13 იანვარი 2025 - 09:00

სიზმარსა და სინამდვილეს შორის: სიურრეალიზმი არსებობის ასწლეულს აღნიშნავს

სიურრეალისტი მხატვრები სამყაროში არსებულ უთანხმოებას ალუზიებისა და პარადოქსული კომბინაციების მეშვეობით დაუპირისპირდნენ. ეს ყველაფერი კი 100 წლის წინ დაიწყო. სიურრეალისტური რევოლუციის იუბილეს ევროპაში რამდენიმე გამოფენა მიეძღვნა. თუ როდის და როგორ დაიწყო სიზმრისა და სინამდვილის კოლაბორაცია ხელოვნებაში, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

სიურეალიზმის სათავეებთან

თუ მე-20 საუკუნის მღელვარე ოციანი წლების პარიზში გადავინაცვლებთ, დავინახავთ, რომ პირველი მსოფლიო ომის საშინელებების შემდეგ, საფრანგეთის დედაქალაქში, ფაქტობრივად, სიცოცხლე სწყუროდათ. პარიზელებმა არ იცოდნენ, რა იყო სიმშვიდე, ისინი იყვნენ ოპტიმისტურად განწყობილნი და სურდათ, რაც შეიძლება მეტად დამტკბარიყვნენ ცხოვრებით. ამ განწყობასა და შთაგონებას 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიურმა თამაშებმაც შეუწყო ხელი. პარიზში, სპორტსმენებთან ერთად, მხატვრებმა, მწერლებმა, მუსიკოსებმა და ინტელექტუალებმა მოიყარეს თავი და ქალაქი ევროპის კულტურულ ცენტრად იქცა. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომელთაც არ სურდათ კოლაბორაცია ისეთ საზოგადოებასთან, რომელმაც ასეთი ბარბაროსული ომი დაუშვა. უფრო მეტიც, ისინი საკმაოდ რადიკალურად იყვნენ განწყობილი.

ამდენად, დროთა განმავლობაში გაჩნდა პოლიტიკურ-მხატვრული კონტრმოძრაობა. მისი წევრები, იქნებოდნენ ესენი მხატვრები, კინორეჟისორები, მწერლები თუ მუსიკოსები, ბურჟუაზიულ სულისკვეთებას უარყოფდნენ. ლოგიკისა და რაციონალურობის მიღმა, სიურრეალისტები ახალ, უფრო ამაღლებულ რეალობას ეძებდნენ. არაცნობიერი, სიზმარი, თრობა, დათრგუნული სურვილები, ხილვები და გიჟური იდეები - ეს, სიურრეალისტების აზრით, საზოგადოების მორალური ბორკილებისაგან გასათავისუფლებლად აუცილებელი იყო. ზიგმუნდ ფროიდის სიზმრის ინტერპრეტაციით შთაგონებულებს „რეალობის ფარდის დახევა“ სურდათ.

სიურრეალიზმის მანიფესტი

სიურრეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი ანდრე ბრეტონი. ის იყო ერთ-ერთი იმ პირველთაგანი, ვინც სცადა ინტუიციური წერის მეთოდი, რომლის დახმარებითაც ქაღალდზე გადმოსცა ქვეცნობიერში ჩაფლული გამოსახულებები, გრძნობები და სიტყვები. ასეთი თავისუფალი ასოციაციები პოეზიისა და ექსპერიმენტული ლიტერატურის ახალ ფორმად იქნა მიჩნეული. ბრეტონმა ამ პროცესს „გონების ყოველგვარი კონტროლის გარეშე აზროვნების კარნახი“ უწოდა. აღნიშნული მეთოდის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა, გაღვიძებისთანავე, ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე მდგომარეობაში საწერ მაგიდასთან დაჯდომა და სწორედ ამ მდგომარეობაში ჩამოყალიბებული წინადადებების ქაღალდზე გადატანა. 1924 წლის ოქტომბერში ბრეტონმა დაწერა სიურრეალიზმის პირველი მანიფესტი, რომელშიც მან ხელოვნებაში ახალი მიმდინაროება წარმოადგინა. ”მე მჯერა, რომ ძილი და რეალობა - ეს ორი, ერთი შეხედვით, განსხვავებული მდგომარეობა - გაერთიანდება მომავალში რაიმე სახის აბსოლუტურ რეალობაში, ასე ვთქვათ, სიურრეალობაში,” - განაცხადა მანიფესტის ავტორმა. 

იდუმალი წარწერები და შოკისმომგვრელი გამოსახულებები

ბრეტონის თანამედროვეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ახალ ტერმინს პროვოკაციულად და ანარქიულადაც კი მიიჩნევდა. ისინი ხომ იმდროინდელ ხელოვნებაში დამკვიდრებულ კონცეფციას მიჰყვებოდნენ და მხოლოდ მისი სჯეროდათ. თუმცა, ხელოვნების ბევრი წარმომადგენელი ახალი აზროვნებით გამოწვეულ შთაგონებას გრძნობდა. მაგალითად, მათ რიგებში იყო ბელგიელი რენე მაგრიტი. მის ნახატზე "გამოსახულებების ღალატი" გამოსახულია ჩიბუხი, რომლის ქვეშაც არის წარწერა "ეს ჩიბუხი არ არის". ერთი შეხედვით, წარწერა თითქოს გაუგებარია, მაგრამ ფაქტობრივად, სიმართლეა, რადგან ჩვენ აქ ვხედავთ არა ჩიბუხს, არამედ - მის გამოსახულებას.

ესპანელმა რეჟისორმა ლუის ბუნუელმა და მისმა მეგობარმა სალვადორ დალიმ სიურრეალისტური ნამუშევარი დიდ ეკრანზე პირველად 1929 წელს გამოიტანეს. მათ წარმოადგინეს შავ-თეთრი ფილმი "ანდალუზიური ძაღლი". ფილმში სცენები ბუნუელისა და დალის სიზმრებზეა დაფუძნებული: ჯერ კაცი საპარსს ზედაპირს უმახვილებს, შემდეგ კადრში სავსე მთვარესთან ღრუბელი ჩაივლის და მომდევნო, შოკისმომგვრელ სცენაში მამაკაცი პირწამახული საპარსით ქალს თვალის გუგას უზიანებს. ფილმში რაციონალური, ლოგიკური ან კულტურული თვალსაზრისით ახსნილი არაფერი უნდა იყოს. ფილმის სახელწოდებაც კი მის სიუჟეტთან ყოველგვარი კავშირის გარეშე შეირჩა. 

ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფოტო სიშიშვლესა და მუსიკაზე

სიურეალიზმზე საუბარი კატალონიელი ხუან მიროს ხსენების გარეშე წარმოუდგენელია. მისი ნამუშევრები ფერებით საოცრად მდიდარია. იგივე შეიძლება ითქვას ფრანგ ივ ტანგზე, რომლის ფანტასტიკური პეიზაჟები ჯერ კიდევ არ არის ამოხსნილი. ამავე კატეგორიაშია გერმანელ-ფრანგი მხატვარი ჟან არპი და ამერიკელი ფოტოგრაფი, კინორეჟისორი და მხატვარი მან რეი. დღეს უკვე ყველამ იცის მის მიერ 1924 წელს, პარიზში გადაღებული ფოტო "ინგრის ვიოლინო", რომელიც შიშველი ქალის სხეულისა და ვიოლინოს მსგავსებას ასახავს. 2022 წელს ეს შავ-თეთრი ფოტო „ქრისტის აუქციონზე“ 12,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამით კი ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფოტოდ იქცა. 

სხვა თემები