აშშ და რუსეთი შეთანხმებას აღწევენ: მიიღებს თუ არა ევროკავშირი ისევ რუსულ გაზს?

ფოტო: picture-alliance
ვაშინგტონმა და მოსკოვმა, შესაძლოა, ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობა განაახლონ. გარდა ამისა, სავსებით შესაძლებელია, რომ ევროპა კვლავ გახდეს რუსული ნახშირწყალბადების გაყიდვის ბაზარი. თუ რა ლოგიკა დევს ამ შეთანხმებებში და როგორია მათი პერსპექტივა, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რა ხდება?
აშშ-სა და რუსეთის ენერგეტიკული თანამშრომლობის შესაძლო განახლების შესახებ, რომელიც უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების პარალელურად განიხილება, თანდათან ახალი დეტალები ირკვევა. გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ერთობლივი პროექტები შეიძლება გაზსადენის - „ჩრდილოეთის ნაკადი -2“ გადატვირთვას მოიცავდეს. „დიახ, მართლაც, თუ აშშ და რუსეთი ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობაზე შეთანხმდებიან, მაშინ ევროპისთვის გაზსადენი უზრუნველყოფილი იქნება და ეს მას სარგებელს მოუტანს, რადგან ევროპა იაფ რუსულ გაზს მიიღებს“, - განაცხადა პუტინმა. გარდა ამისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთიდან გერმანიაში მილსადენ „მეგობრობის“ გავლით ნავთობის მიწოდების აღდგენის თაობაზე, - ამ ინფორმაციას გამოცემები - „Correctiv“-ი და „მნიშვნელოვანი ისტორიები“ ავრცელებენ. როგორც აღნიშნულ მედიასაშუალებებში ვკითხულობთ, მოლაპარაკებებში გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 2022 წელს ევროპამ დაისახა მიზანი, რომ ხუთი წლის განმავლობაში რუსულ ნახშირწყალბადებზე სრულად იტყვის უარს. ევროკომისიას ამ თვეში დეტალური გეგმა უნდა წარმოედგინა. ისმის კითხვა: რატომ განიხილება ახლა აბსოლუტურად საპირისპირო რამ?
ბოლოს და ბოლოს, „ჩრდილოეთის ნაკადი -2“ ამოქმედდება?
როგორც ადრე DW იტყობინებოდა, „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის გადატვირთვის შესაძლებლობა გასული წლის ბოლოდან განიხილებოდა. გაზსადენი ოპერატორის, შვეიცარიული კომპანია „Nord Stream 2“-ის აქტივებზე ამერიკელი ინვესტორები აცხადებენ პრეტენზიას. ერთ-ერთმა მათგანმა, საინვესტიციო კომპანია „Monte Valle“-ს დამფუძნებელმა და დონალდ ტრამპის სპონსორმა, სტივენ ლინჩმა თავისი ინტერესი ამ მიმართულებით უკვე დაადასტურა. გაზსადენის გადატვირთვაზე უშუალო პასუხისმგებლობა, თუ ეს მოხდება, შეიძლება აიღოს „Nord Stream 2“-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მატიას ვარნიგმა, რომელსაც მედია „ვლადიმერ პუტინის მეგობარს“ უწოდებს.
არაპირდაპირი დადასტურება იმისა, რომ პროექტის გადატვირთვა არა მხოლოდ განიხილება, არამედ მზადდება კიდეც, შეიძლება რუსული კომპანია „მილსადენის საფარი და ტექნოლოგიების“ გააქტიურებაც იყოს. სწორედ ეს უკანასკნელი მონაწილეობდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში. „გაზპრომის“ მენეჯმენტთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემა „მნიშვნელოვან ისტორიებს“ განუცხადა, რომ ის დიდ შეკვეთაზე სამუშაოდ ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შუამავლები ამერიკელი ინვესტორები იქნებიან. შესაბამისად, ისინი შეიძენენ გაზს „გაზპრომიდან“ და შემდეგ ევროპელ მომხმარებლებზე გადაყიდიან. ამ გზით ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა არ მოუწევს. ამ შესაძლებლობას ადასტურებს ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებაც. კონკრეტული დეტალები, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი. თუმცა ამჟამად „Nord Stream 2“ გაკოტრების პროცედურას გადის. კომპანიის აქტივები გასაყიდად იანვარში უნდა გამოეტანათ, მაგრამ ვადამ რამდენიმე თვით გადაიწია.
არამარტო გაზი, ნავთობიც?
მედიის ცნობით, პარალელურად განიხილება ნავთობსადენ „მეგობრობის“ ბედიც, რომელიც თავიდანვე რუსულ ნედლეულს აწვდიდა გერმანიის ქალაქ შვედტში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. ქარხანა ჯერ კიდევ რუსეთს ეკუთვნის, მაგრამ 2022 წლიდან ის გერმანიის ხელისუფლების დროებით მართვაშია. ამჟამად, ქარხანას ნედლეული მიეწოდება როსტოკისა და გდანსკის პორტებიდან სარეზერვო მილსადენისა და იმავე „მეგობრობის“ მეშვეობით, ასევე - რუსეთიდან ყაზახეთის გავლით.
აღნიშნული ქარხნის პოტენციურ მყიდველებს შორის ადრე სახელდებოდნენ კომპანიები ყატარიდან და ყაზახეთიდან. ახლა კი, „Correctiv“-ისა და „მნიშვნელოვანი ისტორიების“ ცნობით, როგორც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შემთხვევაში, შვედტის ქარხანა შეიძლება შეიძინონ ამერიკელმა ინვესტორებმა, რომელთაც სურთ, ევროპისთვის რუსული ნავთობის მიწოდებაში შუამავლის როლი იკისრონ. მოლაპარაკების ერთ-ერთმა მონაწილემ განსახილველ გარიგებაზე კომენტარი გააკეთა: „რუსები და ამერიკელები გამარჯვებულები არიან: ერთი ყიდის ნედლეულს, მეორე აწვდის მას ევროპელებს და ამ ყველაფრისთვის იხდის ევროპა“.
რატომ სურს აშშ-ს ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა?
18 მარტს, ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეეცდება, ჩინეთსა და რუსეთს შორის ალიანსის გაძლიერებას ხელი შეუშალოს. მისი აზრით, ეს არ არის „ბუნებრივი“. ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის წინადადება კი რუსეთის გადმობირების მცდელობაა. Bloomberg-ის წყაროების ცნობით, Nord Stream 2-ის გაშვებასა და „მეგობრობის“ გავლით ნავთობის მიწოდების აღდგენასთან ერთად, განიხილება სხვა ინიციატივები არა მხოლოდ ევროპაში, არამედ - აზიაშიც.
ევროკავშირის წარმომადგენლები თავიანთ განცხადებებში ამბობენ, რომ რუსეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობის განახლება გამორიცხულია. თუმცა, ამ საკითხში ერთსულოვნება არ არსებობს. ზოგიერთი ქვეყანა, პირველ რიგში, უნგრეთი და სლოვაკეთი, რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვის განახლებას ღიად ითხოვს. უფრო მეტიც, რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების აღდგენის მომხრეები ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც არიან, მაგრამ მათი ხმა ჯერ არ ისმის. გერმანიაში ამას აქტიურად ითხოვენ ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიები, რომელთა პოზიციებიც განსაკუთრებით აღმოსავლეთის ფედერალურ მიწებში არის ძლიერი. თუმცა ამ იდეას მხარდაჭერა სხვა პოლიტიკურ ძალებშიც აქვს. „თუ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მშვიდობას და დავრწმუნდეთ, რომ ევროპას რუსეთი გრძელვადიან პერსპექტივაში არ დაემუქრება, ღია უნდა ვიყოთ რუსული გაზის სამომავლო მიწოდებაზე მსჯელობისთვის“, - განუცხადა Bloomberg-ს საქსონია-ანჰალტის ეკონომიკის მინისტრმა, CDU-ს წევრმა სვენ შულცემ. მისი აზრით, ასეთი შესაძლებლობის სრულად გამორიცხვა „შეცდომა“ იქნებოდა.