თურქეთს სურს, სირიას აღდგენაში დაეხმაროს. შეძლებს თუ არა ანკარა კრემლის ჩანაცვლება?

ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, თურქეთი სირიასთან მჭიდრო თანამშრომლობას ცდილობს. ოფიციალური ანკარა აპირებს, ქვეყნის აღდგენის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს, საკუთარი კომპანიებისთვის სასურველი შეკვეთები მოიპოვოს და ამით რუსეთს მოქმედების არეალი სულ უფრო შეუვიწროვოს. თუ რა გეგმები აქვს თურქეთს სირიასთან მიმართებით, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რა ხდება?
სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, თურქეთმა სამ მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი მიიღო. ყველაზე მეტი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2021 წელს, როდესაც თურქეთში, დაახლოებით, 3,8 მილიონი სირიელი დაფიქსირდა. მას შემდეგ სირიელი ლტოლვილების ნაკადი მუდმივად მცირდება. უფრო მეტიც, ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, ბევრი მათგანი სამშობლოში დაბრუნდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, 2016-2024 წლებში თურქეთიდან სირიაში, დაახლოებით, 730 000 ადამიანი დაბრუნდა. ამჟამად თურქეთში 2,9 მილიონამდე სირიელი ლტოლვილია რეგისტრირებული. ისინი წარმოადგენენ იაფ სამუშაო ძალას, რაც თურქეთის ეკონომიკისთვის სასარგებლოა. გარდა ამისა, სირიიდან თურქეთში ჩასულ სტუდენტებს ადგილობრივ უნივერსიტეტებში სწავლის უფლება მიეცათ.
მას შემდეგ, რაც 2011 წელს სირიაში ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ღიად მხარს უჭერდა სირიის ოპოზიციას, რომელსაც მოქმედება თურქეთიდანაც შეეძლო. პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ანკარა აგრძელებს სირიის ოპოზიციის მხარდაჭერას, რამაც თურქეთში სირიელი ლტოლვილების მიმართ განწყობები შეცვალა. ასადის რეჟიმის დაცემიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, დღეს უკვე თურქეთის მმართველ პარტიას თავისი შრომის ნაყოფის მიღება სურს.
თურქულ ფირმებს სირიაში წარმატებული ბიზნესის წარმოების იმედი აქვთ
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონალური ბიუროს არაბული ქვეყნების მიმართულების დირექტორის, აბდალა ალ-დარდარის განცხადებით, ომის განმავლობაში სირიის მთლიანი შიდა პროდუქტი 62 მილიარდი დოლარიდან 8 მილიარდ დოლარამდე დაეცა. გარდა ამისა, სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში 12-დან 65%-მდე გაიზარდა. იმავე ალ-დარდარის თქმით, სირიის აღდგენა 400 მილიარდი დოლარი დაჯდება. აღნიშნულ პროცესში ანკარას მთავარი როლის შესრულება სურს. თურქეთის მთავრობა კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს სირიის ახალ ხელმძღვანელობასთან დამასკოში და იმედს ამყარებს ისეთ სფეროებში თანამშრომლობაზე, როგორიცაა ენერგეტიკა, მშენებლობა, ავეჯისა და ტექსტილის წარმოება, საკვები და ქიმიური მრეწველობა, ფოლადის წარმოება.
თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა გიულთეფე ხაზს უსვამს, რომ სირიას, უპირველეს ყოვლისა, ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება. სოციალურად და ეკონომიკურად სირია, ფაქტობრივად, ფსკერზეა, მოსახლეობის თითქმის მესამედი იძულებულია, საკუთარი სახლი და ქვეყანა დატოვოს. შესაბამისად, გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური სტაბილურობის აღსადგენად და ამას დრო დასჭირდება. ამიტომაც პირველ ეტაპზე, თურქეთის ეკონომიკა აუცილებელი და გადაუდებელი ინფრასტრუქტურის აღდგენაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „ჩვენ გვსურს დავეხმაროთ მეზობლებს ყველაფერში, რაც მათ სჭირდებათ“, - ამბობს გიულთეფე.
ომის მიუხედავად, თურქეთის ექსპორტი
სირიის სამოქალაქო ომამდე, ორ მეზობელ ქვეყანას შორის ვაჭრობა 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ანკარასა და დამასკოს მიზანი ამ მაჩვენებლის 5 მილიარდამდე გაზრდა იყო. მას შემდეგ, რაც ერდოღანმა სირიის ოპოზიციას მხარი დაუჭირა და ანკარასა და ასადის რეჟიმს შორის ურთიერთობა დაირღვა, ამ მიზანმა უკანა პლანზე გადაიწია. თუმცა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები არ შეწყვეტილა. ომამდე თურქეთის ექსპორტი სირიაში 1,6 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. 2012 წელს მკვეთრი კლების შემდეგ, ექსპორტის მოცულობამ ნელ-ნელა აღდგენა დაიწყო და 2020 წელს დასტაბილურდა: 1,6-დან 1,9 მილიარდს მიაღწია. თურქეთსა და სირიას შორის არსებული მზარდი დაძაბულობის მიუხედავად, თურქეთის ექსპორტმა 2021-2023 წლებში 1,6 მილიარდს გადააჭარბა. გასულ წელს თურქეთმა თავის მეზობელ ქვეყანაში ძირითადად მარცვლეულის, ქიმიკატების, ელექტრონიკის, ფოლადისა და ზღვის პროდუქტების ექსპორტი განახორციელა.
გიულთეფე დარწმუნებულია, რომ სირიაში სტაბილური მმართველობის ჩამოყალიბების შემდეგ, ანკარასა და დამასკოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები სწრაფად განვითარდება. უფრო მეტიც, თურქული ფოლადის ინდუსტრია სირიაში დიდ პოტენციალს ხედავს. თურქეთის ფოლადის ასოციაციის გენერალური მდივნის, ვეისელ იაიანის თქმით, ფოლადი, პირველ რიგში, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად არის საჭირო. ორი ქვეყნის გეოგრაფიული სიახლოვე ლოგისტიკურ უპირატესობას უზრუნველჰყოფს და ხარჯების შემცირებას უწყობს ხელს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ფოლადის ქარხანა თურქეთის ქალაქ ისკენდერუნში, სირიიდან 400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
სირიის ეკონომიკური აღმავლობის იმედი
მიუხედავად იმისა, რომ თურქი ბიზნესმენები მეზობელ სირიაში დიდ პოტენციალს ხედავენ, ისინი არ ჩქარობენ. თურქული კომპანიები ოპერირების დაწყებას გაზაფხულზე გეგმავენ, თუ სირიის ახალი მთავრობა გარკვეული სტაბილურობის შექმნას შეძლებს. თავდაპირველად, თურქ ბიზნესმენებს სურთ, ადგილობრივ პარტნიორებთან დაიწყონ თანამშრომლობა. სწორედ ამ უკანასკნელთ შეუძლიათ ხელი შეუწყონ სავაჭრო კავშირების დამყარებასა და თურქი ინვესტორებისთვის რისკების შემცირებას. სტამბოლის ქიმიური პროდუქციის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე მურატ აკუიუზი სამშობლოში დაბრუნებულ სირიელებს თურქული ბიზნესის მნიშვნელოვან პარტნიორებად მიიჩნევს. მათ იციან როგორც სირიის, ასევე - თურქეთის ბაზრები და შეიძლება ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელ ძალად იქცნენ. გარდა ამისა, თურქეთის მთავრობამ აჩვენა, რომ მას ეკონომიკური ურთიერთობების სწრაფად აღდგენა სურს. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი უახლოეს დღეებში დელეგაციასთან ერთად ჩავა დამასკოში, სადაც მხარეები ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.
თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ემერ ბოლატმა თავისი მოადგილე გაგზავნა დამასკოში, რათა თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაეწყო. მთავრობის განცხადებით, ამას შედეგად მოჰყვა მრავალი შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ინვესტიციების განხორციელებას ხელს შეუწყობს. ამავდროულად, თურქი ექსპორტიორები შეშფოთებულნი არიან ახალი საბაჟო რეგულაციებით, რომლებიც სირიის ახალმა ხელისუფლებამ ყველა საზღვარზე დააწესა. აღნიშნულმა ქმედებამ თურქულ საქონელზე საბაჟო გადასახადების 500%-მდე გაზრდა გამოიწვია. ეს კი სირიის ბაზარზე თურქული საქონლის კონკურენტუნარიანობაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს.