ნობელის პრემია - საჭიროა თუ არა დღეს ის საერთოდ?

წინ „ნობელის კვირეულია“. 7 ოქტომბერს, მიმდინარე სეზონის ლაურეატები გახდება ცნობილი. ამავდროულად, სულ უფრო ხშირად ისმის კრიტიკა თავად პრემიისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. რა გახდა ამის მიზეზი, Deutsche Welle-მ გაარკვია.
დღეს აქტუალურია შემდეგი კითხვები: ვინმეს აღელვებს საერთოდ ნობელის პრემია? არის თუ არა ეს სამეცნიერო ჯილდო, რომელიც პირველად 1901 წელს გადაეცა, მთელი თავისი პომპეზურობითა და ცერემონიით, შესაბამისი და საჭირო? რა თქმა უნდა, ეს საერთაშორისო პრემია ხელს უწყობს მეცნიერებისა და პროგრესის პოპულარიზაციას. თუმცა, იმავდროულად, ხომ არ არის მიკერძოებული გამარჯვებულებზე შეჩერებული არჩევანი? თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს კანდიდატები, ძირითადად, დასავლეთ ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან არიან და უმეტეს შემთხვევაში, მათი სქესი მამრობითია.
ალფრედ ნობელის კეთილშობილური იდეა
ნობელის პრემია შვედი ქიმიკოსის, გამომგონებლისა და მეწარმის, ალფრედ ნობელის ინიციატივით დაარსდა. ის ფლობდა 350-ზე მეტ საერთაშორისო პატენტს, მათ შორის, დინამიტის შექმნის ექსკლუზიურ უფლებას. ქიმიისა და ფიზიკის გარდა, ალფრედ ნობელი დაინტერესებული იყო ლიტერატურით. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მის მიერ წარმოებულმა კვლევითმა და სამეწარმეო საქმიანობამ, ასევე - მამისგან მემკვიდრეობით მიღებულმა კომპანიებმა, მას უზარმაზარი სიმდიდრე მოუტანა.
ერთ-ერთი ვერსიით, უშვილო ნობელი თავისი მილიონების მართვაზე ერთმა შემთხვევამ დააფიქრა. კერძოდ, 1888 წელს ერთ-ერთმა ფრანგულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ნეკროლოგი შემდეგი სათაურით: „სიკვდილით მოვაჭრე მკვდარია“. ჟურნალისტებმა, ამ სტრიქონებს მიღმა, შეცდომით, ალფრედ ნობელის გარდაცვალება დაინახეს. არა და, სინამდვილეში, მისი ძმა ალბერტი გარდაიცვალა. გზავნილი, ძირითადად, ეხებოდა მეწარმის სიმდიდრეს, რაც ნეკროლოგში იმით იყო ახსნილი, რომ მან ადამიანების დახოცვის საშუალება უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი გახადა, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ალბათ სწორედ ამ მომენტში დაფიქრდა ალფრედ ნობელი, თუ როგორ დარჩებოდა ის შთამომავლების მეხსიერებაში.
ალფრედ ნობელი 1896 წელს, 63 წლის ასაკში, სან-რემოში, საკუთარ ვილაში გარდაიცვალა. თავის ანდერძში მან დააკონკრეტა, რომ თითქმის მთელ თავის ქონებას უტოვებდა სპეციალურ ფონდს, რომელიც შემოსავლიდან მიღებულ პროცენტს თანაბრად და რეგულარულად გაანაწილებდა რამდენიმე მიმართულებით. უფრო კონკრეტულად, ეს ეხებოდა მათ, ვინც გასული წლის განმავლობაში უდიდესი სარგებელი მოუტანა კაცობრიობას ოთხ სამეცნიერო სფეროში: ფიზიკა, ქიმია, ფიზიოლოგია და მედიცინა, ლიტერატურა და ასევე - მშვიდობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.
როგორც ანდერძშია ახსნილი, მშვიდობის პრემია უნდა მიენიჭოს იმ ადამიანს, ვინც მიაღწია უდიდეს წარმატებას ან გასწია ყველაზე მეტი ძალისხმევა ხალხების გაერთიანებისთვის, მოქმედი სამხედრო დანაყოფების გაუქმების ან შემცირებისთვის, ამასთანავე, სამშვიდობო კონგრესების გამართვისთვის. აღსანიშნავია, რომ მშვიდობის პრემიის ლაურეატის არჩევა, როგორც წესი, აჩენს ყველაზე მეტ კითხვას როგორც ექსპერტებში, ასევე - საზოგადოებაში. ნობელის პრემიები, დაახლოებით, 1 მილიონი ევროს ეკვივალენტს შეადგენს.
ნობელის პრემიას „მცდარი წარმოდგენების“ გამო აკრიტიკებენ
ამავდროულად, ბოლო წლებში ექსპერტები, ჟურნალისტები და რიგითი ადამიანები სულ უფრო მეტს კამათობენ კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებსა და ზოგადად, ამ პრემიის სარგებელზე. კერძოდ, კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ შეიძლება შეიქმნას არასწორი, ზედმეტად გამარტივებული შთაბეჭდილება იმის შესახებ, თუ როგორ ხდება აღმოჩენები რეალურად და რა შრომა იდება ამ ყველაფერში. ნომინირებული და უკვე დაჯილდოებული მეცნიერების ღვაწლისა თუ დამსახურების დაკნინების გარეშე, პრემიის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მეცნიერების წინსვლას ცალკეული ადამიანები უფრო უწყობენ ხელს. მათი აზრით, სამეცნიერო პროგრესი მოითხოვს ასობით მკვლევრის თანამშრომლობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს უნდა შეეხოს სხვადასხვა სფეროს, ვინაიდან მეცნიერება მულტიდისციპლინური და მრავალფეროვანია.
აქედან გამომდინარე, ნობელის პრემიები, უფრო ხშირად, მეცნიერთა ჯგუფებს შორის ნაწილდება. აღნიშნულ პროცესში, ნობელის პრემიის თითოეულ ლაურეატზე ასობით სხვა მონაწილე მოდის. ესენი არიან მეცნიერები, ასისტენტები, ტექნიკური პერსონალი, რომელთა გარეშეც თავად პროცესი და განსაკუთრებით კი, მისი შედეგი წარმოუდგენელი იქნებოდა. ამ ადამიანების უმეტესობა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, რის გამოც ცალკეული მეცნიერების ღვაწლის გაზვიადების ტენდენცია შეიმჩნევა. გარდა ამისა, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ლაურეატების შერჩევა საკმაოდ რთულია. მათი თქმით, მხოლოდ ერთი ადამიანისთვის უპირატესობის მინიჭება თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც მუდმივად ხდება მართლაც რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი აღმოჩენების მთელი კასკადი, მარტივი ნამდვილად არ არის.
ლაურეატების უმეტესობა დასავლეთ ქვეყნების წარმომადგენელი მამაკაცია
თუმცა, ყველაზე ხშირად, ნობელის პრემიას სხვა რაღაცისთვის აკრიტიკებენ. კერძოდ, ლაურეატების უმეტესობა დასავლური კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენელია. ყველაზე ხშირად, ნობელის პრემია შეერთებული შტატების წარმომადგენლებს გადაეცათ. შემდეგი მოდის დიდი ბრიტანეთი და გერმანია. აღნიშნულ ხუთეულს საფრანგეთი და შვედეთი ავსებენ. არანაკლებ აქტუალურია გენდერული საკითხი. ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ ლაურეატებს შორის ძალიან ცოტა ქალია. ნობელის პრემიის დაარსების დღიდან, მხოლოდ 64-მა ქალმა მიიღო ჯილდო, რაც ლაურეატების 7%-ზე ნაკლებს შეადგენს.