Deutsche Welle: მართალია თუ არა, რომ ბირთვული ენერგიის აღმავლობის მორიგი ერა იწყება? თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა?

ფოტო: picture alliance/dpa/CTK
სავარაუდოდ, ბირთვული ენერგიის გამოყენება 2025 წელს რეკორდულ დონეს მიაღწევს. მომხრეები მას „სუფთა ენერგიას“ უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ კლიმატური ცვლილებების გლობალური პროცესის შერბილების მიმართულებით ის მნიშვნელოვანი ელემენტია.
რა ხდება?
ექსპლუატაციის დროს ატომური ელექტროსადგურები ნახშირბადის ემისიას არ აწარმოებენ. შესაბამისად, თანამედროვე კაცობრიობის სწრაფად მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო ოპტიმალურ გამოსავლად სწორედ ატომური ენერგია განიხილება. თუმცა, წიაღისეული საწვავისთვის დამახასიათებელი პირდაპირი დაბინძურების არარსებობის მიუხედავად, ატომურ ენერგიას თავისი გარემოსდაცვითი პრობლემები ახლავს: ურანის მოპოვების პროცესის თანმხლები ატმოსფერული ემისიები, წყლის დაბინძურება, რადიოაქტიური ნარჩენები და ჩერნობილის კატასტროფის მსგავსი რისკი.
ჩაანაცვლებს თუ არა ბირთვული ენერგია განახლებად ენერგიას?
რისკების მიუხედავად, 2025 წლის მოლოდინების შესაბამისად, ბირთვული ენერგია გლობალური ელექტროენერგიის წარმოების თითქმის 10%-ი იქნება, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს არის ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემები. IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა განაცხადა, რომ ზრდის ტემპის უმეტეს წილს ჩინეთი განაპირობებს. ამასთანავე, ამ ტიპის ენერგიაზე უზარმაზარი მოთხოვნაა ისეთი ტექნოლოგიების მხრიდან, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა დამუშავება.
ბოლო თვეების განმავლობაში ტექნიკურმა გიგანტებმა, როგორიცაა Meta, Amazon-ი, Microsoft-ი და Google-ი, განაცხადეს, რომ ნახშირბადის ნეიტრალიტეტის ლოზუნგით, ატომურ ენერგიაში ინვესტირებას გეგმავენ. მიუხედავად იმისა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებზე ორიენტირება მათ იქამდე ექსკლუზიურად ჰქონდათ დაანონსებული. იმის გათვალისწინებით, რომ კაცობრიობას დარჩა შეზღუდული დრო, რათა გლობალური დათბობის პროცესის შესამცირებლად სათბურის გაზების ემისია შეაჩეროს, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და ინვესტორმა ბირთვული ენერგიის გაფართოების დაჩქარების გეგმებს მხარი დაუჭირა.
არის თუ არა ბირთვული ენერგია კლიმატის პრობლემის რეალური მოგვარების საშუალება?
თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გერმანიაში ბოლო ატომური ელექტროსადგური დაიხურა. დღეს უკვე ოპოზიციური პარტიების ბლოკმა CDU/CSU-მ ბირთვული ტექნოლოგიების შესახებ უფრო დეტალური კვლევების ჩატარება მოითხოვა. ბუნდესტაგის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქრისტიან-დემოკრატებმა თავიანთ საარჩევნო პროგრამაში შეიტანეს თეზისი, რომ ბირთვული ენერგია „მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებით კი, კლიმატის მიზნების მიღწევისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში“. CDU-ს კანცლერობის კანდიდატმა ფრიდრიხ მერცმა გერმანიის მიერ ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმას „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ქვეყნის ბირთვული რეაქტორების განახლება ნაკლებად სავარაუდოა.
ბირთვულ ენერგიაზე დაბრუნებასა და მისი, როგორც „მდგრადი და სერიოზული ენერგეტიკული ბალანსის“ ნაწილის განხილვას მხარს უჭერს მემარჯვენე პოპულისტური პარტიაც - „ალტერნატივა გერმანიისთვის“. აღნიშნული გაერთიანების კანცლერობის კანდიდატმა ალის ვაიდელმა გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ბირთვულ ენერგიას „ნახშირბადის ნულოვანი კვალი“ აქვს. თავის მხრივ, მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია და „მწვანეები“გერმანიაში ატომურ ენერგიაზე დაბრუნების შესაძლებლობას გამორიცხავენ. ამის მიზეზად კი ისინი ინდუსტრიის ეკოლოგიურ პრობლემებსა და რეაქტორების მშენებლობის ხანგრძლივ და რთულ პროცესს ასახელებენ. მსოფლიო ბირთვული ასოციაციის (WNA) პრესსპიკერმა ჰენრი პრესტონმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსები ბოლო წლებში უფრო „პრაგმატულები“ გახდნენ. ისინი ცდილობენ, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და კლიმატურ კრიზისს შორის ბალანსი იპოვონ.
გარემოსდაცვითი ჯგუფები აცხადებენ, რომ ახალი პროექტები, რომელთა მშენებლობასაც, როგორც წესი, დაახლოებით ათი წელი სჭირდება, ვერ აშენდება საკმარისად სწრაფად, რათა კლიმატური კრიზისის დაძლევის მიმართულებით დასახული მიზნები მიიღწეს. „მწვანე“ ენერგიაზე გადასვლა არსებული ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებების გამოყენებას მოითხოვს. ეს კი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ეს ეხება განახლებადი ენერგიის წყაროებს, უპირველეს ყოვლისა, მზისა და ქარის დანადგარებს, ასევე უნდა გაიზარდოს ენერგოეფექტურობა და სისტემების მოქნილობა“, - აღნიშნავენ Climate Action Network Europe-ის აქტივისტები. „განახლებადი ენერგიის წყაროები უდავოდ აჭარბებს ბირთვულ ენერგიას ღირებულებითა და განლაგების სიჩქარით. შესაბამისად, ქვეყნების უმეტესობისთვის ის უფრო პრიორიტეტული მიმართულებაა, ვიდრე - ბირთვული ენერგია“, - ნათქვამია მსოფლიო ბირთვული სტატუსის (WNISR) 2024 წლის ანგარიშში. აღნიშნულ დოკუმენტს ყოველწლიურად ამზადებს დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფი, რომელმაც გასული წლის შედეგების საფუძველზე, უახლოეს ათწლეულებში ბირთვული სიმძლავრის გაზრდის გეგმებს „არარეალური“ უწოდა.
იმავდროულად, ახალი იდეა სულ უფრი პოპულარული ხდება: აშშ-ში Amazon-ი და Google-ი გეგმავენ, შეიძინონ ენერგიის მცირე მოდულური რეაქტორები (SMRs) - თანამედროვე ატომური ელექტროსადგურები, რომელთა სიმძლავრეც 300 მეგავატზე ნაკლებია, რაც დაახლოებით მესამედია, ვიდრე - სტანდარტული ბირთვული რეაქტორი. ტექნიკური გიგანტები აცხადებენ, რომ ბირთვულ ენერგიას შეუძლია ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ცენტრების მასობრივი ენერგეტიკული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისე, რომ ნახშირბადის ნეიტრალიტეტი შენარჩუნდეს. მომხრეები ამტკიცებენ, რომ SMR-ები იქნება უფრო უსაფრთხო, იაფი და სწრაფი ასაშენებელი, ვიდრე - ტრადიციული რეაქტორები და შეიძლება განთავსდეს ქარხნებში, რომლებიც წიაღისეულ საწვავზე მუშაობენ. Amazon-ისა და Google-ის პროექტები, სავარაუდოდ, მომდევნო ათწლეულში დაიწყება.
საჭიროა თუ არა საერთოდ ბირთვული ენერგია კლიმატის მიზნების მისაღწევად?
დუბაიში გამართულ გაეროს კლიმატის ცვლილებების 28-ე კონფერენციაზე ბირთვული ენერგია პირველად შეიტანეს დაბალი ემისიის ტექნოლოგიების სიაში, რაც „სათბურის გაზების ემისიის სწრაფი და მდგრადი შემცირებისთვის“ აუცილებელია. ერთი წლით ადრე, გაეროს კლიმატის ცვლილებების სამთავრობათაშორისო პანელმა შეადგინა 2022 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „მსოფლიოში დაბალი ნახშირბადის ყველა სისტემამ შეძლოს, განახლებადი ენერგიის წყაროებს მთლიანად დაეყრდნოს“. დუბაის კონფერენციის შემდეგ 31 ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ, 2050 წლისთვის ბირთვული ენერგიის სიმძლავრის გასამმაგების გეგმა გამოაცხადეს. მსგავსი განზრახვა დააფიქსირა ელ სალვადორმა, იამაიკამ, მოლდოვამ და მონღოლეთმა. ჩინეთსა და რუსეთს ამ სფეროში თავიანთი გეგმები არ გაუმჟღავნებიათ.
თუმცა WNISR 2024 ანგარიში უკიდურესად სკეპტიკურად არის განწყობილი ამ გეგმების მიმართ. დასახული მიზნის მისაღწევად, დოკუმენტში ჩამოთვლილია მრავალი პოტენციური დაბრკოლება, მათ შორის, მაღალი ხარჯები, ხანგრძლივი მშენებლობის პერიოდი და სამრეწველო შესაძლებლობების ნაკლებობა. ექსპერტების აზრით, ატომური ელექტროსადგურების ამჟამინდელი სიმძლავრის გასამმაგება საჭიროებს 1000-ზე მეტი ახალი რეაქტორის მშენებლობას. მაშინაც კი, რომ SMR-ებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ენერგომომარაგებაში, „ასობით ან თუნდაც ათასობით ასეთი დანადგარის აშენება გახდება საჭირო, რათა დასახულ მიზანს", ასე თუ ისე მიაღწიოს“, - განაცხადა WNISR-ის ანგარიშის დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა და გამომცემელმა მაიკლ შნაიდერმა.