სირია ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ. ისლამისტები, სირიის ეროვნული არმია, ჩრდილოელი ქურთები და სამხრეთელი პოლიციელები - ვინ რას ელოდება?

სირიის დიქტატორის - ბაშარ ალ-ასადის მმართველობა დაამხეს მეამბოხეებმა, რომელთაც ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ წევრები ხელმძღვანელობდნენ. როგორც ამბობენ, ქვეყანამ ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
რა მოხდა?
შეიარაღებულმა ოპოზიციამ და ჯიჰადისტურმა ძალებმა, სუნიტური ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მეთაურობით, კვირას, 8 დეკემბრის ღამეს სირიის დედაქალაქ დამასკოსზე კონტროლი დაამყარეს. რუსეთისა და ირანის მხარდაჭერის მიუხედავად, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაეცა. ქვეყანაში შემდგომი მოვლენების შესაძლო სცენარების შესახებ ინფორმაცია Deutsche Welle-მ მოიძია.
მართალია თუ არა, რომ „ჰაიათ თაჰრირ ალ- შამი“ ზომიერი ისლამისტური დაჯგუფებაა?
რამდენად თავისუფალი იქნება სირია ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ? - ამ კითხვაზე პასუხების მაძიებელთა ყურადღება ახლა ძირითადად მიმართულია „ჰაიათ თაჰრირ ალ- შამის“ ლიდერ აბუ მუჰამედ ალ-ჯულანისკენ, რომელიც ამჟამად ქვეყნის უმეტეს ნაწილს აკონტროლებს. როგორ ხედავს ის სირიის მომავალს? ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. „ჰაიათ თაჰრირ ალ- შამიმ“ გრძელი გზა გაიარა, - აღნიშნა რამდენიმე დღის წინ DW-სთან ინტერვიუში ანდრე ბანკმა, ჰამბურგში გერმანიის გლობალური და ტერიტორიული კვლევების ინსტიტუტის (GIGA) სირიის ექსპერტმა. ეს დაჯგუფება თავის დროზე გამოეყო „ჯებჰათ ალ-ნუსრას“ – „ალ-ქაიდას“ სირიულ ფილიალს და 2018 წელს აშშ-ის მიერ შედგენილი ტერორისტული ორგანიზაციების სიას დაემატა. ექსპერტების აზრით, „ჰაიათ თაჰრირ ალ- შამი“ სალაფიტურ-ჯიჰადისტურ იდეოლოგიას იზიარებს.
ანდრე ბანკის ცნობით, ალ-ჯულანი „ალ-ქაიდას“ რამდენიმე წლის წინ ჩამოშორდა და ამასთანავე, ის ჯიჰადისტური ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მოწინააღმდეგედ ითვლება. გერმანელი ექსპერტის აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ალ-ჯულანის მიზანი დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლა კი არ არის, არამედ - სირიაზეა ორიენტირებაა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ჰაიათ თაჰრირ ალ- შამის“ ლიდერი ახლა ქვეყანაში სალაფიტური წესრიგის დამყარებაზე მუშაობს. იმავდროულად, თავად აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი ცდილობს ზომიერად და დაბალანსებულად გამოიყურებოდეს. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ალეპოზე ისლამისტების თავდასხმის დროს, მან თანამებრძოლებს ქრისტიანებისა და ეროვნულ უმცირესობების შეწყნარებისკენ მოუწოდა. CNN-თან ინტერვიუში მან განმარტა, რომ მას სურს შექმნას სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებშიც სირიის ყველა სოციალური ჯგუფი იქნება წარმოდგენილი. ის ფაქტი, რომ უმცირესობებზე ძალადობა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, არის "დამაიმედებელი ნიშანი", - განუცხადა DW-ს ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის სირიის ექსპერტმა ჯეიმს დორსიმ. უფრო სკეპტიკურად არის განწყობილი გერმანიის ყოფილი ელჩი დამასკოში, ანდრეას რაინიკე. მისი აზრით, „ჰაიათ თაჰრირ ალ- შამი“ კვლავ „ალ-ქაიდას“ იდეოლოგიის მიმდევარია. ამიტომაც, სირიაში ქრისტიანი და ქურთი უმცირესობების მომავალი საფრთხეშია, - განაცხადა ყოფილმა დიპლომატმა სააგენტო KNA-სთან ინტერვიუში.
როგორია სირიის ეროვნული არმიის როლი?
„ჰაიათ თაჰრირ ალ- შამის“ გარდა, სირიაში მიმდინარე მოვლენებზე კონტროლი სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებსაც აქვთ. მათ შორის არის სირიის ეროვნული არმია, რომელიც ისლამისტებთან ერთად ასადის არმიის წინააღმდეგ იბრძოდა. აღნიშნული გაერთიანება წარმოიშვა ქვეყნის ჩრდილოეთით, თავისუფალი სირიის არმიისგან, რომელიც 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ ხელისუფლებას ებრძოდა. სირიის ეროვნული არმია, რომელსაც თურქეთთან მჭიდრო კავშირს მიაწერენ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში არაერთხელ დაადანაშაულეს. მაგალითად, ვარაუდობენ, რომ აღნიშნული გაერთიანების მებრძოლებმა არაერთხელ აწამეს ქურთები. ამავდროულად, დაჯგუფებაში არსებობს მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული ასეთი დანაშაულები, - განუცხადა ჟურნალ Middle East Eye-ს ომერ ოზქიზილჩიკმა, ამერიკული ანალიტიკური ცენტრის - Atlantic Council-ის ექსპერტმა სირიის საკითხებში.
ექსპერტის განმარტებით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ძალები გაიმარჯვებენ სირიის ეროვნულ არმიაში და როგორ ურთიერთობას დაამყარებს ის „ჰაიათ თაჰრირ ალ- შამისთან“, რომელიც მის კონკურენტად აღიქმება. ამავდროულად, ასადის მოწინააღმდეგე პოლიციელები, რომლებიც ქვეყნის სამხრეთში იმყოფებიან, ასევე დიდ როლს ასრულებენ იმ ყველაფერში, რაც ხდება. ერთადერთი, რაც მათ საერთო აქვთ „ჰაიათ თაჰრირ ალ- შამისთან“, არის ის, რომ ორივე მათგანი დამხობილ დიქტატორს ეწინააღმდეგებიან. თუმცა იდეოლოგიური თვალსაზრისით, ეს სეკულარული დაჯგუფება ისლამისტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. გარდა ამისა, ჩრდილოეთ სირიაში მყოფი ქურთები შეეცდებიან დაიცვან თავიანთი პოზიციები სირიის ეროვნული არმიისა და მის უკან მდგომი თურქეთის პირისპირ. აღნიშნული კონფლიქტი ძალადობის სერიოზულ პოტენციალს შეიცავს, - გვაფრთხილებენ დამკვირვებლები.
რუსეთი, ირანი, თურქეთი: უცხოელი აქტორების მნიშვნელობა
საერთაშორისო აქტორების ქცევა სირიის მომავლის განსაზღვრაში უაღრესად მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ, თურქეთი თავის გავლენას სერიოზულად გაზრდის. როგორც დორსი ამბობს, სწორედ მას შეუძლია სირიაში "რუხი კარდინალის" როლი იკისროს. ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ექსპერტის განმარტებით, შესაძლოა, ანკარამ ფსონი დადოს მთავრობაზე, რომელიც ისლამისტების გავლენის ქვეშ იქნება. თუმცა იმავე დორსის თქმით, თურქეთის გამოწვევად შეიძლება იქცეს მოსალოდნელი კონფლიქტი ქურთებთან და ასევე დეცენტრალიზაციის მცდელობები, რომელსაც „ჰაიათ თაჰრირ ალ- შამი“ გეგმავს.
ანალიტიკოსთა უმეტესობა თანხმდება, რომ სირიაში ხელისუფლების ცვლილების გამო მთავარი დამარცხებული მხარე ირანია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მეამბოხეების წინააღმდეგ ბაშარ ალ-ასადის გვერდით იბრძოდა და სამოქალაქო ომში სირიელი დიქტატორის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამან თეირანს საშუალება მისცა, ქვეყანაში შეექმნა სამხედრო პლატცდარმი, რაც ირანისთვის ისრაელის ტერიტორიასთან მიახლოების იდეალური შესაძლებლობა გახდა. ამავდროულად, ამით თეირანს გაუადვილდა იარაღის მიწოდება შიიტურ მოძრაობა „ჰეზბოლასთვის“, რომელიც ასევე ისრაელის სახელმწიფოს მოწინააღმდეგეა. ბოლო დღეებში, ირანმაც და „ჰეზბოლამაც“ გაიყვანეს თავიანთი სამხედრო შენაერთები სირიიდან. ასადის რეჟიმის დაცემა, სავარაუდოდ, იმოქმედებს ირანის ავტორიტეტზე მთელ ეგრეთ წოდებულ ანტიისრაელურ „წინააღმდეგობის ღერძში“, რომელშიც ასევე შედიან „ჰეზბოლა“ და იემენელი ჰუსიტი მეამბოხეები, - ამბობს მარკუს შნაიდერი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის პროექტის -„მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში“ ხელმძღვანელი. „სწორედ ამიტომ, თეირანის დამარცხება სირიაში შედარებულია სსრკ-ის დამარცხებასთან ავღანეთში. ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს თვით თეირანში ისლამისტური რეჟიმის დასასრულს“, - თქვა შნაიდერმა.
საფრთხის ქვეშაა რეგიონში რუსეთის ინტერესებიც. ეს უკანასკნელი 2015 წლიდან მხარს უჭერს დამასკოს მეამბოხეებთან ბრძოლაში. მხარდაჭერის სანაცვლოდ, კრემლმა ბაშარ ალ-ასადისგან მიიღო საზღვაო ბაზა ტარტუსში და ხმეიმიმის საჰაერო ბაზა ლატაკიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ექსპერტების ვარაუდით, დიდი ალბათობით, მოსკოვი მათ ნებისმიერ ფასად დაიცავს და ამან, შესაძლოა, სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს.