსა და სან-სებასტიანის კინოფესტივალების პრემიები მოიპოვა, მიხეილ ჭიაურელის, ლანა ღოღობერიძისა და ოთარ იოსელიანის შემდეგ, მეოთხე ქართველი რეჟისორია, ვინც ვენეციის  კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. 

ქართული კინო ვენეციაში 1958 წელს გაიცნეს, როცა ფილმისთვის „ოთარაანთ ქვრივი“ მიხეილ ჭიაურელმა სპეციალური დიპლომი მიიღო. 1992 წელს ლანა ღოღობერიძის დრამა „ვალსი პეჩორაზე“ მოხვდა საკონკურსო პროგრამაში, 1996 წელს კი, ოთარ იოსელიანი დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ფილმისთვის „ყაჩაღები. თავი VII“.

კინოფესტივალის ისტორია

ვენეციის კინოფესტივალი უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფორუმია მსოფლიოში, რომელიც პირველად 1932 წლის გაიმართა გრაფის ჯუზეპე ვოლპი დი მასურატის, საერთაშორისო კინოინსტიტუტის დირექტორის ლუჩანო დე ფეოს და მოქანდაკის ანტონიო მარანის ორგანიზებით. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ბენიტო მუსოლინის ინიციატივით დაარსდა, რამაც კინოფორუმს აშკარა პროპაგანდისტული ხასიათი შესძინა. მეტიც, 1938 წელს ფესტივალის მთავარი პრიზი ლენი რიფენშტალის დოკუმენტურმა ფილმმა „ოლიმპიამ“ მიიღო, რომელიც ავტორმა ადოლფ ჰიტლერისა და არიული რასის სადიდებლად შექმნა, წელს კი, ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში ანდრეს ფაიელის დოკუმენტური ფილმის „რიფენშტალის“ (Riefenstahl) პრემიერა შედგება, რომელიც რეჟისორმა სწორედ მესამე რაიხის ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ ფიგურას მიუძღვნა.

მართალია, 1943-1945 წლებში ორგანიზატორებს ფესტივალის გადადება მოუხდათ, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვენეციურმა კინოფორუმმა მუშაობა განაახლა და საბოლოოდ დაიდო ბინა კუნძულ ლიდოზე, სპეციალურად ფესტივალისთვის აშენებულ კინოს სასახლეში. 1950-1960-იან წლებში სწორედ ვენეციის ფესტივალის აღმოჩენად იქცნენ აკირა კუროსავა და ინგმარ ბერგმანი, ფედერიკო ფელინი, ლუკინო ვისკონტი და მიქელანჯელო ანტონიონი, რომლებიც დღეს მსოფლიო კინოს კლასიკოსებად ითვლებიან.

1970-იანი წლების დასაწყისში, ევროპაში მომძლავრებული რევოლუციური განწყობების ფონზე ფესტივალს ისევ იძულებითი „შვებულების“ აღება მოუხდა, თუმცა 1979 წელს, რეჟისორ კარლო ლიცანის წყალობით ტრიუმფით დაუბრუნდა კინოს სამყაროს. სწორედ ლიცანიმ შეძლო საორგანიზაციო შეცდომების გამოსწორება, პროგრამის გადახალისება და კინოფორუმისთვის საერთაშორისო პრესტიჟის აღდგენა.     

* ფესტივალის პროგრამა -
მრავალფეროვნებით გამორჩეული ფესტივალი საკონკურსო და არასაკონკურსო ჩვენებებს, „ჰორიზონტებისა“ და „ვენეციის კლასიკის“ სექციებს აერთიანებს, რომელიც ძველი ფილმების რესტავრირებული ვერსიების რეტროსპექტივას წარმოადგენს. არანაკლებ საინტერესოა ვირტუალური რეალობის ფორმატის ინტერაქტიური კინოპროექტების სექცია Venice Immersive და ვენეციის ბიენალეს ინიციატივით შექმნილი Biennale College Cinema, რომელიც ერთგვარი საგანმანათლებლო პროექტია მცირებიუჯეტიანი ფილმების რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის მთელი მსოფლიოდან.

* „ოქროს ლომი“ 
„ოქროს ლომი“, რომელიც თავიდან მხოლოდ ფესტივალის სიმბოლო იყო, მთავარ პრიზად 1949 წელს იქცა, მანამდე კი, უმაღლეს ჯილდოდ „მუსოლინის თასი“ და „ვენეციის დიდი საერთაშორისო პრიზი“ ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ „ოქროს ლომით“ ფესტივალის ორგანიზატორები არა მხოლოდ საუკეთესო ფილმებს, არამედ ცნობილი კინომოღვაწეების დამსახურებებსაც აღნიშნავენ. ფესტივალის თითქმის 90-წლიანი ისტორიის მანძილზე პრესტიჟული პრემია უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო ჩარლი ჩაპლინის, რობერტ დე ნიროსა და სტივენ სპილბერგის, ვუდი ალენის, დევიდ ლინჩისა და ტიმ ბერტონის, კატრინ დენევისა და პოლ შრედერის ჩათვლით, წელს კი, საპატიო პრემიით ავსტრალიელი რეჟისორი პიტერ უირი და ამერიკელი მსახიობი სიგურნი უივერი დაჯილდოვდებიან კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.

„ვერცხლის ლომი“ საუკეთესო რეჟისორისთვისაა განკუთვნილი, მსახიობები კი, ვოლპის თასით და ჟიურის სპეცილური პრიზით ჯილდოვდებიან. საკონკურსო პრემიებად ითვლება „მომავლის ლომი“ - საუკეთესო სადებიუტო ფილმისთვის და მარჩელო მასტროიანის ჯილდო ახალგაზრდა მსახიობებისთვის. 

ომი და მისი შედეგები - ფესტივალის მთავარი თემა

წელს ფესტივალის მთავარ თემად - სამხედრო კონფლიქტები, საბრძოლო მოქმედებები, მათი დამანგრეველი შედეგები და თავად ომის იდეა იქცა, რომლის გაანალიზება მეტ-ნაკლებად ფესტივალის მონაწილე თითქმის ყველა რეჟისორმა სცადა. სწორედ ომით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმებისა და თანამედროვე შვედეთში გავრცელებული უჩვეულო ფენომენის ახსნა გადაწყვიტა ბერძენმა რეჟისორმა ალექსანდრ ავრანასმა, როცა დრამის „მშვიდი ცხოვრების“ (Quiet Life) მთავარ გმირებად ლტოლვილი ოჯახების ბავშვები აქცია, რომელთაც უცნაური ლეთარგია იპყრობთ თავშესაფრის მოპოვებაზე უარის მიღების შემდეგ. 

არასაკონკურსო პროგრამაში მოხვდა უკრაინის, შვედეთისა და დანიის ერთობლივი პროექტი - ოლგა ჟურბას დოკუმენტური ფილმი „ნელა დამწვარი მიწის სიმღერები“ (Songs of Slow Burning Earth), რომელმაც საომარ მოქმედებებში ჩაბმული უკრაინის ყოველდღიური ცხოვრება ასახა, ამავე პროგრამაში წარდგენილმა ანასტასია ტროფიმოვას ფრანგულ-კანადურმა ფილმმა „რუსები ომში“ (Russians at War) კი, იმ ჯარისკაცებზე მოუთხრო მაყურებელს, რომლებიც უშედეგოდ ცდილობენ გაერკვნენ რისთვის იბრძვიან. ერთდროულად რამდენიმე პროექტი მიეძღვნა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტსაც, რომელთა შორის განსაკუთრებით საინტერესოა იორან ჰიუგო ოლსონის ქრონიკალური ფილმი „ისრაელი და პალესტინა შვედეთის ტელევიზიაში 1958-1959 წლებში“ (Israel Palestine on Swedish TV 1958-1989) და დენი როზენბერგის დრამა „ძაღლებსა და ადამიანებზე“ (Of Dogs and Men). 

„ჰორიზონტები Extra“-ს პროგრამა შონ პენის პროდიუსერობით დადგმული „5 სექტემბრით“ (September 5) გახსნება. ფილმის მოქმედება 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე ვითარდება, მთავარი გმირები კი, ამერიკელი კომენტატორები არიან, რომელთაც ისრაელელი სპორტსმენების მძევლად აყვანის შემდეგ სპორტული ტრანსლაციების ნაცვლად, ტერაქტზე მოუწიათ რეპორტაჟების მომზადება.   

პირველი მსოფლიო ომის თემას მიეძღვნა საკონკურსო ფილმი „ბრძოლის შემდეგ“ (Campo di Battaglia), რომელშიც ჯანი ამელიომ ორი საველე ექიმის ისტორია დაუპირისპირა ერთმანეთს, რადგან ერთი ჯარისკაცებს სწრაფად გამოჯანმრთელებსა და ბრძოლის ველზე დაბრუნებაში, მეორე კი, პირიქით, ტრავმების სიმულირებასა და საომარი მოქმედებებისგან თავის დაღწევაში ეხმარება.    

ჯონ გარანიოსა და აიტორ არეგის ტრილერს „მარკოს“ (Marco) ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ესპანური ასოციაციის ხელმძღვანელის ენრიკო მარკოს რეალური ისტორია დაედო საფუძვლად, რომელიც არასდროს ყოფილა ჰოლოკოსტის მსხვერპლი და მხოლოდ თაღლითობით შეძლო საკუთარი ბიოგრაფიის ფალსიფიცირება, ჯო რაიტის სერიალი „М: საუკუნის შვილი“ (M: Son of the Century) კი, იტალიელ დიქტატორს ბენიტო მუსოლინის მიეძღვნა.  

ომის თემა გასდევს ლაიტმოტივად მაურა დელპიეროს „ვერმილიოს“ (Vermiglio) და ბრეიდი კორბეტის „ბრუტალურ სტილს“ (The Brutalist), რომელთა მოქმედება ისევ მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის ფონზე ვითარდება. ვერ დააღწია თავი ომის თემას ვერც პედრო ალმოდოვარმა, რომლის ფილმის „ოთხი მეზობლად“ (The Room Next Door) მთავარი გმირი სამხედრო რეპორტიორია, ლავ დიასის „ფანტოსმიის“ (Phantosmia) ცენტრალურ პერსონაჟს კი, სწორედ სამხედრო სამსახურის დროს უწევს მთელი ცხოვრების გახსენება და გადაფასება. წამყვან თემად იქცა დაპირისპირება და ურთიერთშუღლი კლასიკური ფილმების სექციისთვისაც, რომელშიც სხვა შედევრებთან ერთად პიტერ ბრუკის სამხედრო დრამის „მაჰაბჰარატას“ (The Mahabharata) და რენე კლემანის „აკრძალული თამაშების“ (Forbidden Games) რეტროსპექტივა მოეწყობა. 

კრიტიკოსების ვარაუდით, საომარი ფილმების კულმინაციად კანის კინოფესტივალის ლაურეატი, ცნობილი ისრაელელი რეჟისორის ამოს გიტაის დოკუმენტური პროექტი „რატომ ომი“ (Why War) იქცევა. ფილმი ალბერტ აინშტაინისა და ზიგმუნდ ფროიდის მიმოწერას მიეძღვნა, რომლებიც დიდხანს მსჯელობდნენ რა აიძულებდა ადამიანებს ომის გაჩაღებას და როდის მოჰბეზრდებოდათ ერთმანეთის ხოცვა. ომის თემას მიძღვნილი ფესტივალის დახურვა ორგანიზატორებმა ისევ სამხედრო დრამით გადაწყვიტეს და პროგრამის დასკვნით ფილმად პუპი ავატის „ამერიკული ბაღი“ (L’Orto Americano) შეარჩიეს ამერიკელ მედდაში უიმედოდ შეყვარებული ახალგაზრდა იტალიელის ისტორიით, რომელიც სწორედ საყვარელი ქალის მოძიების სურვილით ებმება ავანტიურულ და მეტად სახიფათო თავგადასავალში.  

ფესტივალის ფავორიტები

წლევანდელ ფესტივალს მეტად სოლიდური საკონკურსო პროგრამა აქვს, რადგან ისეთი ოსტატები გააერთიანა, როგორებიც პედრო ალმოდოვარი, ლუკა გუანდანინო, პაბლო ლარაინი, ტოდ ფილიპსი და ბერძნული „ახალი ტალღის“ წამყვანი რეჟისორი ათინა რაჰელ ცანგარი არიან.

* „ოთახი მეზობლად“ (The Room Next Door) 
სადებიუტო ინგლისურენოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმი პედრო ალმოდოვარმა სიგრიდ ნუნიესის რომანის „რატომ დარდობ“ მიხედვით დადგა, მოქმედება კი, ნიუ-იორკში გადაიტანა. თავად რეჟისორმა საკუთარი ნამუშევარი, რომლის მთავარი გმირები სხვადასხვა თაობის ქალბატონები არიან, „უვარგისი დედისა და მისი გაველურებული შვილის ისტორიად“ შეაფასა, რომლებიც ერთმანეთისგან აბსოლუტურად გაუცხოებულები ცხოვრობენ რადიკალურად განსხვავებულ სამყაროებში. აღსანიშნავია, რომ დედის როლი ფილმში ალმოდოვარის ახალმა ფავორიტმა ტილდა სუინტონმა შეასრულა, მისი მეზობელი და ძველი მეგობარი - ჯულიანა მურმა განასახიერა, ქალიშვილის როლის შემსრულებლის ვინაობა კი, მართალია, გასაიდუმლოებულია და ფესტივალის მთავარ ინტრიგად ითვლება, მაგრამ გავრცელებული ხმების თანახმად, პარტნიორობას გამოცდილ მსახიობებს ანა ტეილორ-ჯოი გაუწევს. 

* „ქვიარი“ (Queer) 
ლუკა გუადანინოს დრამაში, რომელსაც უილიამ ბეროუზის ავტობიოგრაფიული რომანი დაედო საფუძვლად, ამერიკელი მწერალი დენიელ კრეიგმა განასახიერა. აღსანიშნვია, რომ რომანი, რომლის მოქმედება გასული საუკუნის 40-იანი წლების მექსიკაში ვითარდება, მომავალმა რეჟისორმა17 წლის ასაკში წაიკითხა და დიდხანს ნატრობდა მის ეკრანზე გადატანას. ჩანაფიქრის განხორციელებას გუანდანინო 2022 წელს შეუდგა კომედიაზე „პრეტენდენტებზე“ მუშაობის პარალელურად და მართალია, ორივე ფილმი პრაქტიკულად ერთდროულად გამოუშვა, მაგრამ სწორედ „ქვიარი“ მიიჩნია კარიერის საუკეთესო ნამუშევრად.     

* „მარია“ (Maria) 
ჯეკი კენედისა და უელსის პრინცესას დიანა სპენსერს მიძღვნილი ბიოგრაფიული დრამების „ჯეკისა“ და „სპენსერის“ წარმატების შემდეგ, ჩილელმა რეჟისორმა პაბლო ლარაინმა კიდევ ერთი ბრწყინვალე ქალბატონი, ყველა დროის საუკეთესო სოპრანო  - მარია კალასი გააცოცხლა ეკრანზე. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულმა ბაიოპიკმა, რომელშიც მთავარი როლი ანჯელინა ჯოლიმ შეასრულა, კალასის წარმატებულ კარიერაზე, თუმცა საოცრად უიღბლო და ტრაგიკულ პირად ცხოვრებაზე მოუთხრო მაყურებელს. სერიოზულ თავის ტკივილად იქცა ფილმის ავტორებისთვის მთავარი გმირის კოსტიუმები, რომლებიც ნატურალური ბეწვის გამოყენებით შეიქმნა კლასის სამოსის ზუსტ ანალოგად, თუმცა დიზაინერების ამგვარმა „თავნებობამ“ ცხოველთა უფლებების დამცველთა პროტესტი გამოიწვია, რომელთაც ომი გამოუცხადეს ლარაინს და საბოლოოდ დათმობა, ბეწვის ქურქების დემონსტრირებაზე უარის თქმა აიძულეს. 

* „ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის“ (Joker: Folie à Deux) 
ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ პრემიერად ტოდ ფილიპსის სიქველი ითვლება, რომელიც მთელი 200 მილიონი დოლარი დაუჯდა კინოკომპანია Warner Bros. Pictures-ს. ფილმმა დრამის, ტრილერის, დეტექტივის, მიუზიკლის ელემენტები გააერთიანა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჟანრობრივი დიფერენციაცია დიდი ხანია აღარ არსებობს თანამედროვე კინოში. მართალია, „ჯოკერის“ პირველი ნაწილის მსგავსად მისმა გაგრძელებამაც R-რეიტინგი დაიმსახურა, ანუ მისი ნახვა მხოლოდ ზრდასრული აუდიტორიისთვის აღმოჩნდა მიზანშეწონილი, მაგრამ პროდიუსერების მტკიცებით, ძალადობის სცენების მაქსიმალური შემცირებით, ფილმის გამდიდრება მათ მუსიკალური ნომრებით სცადეს.

* „მოსავალი“ (Harvest) 
საკონკურსო პროგრამის მორიგ ეკრანიზაციად იქცა დრამა „მოსავალი“, რომლის სცენარი ათინა რაჰელ ცანგარიმ თავად შექმნა ბრიტანელი მწერლის ჯიმ კრეისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გამოცემული „მოსავალი“ რამდენიმე ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი და ბუკერის პრემიის ნომინანტი გახდა, 2019 წელს კი, 81-ე პოზიციით შევიდა ბრიტანული გაზეთის The Guardian-ის XXI საუკუნის 100 საუკეთესო წიგნის რეიტინგში. ფილმის მთავარი გმირები ინგლისის პროვინციის ბინადრები არიან, რომლებიც მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდიან, თუმცა შეცდომების აღიარების ნაცვლად ყველა უსიამოვნებას სოფელს თავშეფარებულ უცხოელებს აბრალებენ. სწორედ ამგვარი ანოტაციით შემოიფარგლა ფილმის რეჟისორი, სიუჟეტის სრულად გამხელა კი არ ისურვა და ერთგვარ სიურპრიზად შემოინახა საპრემიერო ჩვენებისთვის. 


 

სხვა თემები