Deutsche Welle: იმოქმედებს თუ არა ტრამპის მუქარა გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებზე?

გრენლანდიის პარლამენტის (დანიის ავტონომია) არჩევნები მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში არასდროს ყოფილა. დღეს კი ხშირად გამოხატავენ შეშფოთებას უცხოურ გავლენასთან დაკავშირებით და მათ შორის, ეს ეხება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
რა ხდება?
წარსულში ასეთი არჩევნები, რა თქმა უნდა, კუნძულის ფარგლებს გარეთ დიდ ინტერესს არ გამოიწვევდა. საქმე იმაშია, რომ მიმდინარე წლის 11 მარტს, გრენლანდიაში, დანიის ავტონომიურ რეგიონში, ხმის მიცემის უფლების მქონე 40 000-ზე მეტი ადამიანი პარლამენტის 31 წევრს აირჩევს. თუმცა მოახლოებული კენჭისყრა იმით არის განსხვავებული, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შეიძლება გეოპოლიტიკური რყევები ისევ გაგრძელდეს. ერთი მხრივ, გრენლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეები იმედოვნებენ, რომ არჩევნები მათ მისცემს ძლიერ მანდატს, რომლითაც დანიის სამეფოს სრულად გამოეყოფიან. მეორე მხრივ, გასული წლის ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დონალდ ტრამპი მსოფლიოში ამ უდიდეს კუნძულზე სულ უფრო მეტ პრეტენზიას აცხადებს.
რატომ სურს ტრამპს, გრენლანდია შეერთებულ შტატებს შეუერთოს?
ტრამპმა თქვა, რომ შეერთებული შტატების გადაუდებელი აუცილებლობა, გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესახებ, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით არის განპირობებული. 1950-იანი წლებიდან შეერთებული შტატები იყენებს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პიტუფიკის სამხედრო ბაზას, საიდანაც კოსმოსზე დაკვირვება ხორციელდება და რომელმაც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის შესაძლო თავდასხმების შესახებ ადრეულ გაფრთხილებასა და თავდაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. უსაფრთხოების ინტერესების მიღმა, ტრამპის განზრახვებში, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს ეკონომიკურმა მოსაზრებებმაც, რადგან სამხრეთ გრენლანდია, როგორც ვარაუდობენ, ძვირფასი მინერალების დიდი საბადოებით არის მდიდარი. აქ საუბარია ნავთობზე, გაზზე, ოქროზე, ურანსა და თუთიაზე, კლიმატის ცვლილება კი მათ ექსპლუატაციას გააადვილებს.
ტრამპმა, ჯერ კიდევ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, 2019 წელს დანიას შესთავაზა კუნძულის ყიდვა, რაც კოპენჰაგენმა მაშინვე უარყო. პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებისთანავე, რესპუბლიკელის მხრიდან ექსპანსიონისტური განცხადებები გაცილებით ხშირად ისმის. ეს ეხება კანადას, პანამის არხს, ღაზას სექტორსა და გრენლანდიას. ჯერ კიდევ თეთრ სახლში დაბრუნებამდე, ტრამპმა თავისი ვაჟი დონალდ უმცროსი გრენლანდიაზე გაგზავნა. აღნიშნული ვიზიტის მიზანი ოფიციალურად „ტურისტული მოგზაურობა“ იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ გამოქვეყნდა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც გრენლანდიელთა მხოლოდ 6%-ი იყო მომხრე, რომ მათი კუნძული შეერთებულ შტატებს შეერთებოდა, 85%-ი კი წინააღმდეგი იყო. 4 მარტს, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წევრებთან გამოსვლაში, პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ მიმართა გრენლანდიელებს: „ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს უფლებას, თქვენი მომავალი თავადვე განსაზღვროთ“. თუმცა იქვე დასძინა: „ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ (გრენლანდიას - რედ.) ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ“.
მასკის ან ტრამპის გავლენასთან დაკავშირებული სიფრთხილე
„როგორც დეზინფორმაციის მკვლევარს, მე უფრო დიდი პოლიტიკის გავლენა მაწუხებს: თუ ილონ მასკი პირდაპირ ეთერში გარკვეული კანდიდატებისგან ინტერვიუს აიღებს ან ტრამპი გარკვეული პოლიტიკოსების სასარგებლოდ ისაუბრებს, ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს,“- ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მედიის კვლევის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი იოჰან ფარკასი, რომელიც დეზინფორმაციის კვლევაზეა სპეციალიზებული. აქ ფარკასი გულისხმობს იმ ფაქტებს, რომ ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებამდე მასკმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) კანცლერობის კანდიდატ ალის ვაიდელთან, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს დევიდ ვენსმა კი გერმანულ პარტიებს AfD-სთან თანამშრომლობის დაწყებისკენ მოუწოდა.
2025 წლის დასაწყისიდან დავები გრენლანდიაზეც არ ცხრება. გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მოძრაობის „გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული“ წარმომადგენლებმა კუნძულის დედაქალაქ ნუუკში 100-დოლარიანი კუპიურები დაარიგეს. გრენლანდიელი დეპუტატი კუნო ფენკერი ეწვია ვაშინგტონს და შეხვდა რესპუბლიკელ კონგრესმენს, რომელიც გრენლანდიის შეერთებული შტატებისთვის შეერთებას მხარს უჭერდა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ფარკასი აფრთხილებს ყველას, რომ საფრთხე ჯერ კიდევ ძალაშია. ამავე დროს, ის აღიარებს, რომ „ერთი თვის წინ უფრო ღელავდა, ვიდრე - დღეს“. თებერვლის დასაწყისში გრენლანდიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ადგილობრივი პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოურ (დანიურის გარდა) და ანონიმურ შემოწირულობებს კრძალავს.
რა უნდათ თავად გრენლანდიელებს?
კუნძულის დაახლოებით 57 000 მცხოვრებს, გრენლანდიელ ესკიმოსებს, რომლებიც საკუთარ თავს კალაალიტებს უწოდებენ, რეალურად საკუთარი პრობლემები აქვთ. საარჩევნო კამპანიაში სწორედ ეს ასრულებს მთავარ როლს - მაგალითად, რომელი მინერალური რესურსები უნდა დამუშავდეს და უცხოურ კომპანიებს უნდა მიეცეს თუ არა ამისთვის კონცესია. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებული შემოსავალი გრენლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეთა ერთ-ერთი არგუმენტია, რადგან კუნძულის ბიუჯეტის დაახლოებით მესამედი ჯერ კიდევ კოპენჰაგენის მიერ გაცემული სუბსიდიებით ყალიბდება.
პარტია „სახალხო თანამეგობრობის“ პარტიის ლიდერისა და გრენლანდიის ამჟამინდელი პრემიერმინისტრისთვის - მუტე ეგედესთვის, რომელსაც არჩევნების შემდეგ თანამდებობის შენარჩუნება სურს, კუნძულის დამოუკიდებლობა დეკლარირებულ მიზნად რჩება. "ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები ან დანიელები, ჩვენ ვართ კალაალიტები. ამერიკელებმა და მათმა ლიდერმა ეს უნდა გაიგონ", - დაწერა ეგედემ „ფეისბუქზე“ კონგრესში ტრამპის გამოსვლის შემდეგ. დეზინფორმაციული კვლევის ექსპერტის, იოჰან ფარკასის თქმით, კუნძულზე არსებული არასტაბილური მდგომარეობა პარლამენტის არჩევის შემდეგაც გაგრძელდება. "მნიშვნელოვანია უფრო ფართო ხედვა და იმის აღიარება, რომ ეს საფრთხე არჩევნების შემდეგ უბრალოდ არ გაქრება. სანამ შეერთებული შტატები გრენლანდიის დაპყრობის სურვილს დეკლარირებულად აცხადებს, უცხოური გავლენის რისკი კვლავ იქნება", - ასკვნის ფარკასი.