გერმანიის არჩევნების შედეგები: მერცის გამარჯვება, შოლცის კრახი, AfD-ს რეკორდი

ფოტო: Srecko Matic/DW
გერმანიის ახალი კანცლერი CDU-ს (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია) თავმჯდომარე ფრიდრიხ მერცი იქნება. ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებას ულტრამემარჯვენეებიც ზეიმობენ. სოციალ-დემოკრატები (SPD) დამარცხდნენ, მაგრამ ხელისუფლებაში რჩებიან. გერმანიის არჩევნების შედეგები Deutsche Welle-მ შეაჯამა.
რა მოხდა?
გერმანიის მოსახლეობამ ხელისუფლების შეცვლას დაუჭირა მხარი. ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში, რომელიც კვირას, 23 თებერვალს გაიმართა, ოპოზიციურმა კონსერვატიულმა ბლოკმა CDU/CSU-მ გაიმარჯვა და ხმების 28,5 პროცენტი მიიღო. ეს 2-5%-ით ნაკლებია მაქსიმალურ მაჩვენებელზე, რომელსაც ბლოკმა ოპოზიციაში ყოფნის სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიაღწია. პორტალ Tagesschau.de-ს მიერ ციტირებულ სოციოლოგებს მიაჩნიათ, რომ მოსალოდნელზე ნაკლები შედეგის ერთ-ერთი მიზეზი კანცლერ ანგელა მერკელის მემკვიდრეობა და მის მიერ წარმოებული ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკაა. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა კურსის ცვლილების შესახებ დიდი ხნის წინ განაცხადა, მაგრამ, როგორც ჩანს, მან ვერ დაარწმუნა ყველა, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მზად იყო, პარტიისთვის ხმა მიეცა. მერცი იმედოვნებს, რომ აპრილის ბოლოს გადავა ფედერალური კანცლერის ოფისში, რომელიც ბერლინის ცენტრში მდებარეობს.
მომავალ მმართველ კოალიციაში CDU/CSU-ს შესაძლო პარტნიორების შესახებ ინტრიგა გვიან ღამემდე გაგრძელდა. თუ სარა ვაგენკნეხტის მემარცხენე პოპულისტური კავშირი პარლამენტში შესასვლელად საჭირო ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავდა, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მმართველი კოალიცია, რომელსაც CDU/CSU, SPD და მემარცხენე ლიბერალური „კავშირი 90/მწვანეები“ შექმნიდნენ. ეს ბევრად გაართულებდა მთავრობის ფორმირებას, რადგან კონსერვატორებს „მწვანეებთან“ ღრმა უთანხმოება აქვთ. თუმცა სარა ვაგენკნეხტის პარტია, რომელმაც 4,972% მოიპოვა, ბუნდესტაგში ვერ შევიდა და უმრავლესობის სამთავრობო კოალიცია შეიძლება შექმნან CDU/CSU-მ და SPD-მ „მწვანეების“ გარეშე. რაც შეეხება ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მთავრობაში შეყვანას, ცენტრისტული პარტიები ამას არც განიხილავენ.
შოლცი მიდის, პარტია ხელისუფლებაში რჩება
ამჟამინდელი კანცლერი ოლაფ შოლცი ბარგს ალაგებს, თუმცა უმცირესობის მთავრობის სათავეში კიდევ რამდენიმე კვირას დარჩება. მისმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) „უხერხულად“ წააგო, მიიღო რა 16,4% - ყველაზე ცუდი შედეგი, რაც კი პარტიას ოდესმე ჰქონია. არჩევნების წაგების მიუხედავად, SPD რჩება ხელისუფლებაში, როგორც კოალიციის უმცროსი პარტნიორი. სოციალ-დემოკრატები 1998 წლიდან მართავდნენ გერმანიას სხვადასხვა კოალიციაში. ვინ იქნება მათი წარმომადგენელი მერცის ახალ მთავრობაში, ჯერ ღიად რჩება. შოლცმა თქვა, რომ ის მიდის და მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს. შესაძლოა, სოციალ-დემოკრატებმა პარტიის ახალი ხელმძღვანელობა აირჩიონ. ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატია თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი.
უკიდურესი მემარჯვენეების ტრიუმფი და მემარცხენეების მოულოდნელი წარმატება
CDU-ს გარდა, არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს თავს ოპოზიციური ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD). ის მხარს უჭერს მიგრაციის რადიკალურ შეზღუდვას, გერმანიის ევროკავშირიდან გასვლას, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას. AfD მეორე ადგილზე გავიდა 20,8%-ით, რაც 2021 წლის შედეგებთან შედარებით, გაორმაგებულია. პარტიის თანათავმჯდომარე და კანცლერობის კანდიდატი ალის ვაიდელი სატელევიზიო ინტერვიუს მსვლელობისას ძალიან კარგ ხასიათზე იყო. ის დარწმუნებულია, რომ მერცის მთავრობა არასტაბილური იქნება, დაიშლება და რამდენიმე წელიწადში, სათავეში AfD გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა, ფანტასტიკურად სულაც არ ჟღერს. ვაიდელმა შესამჩნევი სიამოვნებით გაიხსენა მერცის სიტყვები, რომ AfD-ს შედეგის განახევრება სურდა, მაგრამ პირიქით მოხდა.
ულტრამემარჯვენეების წარმატება და ბუნდესტაგში ძალთა ბალანსის ცვლილება - ეს არის არჩევნების მთავარი შედეგები. AfD-ს სურს, შექმნას კოალიცია კონსერვატორებთან, მაგრამ ისინი უარს ამბობენ ულტრამემარჯვენეებთან თანამშრომლობაზე, ისევე, როგორც - სხვა პარტიები. მერცის თქმით, AfD-ს შეუძლია „იმდენჯერ გამოუწოდოს მათ ხელი, რამდენჯერაც უნდა“, მაგრამ მის პარტიას, სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად, ევროპასა და რუსეთზე რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს. მემარცხენე პარტიის შედეგიც ცოტა სენსაციური აღმოჩნდა. გამოკითხვებში ის დიდი ხნის განმავლობაში ვერ აღწევდა ხუთპროცენტიან ბარიერს, მაგრამ, ფაქტობრივად, კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და 8%-იანი შედეგი დადო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული წარმატების მიზეზი ბუნდესტაგში მიგრაციის შეზღუდვის ზომებზე ბოლო კენჭისყრა იყო. მისი ინიციატორი იყო CDU/CSU-ს ბლოკი და მხარი დაუჭირა AfD-მ. ულტრამემარჯვენეებთან ხმის მიცემის ტაბუს დარღვევამ, როგორც ჩანს, მემარცხენე ელექტორატის მობილიზება მოახდინა. ახალგაზრდებს შორის მემარცხენე პარტია AfD-ზე წინ გავიდა.
ტრამპისა და მასკის ჩრდილი ბუნდესტაგზე
გერმანიის ხანმოკლე საარჩევნო კამპანია იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ ის მზარდი კრიზისის პირობებში მიმდინარეობდა. ძველი პრობლემები გამწვავდა და დაემატა ახალი გამოწვევები, რის შედეგადაც ამომრჩეველთა უჩვეულოდ მაღალი აქტივობა - 84% დაფიქსირდა. მოსალოდნელი იყო, რომ მთავარი თემები ეკონომიკური სტაგნაცია და ინფლაცია იქნებოდა. თუმცა მიგრანტების მიერ თავდასხმებისა და მკვლელობების სერიამ წინა პლანზე წამოწია მიგრაციის შეზღუდვის საკითხი. ამას დაემატა აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ ევროპისა და გერმანიის მიმართ გაკეთებული მკაცრი განცხადებები და AfD-ისთვის მათი პირდაპირი მხარდაჭერა. ეს განსაკუთრებით ეხება მილიარდერსა და ტრამპის მოკავშირეს, ილონ მასკს. მან AfD-ს მხარდაჭერისკენ პირდაპირ მოუწოდა, რის შემდეგაც პარტიის რეიტინგი რამდენიმე პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამ ყველაფერმა შოკი და წინააღმდეგობა გამოიწვია პარტიების უმეტესობის მხრიდან, რომლებმაც ეს არჩევნებში ჩარევად შეაფასეს.
რას უნდა ელოდოს უკრაინა მერცის მთავრობისგან
და ბოლოს, ტრამპის ბოლო ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ, წინასაარჩევნო კამპანიის თემა გახდა. გერმანია არ ეთანხმება, რომ ასეთი მოლაპარაკებები უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე გაიმართოს. მერცმა განაცხადა, რომ უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხში აშშ-ს კონგრესის იმედი აქვს. არჩევნების შემდეგ და უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის მესამე წლისთავის წინა დღეს გამოსულმა კანცლერმა შოლცმა კიევის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არ შეიძლება, უკრაინა მარტო დარჩეს“. მთავრობის მომავალმა მეთაურმა მერცმა კი თავის პრიორიტეტად ევროპის ერთიანობა და თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება დაასახელა. ორივე ლიდერის თქმით, უკრაინის ომის ბედმა "მხოლოდ უკრაინელების თავზე" არ უნდა გადაიაროს. ზავის მხარდასაჭერად უკრაინაში გერმანიის ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ შოლცისა და მერცის განცხადებები ერთმანეთს დაემთხვა. ორივე პოლიტიკური ლიდერი მიიჩნევს, რომ ამაზე საუბარი „ნაადრევია“. როგორც ჩანს, გერმანიაში „დიდი კოალიცია“ ამ საკითხზე უკვე მუშაობს.