ტრანსატლანტიკური პარტნიორობის დასასრული - გაიმარჯვა თუ არა პუტინმა?

პრეზიდენტი ტრამპი მზად არის, პუტინთან შორსმიმავალ დათმობებზე წავიდეს. ევროპა შოკშია. ერ-რიადში დაგეგმილმა ამერიკა- რუსეთის სამიტმა კი, შესაძლოა, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ბალანსი რადიკალურად შეცვალოს, - წერს გერმანული ტელეარხების - n-tv-სა და RTL-ის კორესპონდენტი დირკ ემმერიხი რუბრიკაში “ბერლინ-ინსაიდერი”.
რა ხდება?
დირკ ემმერიხის თქმით, მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია მას ჰანს-ულრიხ იორგესისა და აქსელ ვორმბოიმენის მიერ 2023 წელს გამოცემულ წიგნს ახსენებს. ავტორები 2025 წლის მსოფლიოს შესახებ წერენ: შეერთებული შტატების ხელახლა არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს კაიროში ხვდება და აცხადებს, რომ ამერიკა ევროპიდან თავის ჯარებს გაიყვანს და ნატოს დატოვებს. სანაცვლოდ კი, პუტინი ტრამპს ჩინეთისკენ მიმართულ გადაწყვეტილებებში სრულ კარტბლანშს მისცემს. წიგნის ავტორების თქმით, ორი უდიდესი ბირთვული ძალა მსოფლიოს ხელახლა ინაწილებს. ისინი ტოვებენ ორგანიზაციებსა და ალიანსებს, რომლებიც დაბრკოლების გარდა მათთვის აღარაფერს წარმოადგენს. „მაგარი ბიჭები“ - ტრამპი და პუტინი ყველაფერს თავისებურად წყვეტენ.
აშშ გლობალურ მსოფლიო დღის წესრიგს ცვლის
ის, რაც ორი წლის წინ პოლიტიკური თრილერის სიუჟეტად იყო ჩაფიქრებული, ახლა რეალობისგან არც ისე შორს დგას. მართალია, აშშ ჯერ კიდევ ნატოშია, ტრამპი და პუტინი ხვდებიან არა კაიროში, არამედ ერ-რიადში, მაგრამ სხვა დანარჩენი ყველაფერი სიმართლეა, - წერს დირკ ემმერიხი. მისი თქმით, ახლა სამყაროს მართავს არა კანონის ძალა, არამედ - ნება „ძლიერთა ამა სოფლისათა“. ამ დროისთვის, შეერთებული შტატები წარმოუდგენელი დინამიკით ცვლის გლობალური მსოფლიო წესრიგის კოორდინატულ სისტემას. ევროპა შოკშია. ევროპის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები 17 თებერვალს პარიზში შეიკრიბნენ, რათა ჩვენ თვალწინ მიმდინარე ცვლილებების შედეგები განეხილათ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი სწრაფად იპოვიან პასუხს, გარდა მოწოდებისა, რომ საერთო დასავლური ღირებულებები უნდა დაიცვან.
ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღერძი, ბერლინი-პარიზი, დიდი ხანია, საუკეთესო ფორმით ვეღარ ფუნქციონირებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საერთო ენა ვერა და ვერ გამონახეს. გარდა ამისა, სოციალ-დემოკრატ შოლცს გერმანიის მთავრობაში ყოფნის დღეები დათვლილი აქვს. სულ რამდენიმე დღე დარჩა ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებამდე, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება. დიდი ალბათობით, შოლცი პოსტს დატოვებს და კაცლერი კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი გახდება. დირკ ემმერიხის განმარტებით, ევროპამ ვერ შეძლო გამკლავება იმ გამოწვევებთან, რომლებიც უკავშირდება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს და რომელიც დღემდე მოუგვარებელია. აქამდე ამ მიმართულებით მოქმედი დევიზი ასე ჟღერდა: „ნაბიჯ-ნაბიჯ“, მაგრამ ახლა უკვე მოვლენები შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს.
გაიმარჯვა თუ არა პუტინმა?
დირკ ემმერიხის აზრით, ერ-რიადის სამიტის შედეგები შეიძლება ასე გამოიყურებოდეს: აშშ რუსეთთან ჩარჩო შეთანხმებას დებს და ხელებს იბანს. კიევი არ ზის მოლაპარაკების მთავარ მაგიდასთან, ის მხოლოდ გვერდითა ფლანგზეა. ევროპა ამ პროცესს საერთოდ არ ესწრება. როგორც კი გარიგება დასრულდება, შეერთებული შტატები განზე გადგება - დანარჩენი თავად ევროპამ უნდა გააკეთოს. ტრამპი კი ამ ყველაფრის ფონზე ისე მიმართავს პუტინს, რომ თავის ბედნიერებას ძნელად იჯერებს. დირკ ემმერიხის შეფასებით, დაპყრობილი (უკრაინული - რედ.) ტერიტორიები რუსეთს გადაეცემა, უკრაინის ნატოში გაწევრიანება კი დღის წესრიგიდან იხსენება. სწორედ ეს იყო პუტინის წინაპირობა მოლაპარაკებების დასაწყებად.
ემმერიხის პროგნოზით, ტრამპს არ სურს უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების განლაგება და G8-ში რუსეთის დაბრუნებას აპირებს. ამ ყველაფერზე ტრამპი და პუტინი აწ უკვე შემდგარი კომუნიკაციის დროს შეთანხმდნენ. ეს არის ის, რაც პუტინს ყოველთვის სურდა და ამის მიღწევის თვითონაც არ ჯეროდა. ის დასავლურ ალიანსში უთანხმოების ჩამოგდებას ყოველთვის ცდილობდა. ახლა კი ამ შედეგს თავისთავად იღებს - ამერიკა და ევროპა ერთიანობას აღარ ინარჩუნებენ. თუ ეს ყველაფერი მართლაც მოხდება აშშ-რუსეთის სამიტზე ერ-რიადში, მაშინ პუტინი აბსოლუტურ გამარჯვებას მოიპოვებს და დასავლეთი წააგებს, - ასეთია ემმერიხის შეფასება. მისი აზრით, ამ ყველაზე ცუდი სცენარის უკრაინას ყოველთვის ეშინოდა, ექსპერტები და ანალიტიკური ცენტრები კი ევროპაში მას ღიად განიხილავდნენ. ამიტომაც ქარიშხლის მოახლოების განჭვრეტა წინასწარ შეიძლებოდა. ტრამპს არასდროს დაუმალავს, კონკრეტულად რას აპირებდა, მაგრამ ევროპაში ასეთი სიტუაციის დაშვებაც არ უნდოდათ, ამიტომაც ისინი უბრალოდ მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას სანდო სამშვიდობო ძალებით 140 000-დან 150 000-მდე ჯარისკაცი დასჭირდება. ემმერიხი ხაზს უსვამს „სანდოობას“. გაითვალისწინეთ, არა გაეროს „ცისფერჩაფხუტიანები“, რომლებიც მხოლოდ პატრულირებენ, - ამბობს ის. მისი აზრით, სამშვიდობოების უმეტესობა ალბათ გერმანიიდან უნდა იყოს, თუმცა არც ბუნდესვერი და არც გერმანული საზოგადოება ამისთვის მზად არანაირად არ არიან.
ვენსის გამოსვლამ მიუნხენში ევროპა ბოლომდე შეძრა
თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროპას მორიგი დარტყმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს დევიდ ვენსმა მიაყენა. როდესაც ის ტრიბუნზე ავიდა, ყველა ელოდა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შესახებ ისაუბრებდა. თუმცა ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლამ ყველაზე ცუდ მოლოდინსაც გადააჭარბა - ეს იყო ის 18 წუთი, რომელმაც ევროპა სულიშემძვრელად შეაჯანაჯღარა.
ვენსმა უდიდეს საფრთხედ დაასახელა არა რუსეთი ან ჩინეთი, არამედ - თვით ევროპაში არსებული „შიდა საშიშროება“. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული მთავრობები, როგორიცაა გერმანია, ვენსის აზრით, უფრო საშიშია, ვიდრე - პეკინიდან ან მოსკოვიდან მომავალი საფრთხე. მისი თქმით, მთავრობებს ეშინიათ თავიანთი ამომრჩევლების და პარტიებს გარიყულებად აქცევენ. ამ შემთხვევაში ამერიკელი სტუმარი გულისხმობდა ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD). ამის შემდეგ ჯეიმს დევიდ ვენსი AfD-ს ლიდერს, ალის ვაიდელს შეხვდა. ფედერალურ კანცლერ შოლცთან მოლაპარაკებები მის დღის წესრიგში არ იყო.
ამავდროულად, აშშ-ში ვენსის ბოსი, პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელი და რუსი ხალხების სიდიადეზე საუბრობდა. ემმერიხის თქმით, ეს სრულიად ახალი ტონალობაა. მისი შეფასებით, ამერიკა თავის მტრებზე ისე საუბრობს, თითქოს ისინი ძველი მეგობრები იყვნენ და ძველ მეგობრებს ისე უყურებს - თითქოს მტრები არიან. თებერვლის დღეებში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ცხადი გახდა, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში რაღაც „გაფუჭდა“. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა: „ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება“.