13 იანვარი 2025 - 14:51

ალის ვაიდელი - გერმანიის კანცლერობის ულტრამემარჯვენე კანდიდატი. აქვს თუ არა მას გამარჯვების შანსი?

ალის ვაიდელი

ალის ვაიდელი

ფოტო: Deutschlandfunk

ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ალის ვაიდელი წარადგენს. გერმანიის კანცლერის პოსტისთვის გამართულ მარათონში ლიდერად ილონ მასკი სწორედ მას მიიჩნევს. მართალია თუ არა ეს და რა უნდა ვიცოდეთ ვაიდელის შესახებ, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

ვინ არის ალის ვაიდელი?

45 წლის ალის ვაიდელი (Alice Weidel) არის ცხრა ქალიდან ერთ-ერთი, რომელიც მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ფრაქციის წევრია. დანარჩენი 69 დეპუტატი კაცია. ამდენად, აღნიშნულ ფრაქციაში ქალების წილი მხოლოდ 11,5%-ია. ბუნდესტაგის სხვა ფრაქციებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია - CDU/CSU-ს შემთხვევაში 25,4%-დან იწყება, „მწვანეებში“ კი 59,3%-მდე მერყეობს. თუმცა პოლიტიკურ ჭრილში, ვაიდელი გაცილებით მძიმე წონით კატეგორიას წარმოადგენს AfD-ში და განსაკუთრებით, კაცებში. ტინო ხრუპალასთან (Tino Chrupalla) ერთად, ვაიდელი არის როგორც პარტიის, ისე - ფრაქციის თანათავმჯდომარე. 2021 წლის არჩევნებშიც ისინი ერთად იყრიდნენ კენჭს პარტიული სიის სათავეში, მაგრამ მაშინ შედეგი არ იყო სასურველი AfD- ს პერსპექტივიდან: 2017 წლის 12.6%-იანი რეზულტატის შემდეგ - 10.3%. 

ფედერალური მიწების არჩევნებში დამყარებული რეკორდი

თუმცა მას შემდეგ პარტია, ერთიმეორის მიყოლებით, რეკორდებს ამყარებს. ფედერალური მიწების არჩევნებში AfD-ს მხარს უჭერს 18,4% (ჰესენში) და 32,8% (ტურინგიაში). პარტიას, რომელიც კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის (BfV) მიერ ოფიციალურად მემარჯვენე ექსტრემიზმში არის ეჭვმიტანილი, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 20%-იანი რეიტინგი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ კონსერვატორი CDU/CSU-ს შემდეგ, ულტრამემარჯვენეები მეორე ადგილზე არიან. ამგვარმა საარჩევნო წარმატებებმა შთააგონა AfD-ს, 23 თებერვალს დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე კანცლერობის საკუთარი კანდიდატი - ალის ვაიდელი წარედგინა. მისი კანდიდატურა დამტკიცდა პარტიის ყრილობაზე, რომელიც 11-12 იანვარს, აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ რიზაში ჩატარდა.

პარტიის დელეგატების მხარდაჭერაში ვაიდელს ეჭვი არც უნდა შეჰპარვოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის მოკავშირემ, მულტიმილიარდერმა ილონ მასკმა დიდი რეკლამა გაუწია მას თავის X პლატფორმაზე. ამ უკანასკნელმა 9 იანვარს ვაიდელთან საჯარო საუბარი გამართა და გერმანიის კანცლერობის „წამყვანი კანდიდატი“ უწოდა. 

ამის მიუხედავად, როგორც Deutsche Welle წერს, ეკონომიკის დოქტორ ალის ვაიდელს შანსი არ აქვს, რომ  „კაბიანი ტრამპი“ გახდეს. მაშინაც კი, თუ AfD არჩევნებში ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალად გამოჩნდება, ის ვერ იპოვის პარტიას, რომელიც მოისურვებს შეუერთდეს კოალიციას, რომელსაც მემარჯვენე პოპულისტები ხელმძღვანელობენ. ამდენად, აბსოლუტური უმრავლესობის პერსპექტივა მათ არ აქვთ. უფრო მეტიც, CDU/CSU-ს ბლოკი, რომელიც გამოკითხვებში ლიდერობს, მემარჯვენე პოპულისტების კოალიციაში ყოფნას კატეგორიულად უარყოფს. 

ვაიდელის იდეალი მარგარეტ ტეტჩერია

ასე რომ, ალის ვაიდელს თავისი იდეალის, მარგარეტ ტეტჩერის კარიერის გამეორებაზე მხოლოდ ოცნება შეუძლია. „მომწონს მისი ბიოგრაფია, მისი მზადყოფნა, დინების საწინააღმდეგოდ იცუროს, თუნდაც ეს არასასიამოვნო იყოს“, - განაცხადა AfD-ს თანათავმჯდომარემ ტაბლოიდურ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში ბრიტანეთის პრემიერმინისტრის (1979 -1990) შესახებ საუბრისას. ტეტჩერს „რკინის ლედი“ ეწოდა, რადგან მიუხედავად ყველა სირთულისა, ის მტკიცედ იცავდა თავის რადიკალურად ლიბერალურ ეკონომიკურ კურსს - დაბალი გადასახადები, ნაკლები სახელმწიფო სუბსიდიები და პრივატიზაცია. ეს მიდგომა შეესაბამება ალის ვაიდელის იდეებს, რომელიც ადრე კომერციულ კონსალტინგში მუშაობდა. ”ტეტჩერი, - ამბობს ის, - მოვიდა დიდი ბრიტანეთის მთავრობაში იმ დროს, როდესაც ქვეყანაში სრული ეკონომიკური ვარდნა იყო და მისი სწორ გზაზე დაბრუნება მოახერხა“. 

„ჩვენ შევეცდებით ევროკავშირის რეფორმას“

როდესაც ვაიდელი შეუერთდა ახლად შექმნილ AfD-ს 2013 წელს, ეს იყო ნაციონალურ-ლიბერალური, ევროსკეპტიკოსების პარტია. ვაიდელის გადმოსახედიდან, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. „ჩვენ შევეცდებით ევროკავშირის რეფორმირებას“, - განაცხადა მან აგვისტოში, გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში. თუ ევროკავშირის რეფორმა ჩაიშლება, დასძინა მან, თითოეულ წევრ ქვეყანას უნდა მიეცეს უფლება რეფერენდუმზე გადაწყვიტოს, უნდა თუ არა დარჩენა ევროკავშირში. გარდა ამისა, ვაიდელი ექსტრემისტული ფრთის ლიდერს, ბიორნ ჰიოკეს სერიოზულად მფარველობს. არა და, ტურინგიაში AfD-ს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე აკრძალული ნაცისტური ლოზუნგების საჯაროდ გამოყენებისთვის გერმანიაში არაერთხელ გაასამართლეს. თუმცა ვაიდელი ამტკიცებს, რომ ჰიოკე „ტურინგიაში "ჩინებულ საქმეს აკეთებს“  და მის წინააღმდეგ სარჩელებს „სასაცილოსა და საეჭვოს“ უწოდებს.

AfD-ს ლიდერი თავის პოზიციას არ თმობს

„რიტორიკის გამძაფრება დისკუსიის გააქტიურების სტილისტური მეთოდია“, - ასე გაამართლა ვაიდელმა თავისი გამოსვლა ბუნდესტაგში გაზეთ Neuen Zürcher Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, სიტყვათშეხამებით - „თავსაფრიანი გოგო“ მას სურდა ყურადღება გაემახვილებინა გერმანიაში კონსერვატიული ისლამის პრობლემაზე, რაც, ვაიდელის აზრით, ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ისმის კითხვები: არის თუ არა ალის ვაიდელი პროვოკატორი? შესაძლოა თუ არა, რომ ის საკუთარი პარტიის სტერეოტიპების წინააღმდეგ აღმოჩნდეს? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ვაიდელი ერთნაისქესიანთა ქორწინებაში იმყოფება შრი-ლანკელ ქალთან და ორ ნაშვილებ ბავშვს ზრდის. ცხოვრების ეს წესი კი იდეალური ოჯახის შესახებ AfD-ს წარმოდგენებისგან ძალიან შორს დგას. თავის პარტიულ პროგრამაში AfD ოჯახისა და ქორწინების შესახებ ტრადიციულ შეხედულებებს იცავს: „გრძელვადიანი ერთობლივი პასუხისმგებლობა შვილებზე ოჯახში დედასა და მამას აკისრიათ“. შესაბამისად, AfD-ს კანცლერობის კანდიდატი, რომელსაც ორი საცხოვრებელი ადგილი აქვს - გერმანიასა და შვეიცარიაში, თავისი პარტიის მსოფლმხედველობას საერთოდ არ ასახავს. თუმცა ალის ვაიდელს ეს სულაც არ აწუხებს. ჯერ კიდევ 2017 წელს მან თქვა: ”შესაძლოა, ამ საკითხზე ამა თუ იმ ადამიანს გარკვეული სტერეოტიპები აქვს, მაგრამ ეს სხვა პარტიებშიც ხდება”. 

სხვა თემები