04 მარტი 2025 - 13:36

გადარჩება თუ არა უკრაინა ამერიკული იარაღის გარეშე?

ფოტო: Getty Images

აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინისადმი, რომელიც რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. თუ რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის, BBC-მ გაარკვია. 

რა ხდება?

დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვის ბრძანება  გასცა მანამ, სანამ ქვეყნის ხელმძღვანელობა „მშვიდობისადმი მზაობას“ არ გამოავლენს. ეს მოხდა ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი კამათიდან რამდენიმე დღის შემდეგ. „პრეზიდენტმა ნათლად დააფიქსირა, რომ მისი მიზანი მშვიდობაა. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც ამ მიზნისკენ ისწრაფვოდნენ. ჩვენ ვაჩერებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რომელსაც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები და ამერიკული მედიის წარმომადგენლები ციტირებენ.
თავად ტრამპს ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია და ოფიციალური ინფორმაცია არც თეთრი სახლიდან გაჟღერებულა. 

საკუთარი ძალისხმევა

უკრაინის თავდაცვის მაღალჩინოსანმა BBC-ს განუმარტა, რომ კიევი, ფაქტობრივად, კრიტიკულად არის დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე მხოლოდ რამდენიმე ტიპის იარაღის შემთხვევაში. მაგალითად, ეს არ ეხება განადგურების ძირითად საშუალებებსა და ფრონტის „სახარჯო მასალას“ - დაზვერვას, დარტყმას და FPV - დრონებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინული კერძო და სახელმწიფო კომპანიების მიერ არის აწყობილი. გარდა ამისა, უკრაინელები მუშაობენ ქვეყანაში ყველა ძირითადი კომპონენტის წარმოების ლოკალიზებაზე, რომელთა იმპორტირებაც, ძირითადად, ჩინეთიდან და შეერთებული შტატებიდან ხდება. ეს სამუშაოები თითქმის დასრულებულია - უკრაინაში წარმოებული დრონების 95%-ი უკრაინული კომპონენტებისგან არის აწყობილი. ერთ-ერთი უმსხვილესი უკრაინული კერძო თავდაცვის კომპანია „Ukrainian Armor“-ის ხელმძღვანელის, ვლადისლავ ბელბასის თქმით, FPV- დრონების გარდა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი სრულად ფარავს საკუთარ საჭიროებებს ჯავშანტექნიკაზე, ნაღმმტყორცნებზე, საარტილერიო სისტემებზე და ეს ნაწილობრივ საბრძოლო მასალის საჭიროებასაც ეხება. „ჩვენ აქტიურად ვავითარებთ საბრძოლო მასალის საკუთარ წარმოებას. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ იმაზე მეტ საბჭოთა კალიბრის საბრძოლო მასალას, ვიდრე ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი ერთად“, - აღნიშნა ბელბასმა.

გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლება იარაღის ევროპელ მწარმოებლებთან ერთობლივი საწარმოების შექმნაზე აქტიურად მუშაობს. როგორც უკრაინული მხარე განმარტავს, უკვე მოქმედებს, დაახლოებით, ათი ასეთი საწარმო, რომლებიც სხვადასხვა ტიპის იარაღის ერთობლივად აწარმოებენ - ჯავშანტექნიკით დაწყებული, რაკეტებით დამთავრებული. უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული F-16 გამანადგურებლების მომსახურებაც არ უნდა იყოს პრობლემა, ამბობენ კიევში. „ევროპაში არის ერთი კომპანია, რომელიც ამაზეა სპეციალიზირებული, ამიტომ აშშ-ის დახმარება შეიძლება ამით ჩანაცვლდეს“, - განუცხადა BBC-ს უკრაინელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისი თქმით, იგივე ეხება Starlink-ის თანამგზავრულ კომუნიკაციებს. ჯერჯერობით, თავად კომპანია და მისი მფლობელი ილონ მასკი აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ უკრაინელი სამხედროებისთვის ამ ტექნოლოგიაზე წვდომის უფლების ჩამორთმევას, მაგრამ უკრაინას უკვე აქვს რამდენიმე სარეზერვო ვარიანტი, თუ ეს მოხდება. ერთ-ერთი მათგანი ულვე გამოსცადეს კურსკის რეგიონში, სადაც Starlink-ი არ მუშაობს. 

კრიტიკული დამოკიდებულება

თუმცა იმავე უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების კუთხით, კრიტიკულ მნიშვნელობას ინარჩუნებს. უპირველეს ყოვლისა, აქ საუბარია საზენიტო სარაკეტო სისტემა „პატრიოტზე“, რომელსაც ბალისტიკური და აერობალისტური სამიზნეების ჩამოგდება შეუძლია. „ჩვენ ჩანაცვლებაზე ვმუშაობთ. თუმცა მსოფლიოში მხოლოდ ხუთი ქვეყანაა, რომლებიც საკუთარ საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწარმოებენ. შესაბამისად, ამერიკულის ჩანაცვლება საკმაოდ რთული იქნება“, - აღნიშნა BBC-ის წყარომ. ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ამერიკული საზენიტო სარაკეტო სისტემა „პატრიოტის“  საკუთარ ანალოგს ამუშავებს. BBC-ის წყაროების თანახმად, ეს პროცესი დასრულებამდე ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ მასზე მუშაობა „აქტიურად გრძელდება“. 

ამავდროულად, უკრაინელი დეველოპერები ცდილობენ, მტრის საჰაერო სამიზნეების ჩამოგდების სხვა ალტერნატივა მოძებნონ, რაც მათ საშუალებას მისცემს, დეფიციტურ დასავლურ საჰაერო თავდაცვის რაკეტებზე დაზოგონ. ბოლო კვირებში ამ მხრივ გარკვეული გარღვევა მოხდა. უკრაინელებმა უკვე მეორედ წარმატებით ჩამოაგდეს Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც რუსეთი ყოველ ღამე უშვებს უკრაინის ქალაქებში უშვებს და ეს იაფფასიანი უკრაინული დრონის საწინააღმდეგო აპარატის მეშვეობით მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია BBC-ს ორმა წყარომ დაუდასტურა. არსებობს კიდევ ერთი მიმართულება, რაშიც კიევი ვაშინგტონზე კრიტიკულად არის დამოკიდებული. აქ საუბარია ამერიკელ იარაღის მწარმოებლებზე. კერძოდ კი, მრავალჯერად სარაკეტო სისტემებზე, უპირველეს ყოვლისა, Himars-სა და მის საბრძოლო მასალაზე.

2022 წლის ზაფხულში, ამ მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემამ დაამტკიცა, რომ ფრონტზე ძალიან ეფექტური იყო. მომდევნო წლებში მათი გამოყენების ეფექტი გარკვეულწილად შემცირდა რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის ეფექტურობის გამო, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა ამერიკული GMLRS რაკეტების სიზუსტეზე. მიუხედავად ამისა, Himars-ის სისტემები უკრაინული სამხედროების ხელში კვლავ საშიშ იარაღად რჩება.

ყველაზე ცუდი სცენარი

თავდაპირველად, უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეწყვეტა ყველაზე ცუდ სცენარად ჩანდა, მაგრამ ახლა ეს უკვე რეალობაა და ამისთვის მომზადებაა საჭირო. ამერიკული გაზეთი Wall Street Journal-ი ესაუბრა სამხედრო ექსპერტებს და მათ გააკეთეს საკმაოდ საგანგაშო, თუმცა არა - აპოკალიფსური პროგნოზები. „ჩვენ შეგვიძლია გავძლოთ, შესაძლოა, ექვსი თვე ან ერთი წელი, რათა ევროპას კიდევ ერთი წელი მივცეთ საბრძოლო მასალის წარმოების გასაძლიერებლად... ჩვენ შეიძლება გვქონდეს დანაკარგები, შესაძლოა, ტერიტორიების ნაწილის დათმობაც მოგვიწიოს,  მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ, მიუხედავად სირთულეებისა“, - ამბობს ნიკოლაი ბელესკოვი, უკრაინული საქველმოქმედო ფონდის - Come Back Alive-ის უფროსი ანალიტიკოსი.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროპას შეუძლია, თეორიულად, აშშ-ს ხარჯებს გაუტოლდეს, მე ვერ ვხედავ მის შესაძლებლობას, საჭირო იარაღის სრული დიაპაზონი უზრუნველჰყოს. ზოგიერთ კრიტიკულ კატეგორიაში კი, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის რაკეტები, სწრაფად წარმოიქმნება სიმძლავრის პრობლემა“, - ამბობს ოსკარ ჯონსონი, შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტის ექსპერტი. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის რაკეტების ჩანაცვლება შეუძლებელია. მათი წარმოების გაზრდაც ადვილი საქმე არ არის. ახალი წარმოების განლაგების წმინდა ტექნოლოგიური სირთულეების გარდა, არსებობს ინვესტიციებისა და ორგანიზაციის პრობლემა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროკავშირი არის უნიკალური სუბიექტი, რომელიც  აშშ-სგან ან რუსეთისგან იმით განსხვავდება, რომ მას ერთიანი ნაციონალური სამხედრო ინდუსტრია არ აქვს. 

სხვა თემები