11 ნოემბერი 2024 - 17:08

მუშათა კლასის აჯანყება თუ წარუმატებელი კამპანია? რატომ წააგო კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები?

კამალა ჰარისი

კამალა ჰარისი

ფოტო: GettyImages

დაახლოებით ერთი თვის წინ, ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კამალა ჰარისისგან ამერიკელები მოელოდნენ, რომ ის დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ მეტს იტყოდა. თუმცა ეს საუბარი, პირველ რიგში, ელექტორატს დაამახსოვრდა პასუხით კითხვაზე, თუ რას გააკეთებდა ჰარისი განსხვავებულად, ვიდრე - ჯო ბაიდენი. „თავში არაფერი მომდის“, - თქვა მაშინ ჰარისმა. ამ ფრაზით მან უნებლიედ მოაწერა ხელი იმას, რომ თავის საარჩევნო კამპანიაში ამომრჩეველს ახალი ვერაფერი შესთავაზა და რესპუბლიკელებმა ეს მაშინვე დემოკრატების ანტირეკლამისთვის გამოიყენეს. როგორც მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჰარისმა ვეღარ შეძლო თავისი პოპულარობადაკარგული უფროსისგან დისტანცირება და ამომრჩევლების დარწმუნება, რომ შემაშფოთებელი ეკონომიკური კლიმატის ფონზე, ის ცვლილებებს შესთავაზებდა.

არჩევნების დასრულების შემდეგ კი, ჰარისმა საპრეზიდენტო რბოლაში დამარცხება აღიარა და თავის მხარდამჭერებს მხნეობისკენ მოუწოდა. თუმცა, როგორც მის შტაბ-ბინაში მყოფი კორესპონდენტები აცხადებენ, სასოწარკვეთა და იმედგაცრუება ნამდვილად სუფევდა, რადგან, სულ ცოტა, არსებობდა მოლოდინი, რომ განსხვავება ნაკლებად საგულისხმო იქნებოდა. ახლა ჰარისმა და მისმა გუნდმა უნდა გააანალიზოს, სად შეცდნენ და რისი გაკეთება შეეძლოთ სხვაგვარად. „დამარცხება წარმოუდგენლად მტკივნეულია. ეს რთულია. დიდი დრო დაგვჭირდება, ამას რომ შევეგუოთ“, - დაწერა კამალა ჰარისის კამპანიის ხელმძღვანელმა ჯენ ო'მელი დილონმა პერსონალისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში. რა ვერ დაიგეგმა სწორად და რა იყო კამალა ჰარისის დამარცხების ძირითადი მიზეზები? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხები BBC-მ მოიძია.

ბაიდენის "ბარგი"

მას შემდეგ, რაც ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას კატასტროფული სატელევიზიო დებატების შემდეგ გამოეთიშა, დემოკრატიების საპრეზიდენტო კანდიდატად ჰარისი პრაიმერის გარეშე წარადგინეს. მან თავისი 100-დღიანი კამპანია დაიწყო დაპირებით, რომელიც გულისხმობდა „ლიდერების ახალ თაობას“, ქალებისთვის აბორტის უფლებას, მუშათა კლასისთვის ფასების ზრდის ტემპის შეჩერებასა და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას. სწორედ დემოკრატებისადმი მუშათა კლასის სიმპათიის დაბრუნება იყო ჰარისის კამპანიის ერთ-ერთი მიზანი. არჩევნებამდე სულ რაღაც სამი თვით ადრე, ჰარისმა და მისმა გუნდმა შეძლო კამპანიის წარმართვა იმ იმპულსით, რომელიც, წესით, წარმატებისთვის საფუძველი უნდა გამხდარიყო. სოციალურ ქსელებში ბევრი მემი გამოჩნდა, ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი და ბიონსე, შემოწირულობების მოცულობა კი რეკორდული იყო. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ შეცვლილიყო ის ანტიბაიდენური განწყობა, რომელიც ელექტორატის უმეტესობაში სუფევდა.

პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი მუდმივად ირყეოდა 40%-იან ნიშნულზე და ეს მთელი მისი 4-წლიანი მმართველობის პერიოდს მოიცავდა. ამერიკელთა დაახლოებით ორ მესამედს სჯეროდა, რომ შეერთებული შტატები არასწორი გზით მიდიოდა. ზოგიერთი დემოკრატი პირად საუბრებში კითხულობს, კამპანიის დროს უნდა ყოფილიყო თუ არა ჰარისი ბაიდენის მიმართ ამდენად ლოიალური, მისგან უფრო დისტანცირება და ამომრჩევლისთვის რაიმე ახლის შეთავაზება ხომ არ ჯობდა. თუმცა ჯამალ სიმონსი, რომელიც ადრე კამალა ჰარისთან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა, თვლის, რომ ამ შემთხვევაში გამარჯვების ვარიანტი უბრალოდ არ არსებობდა. მისი თქმით, ჰარისი ბაიდენისგან რომც დისტანცირებულიყო, ეს რესპუბლიკელებს დამატებით კოზირს თავდასხმისთვის მაინც მისცემდა. ისინი გამოიყენებდნენ იმ ფაქტს, რომ დემოკრატების ბანაკში არ იციან, რა არის ერთგულება და მათ საერთო მიზნები არ აქვთ. „ არ შეიძლება წახვიდეთ პრეზიდენტისგან, რომელმაც დაგნიშნათ“, - თქვა მან.

ჰარისი არსებითად დანის პირზე გავლას ცდილობდა: ის უფროსს არ აკრიტიკებდა და მის პოლიტიკას არ შორდებოდა, მაგრამ ამავე დროს, საარჩევნო კამპანიის დროს ცდილობდა, მისთვის დიდი ყურადღება არ დაეთმო. შედეგად, მან ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი არგუმენტები საიმისოდ, რომ ქვეყნისთვის სწორედ მას უნდა ეხელმძღვანელა. საზოგადოებამ ვერ გაიგო, როგორ აპირებდა ის ეკონომიკურ გამოწვევებსა და მიგრაციის სფეროში მზარდ პრობლემებთან გამკლავებას. ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამოკითხვის თანახმად, 120 000-ზე მეტი ამომრჩეველის პასუხების მიხედვით, ყოველ 10 ადამიანში სამმა თქვა, რომ მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა უარესდება. ოთხი წლის წინ, ცხოვრების დონის დაცემას ათიდან ორი უჩიოდა.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, ათიდან ცხრა რესპონდენტმა განაცხადა, რომ სურსათის ფასებით შეშფოთებულია. ამასთანავე, ათიდან ოთხი ამომრჩეველი თვლის, რომ არალეგალური მიგრანტები შეერთებული შტატებიდან თავიანთი წარმომავლობის ქვეყნებში უნდა დადეპორტდნენ. 2020 წელს, ამავე აზრს ათიდან სამი რესპონდენტი აფიქსირებდა. ჰარისმა სცადა, თავისი კამპანიის ფინალურ ეტაპზე ხაზგასმით აღენიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ბაიდენის თეთრი სახლის გაგრძელება არ იქნებოდა, მაგრამ მან ვერ შეძლო, თავისი პოლიტიკა მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა.

ბაიდენის ყველა ამომრჩეველმა ჰარისს მხარი არ დაუჭირა

ჰარისის კამპანია ფსონს დებდა ამომრჩეველთა ბაზაზე, რომელმაც 2020 წელს ჯო ბაიდენის გამარჯვება განაპირობა. ტრადიციულად, ესენი არიან ფერადკანიანი ამერიკელები, ლათინოამერიკელები და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი. ჰარისს ასევე სურდა, გადმოებირებინა განათლებული ამომრჩევლები ამერიკის გარეუბნებიდან, მაგრამ თუ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, მან ეს ვერ შეძლო. ლათინოამერიკელებში ჰარისმა მხარდამჭერთა დაახლოებით 13% დაკარგა, აფროამერიკელებში - 2% და 30-წლამდე ამომრჩევლებში - 6%.

ვერმონტის დამოუკიდებელი სენატორის, ბერნი სანდერსის განცხადებით, რომელმაც 2016 წლის დემოკრატების პრაიმერი ჰილარი კლინტონთან წააგო და 2020 წლის პრაიმერი - ბაიდენთან, გასაკვირი არ არის, რომ მუშათა კლასის ამომრჩეველმა დემოკრატიულ პარტიას ზურგი აქცია. „თავიდან ეს იყო თეთრკანიან მუშათა კლასი, ახლა კი ლათინოამერიკელები და ფერადკანიანებიც არიან. მაშინ, როდესაც დემოკრატების ხელმძღვანელობა სტატუს კვოს იცავს, ამერიკელი ხალხი გაბრაზებულია, მას ცვლილებები სურს და ის ამაში მართალია”, - თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპთან შედარებით, ჰარისს უფრო მეტი ქალი უჭერდა  მხარს, ამ უპირატესობამ გენდერულ კენჭისყრაში მისი შტაბის იმედები ვერ გაამართლა. მან ვერ შეძლო, გადაებირებინა ის ქალები, რომლებიც მანამდე რესპუბლიკელებს აძლევდნენ ხმას. უფრო მეტიც, ჰარისმა დაკარგა ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც 2020 წელს ჯო ბაიდენს ემხრობოდა. მაშინ მას ქალების 57%-მა მისცა ხმა, ჰარისმა კი მხოლოდ 54%-ის მხარდაჭერა მიიღო. ეს საპრეზიდენტო არჩევნები პირველი იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, აბორტის კონსტიტუციური უფლება გაეუქმებინა. შესაბამისად, დემოკრატებს იმედი ჰქონდათ, რომ ჰარისის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და მისი ბრძოლა აბორტის უფლებებისთვის, მას გადამწყვეტ გამარჯვებამდე მიიყვანდა.

კამალა ჰარისის ბევრმა მხარდამჭერმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამომრჩეველთა ნაწილი შავკანიანი ქალის მხარდასაჭერისთვის მზად მაინც არ აღმოჩნდა. იგივე მოსაზრება გააჟღერა CNN-ის ეთერში ცნობილმა დემოკრატმა პოლიტტექნოლოგმა დევიდ აქსელროდმა. „მოდით, ვიყოთ გულახდილები და პირდაპირ ვთქვათ: მთელი ამ კამპანიის პერიოდში ისმოდა რასისტული მოტივები და კი, ჩვენს ქვეყანაში არის რასისტული წინასწარგანწყობები და ჩვენს ქვეყანაში არის სექსიზმი ”, - განაცხადა აქსელროდმა. ”და შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ ამან არჩევნების შედეგზე გავლენა არ იქონია,” - დასძინა მან. სექტემბერში, Associated Press/NORC-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 38% ამბობდა, რომ ჰარისის გამარჯვების შანსს ამცირებდა მისი სქესი, მაშინ, როცა მხოლოდ 13%-მა გააკეთა იგივე დასკვნა ტრამპთან მიმართებით.  

ტრამპზე განხორციელებულმა სისტემატურმა თავდასხმებმა არასასურველი შედეგი გამოიღო

ჰარისმა, როგორც კალიფორნიის ყოფილმა პროკურორმა, თავისი გამოცდილება ტრამპის წინააღმდეგ ბრალდებების წაყენების მიზნით გამოიყენა. მან გადაწყვიტა, უარი ეთქვა ბაიდენის მთავარ გზავნილზე, რომ დონალდ ტრამპი, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენდა. მან თავიდანვე აქცენტი გააკეთა პოზიტივზე და საშუალო კლასის პიროვნულ თავისუფლებებსა თუ საჭიროებებზე ფოკუსირდა. თუმცა თავისი კამპანიის ბოლო ეტაპზე მან გადაწყვიტა, ტრამპის წინააღმდეგ ბრალდებებს დაბრუნებოდა, მას უწოდა „ფაშისტი“ და რესპუბლიკური პარტიიდან მისი ოპონენტები მიტინგებზე.  მოიწვია.

მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ჯონ კელიმ New York Times-ს განუცხადა, რომ ტრამპმა ადოლფ ჰიტლერზე დადებითად ისაუბრა, ჰარისმა სიტყვით გამოსვლისას ყოფილ პრეზიდენტს „გიჟი და ფსიქიკურად არასტაბილური“  უწოდა. „კამალა ჰარისმა მაშინ წააგო, როდესაც მთელი აქცენტი მხოლოდ დონალდ ტრამპზე თავდასხმებზე გააკეთა. ამომრჩევლებმა ტრამპის შესახებ უკვე ყველაფერი იციან, მაგრამ რაც შეეხება ჰარისს, მათ სურდათ მეტი სცოდნოდათ მისი ადმინისტრაციის პირველი საათის, პირველი დღის, პირველი თვისა და პირველი წლის გეგმების შესახებ“, - განაცხადა გამოცდილმა რესპუბლიკელმა სოციოლოგმა ფრენკ ლუნცმა. „ეს იყო მისი საარჩევნო კამპანიის კოლოსალური წარუმატებლობა, რომ ყურადღება გაამახვილა ტრამპზე და არა საკუთარ გეგმებზე“, - დასძინა მან.

საბოლოო ჯამში, კამალა ჰარისმა ვერ შეძლო, ტრამპის დასამარცხებლად საჭირო ძალები თავის ირგვლივ შემოეკრიბა. ქვეყანამ აშკარად უარყო დემოკრატები, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას გაცილებით დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე უბრალოდ -  არაპოპულარული პრეზიდენტი.

სხვა თემები