როგორ ცდილობს ისრაელი "ჰეზბოლას" ფინანსური ქსელის განადგურებას?

ფოტო: DW
ისრაელის არმიამ "ჰეზბოლას" ფინანსურ სისტემასთან დაკავშირებულ სამიზნეებზე შეტევა დაიწყო. ძირითადი დარტყმა ტერორისტული დაჯგუფების ბანკზე განხორციელდა. თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, ლიბანში ტერორისტებს შემოსავლის არაერთი წყარო აქვთ.
რა ხდება?
ლიბანური რადიკალური დაჯგუფება "ჰეზბოლას" წინააღმდეგ მიმართულმა ისრაელის სამხედრო კამპანიამ ახალი მიზანი დაისახა. კერძოდ, ეს არის ტერორისტების ფინანსური ინფრასტრუქტურის განადგურება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) "ჰეზბოლასთან" დაკავშირებული ფინანსური კომპანიის - "ალ-ქარდ ალ-ჰასანის" ფილიალებზე ბეირუთსა და ლიბანში სხვა რეგიონებში საჰაერო იერიშები მიიტანეს. "ცაჰალის" პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ლიბანის რადიკალურმა დაჯგუფებამ თავისი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა „ღრმა ფინანსური კრიზისი“, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში სუფევდა. "ჰეზბოლას" ფინანსური ქსელი, ისრაელის სამხედროების თქმით, შემოსავლის ორ წყაროზეა დაფუძნებული. აქ იგულისხმება ირანიდან და ლიბანელი ხალხისგან შემოსული თანხები. ჰაგარის განცხადებით, ისრაელის თავდასხმები "ალ-ქარდ ალ-ჰასანის" ობიექტებზე იყო მიმართული. ამასთანავე, მან "ჰეზბოლა" ბეირუთში, "საჰელის" საავადმყოფოს ქვეშ მდებარე ბუნკერში "ასობით მილიონი დოლარის" შენახვაში დაადანაშაულა.
რას წარმოადგენს "ალ-ქარდ ალ-ჰასანი"?
"ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების ცენტრის" დირექტორი ჯონათან ლორდი დარწმუნებულია, რომ "ჰეზბოლასთვის" ფინანსური სახსრების მიწოდებაში მთავარ როლს სწორედ "ალ-ქარდ ალ-ჰასანი" ასრულებს. "ისინი ფინანსურ მომსახურებას უზრუნველყოფენ. ეს იყო ერთგვარი სტრატეგიული კონკურენტული უპირატესობა ლიბანში "ჰეზბოლასთვის", რადგან ტრადიციული საბანკო სექტორი, განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საშიში და პრობლემური გახდა. ამის მიზეზი კი ლიბანში არსებული კორუფცია და გლობალური საბანკო თუ ეკონომიკური პრობლემებია", - ამბობს ლორდი DW-სთან ინტერვიუში.
1983 წელს დაარსებულ "ალ-ქარდ ალ-ჰასანს", დაახლოებით, 30 ფილიალი აქვს. ორგანიზაცია განსაკუთრებით პოპულარულია ლიბანის იმ რაიონებში, სადაც "ჰეზბოლას", ტრადიციულად, ძლიერი მხარდაჭერა აქვს. კომპანია კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა მას შემდეგ, რაც ლიბანის საბანკო სისტემა, 2019 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ნაწილობრივ ჩამოიშალა. "ალ-ქარდ ალ-ჰასანი" არ რეგულირდება ლიბანის ცენტრალური ბანკის მიერ და არც საერთაშორისო საბანკო სისტემას ეკუთვნის. ის 2007 წლიდან აშშ-ს მიერ არის დასანქცირებული.
როგორ გამოიმუშავებს ფულს "ჰეზბოლა"?
თავის მიმართვაში დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ "ჰეზბოლა" ფულს იღებს ირანიდან, ასევე - იმ ფინანსური და სოციალური მომსახურებიდან, რომელსაც ორგანიზაცია ლიბანის მოსახლეობას "ალ-ქარდ ალ-ჰასანის" მეშვეობით უწევს. დევიდ აშერის თქმით, "ალ-ქარდ ალ-ჰასანი" "ჰეზბოლას" დივერსიფიცირებულ ფინანსურ სისტემაში მხოლოდ "განტოლების ნაწილია". ექსპერტის თქმით, ორგანიზაციის პასუხისმგებლობების უმეტესობა ტერორისტული დაჯგუფების "რიგითი" წევრებისთვის ხელფასების გადახდასა და მოსახლეობისთვის მომსახურების მიწოდებასთან არის დაკავშირებული.
აშერი ხაზს უსვამს, რომ "ჰეზბოლა" ლიბანის ტრადიციულ საბანკო სისტემასაც იყენებს და მის აქტივებს სხვადასხვა მეთოდით ინაწილებს. მისი პირადი შეფასებით, ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი, შესაძლოა, წელიწადში, "12-დან 15 მილიარდ დოლარს შეადგენდეს". თავის მხრივ, ისრაელის განცხადება, რომ "ჰეზბოლას" ფინანსების უმეტესი ნაწილი ირანიდან მოდის, უდავოა და ეს ორგანიზაცია რეალურად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის დივიზიაა, - ამბობს ჯონათან ლორდი. "თუ დააკვირდებით ირანის ძალების საბრძოლო შემადგენლობას, ნახავთ, რომ ის "ჰეზბოლას" ეროვნული თავდაცვის ინფრასტრუქტურის კომპონენტად მიიჩნევს", - დასძინა მან.
აშერის განმარტებით, "ჰეზბოლას" შემოსავლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა ისეთი დანაშაულებრივი ქმედებები, როგორიცაა ნარკოტიკებითა და ბრილიანტით ვაჭრობა. მისი თქმით, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ მთელ მსოფლიოში მოქმედი კრიმინალური ქსელის მეშვეობით, ორგანიზაცია ფულს აგროვებს და შემდეგ ამ თანხის უმეტეს ნაწილს ევროპაში რეგისტრირებული ლეგიტიმური ბიზნესის წყალობით ათეთრებს. აშერის შეფასებით, "ჰეზბოლას" რეზერვების ნახევარს ირანი უზრუნველჰყოფს, დანარჩენი 50% კი მთელ მსოფლიოში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებებიდან მოდის.
როგორ აისახება "ჰეზბოლას" საქმიანობა ლიბანის ეკონომიკაზე?
2019 წლის ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ ექსპერტებმა ლიბანის ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულად შეაფასეს. ირანზე დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა სერიოზული ვარდნა გამოიწვია. მოგვიანებით, სიტუაცია დაამძიმა COVID-19-ის პანდემიამ, შემდეგ კი - 2020 წელს ბეირუთის პორტის აფეთქებამ. ქვეყნის სავალუტო და საბანკო სისტემა, ფაქტობრივად, ჩამოიშალა, ისევე როგორც მისი საჯარო სერვისების უმეტესობა. ამასთანავე, მშპ თითქმის განახევრდა. სულ რაღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, "ჰეზბოლას" წინააღმდეგ "ცაჰალის" ოპერაციების შედეგად, 1 მილიონამდე ლიბანელი იძულებული გახდა, მშობლიური სახლ-კარი დაეტოვებინა. ეს კი, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 20%-ს შეადგენს. აღნიშნული ფაქტორი ლიბანის ეკონომიკას კიდევ უფრო დააზარალებს.
იმუშავებს თუ არა ისრაელის გეგმა?
ჯონათან ლორდის განმარტებით, ისრაელის მცდელობა "ჰეზბოლას" ფინანსური ინფრასტრუქტურა გაანადგუროს, მიუთითებს იმაზე, რომ დღეს "ისინი განსხვავებულად ფიქრობენ", ვიდრე - წინა სამხედრო კამპანიების დროს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის არმია ტერორისტებისთვის დიდი ზიანის მიყენებას ახერხებს, ორი მიმართულებით სერიოზული რისკი არსებობს. პირველი არის "ოპერაციის მცოცავი გაფართოება" და მეორე - ლიბანისა და "ჰეზბოლას" წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის "ისრაელისთვის საკუთარ ვიეტნამად" გადაქცევა. თავის მხრივ, დევიდ აშერი თვლის, რომ "ალ-ქარდ ალ-ჰასანის" ობიექტებზე ისრაელის დარტყმებმა ნაღდი ფულის დაახლოებით 30-40% "ჰეზბოლას" უკვე წაართვა. ამავე დროს, ის ამტკიცებს, რომ ორგანიზაციას მაინც რჩება მნიშვნელოვანი თანხები, რომლებიც ლიბანის მთავარ ფინანსურ სისტემასთან არის დაკავშირებული. ლორდის თქმით, ისრაელის ამჟამინდელმა მიდგომამ, საეჭვოა, "რომ გავლენა იქონიოს შემოსავლების იმ ნაკადებზე, რომელთაც "ჰეზბოლა" ირანიდან და მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებისგან იღებს".