05 იანვარი 2025 - 02:24

რად უნდა ტრამპს პანამის არხი? როგორ აღმოჩნდა თავის დროზე პანამის არხი აშშ-ის კონტროლქვეშ და რა შეიცვალა მას მერე?

1999 წლის 31 დეკემბერი. პანამის არხზე აღმართულ ფლაგშტოკზე, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების დროშა დაეშვა, პირველად აღიმართა თავად პანამის დროშა. ქვეყნის მოსახლეობამ ეს მოვლენა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა.

თუმცა ამ სახალხო დღესასწაულს, რომელიც ეპოქის დასასრულს მიეძღვნა, წინ უძღოდა მრავალი წლის დაძაბულობა და პროტესტი, რამაც არაერთი სიცოცხლე შეიწირა. „პანამის მოსახლეობის რეაქცია ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იყო“, - განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში ალბერტო ალემან სუბიეტამ, რომელიც გასული წლების განმავლობაში არხის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. აწ უკვე მეოთხედი საუკუნის შემდეგ, ორი ოკეანის დამაკავშირებელი არხის სუვერენიტეტის საკითხი მსოფლიო მედიის პირველ გვერდზე კვლავ გამოჩნდა. ამის მიზეზი კი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები გახდა.

”ჩვენ იქ უბრალოდ გვძარცვავენ,” - თქვა ცოტა ხნის წინ ტრამპმა, რომელმაც სუეცის არხზე გამავალ ამერიკულ გემებზე დაწესებული გადასახადი იგულისხმა. ტრამპის განცხადებით, თუ ამ მიმართულებით სიტუაცია არ შეიცვლება, „ჩვენ მოვითხოვთ პანამის არხის დაბრუნებას შეერთებულ შტატებში სრული შემადგენლობით, სწრაფად და ზედმეტი კითხვების გარეშე“. ტრამპს, თავის მხრივ, პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ სოციალური ქსელების მეშვეობით უპასუხა. „არხის ყოველი კვადრატული მეტრი, ისევ და ისევ, პანამის შემადგენლობაში იქნება“,- განაცხადა მან. როგორ მივიდა ეს ყველაფერი აქამდე და რა ხდება რეალურად? - ამ კითხვაზე პასუხები BBC-მ მოიძია.

სამოქალაქო ომი და საოცნებო შესაძლებლობა

არხის იდეა, რომელიც წყნარ ოკეანეს ატლანტის ოკეანესთან დააკავშირებდა, ევროპელებს ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში აღელვებდა. მაშინ ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში მოსახვედრად ერთადერთი გზა არსებობდა და ის მაგელანის სრუტეზე გადიოდა. ეს იყო ძალიან გრძელი მარშრუტი და ამასთანავე, საშიშიც, რადგან ამ რეგიონებში ამინდი ძალიან ცვალებადია. არხის აშენების პირველი მცდელობა პანამის „გადასასვლელზე“ (რომელიც იმ დროს კოლუმბიის ნაწილი იყო) მე-19 საუკუნის ბოლოს იყო. ბოგოტის მთავრობამ არხის მშენებლობაზე კონცესია მიანიჭა ფრანგ ინჟინერი ფერდინან დე ლესეპსს, რომელსაც ეგვიპტეში სუეცის არხი უკვე აშენებული ჰქონდა. თუმცა მუშებში (რომელთაგან უმრავლესობა  აფრიკიდან შემოყვანილი მონა იყო) გავრცელებულმა დაავადებებმა და სამუშაო ზონებში არსებულმა მაღალმა ტენიანობამ პროექტის გაკოტრება გამოიწვია.

სწორედ მაშინ გამოიჩინა აქტიური ინტერესი ამ საზღვაო მარშრუტისადმი აშშ-ის  ხელისუფლებამ. სწორედ იმ დროს კოლუმბიაში მთავრდებოდა სამოქალაქო ომი, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ხარისხი კულმინაციას აღწევდა. შეერთებული შტატები კი იყო აქტიურად მზარდი და განვითარებადი ძალა, რომელმაც სულ ახლახან აიღო კონტროლი კუბასა და პუერტო რიკოზე. შიდა კოლუმბიურ კრიზისში ვაშინგტონმა დაინახა შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ არხის მშენებლობაზე კონცესია გამოესყიდა და ამისთვის კოლუმბიის ხელისუფლებას 40 მლნ დოლარი გადაუხადა. სწორედ ეს გარიგება დაედო საფუძვლად კოლუმბიასა და შეერთებულ შტატებს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელმაც კონცესიის ახალი პირობები განსაზღვრა. მოლაპარაკებები იყო რთული და 1903 წლის 5 აგვისტოს კოლუმბიის მთავრობამ ამერიკის წინადადებაზე უარი თქვა. გარდა ამისა, ბოგოტამ ამერიკელები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

თუმცა პანამამ, რომელიც იმ დროს კოლუმბიის შემადგენლობაშ იყო, უგულებელჰყო ხელშეკრულების გაფორმებაზე ბოგოტას უარი და 1903 წლის 3  დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თავის მხრივ, ვაშინგტონი დაჰპირდა პანამას, რომ თუ კოლუმბია მის ძალით შეკავებას შეეცდებოდა, აშშ ჩაერეოდა. ამიტომ ბოგოტის ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლა მოუწია. პანამელი სეპარატისტების მხარდაჭერისას, როგორც პანამელი ისტორიკოსი მარიქს ლასო ამბობს, „შეერთებულმა შტატებმა დაინახა შესანიშნავი შესაძლებლობა, დაედო ხელშეკრულება, რომელიც ვაშინგტონს კოლუმბიის მონაწილეობის გარეშე სჭირდებოდა“.

ქვეყნის დაყოფა და პირველი დაძაბულობა

მას შემდეგ, რაც პანამამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ახალ ორმხრივ ხელშეკრულებას, რომელიც პანამას დამოუკიდებლობის გარანტიას აძლევდა ვაშინგტონის ეგიდით, რისთვისაც პანამამ შეერთებულ შტატებს არხის მშენებლობაზე უვადო კონცესია მისცა. ამავე შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს ექნებოდა კონტროლი ე.წ. არხის ზონაზე. ეს არის მიწის მონაკვეთი რვა კილომეტრის სიგანით სტრატეგიული წყლის აკვატორიის ორივე მხარეს. ფინანსური კომპენსაციის სახით, პანამას დამატებით 10 მილიონი დოლარი დაეკისრა. 1913 წელს სამუშაოები დასრულდა და არხზე გაიარა პირველმა სავაჭრო გემმა „ანკონმა“, რითაც მსოფლიო სახომალდო გადაზიდვებისთვის ახალი მარშრუტი გაიხსნა. 

თუმცა დაძაბულობა მალევე გარდაუვალი გახდა და ეს ბუნებრივიც იყო, რადგან პრაქტიკულად, ქვეყანა ორ ნაწილად იყო გაყოფილი. არხის ზონაში, რომელიც შუა ნაწილში მდებარეობდა, საკუთარი, სრულიად განსხვავებული კანონების მიხედვით ცხოვრობდა ათასობით ამერიკული ოჯახი, რომლებიც პანამის არხის ფუნქციონირებას  უზრუნველჰყოფდნენ.  „ზონის ხალხს“ არ ჰქონდა არანაირი შეხება პანამის მოსახლეობასთან, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ შედიოდა. პანამელთა უკმაყოფილება სულ უფრო იზრდებოდა, საპროტესტო აქციები იმართებოდა ქუჩებში, მომიტინგეები ქვეყანაში ამერიკელების ყოფნის დასრულებასა და და პანამის არხის ნაციონალიზაციას მოითხოვდნენ. 

მოწამეთა დღე

პროტესტი გაგრძელდა მანამ, სანამ 1962 წელს, პანამის მაშინდელ ლიდერს, რობერტო კიარისა და აშშ-ის იმდროინდელ პრეზიდენტ ჯონ კენედის შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, არხის სამოქალაქო ზონებში ორივე ქვეყნის დროშები უნდა აფრიალებულიყო. თუმცა 1964 წლის 1 იანვარს, როდესაც დოკუმენტი უნდა ამოქმედებულიყო, არხის ზონის მცხოვრებლებმა გუბერნატორის ბრძანება უგულებელჰყვეს და პანამის დროშის აღმართვაზე უარი განაცხადეს. 9 იანვარს, პანამის ეროვნული ინსტიტუტის ათობით სტუდენტი გაემართა არხის ზონაში უმაღლესი სასწავლებლის დროშით და ისინი მოითხოვდნენ, რომ  ადგილობრივ ბალბოას საშუალო სკოლაზე სწორედ მათი ინსტიტუტის დროშა აღემართათ. 

პანამელ სტუდენტებს ადგილზე ამერიკული პოლიცია დახვდა. სამართალდამცავებმა 20-ზე მეტი მომიტინგე მოკლეს, ასობით დემონსტრანტი დაშავდა, ხოლო პანამის დროშა, ფაქტობრივად, ფეხქვეშ გაითელა. ეს თარიღი პანამის ეროვნულ ისტორიაში შევიდა, როგორც მოწამეთა დღე. ამის საპასუხოდ, ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა რობერტო კიარიმ გაწყვიტა ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა ვაშინგტონთან, სანამ ორ ქვეყანას შორის ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდა. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სწორედ კიარის ეს გადაწყვეტილება გახდა საფუძველი იმისა, რომ პანამის არხი, საბოლოოდ, პანამას გადაეცა. თუმცა ეს, მხოლოდ და მხოლოდ, 37 წლის შემდეგ მოხდა. 

ტორიჰოს-კარტერის შეთანხმება

იანვრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, 1964 წლის 3 აპრილს, შეერთებულ შტატებსა და პანამას შორის სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყო. თუმცა გავიდა კიდევ 10 წელი, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა ხელი მოაწერა (პრეზიდენტ ნიქსონის სანქციით) ერთობლივ დეკლარაციას პანამის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომლის ხელმძღვანელიც ხუან ანტონიო ტაკო იყო. პანამის არხის მომავლის შესახებ საბოლოო შეთანხმების მისაღწევად საჭირო მკაფიო ჩარჩო-ხელშეკრულება სწორედ მან ჩამოაყალიბა.  ამის საფუძველი იყო წინა ხელშეკრულების შეცვლის აუცილებლობა, რომელიც შეერთებულ შტატებს აძლევდა უფლებას როგორც არხზე, ასევე - იურისდიქციას პანამის ნაწილზე.

ეს იყო შეთანხმების საფუძველი, რომელსაც ოფიციალურად მოაწერეს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა და პანამის ეროვნული გვარდიის მეთაურმა ომარ ტორიჰოსსმა 1977 წლის 7 სექტემბერს. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი შეთანხმდნენ, რომ არხის ზონა გადავიდოდა პანამის იურისდიქციის ქვეშ და საამისო თარიღოც დადგინდა: 1999 წლის 31 დეკემბერი. კარტერის განცხადებით, ამ არხის პანამელებისთვის გადაცემით ამერიკელებმა აჩვენეს, რომ ამერიკას, „როგორც დიდ და ძლიერ ქვეყანას შეუძლია პატიოსნად და სამართლიანად მოიქცეს სუვერენულ, ამაყ, თუმცა უფრო პატარა ქვეყანასთან“. 

დაბრუნება

პანამის არხის გადაცემის ცერემონიაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ. ღონისძიებას ესწრებოდა თავად პრეზიდენტი კარტერი. პანამა სითის სხვადასხვა კუთხეში დამონტაჟებული იყო გიგანტური საათები, რომლებზეც ოფიციალურ გადაცემამდე დროის ათვლა მიმდინარეობდა. პანამის პრეზიდენტმა მირეა მოსკოსომ არხის ადმინისტრაციის შენობაზე პანამის დროშა საზეიმოდ აღმართა. "არხი პანამელებს ეკუთვნის", - განაცხადა პრეზიდენტმა. ”პანამამ საბოლოოდ მიაღწია სრულ სუვერენიტეტს“, - დასძინა მან. 

სხვა თემები