26 დეკემბერი 2024 - 15:43

რამ გამოიწვია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა აქტაუში?

ყაზახეთის ხელისუფლება იძიებს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებს, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა და ავარიულად ყაზახეთის ქალაქ აქტაუში დაეშვა.

რა მოხდა? 

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ზემოთ ხსენებული კატასტროფა შეიძლებოდა „ფრინველებთან შეტაკების“ გამო მომხდარიყო. თუმცა ინტერნეტში გამოქვეყნდა ინციდენტის ამსახველი კადრები, რომლებშიც თვითმფრინავის „კორპუსზე“ ჩანს ნახვრეტები, რომლებიც, თეორიულად, შეიძლებოდა რაკეტის დამაზიანებელი ელემენტების ზემოქმედებით გაჩენილიყო. თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. ყაზახეთის ხელისუფლების ცნობით, მათგან 38 დაიღუპა. BBC-მ მომხდარის ძირითად ვერსიებსა და სტიქიის გარემოებებს სტატია მიუძღვნა.

როგორ მოხდა ავიაკატასტროფა?

Flightradar 24-ის ონლაინ სერვისზე ფრენის ჩანაწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, Embraer E190AR თვითმფრინავი რეისით J28243 მიფრინავდა ბაქოდან გროზნოში, როდესაც დაახლოებით 04:25 UTC-ზე (თბილისის დროით 08:25) მისი კვალი ქალაქ კასპიისკის მიდამოებში გაქრა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწორედ ამ დროს ბორტზე უეჭველად გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, რადგან პილოტებს შეეძლოთ, ტრანსპონდერი უბრალოდ გაეთიშათ. ფრენის ჩანაწერი განახლა დაახლოებით საათ-ნახევარში - 06:07-ზე (თბილისის დროით 10.07) კასპიის ზღვის თავზე - თვითმფრინავი აქტაუს აეროპორტისკენ გადაადგილდებოდა და მისი ფრენის ტრაექტორია ძალიან უცნაური იყო. ის მუდმივად იცვლიდა სიმაღლესა და მიმართულებას. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავი მართვას სრულად არ ემორჩილებოდა. პილოტებმა სადესანტო მექანიზმი ჩამოწიეს, მაგრამ თვითმფრინავის დასმა ვეღარ შეძლეს - ბოლო წამები იქ მყოფთა ვიდეობშია ასახული. გადარჩენილი მგზავრების მონაყოლის მიხედვით, პილოტებმა გროზნოში დაშვებაც სცადეს. 

ვერსია „ფრინველთა გუნდის“ შესახებ

„როსავიაციის“ პრესმდივანმა არტემ კორენიაკომ განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, „ფრინველებთან შეჯახების შემდეგ, თვითმფრინავის  ბორტზე საგანგებო სიტუაციის გამო, მისმა მეთაურმა გადაწყვიტა, ალტერნატიულ აეროდრომზე - აქტაუში „წასულიყო“. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-ი იტყობინება, „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ ასევე ისაუბრა „ფრინველების გუნდთან თვითმფრინავის შესაძლო შეჯახებაზე“ და ეს განცხდება ინციდენტიდან მალევე გაკეთდა.

ჩიტები საკმაოდ ხშირად ხვდებიან თვითმფრინავის ძრავებში ან ეჯახებიან თვითმფრინავებს, მაგრამ ასეთი ინციდენტები თვითმფრინავის ავარიულ დაშვებასა და ბორტზე მყოფი ადამიანების დაღუპვას ძალიან იშვიათად იწვევს. უახლეს ისტორიაში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ფრინველებთან შეჯახებამ თვითმფრინავის ექსტრემალური დაშვება გამოიწვია, თუმცა მართვის შენარჩუნება მოხერხდა. გარდა ამისა, ფრინველთა გუნდის ვერსია თვითმფრინავის „კორპუსზე“ ხვრელების გაჩენას ვერანაირად ვერ ხსნის. 

დამაზიანებელი ელემენტების ზემოქმედება

მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი აქტაუს აეროპორტის მახლობლად, ფაქტობრივად, დაეცა, ინტერნეტში გამოჩნდა რამდენიმე ვიდეო, რომლებშიც თვითმფრინავის „ტანზე“ მრავალი პატარა ხვრელი ფიქსირდება. საჰაერო ხომალდის კუდის განყოფილების ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ საჭეებზე, შესამჩნევია, რომ ზედაპირი გახვრეტილია. ამავდროულად, ნამსხვრევების მსხვილი ხედით გადაღებულ ფოტოებში შესამჩნევია, რომ ფიუზელაჟის (თვითმფრინავის კორპუსი) ხილულ ნაწილზე ნაკლები ხვრელია, ვიდრე - კუდის სტაბილიზატორებზე. ასეთი დაზიანება შეიძლება გაჩნდეს საბრძოლო სარაკეტო დანადგარის დამრტყმელი ელემენტის მოხვედრის შედეგად. ეს ყველაზე ლოგიკური ახსნაა ჯერჯერობით, მაგრამ მისი მინუსი ის არის, რომ სხვა ფაქტებით არ დასტურდება. ჯერჯერობით განცხადებები არ გაუკეთებიათ ისეთ სამსახურებს, რომელთაც საჰაერო სივრცის კონტროლისა და რაკეტების გაშვების ზედამხეველობის შესაძლებლობა აქვთ.

ამასთანავე, კომენტარი არ გაუკეთებიათ არც მათ, ვინც სადისპეტჩეროსთან ეკიპაჟის დიალოგები მოისმინა. თვითმფრინავის ავარიას გადარჩენილმა ორმა მგზავრმა რუსულ სახელმწიფო პორტალ RT-ს განუცხადა, რომ გროზნოში თვითმფრინავის დაშვების მცდელობისას, მათ აფეთქების ხმა გაიგეს. სუბხონკულ რახიმოვმა თქვა, რომ პილოტებმა სამჯერ სცადეს თვითმფრინავის დაშვება გროზნოში, მაგრამ „მესამე ჯერზე რაღაც აფეთქდა“. „აფეთქება მოხდა, ვერ ვიტყოდი, რომ თვითმფრინავში. იქ, სადაც მე ვიჯექი, ჩემ გვერდით შიდა ფასადის ნაწილი გამოფრინდა“, - ჰყვება ის. გარე ზემოქმედების ვერსიას ისიც ამყარებს, რომ დაახლოებით იმავე დროს, როდესაც „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბორტზე საგანგებო სიტუაცია შეიქმნა, რუსულმა საჰაერო თავდაცვამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა მოიგერია. როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ხელისუფლებას ჯერ არ განუმარტავს, თვითმფრინავი, რომელიც კასპიის ზღვაზე მიფრინავდა, რატომ ჩამოვარდა სწორედ იმ დროს, როდესაც რუსეთის სამხრეთ ნაწილში უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოყარეს. წარსულში, როდესაც დრონების აქტივობა შეიმჩნეოდა, აეროპორტები დაიხურა. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ თვითმფრინავის კორპუსზე არსებული ხვრელები, შესაძლოა, თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად გაჩნდა. ეს აფეთქება კატასტროფის თვითმხილველების მიერ გადაღებულ არაერთ ვიდეოში ჩანს. 

„ერთ-ერთი მთავარი სისტემის მწყობრიდან გამოსვლა“

კატასტროფიდან მალევე, რუსეთის სასწრაფო დახმარების წარმომადგენლებმა განუცხადეს „ინტერფაქსს“, რომ პრიორიტეტული ვერსია იყო „ერთ-ერთი მთავარი სისტემის გაუმართაობა“. „გაიგზავნა კატასტროფის სიგნალი და შემდეგ თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა”, - განუცხადა სააგენტოს წყარომ. „ამგვარად, ტექნიკური გაუმართაობის ვერსია ახლა პრიორიტეტულად განიხილება“ - დასძინა მან. რესპონდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რას შეიძლება გამოეწვია მსგავსი ტექნიკური გაუმართაობა. Embraer ERJ-190-100LR-ის თვითმფრინავები საკმაოდ ახალია და მათი საჰაერო უსაფრთხოების მაჩვენებლები მაღალ დონედ არის მიჩნეული. აღნიშნული თვითმფრინავების ექსპლუატაციის ისტორიის განმავლობაში დაფიქსირდა მხოლოდ ორი ავარიაკატასტროფა, რომელსაც დიდი რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა. ორივე მათგანი დაკავშირებული იყო არა ტექნიკურ გაუმართაობასთან, არამედ - ეკიპაჟის ქმედებასთან. „აზერბაიჯანის ავიახაზების“ პრესსამსახურში TASS-ს განუცხადეს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი 2013 წელს იყო წარმოებული და სრული ტექნიკური შემოწმება ბოლოს 2024 წლის ოქტომბერში გაიარა.

სხვა თემები