სირიაში საომარი მოქმედებები განახლდა. რა ხდება ალეპოში?

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ჯარების წინააღმდეგ ისლამისტური დაჯგუფება Hayat Tahrir al-Sham-ის შეტევამ, შესაძლოა, გაჭიანურებულ სამოქალაქო ომში ახალი მუხტი შეიტანოს. თუ რომელი ძალები მონაწილეობენ აღნიშნულ დაპირისპირებაში და ვის რა მოლოდინი აქვს, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რა ხდება?
სირიის სუნიტური რადიკალური დაჯგუფება Hayat Tahrir al-Sham (HTS)-ისა და ოპოზიციურად განწყობილი სირიის ეროვნული არმიის მებრძოლების თავდასხმამ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებზე ოთხი წლის განმავლობაში სამოქალაქო ომის შედარებითი სიმშვიდის პერიოდი დაარღვია. DW -მ შეისწავლა თუ ვინ ვის ებრძვის ამ ქვეყანაში, ვინ ვის ემხრობა და რატომ დაიწყო საომარი მოქმედებები სწორედ ახლა.
რა მოხდა ბოლო დღეებში სირიაში?
27 ნოემბერს, ისლამისტურმა დაჯგუფება Hayat Tahrir al-Sham-მა სირიის სამთავრობო ძალებზე მოულოდნელი იერიში მიიტანა. ორი დღის შემდეგ პრო-თურქულმა მეამბოხეებმა, HTS-ის მეთაურობით, ალეპოს, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქისა და მისი მიმდებარე ათობით სოფლის აღება მოახერხეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი შემდეგი სამიზნე ქალაქ ჰამას აღებაა. დამოუკიდებელი ორგანიზაცია „საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის“ უფროსი ანალიტიკოსის, ნანარ ჰავაჩის განცხადებით, ისტორია შეიძლება განმეორდეს. ექსპერტის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სირიის მოსახლეობის ნაწილმა დემოკრატიულ ცვლილებებს დაუჭირა მხარი და ასადის მმართველობის წინააღმდეგ გამოვიდა 2011 წელს, პროდემოკრატიული ძალები თავდაპირველად სამთავრობო ძალებს წარმატებით უმკლავდებოდნენ.
თუმცა 2015 წელს სიტუაცია შეიცვალა. მას შემდეგ, რაც სირიის მოკავშირეებმა - რუსეთმა და ირანმა - ბაშარ ალ-ასადის არმიის მხარდაჭერა გააძლიერეს, მან ჰამაში ამბოხებულთა წინსვლის შეჩერება მოახერხა. მომდევნო წლებში ოპონენტების წინააღმდეგ განახორციელებული მრავალრიცხოვანი საჰაერო თავდასხმა ასადის რეჟიმს დაეხმარა, ქვეყნის დაახლოებით 75%-ზე კონტროლი დაებრუნებინა. ჰავაჩი ვარაუდობს, რომ ძირითადი კონტრშეტევა დღე-დღეზე დაიწყება და „სირიის სამოქალაქო ომის მაღალი ინტენსივობის მორიგი ეტაპი“ მომდევნო რამდენიმე კვირაში ან თვეში განმეორდება.
ვინ მონაწილეობს ამჟამად სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში?
მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენენ Hayat Tahrir al-Sham-ის პროთურქი ისლამისტები, რომლებიც „ალ-ქაიდას“ სირიულ ფილიალს - „ჯებჰათ ალ-ნუსრას“ გამოეყვნენ. 2018 წელს შეერთებულმა შტატებმა HTS ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაამატა. ექსპერტების აზრით, აღნიშნული დაჯგუფების წევრები სალაფიტურ-ჯიჰადისტურ იდეოლოგიას იზიარებენ. HTS-ის მებრძოლები აკონტროლებენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონ იდლიბს, რომელიც ქვეყანაში ოპოზიციის ბოლო ბასტიონად იქცა. აქ დაახლოებით 4 მილიონი იძულებით გადაადგილებული სირიელი ცხოვრობს.
თუმცა ამჟამინდელი შეტევისას აჯანყებულები ცდილობენ, გააკეთონ მეტი, ვიდრე სამთავრობო ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენაა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის ეროვნული არმიის (SNA) ფრაქციებმა ერთდროულად წამოიწყეს ოპერაცია „თავისუფლების აისი“, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მყოფი ქურთების წინააღმდეგ იყო მიმართული. თურქეთი, რომელიც სირიას ესაზღვრება და მხარს უჭერს ბაშარ ალ-ასადის პოლიტიკურ და შეიარაღებულ ოპოზიციას, რეგულარულად უტევს როჟავას - ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ქურთების თვითგამოცხადებულ ავტონომიასა და სირიის დემოკრატიულ ძალებს (SDF). სწორედ ეს უკანასკნელი აკონტროლებს ამ რეგიონს. აღსანიშნავია, რომ ანკარა SDF-ს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
რატომ განახლდა საომარი მოქმედებები სირიაში სწორედ ახლა?
„შემთხვევითი არ არის, რომ პროთურქმა ისლამისტებმა, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ზავის მიღწევისთანავე, სირიაში შეტევა წამოიწყეს“, - განუცხადა DW-ს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში გაეროს კონსულტანტმა და ანალიტიკოსმა ლორენცო ტრომბეტამ. ირანის მიერ აღჭურვილ და გაწვრთნილ შიიტურ „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს აშშ და გერმანია ბევრ სხვა დასავლურ სახელმწიფოსთან ერთად. ლიბანში ისრაელთან ბრძოლების შედეგად, „ჰეზბოლა“ ახლა დასუსტებულია. გარდა ამისა, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შემდეგ, ირანის სამხედრო ძალაც შესუსტდა.
ვინ და რატომ უჭერს მხარს ბაშარ ალ-ასადს?
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი "რა თქმა უნდა, აგრძელებს ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერას". მან ასევე დასძინა, რომ რუსეთი შეიმუშავებს "პოზიციას იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო სიტუაციის სტაბილიზაციისთვის" სირიაში. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თვალსაზრისით, ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერას, სავარაუდოდ, რამდენიმე უპირატესობა აქვს. მისი აზრით, ეს არის ასადის მიმართ დასავლური კრიტიკის ალტერნატივა და ამას შეუძლია რეგიონში რუსეთის სტრატეგიული გავლენა გააძლიეროს. გარდა ამისა, პუტინის განცხადებით, რუსმა ჯარისკაცებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა შეძლეს სირიაში საბრძოლო გამოცდილების მიღება, რაც მოგვიანებით უკრაინასთან ომში გამოადგათ. ალავიტების მხარდაჭერა ასადის მიმართ, დიდი ალბათობით, ხელს შეუწყობს რუსეთის დაახლოებას ირანთან, რომელიც მოსკოვის მნიშვნელოვანი მოკავშირე გახდა.
თეირანისთვის ასადის რეჟიმი მნიშვნელოვანი პარტნიორია ე.წ. „წინააღმდეგობის შიიტურ ღერძში“, რომელშიც ირანის გარდა ლიბანური “ჰეზბოლა” და იემენელი ჰუსიტი მეამბოხეები შედიან. თითოეული მათგანი შეერთებულ შტატებსა და ისრაელს მთავარ მტრებად მიიჩნევს. კრემლის მსგავსად, ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა სატელეფონო საუბრისას დაარწმუნა ბაშარ ალ-ასადი, რომ აჯანყების ჩასახშობად მას ყველა საჭირო დახმარებას გაუწევდა. ორშაბათს, 2 დეკემბერს, ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია (SOHR ) იტყობინება, რომ ირანის მეთაურობით, დაახლოებით, 200 მებრძოლი შევიდა სირიაში, რათა ალეპოსთან ახლოს, სამთავრობო ძალებს დაეხმაროს.