თეთრი სახლი: ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენცია და ქვეყნის მთავარი სავიზიტო ბარათი

ნეოკლასიციზმის სტილში აგებული თეთრი სახლი, რომელიც ვაშინგტონში, პენსილვანიის ავენიუზე მდებარეობს - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია და ქვეყნის მთავარი სიმბოლოა, რომლის შენება 1792 წელს დაიწყო ირლანდიელი არქიტექტორის ჯეიმს ჰობანის პროექტით და 1800 წელს დასრულდა, "თეთრი სახლის" სახელი კი მოგვიანებით, მხოლოდ 1901 წელს შეიძინა თეოდორ რუზველტის წყალობით.
მსოფლიოს ყველაზე დაცული შენობა
თეთრი სახლი, რომელიც სტრატეგიულ ობიექტად და მსოფლიოს ყველაზე საიმედოდ დაცულ შენობად ითვლება, არა მხოლოდ 4-მეტრიანი რკინის ღობითა და ეკლიანი ბილიკით, არამედ ბეტონის ჯებირითაა შემოსაზღვრული, რომელიც თეთრ სახლს ავტომობილის შეჯახებისგან იცავს. რეზიდენციის მთელ ტერიტორიას უპილოტო საფრენი აპარატები და სნაიპერები აკონტროლებენ, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მორიგეობენ სახურავზე, ეზოს კი, ბელგიური ნაგაზები "პატრულირებენ", ვისგანაც წარმოუდგენელია თავის დაღწევა, რადგან დადევნებული სულ მცირე 50 კილომეტრ-საათის სიჩქარეს ავითარებენ. გარდა ამისა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურმა დამატებითი ზომები მიიღო და ჯერ თეთრი სახლის მთელი პერიმეტრი, მერე მეზობელი შენობები აღჭურვა უახლესი შეიარაღებით - ლაზერული რაკეტებითა და ტყვიამფრქვევებით.
დაცვის მაქსიმალური ზომების მიუხედავად, თეთრი სახლი მაინც ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი, რადგან ქვეყნის მეთაურის რეზიდენციას ერთნაირი აზარტით უტევენ როგორც ექსტრემისტები და ტერორისტები, ისე ოპოზიციურად განწყობილი ამერიკელები და ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილი შეშლილები.
2023 წელს თეთრი სახლის დაცვის სამსახურმა მცირეწლოვანი ბიჭუნა გამოიჭირა, რომელიც მეტალის გისოსებს შორის ცდილობდა გაძრომას, რამდენიმე წლით ადრე კი, ეროვნული დროშითა და დანით შეიარაღებულმა ფსიქოპატმა მოინდომა ღობეზე გადაძრომა, თუმცა არც მას გაუმართლა, რადგან იქვე დააკავეს. მორიგმა პანიკამ მოიცვა თეთრი სახლი 2024 წლის 10 აგვისტოს, როცა რეზიდენციაში საეჭვო ნივთს მიაკვლიეს, "უსაფრთხოების სამსახურმა ევაკუაციისთვის დაიწყო მზადება, ქუჩები გადაიკეტა, რეზიდენციის ტერიტორიაზე კი, მედიკოსები და მეხანძრეები გამოიძახეს", - პირდაპირ ეთერში განაცხადა Sky News-ის ჟურნალისტმა, თუმცა განგაში ცრუ აღმოჩნდა.
შფოთის მიზეზი რამდენიმე დღით ადრე განხორციელებული სპეცოპერაცია გახდა, როცა უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა 49 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც სოციალურ ქსელში იმუქრებოდა თეთრი სახლის აფეთქებით. ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლ იარაღს და რამდენიმე ათას საბრძოლო ვაზნას მიაგნეს, ვერ შემდგარმა ტერორისტმა კი, რომლის ვინაობა არ გახმაურდა, დანაშაულის მონანიების ნაცვლად, კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის განზრახვა.
ინციდენტი მოხდა 2023 წლის 22 მაისსაც, როცა თეთრი სახლის ღობეს სატვირთო შეეჯახა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მძღოლს - 19 წლის საი ვარშიტ კანდულას, რომელსაც დაკავებისას ნაცისტური დროშა აღმოაჩნდა, ჯერ პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის მოკვლა, მერე კი, ძალაუფლების ხელში აღება და ქვეყნის მართვა ჰქონდა ჩაფიქრებული. მართალია, თეთრი სახლის პრეს-მდივნის კარინ ჟან-პიერის განცხადებით, თავდასხმის დროს პრეზიდენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა საკუთარ რეზიდენციაში, მაგრამ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჯო ბაიდენი, რომელიც მანამდეც ნაკლებად იწუხებდა თავს სამსახურში სიარულით, არც ინციდენტის დროს იყო თეთრ სახლში.
სპეცსამსახურის გამალებულ მუშაობას გამომგონებლობით პასუხობენ ტერორისტებიც, რომლებიც ხან კალიუმის ციანიდს, ასაფეთქებელსა და მოწამლულ პროდუქტს გზავნიან ფოსტით თეთრ სახლში, ხან კამერებსა და ინფრაწითელ სენსორებს აზიანებენ. ინციდენტი მოხდა 1994 წლის 12 სექტემბერსაც, როცა ღამის 2 საათზე მორიგმა აგრესორმა მსუბუქმოტორიანი თვითმფრინავით სცადა თეთრი სახლის აღება. მართალია, პილოტმა 42-ე პრეზიდენტის ბილ კლინტონის საძინებელი ამოიღო მიზანში და პირდაპირ იქ მოინდომა შეფრენა, მაგრამ ხეს დაეჯახა, გაზონს დაენარცხა და ადგილზე დაიღუპა. საბედნიეროდ, კლინტონები მთავარი შენობის მეზობლად, სტუმრების სახლში ათევდნენ ღამეს, რადგან თეთრ სახლში სავენტილაციო სისტემის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
თავშექცევა პრეზიდენტულად
უსაფრთხოების სამსახური, რომელიც თეთრი სახლის მთელი ტერიტორიის მონიტორინგს ახორციელებს, გულდასმით ამოწმებს ყველას - თანამშრომლებისა და ექსკურსიით მისული ცნობისმოყვარეების ჩათვლით, რომელთაც გიდთან ერთად სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი აგენტებიც მეგზურობენ. სხვათა შორის, ნებისმიერ მსურველს შეუძლია თეთრი სახლის სტუმრობა, ვინც დაგეგმილ ვიზიტამდე 11 თვით ადრე გაივლის რეგისტრაციას, თუმცა, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს ყოველთვის შეუძლია ვიზიტის გაუქმება ახსნა-განმარტების გარეშე. ამასთანავე, 30-წუთიანი ექსკურსია მხოლოდ პირველ სართულზე, მკაცრად გაწერილი მარშრუტით მოძრაობას და მწვანე, ცისფერი, წითელი ოთახებისა და საზეიმო მიღებისთვის განკუთვნილი დარბაზის სტუმრობას ითვალისწინებს, მაშინ როცა პრეზიდენტი ოჯახთან ერთად მეორე და მესამე სართულზე ისვენებს.
მართალია, ქვეყნის მეთაურები ნაკლებად სწყალობენ ცნობისმოყვარე სტუმრებს, მაგრამ სახელმწიფო საქმეებით მოწყენილი ბილ კლინტონი ყოველთვის სიამოვნებით ირთობდა თავს ტურისტებთან ურთიერთობით, მათ გარეშე დარჩენილი კი, საათობით ავსებდა კროსვორდს, ვარჯიშობდა ტრენაჟორების დარბაზში და ტკბებოდა ფილმების ყურებით რეზიდენციის კინოდარბაზში. მეტიც, ორ საპრეზიდენტო ვადაში კლინტონმა 500-ზე მეტი ახალი ფილმი ნახა, რომელთა სპეციალური ასლი გამოსვლისთანავე იგზავნებოდა თეთრ სახლში. კლინტონის წყალობით შეიძინა რეზიდენციამ მუსიკალური ოთახიც, რომელიც პრეზიდენტმა მეუღლისგან მიიღო საჩუქრად შობის დღესასწაულზე. "ძალიან მიყვარს ჩემი ოთახი, სადაც ვუკრავ, ვისვენებ და სასიამოვნოდ ვატარებ დროს", - აღნიშნა კლინტონმა, რომელიც მოყვარული მუსიკოსისთვის საკმაოდ კარგად უკრავდა საქსოფონზე.
როგორც ჩანს, საკუთარი გატაცებებით პრეზიდენტებმა უფრო მეტი შესძინეს თეთრ სახლს, ვიდრე საქმიანობით, რადგან ბოულინგის მოყვარული რიჩარდ ნიქსონის წყალობით რეზიდენციის სარდაფში ბოულინგის ბილიკი გაკეთდა, ხატვით გატაცებულმა უმცროსმა ჯორჯ ბუშმა, სახელოსნო მოაწყო, რონალდ რეიგანის განკარგულებით კი, რომელიც საშუალოდ 2 კილოგრამ შოკოლადის კანფეტს მიირთმევდა ყოველდღე, თეთრი სახლში შოკოლადის მცირე ფაბრიკა ამუშავდა.
მიწისქვეშა თეთრი სახლი
მართალია, ფასადიდან თეთრი სახლის მხოლოდ სამი სართული ჩანს, რომელთაგან ორი საზოგადოებრივი მიღებებისთვის, ორი კი, პრეზიდენტის ოჯახისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ სინამდვილეში, მასიური შენობა კიდევ ორი სართულით გრძელდება მიწისქვეშ. მეტიც, რეზიდენცია, რომლის საერთო ფართობი 7,2 ჰექტარს შეადგენს, ერთგვარი პატარა ქალაქია დიდი ქალაქში იდეალურად გამართული ინფრასტრუქტურითა და ნებისმიერი ტიპის მომსახურებით.
ქვეყნის მეთაურის რეზიდენციაში 132 ოთახი და სულ მცირე ორი ბუნკერია - ერთი თეთრ სახლსა და სახაზინო დეპარტამენტს შორის, მეორე კი, ოვალური კაბინეტის ქვევით. მართალია, ავტონომიური ვენტილაციითა და ენერგომომარაგებით უზრუნველყოფილი ბუნკერები ბირთვულ აფეთქებაზეა გათვლილი, მაგრამ ომის შემთხვევაშიც გამოდგება თავშესაფრად, რაც უმცროსმა ჯორჯ ბუშმაც დაადასტურა 2001 წელს, ნიუ-იორკის ტერაქტის შემდეგ, როცა სწორედ ბუნკერს შეაფარა თავი და იქიდან განაცხადა, რომ "მტერი, რომელსაც შეერთებულ შტატები ებრძოდა, არც ომის წესებს სცემდა პატივს, არც ზნეობის ნორმებს". მიწისქვეშაა რამდენიმე კეთილმოწყობილი ოთახი პრეზიდენტის ოჯახისთვის და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრი, სადაც თეთრი სახლის ჩინოვნიკები განსაკუთრებული შემთხვევების დროს იკრიბებიან და "საიდუმლოდ ფუთფუთებენ".
შავი ჩემოდანი
ბუნკერში მიაქვს პრეზიდენტს ე.წ. შავი ჩემოდანიც, რომელიც სავარაუდოდ ბირთვული იარაღის ამოქმედების მექანიზმს წარმოადგენს, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, რა ფუნქცია აქვს მკაცრად გასაიდუმლოებულ ჩანთას, რადგან ექსპერტთა მტკიცებით, ის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება პრეზიდენტსა და ძალოვან ჩინოვნიკებს შორის. მკაცრადაა დაცული ჩემოდნის კოდიც, რომელიც ყოველ 4 წელიწადში იცვლება და მხოლოდ მისმა პატრონმა იცის, თუმცა პრეზიდენტები ხშირად არასერიოზულად და მეტად უპასუხისმგებლოდ ეპყრობიან "საკუთარ ბაგაჟს". მაგალითად, საფრანგეთში ვიზიტისას ჯერალდ ფორდს ჩემოდანი თვითმფრინავში დარჩა და მხოლოდ სასტუმროში დაბინავებულს გაახსენდა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა კი, ჩოგბურთის კორტზე დატოვა, ჯიმი კარტერმა პიჯაკი გადასცა თეთრი სახლის ქიმწმენდას ბარათზე მონიშნული კოდით, ბილ კლინტონს კი, უბრალოდ დაავიწყდა საკუთარი შიფრი.
პრეზიდენტული ახირებები
თეთრი სახლის მომსახურე პერსონალისთვის ყველაზე რთული ახალი პრეზიდენტის უცნაურ ჩვეულებებს შეჩვევაა, რადგან როგორც აღმოჩნდა ყველას თავისი ახირება აქვს. მაგალითად, ჯონ ქუინსი ადამსს, რომელსაც ძალიან უყვარდა დილაობით თეთრ სახლთან ახლოს, მდინარეში დედიშობილა ბანაობა, ალიგატორი ჰყავდა მოშინაურებული, რომლის მოულოდნელი გამოჩენა სტუმრებს გულს უხეთქავდა, ადამს კი, პირიქით, ართობდა და ამხიარულებდა. აღსანიშნავია, რომ "საშინაო ზოოპარკის" ტრადიციას საფუძველი ჯერ კიდევ ჯორჯ ვაშინგტონმა ჩაუყარა, როცა ცხენი სახელად "ნელსონი" საძინებელში, თუთიყუში "პოლი" კი, სამუშაო კაბინეტში დააბინავა. რეზიდენციაში ცხოვრობდა ზაქარი ტეილორის ცხენიც და თომას ჯეფერსონის ჯაფარაც, რომელიც მთელ სახლში თავისუფლად ფრენდა. თეოდორ რუზველტის ქალიშვილი იშვიათი ჯიშის გველებს აშენებდა, კალვინ კულიჯმა კი, დათვის ბელები, ვეფხვის ბოკვრები, კენგურუ და ჰიპოპოტამი მოიშინაურა. პრაქტიკულად ყველა პრეზიდენტს ჰყავდა ძაღლი ჯო ბაიდენის ჩათვლით, რომლის გერმანულმა ნაგაზებმა იშვიათი აგრესიით გაითქვეს სახელი, რადგან დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაკბინეს.
ნაკლებად შემწყნარებელი აღმოჩნდა ცხოველების მიმართ დუაიტ ეიზენჰაუერი. პრეზიდენტმა ერთიანად გაანადგურა თეთრი სახლის ბინადარი ციყვები, რომელთაც გოლფის თამაშში შეუშალეს ხელი, მიშელ ობამა კი, ფაუნით ნაკლებად, უფრო ფლორით დაინტერესდა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, "მის ოჯახს არასდროს ჰქონდა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მირთმევის საშუალება", ამიტომ დანაკლისის ანაზღაურება თეთრ სახლში შესახლების შემდეგ გადაწყვიტა, როცა რეზიდენციის ბაღში ბოსტანი მოაწყო და ზედმეტი თავის ტკივილი გაუჩინა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც დიდხანს აპროტესტებდნენ მის წამოწყებას.
როგორც აღმოჩნდა, სხვა დანარჩენთან ერთად თეთრი სახლის ლანდშაფტიც პირველი პირის უსაფრთხოებას ემსახურება, რადგან ხეები და მცენარეები გარკვეული წესითაა დარგული, საყვავილე კლუმბები კი, სინამდვილეში ბეტონის ჯებირებს ნიღბავენ, რომლებიც მძიმეწონიანი სატვირთოს შეჯახებასაც უძლებენ, პირველი ლედის გატაცებამ კი, ლანდშაფტის დიზაინერებს ახალი პროექტის შემუშავება, კონგრესს კი, ფულის ფუჭად ხარჯვა აიძულა, რადგან ინტერესი ბოსტნის მიმართ, რომელიც მხოლოდ საჩვენებელი პროექტი აღმოჩნდა, მისის ობამამ სწრაფად დაკარგა.
მომსახურე პერსონალი
რა თქმა უნდა, თეთრი სახლის ყოველდღიურ ცხოვრებაზე სარწმუნო ინფორმაციის მიღება მხოლოდ ყოფილი მოსამსახურეებისა და დაცვის თანამშრომლების მონათხრობით, მათი მოგონებებით შეიძლება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სამსახურის მიღებამდე კანდიდატები, რომლებიც მხოლოდ რეკომენდაციით დაიშვებიან თეთრ სახლში, ე.წ. სიცრუის დეტექტორზე გადიან შემოწმებას, სამსახურში მიღებულნი კი, რამდენიმე ათეულ დოკუმენტს აწერენ ხელს და ოფიციალურად დებენ გაუთქმელობის პირობას, ამიტომ დიდი ხანია პრინციპით "ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის" მუშაობენ.
უცნაურია, მაგრამ ინფორმაციის მოძიება თეთრი სახლის პერსონალზე, რომელიც 350 მოსამსახურეს აერთიანებს - მებაღეების, მზარეულების, სტილისტებისა და დამლაგებლების ჩათვლით, პრაქტიკულად შეუძლებელია. ფარულობის მიუხედავად "უხილავი ადამიანები" ყოველთვის გამართულად და ეფექტურად მუშაობენ, განსაკუთრებული ოპერატიულობა კი, პრეზიდენტების მონაცვლეობის დღეს მოეთხოვებათ, რადგან ძველის გაცილებისა და ახლის დასახვედრად მხოლოდ ექვსი საათი აქვთ რეზიდენციის მოსაწესრიგებლად.
მართალია, ამერიკელ სახელმწიფო მოხელეებს ყოველთვის დემოკრატიულობით, თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით მოაქვთ თავი, მაგრამ 1960-იანი წლების ბოლომდე თეთრი სახლის პერსონალი ვალდებული იყო პრეზიდენტის ან მისი ოჯახის წევრების გამოჩენისთანავე შეეწყვიტა მუშაობა და სახით კედლისკენ შებრუნებულიყო. სხვათა შორის, ელეონორა რუზველტმა სწორედ თანასწორობისთვის ბრძოლის პერიოდში დაითხოვა თეთრკანიანი პერსონალი და დაიქირავა შავკანიანი მოსამსახურეები, თუმცა წინამორბედებისგან განსხვავებით ახლად დაქირავებულებს ანაზღაურება შეუმცირა. მწირი ხელფასის მიუხედავად, არც გასული საუკუნის 60-იან წლებში, არც დღეს აზრადაც არავის მოსდის სამსახურის დატოვება, რადგან თეთრ სახლში საქმიანობა თანამედროვე მომსახურების სფეროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული სამუშაოა, რაც ბარბარა ბუშმაც დაადასტურა, როცა ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა როგორ ეხუმრა მსახურთუხუცესს სამსახურიდან გათავისუფლებით, მან კი, ხუმრობითვე უპასუხა, რომ "პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, მსახურთუხუცესები ყოველთვის თეთრ სახლში რჩებიან".
კოდური სახელები
თეთრი სახლის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ აღმოსავლური ორთაბრძოლების ტექნიკას და პრაქტიკულად ყველა ტიპის იარაღს, არა მხოლოდ კომუნიკაციის საკუთარი ფორმა და დაშიფრული ენა აქვთ, არამედ პირველ პირებსაც კოდური სახელებით მოიხსენიებენ. მაგალითად, ჯიმი კარტერს, რომელიც ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა, "დიაკვნის" ზედმეტსახელი ჰქონდა, უფროსმა ჯორჯ ბუშმა პოლიტიკური ალღოსა და მოხერხებულობის წყალობით "მგლის" სახელი შეიძინა, თუმცა, მის მემკვიდრეს მიეწება "ჭიქის" მეტსახელი ალკოჰოლის ზღვარგადასული სიყვარულისთვის, ჯონ კენედიმ მრგვალი მაგიდის რაინდის - ლანსელოტის სახელი მიიღო, რიჩარდ ნიქსონს - "პროჟექტორს", ბარაკ ობამას - "რენეგატს", ბილ კლინტონს - "არწივს", ჯო ბაიდენს კი, "კელტს" ეძახდნენ მის წარმომავლობაზე მინიშნებით. კოდური სახელები ჰქონდათ პირველ ქალბატონებსაც - მელანია ტრამპს "მუზად", მისი მეუღლეს კი, "მაგნატად" მოიხსენიებდნენ, ნენსი რეიგანს კი, ყველა "დედილოს" ეძახდა, რადგან სწორედ ასე მიმართავდა მეუღლე.
თეთრი სახლი - "სკანდალების ტერიტორია"
საკუთარი ბინადრების წყალობით თეთრი სახლი ყოველთვის სკანდალების ეპიცენტრშია, რომელთა ნაწილი ჟურნალისტების მონდომებით საჯაროვდება, ნაწილი კი, სამუდამოდ საიდუმლოდ რჩება. გასული საუკუნის პრეზიდენტებს შორის ყველაზე სკანდალური რეპუტაცია 36-ე პრეზიდენტს ლინდონ ჯონსონს ჰქონდა, რომელმაც პერსონალისგან "სკანდალისტის" მეტსახელი შეიძინა.
უხამსი იუმორით და ვულგარული ქცევით გამორჩეული ჯონსონი, რომელმაც კენედის მკვლელობის შემდეგ დაიკავა მისი ადგილი, მუდმივად ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა პერსონალს. მეტიც, ამბობდნენ, თითქოს თეთრ სახლში მიწვეულ გაეროს მაღალჩინოსანს ჯონსონი აბაზანიდან ესაუბრა, რადგან უარი ვერ თქვა შხაპის მიღებაზე. წყლის პროცედურების მოყვარულმა პრეზიდენტმა, იმდენჯერ გადაკეთდა აბაზანა, სანამ სრულად არ მოარგო საკუთარ გემოვნებას, თუმცა სანტექნიკოსი იმსხვერპლა, რომელიც მასთან მუშაობის შემდეგ პირდაპირ ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდა.
მართალია, პრეზიდენტმა, რომელიც ახალგაზრდობაში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ორთოგრაფიული შეცდომებით წერდა, პოსტის დაკავებისთანავე განაცხადა, რომ მის მთავარ მიზანს ყველა სფეროში კენედის დაჯაბნა წარმოადგენდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მექალთანეობით აჯობა. დიდი გულის პატრონმა და ზედმეტად მოსიყვარულე ჯონსონმა მთელი ჰარამხანა მოაწყო თეთრ სახლში და არც მეუღლეს მოერიდა, რომელმაც ღალატზე თვალის დახუჭვა ამჯობინა, მისი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნა, რომ "სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან ლინდონს ადამიანები უყვარდა, ამ ადამიანების ნახევარი კი, სწორედ ქალები იყვნენ".
კოდური სახელები ჰქონდათ ჯონ კენედის მრავალრიცხოვან "ლამაზმანებსაც", რომლებიც მუდმივად "ციმციმებდნენ" თეთრ სახლში. მართალია, მომსახურე პერსონალი მთელი გულით თანაუგრძნობდა მისის კენედის, რომელსაც "მაქმანი" შეარქვეს, მაგრამ ხმის ამოღებას მაინც ვერავინ ბედავდა. არსებობს ლეგენდა, თითქოს ერთ-ერთმა მოსამსახურემ საძინებელში მაქმანიანი საცვალი იპოვა და ჟაკლინს დაუბრუნა, რადგან ჩათვალა, რომ მას ეკუთვნოდა, პირველმა ლედიმ კი, საცვალი მეუღლეს გადასცა და გულგრილად ურჩია "პატრონისთვის დაბრუნება, რადგან თვითონ არ მოერგო". მექალთანე კენედის მართლაც უამრავი საყვარელი ჰყავდა, რომლებიც საიდუმლო გვირაბით სტუმრობდნენ პრეზიდენტს საკუთარ აპარტამენტებში. მოგვიანებით გვირაბმა სახაზინო დეპარტამენტსა და თეთრ სახლს შორის, საიდანაც შეუმჩნევლად შეიძლება ვაშინგტონის ცენტრში გასვლა, "სიყვარულის გვირაბის" სახელი შეიძინა.
სერიოზულად შეშინდა ერთ-ერთი მოსამსახურე ბილ კლინტონის ოთახის დალაგებისას, როცა მისი საწოლი ერთიანად სისხლით აღმოჩნდა დასვრილი. მართალია, მოგვიანებით გაირკვა, რომ პრეზიდენტი შემთხვევით დაეჯახა ღამით აბაზანის კარს და შუბლი გაიხეთქა, მაგრამ მსგავსი ვერსია არავინ დაიჯერა. ანალოგიური ინციდენტის მომსწრე გახდა დაზვერვის ყოფილი აგენტი, კლინტონის დაცვის ოფიცერი ჰარი ბერნიც, რომელმაც თავად ნახა პრეზიდენტი ჩალურჯებული, თუმცა მაკიაჟით შენიღბული თვალით და ძალიან გაიკვირვა, როცა ნაკლებად დამაჯერებელი პასუხი მიიღო მდივნისგან, თითქოს კლინტონს ალერგია ჰქონდა ყავაზე.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, სილურჯეც და გახეთქილი შუბლიც პირველი ლედის "დამსახურება" იყო. ამბობდნენ, თითქოს მისის კლინტონი, რომელიც ხშირად და გამეტებით ალილავებდა მეუღლეს, რის გამოც "ჩხუბისთავის" მეტსახელი შეიძინა, არც მძიმე საგნების სროლას ერიდებოდა, მით უფრო, რომ მისი მოქნეული ყოველთვის მიზანს აღწევდა, მონიკა ლევინსკისთან ინტიმური კავშირის გახმაურებამ კი, საერთოდ დააკარგვინა ქალბატონ კლინტონს მოთმინება და ჯერ სქელტანიანი წიგნი უთავაზა მეუღლეს სახეში, მერე ღამის სანათი ჩასცხო თავში.
აღსანიშნავია, რომ პიკანტური ისტორია სწორედ ლევინსკის წყალობით გასაჯაროვდა, რომელიც მეგობარს გამოუტყდა ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტთან ზედმეტად ახლო კონტაქტის შესახებ. მართალია, თავიდან კლინტონი კატეგორიულად უარყოფდა თეთრი სახლის სტაჟიორთან ნაცნობობას, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოუწია აღიარება, რითაც პირველ რიგში მეუღლეს დაწყვიტა გული. ამბობენ, თითქოს მისის კლინტონი რეზიდენციის აღმოსავლეთ ფრთაში ცდილობდა განმარტოებას, სადაც რამდენიმე ოთახია გაერთიანებული ე.წ. პირველი ლედის ოფისში და სწორედ იქ ღვრიდა ცრემლებს, თუმცა კლინტონი არა იმდენად მეუღლის ღალატზე, რამდენადაც ისტორიის გახმაურებასა და სკანდალზე დარდობდა, რადგან ფლეიბოი პრეზიდენტის "გმირობების" შესახებ მანამდეც კარგად იცოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მრისხანების დროს მისის კლინტონი ჯერ პერსონალს აყენებდა შეურაცხყოფას, მერე ყველაფერს ლეწავდა, რაც ხელში მოხვდებოდა და მხოლოდ შეფ-მზარეულის მომზადებული დესერტით მშვიდდებოდა, რომელსაც განსაკუთრებული სიშმაგით მეუღლის იმპიჩმენტის დროს მიირთმევდა.
სხვათა შორის, თეთრი სახლის სამზარეულო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ხუთი შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით და ყოველთვის მზადაა გაუმასპინძლდეს 140 სტუმარს1000-ზე მეტი კერძით. რა თქმა უნდა, სამზარეულოს პერსონალმა კარგად იცის ყველა პრეზიდენტის გასტრონომიული გემოვნება. მაგალითად, უფროს ბუშს შემწვარი თევზი უყვარდა, თუმცა ძალიან სძულდა კომბოსტოს ნებისმიერი სახეობა ბროკოლის ჩათვლით, ჯიმი კარტერი ყოველ დილას შვრიის ფაფით საუზმობდა, რონალდ რეიგანი ყველიან მაკარონზე გიჟდებოდა, ბარაკ ობამამ კი, რომელიც მთელი ცხოვრება McDonald's-ის ჰამბურგერებით იკვებებოდა, ვერც პრეზიდენტის პოსტზე, ვერც მეუღლის მებოსტნეობით გატაცების შემდეგ მოიშალა მავნე ჩვევა.
ალკოჰოლი და ნარკოტიკები თეთრ სახლში
2023 წლის ივლისში პრესაში ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს თეთრი სახლის დაცვის სამსახურმა პაკეტი იპოვა 1 გრამი კოკაინით და 500-ზე მეტი ეჭვმიტანილი დაიკითხა ჯერ რეზიდენციის პერსონალის, მერე ადმინისტრაციის შემადგენლობიდან, თუმცა, ჟურნალისტებმა ძიების გარეშე დაასკვნეს, რომ პაკეტის პატრონი პრეზიდენტის შვილი - ჰანტერ ბაიდენი იქნებოდა და არც შეცდნენ. ლოიალურად იყო განწყობილი ნარკოტიკების მიმართ ბარაკ ობამაც, რომელმაც ახალგაზრდობაში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას გაუსინჯა გემო მსუბუქ ნარკოტიკებს, პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლოს კი, რვა შტატში დაუშვა მარიხუანას ლეგალიზება. ნაკლებად გაიზიარა კოლეგის გატაცება დონალდ ტრამპმა, რომელიც სწორედ ობამას შემდეგ დაბინავდა თეთრ სახლში და აღშფოთებულმა აღნიშნა, რომ "მთელი კვირა ანიავებდა ოვალურ კაბინეტს, რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იყო სუნთქვა".
მავნე მიდრეკილებებით ჯერ კიდევ ფრანკლინ პირსმა გაითქვა სახელი 1850-იან წლებში, რომელიც აუცილებლად ერთი ჭიქა ვისკით იწყებდა დილას, დოზირებულად "წრუპავდა" საათში ერთხელ და გულისწასვლამდე თვრებოდა ძილის წინ. წინამორბედის ტრადიცია გააგრძელა უმცროსმა ჯორჯ ბუშმაც, რომელიც ისე დათვრა 2022 წლის იანვრის თვეში, ფეხბურთის მატჩის ყურებისას, რომ მარილიანი კრენდელი გადასცდა და ბეწვზე გადაურჩა დახრჩობას, მაგრამ ტრავმას მაინც ვერ დააღწია თავი, რადგან მთელი ძალით დაასკდა იატაკს და ლოყა დაიზიანა, თუმცა ამბობდნენ, თითქოს უმცროსი უფროსმა "დაამუშავა", როცა მისი უთავბოლო ლოთობა მოჰბეზრდა, რადგან ალკოჰოლს გადაყოლილმა ჯორჯმა მანამდეც ბევრჯერ მოიტეხა კისერი. სხვათა შორის, რეპუტაციაშელახულმა ბუშმა, რომელსაც ამერიკული პრესა ყოველთვის მასხრად იგდებდა, უჩვეულო იუმორითაც გაითქვა სახელი. პრეზიდენტს ძალიან უყვარდა თეთრი სახლის აპარტამენტებში ნივთების დამალვა, რითაც გულს უხეთქავდა მომსახურე პერსონალს, რომელიც სულ დაკარგულის ძებნაში იყო.
მავნე ჩვევებით გამოირჩეოდა ჟაკლინ კენედიც, რომელიც დღეში 2-3 კოლოფი სიგარეტის მოწევით ებრძოდა ჭარბ წონას, რადგან თვლიდა, რომ სწორედ ნიკოტინი აქვეითებდა ჭამის მადას, ნახშირწყლების დეფიციტს კი, მისის კენედი შამპანურით ივსებდა, რომელიც მისი მეუღლის პრეზიდენტობის დროს "ნიაღვრად მოედინებოდა" თეთრ სახლში, თუმცა შეერთებული შტატების ხაზინას ამგვარი ფუფუნება მთელი 80 ათასი დოლარი დაუჯდა 3 წელიწადში. სავარაუდოდ, ჟაკლინ ბიუვიე-კენედის ცუდმა მემკვიდრეობამ შეახსენა თავი, რადგან მისი მამაც და ბიძაც ალკოჰოლიზმმა იმსხვერპლა. "ღირსეული კონკურენცია" ჟაკლინს ბეტი ფორდმა, 38-ე პრეზიდენტის ჯერალდ ფორდის მეუღლემ გაუწია, რომელიც პრესის მტკიცებით, "რამდენიმეწლიანი ბურანის შემდეგ მხოლოდ სარეაბილიტაციო კლინიკაში გამოაფხიზლეს და მკურნალობის კურსის გავლაც აიძულეს". ალკოჰოლს ეტანებოდა რიჩარდ ნიქსონიც, რომელიც კარგად შეზარხოშებული, ოვალურ კაბინეტში წინამორბედების პორტრეტებთან მართავდა ხანგრძლივ დიალოგს, რადგან როგორც ჩანს, ბევრი დაუგროვდა სათქმელი.
თეთრი სახლის მოჩვენებები
სავარაუდოდ, სწორედ ალკოჰოლით გატაცება იქცა თეთრ სახლში პარანორმალური მოვლენებისა და მისტიკური ლეგენდების მიზეზი. უჩვეულო ისტორია მოუთხრო მაყურებელს ჯორჯ ბუშის ქალიშვილმა ჯენამ, რომელმაც ერთ-ერთ ტელეშოუში სტუმრობისას განაცხადა, რომ ბებიის - ბარბარა ბუშის ოთახში ხშირად ხედავდა კედელზე აჩრდილს, რომელიც ბუხრიდან გამოსული მუსიკის ფონზე ცეკვავდა, რონალდ რეიგანის ძაღლი "რექსი" კი, გამუდმებით აბრაამ ლინკოლნის ოთახთან იჯდა და ყეფდა, თუმცა ოთახში ვერასდროს ბედავდა შესვლას.
ენდრიუ ჯექსონი, რომელმაც მექალთანეობით გაითქვა სახელი, ვერც იმქვეყნიურ ცხოვრებაში შეელია ქალბატონებს და დღემდე აფრთხობს მოსამსახურეებს, როცა რბილ ადგილზე ცდილობს ჩქმეტას, უილიამ ჰარისონის აჩრდილი სხვენში "ბობოქრობს", ჰარი ტრუმენი კი, ფორტეპიანოზე დაკვრით ართობს თეთრი სახლის ბინადრებს. პრეზიდენტების "ოინების" მიუხედავად, განსაკუთრებული პოპულარობით მაინც შავი კატის მოჩვენება სარგებლობს, რომელიც შორიდან კნუტს ჰგავს, ახლოს მისვლისას კი, ნელ-ნელა იზრდება და ავაზას ემსგავსება. ამასთანავე, აღმოსავლეთ ფრთის სარდაფში სადაც ოდესღაც სამრეცხაო იყო, ახლა კი, საკუჭნაოა, მუდმივად სარეცხი საშუალებების და ნესტიანი თეთრეულის სუნი დგას.
მისტიკური ლეგენდები ყოველთვის თან სდევდა თეთრ სახლს, რადგან შენობა მე-17 საუკუნეში განადგურებულ ინდიელთა კუთვნილ მიწაზე აშენდა, რომელთაც საიქიოდან დაწყევლეს პირველმოსახლე ამერიკელებიც და მათ მიერ მიტაცებული ტერიტორიებიც, არ დააკლეს წყევლა არც მაგიით გატაცებულმა შავკანიანმა მონებმა, რომელთა ნაწილი სწორედ მშენებლობაზე დაიღუპა, მასონებმა პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის ხელმძღვანელობით კი, თეთრი სახლის საძირკველში ჩადებულ ქვაკუთხედს საკუთარი სიმბოლო და რამდენიმე დაშიფრული ფრაზა მიაყოლეს, თუმცა რა ეწერა ქვაზე არავინ იცის, რადგან 1940-იანი წლების ბოლოს, როცა თეთრი სახლის ინფრასტრუქტურა სრულად გამოვიდა მწყობრიდან, ჰარი ტრუმენის მოთხოვნით კი, 5,7 მილიონი დოლარი გამოიყო რეკონსტრუქციისთვის, ერთიანად "გამოშიგნულ" რეზიდენციაში, რომლისგან მხოლოდ საძირკველი და გარე კედლები დარჩა, ვერც მისტიკურ ქვას მიაგნო ვერავინ, ვერც საიდუმლო წარწერას. აღსანიშნავია, რომ შენობის რეკონსტრუქცია მთელი სამი წელი გაგრძელდა და 1951 წელს დასრულდა, ტრუმენმა კი, რეზიდენციის ოქროს გასაღები მიიღო სიმბოლურ საჩუქრად.
ოვალური კაბინეტი
მართალია, თეთრი სახლის სავიზიტო ბარათად პრეზიდენტის სამუშაო ოთახი - ოვალური კაბინეტი ითვლება, მაგრამ ქვეყნის მეთაურები ძალიან იშვიათად სტუმრობენ საკუთარ კაბინეტს. 2005 წელს, მეორედ არჩეული ჯორჯ ბუში ისე მოქანცა პრეზიდენტობამ, რომ ინაუგურაციის შემდეგ მთელი რვა თვით გავიდა შვებულებაში, ჯო ბაიდენმა კი, საპრეზიდენტო ვადის თითქმის ნახევარი - 532 დღე დაუთმო დასვენებას. არ უყვარდა "დროის კარგვა" ოვალურ კაბინეტში არც რონალდ რეიგანს, რომელიც სუფთა ჰაერს მონატრებული ორ კვირაში ერთხელ გარბოდა საკუთარ რანჩოზე, 8-წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში რეიგანი მხოლოდ 189-ჯერ ესტუმრა თეთრ სახლს, რადგან მუშაობისთვის ხელსაყრელ დღეებს მისთვის პირადი ასტროლოგი ჯოან კვიგლი არჩევდა.
აღსანიშნავია, რომ ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტებს მხოლოდ მცირე კორექტივების შეტანა - ფარდების და შპალერის, ნოხებისა და სურათების შეცვლა შეუძლიათ მასშტაბური რემონტის გარეშე. ფერწერული ტილოთი დაამშვენა პირველ საპრეზიდენტო ვადაში სამუშაო ოთახი დონალდ ტრამპმაც, რომელიც დიდი ხანია საკუთარი პორტრეტების შეგროვებითაა გატაცებული. პრეზიდენტმა ენდი ტომასის ნამუშევარი "რესპუბლიკელების კლუბი" გამოფინა, რომელზეც უფროსი კოლეგების კომპანიაში იწონებს თავს. ჯო ბაიდენის დამ - ვალერიმ კი, პირიქით, ერთგვარი რიტუალი ჩაატარა ოვალური კაბინეტის ნეგატიური ენერგიისგან გაწმენდისა და ტრამპის სულის განდევნისთვის, "ტრამპი წავიდა, ის უკვე ისტორიაა, რომელიც აღარასდროს განმეორდება", - თამამად განაცხადა ქალბატონმა, თუმცა როგორც ჩანს, რიტუალებმა არ გაამართლა, რადგან განდევნილი ტრამპი ისევ უკან დაბრუნდა.
ერთადერთი ხელშეუხებელი ოვალურ კაბინეტში 600-კილოგრამიანი მუხის მაგიდაა, რომელიც ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ უსახსოვრა მე-19 პრეზიდენტს რეზერფორდ ჰეისს. მაგიდის ცენტრში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბეჭედი - თეთრთავიანი ფსოვია გამოსახული ერთ თათში ზეთისხილის რტოთი, მეორეში ისრების შეკვრით, მაგიდის ქვეშ კი, განგაშის ღილაკია მოთავსებული, რომლითაც პრეზიდენტი დაცვას იძახებს.
ნამდვილი მყუდროება რეზიდენციას ჟაკლინ კენედიმ შესძინა, რომელმაც დეტალურად შეიმუშავა თითოეული ოთახის ინტერიერის დიზაინი, 1962 წელს კი, ტელეკომპანია CBS-თან ერთად მოაწყო პირველი ექსკურსია თეთრ სახლში, არ ჩამორჩა კენედის არც ნენსი რეიგანი. მართალია, კონგრესი ყოველი პრეზიდენტისთვის 50 ათას დოლარს გამოყოფს, მაგრამ მიღებული თანხა ნენსიმ მხოლოდ ერთი ოთახის მოწყობაზე დახარჯა, საერთო ჯამში კი, რეიგანების თეთრ სახლში კომფორტული ცხოვრება ამერიკელებს 1 მილიონი დოლარი დაუჯდათ, რაც 1980-იან წლებში საკმაოდ სოლიდური თანხა იყო.
მართალია, დაზუსტებით არავინ იცის, რატომაა პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტი ოვალური, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ოთახმა კუთხეების გარეშე, მისტიკური დატვირთვა შეიძინა და მასონების რიტუალების ცენტრად იქცა, თუმცა თეთრ სახლს კიდევ სამი ოვალური ოთახი - დიპლომატიური მისაღები, ცისფერი და ყვითელი ოთახები აქვს, რომლებიც ერთმანეთის თავზეა მოთავსებული და სხვადასხვა დროს სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა.
ახალი ერა თეთრ სახლში
"ხშირად ვხუმრობთ, რომ ჩვენ თეთრი სახლის არა მფლობელები, არამედ დროებითი მოიჯარეები ვართ, მისი ნამდვილი მფლობელი კი, ამერიკელი ხალხია", - განაცხადა ბარაკ ობამამ, რომელმაც პოსტის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე, ათწლეულების წინ დამკვიდრებული ტრადიციით მისწერა წერილი მემკვიდრე დონალდ ტრამპს და გამოცდილებასთან ერთად პრაქტიკული რჩევებიც გაუზიარა. როგორც ჩანს, საკუთარ პორტრეტებთან ერთად ტრამპი მალე "საპრეზიდენტო წერილების" შეგროვებასაც დაიწყებს, რადგან სტივენ გროვერ კლივლენდის (1885-1889) შემდეგ ერთადერთია, ვინც ოთხწლიანი ინტერვალით, მეორედ შეძლო ქვეყნის მეთაურის პოსტის დაკავება.
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის უფლებამოსილების ვადა ზუსტად 12 საათზე ამოიწურება და სწორედ ნაშუადღევს დაიწყება დონალდ ტრამპის ვადის ათვლა, მასთან ერთად საქმიანობას შეუდგება ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვანსიც, რომელიც მანამდე სენატორის პოსტს იკავებდა ოჰაიოს შტატიდან.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაცია - საზეიმო ცერემონიაა, რომლის დროსაც არჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი კონსტიტუციის ერთგულების ფიცს დებენ და ოფიციალურად იწყებენ უფლებამოსილების აღსრულებას. ტრადიციულად ცერემონია საჯაროა და ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში იმართება. წელს ღონისძიებაზე რიგითი ამერიკელებიც შეძლებენ დასწრებას, რადგან კონგრესის გაერთიანებული კომიტეტის განცხადებით, რომელიც ფიცის დადების ცერემონიასა და საზეიმო სადილს უწევს ორგანიზებას, ბილეთები ინაუგურაციაზე საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა მათ მიღებას მსურველები მხოლოდ კონგრესში საკუთარი წარმომადგენლისთვის მიმართვის შემთხვევაში შეძლებენ. განსხვავებულ კატეგორიას მიეკუთვნება ე.წ. VIP-ბილეთები, რომელთა მფლობელები არა მხოლოდ ფიცის დადების, არამედ სხვა ღონისძიებებსაც შეუერთდებიან. მართალია, VIP-პერსონებისთვის გამოყოფილი ბილეთების ფასი არ ხმაურდება, მაგრამ New York Times-ის ინფორმაციით, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ტრამპის ინაუგურაცია, რომ კომიტეტმა ყველა ბილეთი 10 იანვრამდე გაყიდა და რეკორდული თანხა - 170 მილიონი დოლარი მოაგროვა.
ინაუგურაციის ცერემონია პირველად 1789 წლის 30 აპრილს გაიმართა, როცა ქვეყნის მეთაურის პოსტი ჯორჯ ვაშინგტონმა ჩაიბარა. მართალია, ოფიციალურად პირველი პრეზიდენტი 4 მარტს შეუდგა საქმიანობას, მაგრამ წარმომადგენლობით პალატასა და სენატში კვორუმის არ არსებობამ მთავრობის ფორმირება შეაფერხა, რამაც ვაშინგტონს აპრილის ბოლოს ფიცის მეორედ დადება აიძულა, თუმცა კონსტიტუციის მე-20 შესწორების რატიფიცირებამდე, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა გარდამავალი პერიოდი და ინაუგურაციის თარიღად 20 იანვარი დაადგინა, სწორედ 4 მარტი ითვლებოდა ახალი საპრეზიდენტო მმართველობის დაწყების ოფიციალურ თარიღად. პირველი პრეზიდენტი, რომელსაც 1937 წლის ზამთრის სუსხში მოუწია ფიცის დადება ფრანკლინ რუზველტი იყო, რონალდ რეიგანი კი, ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც პირადი ასტროლოგისა და "მთავარი მრჩევლის" დაჟინებული მოთხოვნით დილის 6 საათზე გადაიტანა ინაუგურაციის ცერემონია, რაც უპრეცედენტო შემთხვევად იქცა ამერიკის ისტორიაში.
საინაუგურაციო პროგრამა, რომელსაც პოლიტიკურთან ერთად კულტურული დატვირთვაც აქვს, ფიცის დადების ცერემონიით იწება და ჯერ საზეიმო აღლუმით, მერე ახალი პრეზიდენტის მიერ მოწყობილი მეჯლისით გრძელდება. აღლუმი ინაუგურაციის პროგრამაში 1809 წელს შევიდა მე-4 პრეზიდენტის ჯეიმს მედისონის წყალობით და დღემდე მის განუყოფელ ნაწილად რჩება. არ შეცვლილა არც საზეიმო მსვლელობის მარშრუტი, რომელიც კაპიტოლიუმიდან იღებს სტარტს, პენსილვანიის ავენიუზე გრძელდება და სახაზინო დეპარტამენტის შემოვლით სრულდება თეთრ სახლში. მედისონმა მოაწყო პირველი მეჯლისიც, თუმცა ვუდრო უილსონმა, რომელმაც 1914 წელს ჩაიბარა პოსტი, უარი თქვა საზეიმო ღონისძიებაზე, რადგან ჩათვალა, რომ ცეკვა-თამაში პოლიტიკური მოვლენის მნიშვნელოვნებას აუფასურებდა, ფრანკლინ რუზველტს კი, დიდმა დეპრესიამ და მეორე მსოფლიო ომმა აიძულა მეჯლისის გაუქმება, რომელიც ჰარი ტრუმენმა აღადგინა 1949 წელს, მისმა მემკვიდრე პრეზიდენტებმა კი, ჩვეული მაქსიმალიზმით გააგრძელეს ტრადიცია, რადგან დუაიტ ეიზენჰაუერმა ორჯერ შეკრიბა ელიტა საცეკვაოდ, ჯონ კენედიმ ხუთჯერ უმასპინძლა პუბლიკას გრანდიოზულ წვეულებაზე, ბილ კლინტონმა კი, 14 მეჯლისი მოეწყო მეუღლესთან ერთად და ყველგან გულით მოილხინა.