ფიზიოგნომიკა: სახის ნაკვთები, როგორც ადამიანის სავიზიტო ბარათი

ფიზიოგნომიკა, რომელიც ბერძნული სიტყვების physis-ისა და gnomon-ის (ანუ "ბუნებისა" და "ცოდნის") შერწყმით წარმოიქმნა და "შემეცნების უნარს" ნიშნავს, ადამიანის ფსიქოტიპის, მისი ხასიათის თავისებურებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მეთოდია, თუმცა, უძველეს დროში ფიზიოგნომიკას არა მხოლოდ ადამიანის ხასიათის ამოსაცნობად, არამედ მისი მომავლის განჭვრეტისთვისაც მიმართავდნენ, რადგან ანტიკური ხანის საბერძნეთში სჯეროდათ, რომ ყველა ადამიანს სახეზე ეწერა საკუთარი ბედისწერა.
არისტოტელეს ორიგინალური მეთოდი
ფიზიოგნომიკის ფუძემდებლად არისტოტელე ითვლება, რომელმაც ადამიანის შეცნობის მეტად ორიგინალური - მისი ცხოველთან შედარების მეთოდი აირჩია და სწორედ მსგავსებაზე დაყრდნობით სცადა ფიზიოგნომიკის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბება. ფილოსოფოსს უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა, ახლად შექმნილმა მეცნიერებამ კი, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რადგან ანტიკურ ხანაში, როცა ადამიანებს მწირი ინფორმაცია ჰქონდათ როგორც სამყაროზე, ისე საკუთარ თავზე, ასტროლოგიის შემდეგ სწორედ ფიზიოგნომიკა იქცა ამოუცნობის შეცნობის საუკეთესო საშუალებად. მართალია, ანატომიის განვითარებასთან ერთად, "სახის კითხვის" ტექნიკამ მეცნიერების სტატუსი დაკარგა, რადგან არ ჰქონდა სარწმუნო მტკიცებულებათა ბაზა, მაგრამ აქტუალურობა მაინც შეინარჩუნა.
განსაკუთრებული პოპულარობა ფიზიოგნომიკამ მე-18 საუკუნეში, შვეიცარიელი თეოლოგისა და ღვთისმეტყველის იოჰან კასპარ ლავატერის წყალობით შეიძინა, რომელმაც მთელი 10 ტომი მიუძღვნა ადამიანის სახის ნაკვთებით მისი ფსიქოტიპის შესწავლას. მეტიც, ლავატერი აღსარებაზე მისული მრევლის ფსიქოლოგიურ პორტრეტებს ქმნიდა, მერე კი, გარეგნულ მახასიათებლებს მათი ხასიათის თავისებურებებს ადარებდა. ლავატერის აზრით, ადამიანის თავისა და სახის ცალკეული ზონები მისი ბუნების კონკრეტულ ასპექტებზე აგებდნენ პასუხს. მაგალითად, შუბლი - გონებრივ სფეროს განაგებდა, სახის კუნთები, ცხვირი და ლოყები - მორალსა და ემოციებს განსაზღვრავდნენ, პირი და ნიკაპი კი, მის ინსტინქტებს განასახიერებდა.
რა თქმა უნდა, მოსაზრება, რომ თავისა და სახის თავისებურებები ადამიანის ხასიათისა და ქცევის ერთგვარი ანარეკლია, დღესაც აქტუალურია. მეტიც, საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს კანადელმა მეცნიერებმა, რომელთაც ჰოკეისტების გარეგნობის შესწავლით დაასკვნეს, რომ ადამიანის აგრესია მისი თავის ფორმით გამოიხატება, რადგან როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო ფართო სახე აქვს ადამიანს, მით უფრო მაღალია მისი ტესტოსტერონის დონე და მით უფრო მეტადაა მიდრეკილი ძალადობისკენ. ბევრად შორს წავიდნენ ისრაელური კომპანიის Faception-ის წარმომადგენლები, რომელთაც სახის ნაკვთების კვლევით არა მხოლოდ ბანქოს დახელოვნებული მოთამაშეები, არამედ ტერორიზმისკენ მიდრეკილი ადამიანების გარეგნული მახასიათებლებიც განსაზღვრეს.
ფიზიოგნომიკის მთავარი პრინციპები
თანამედროვე ფიზიოგნომიკა რამდენიმე მთავარ პრინციპს ეფუძნება: შინაგანის და გარეგანის ერთობას - როცა ადამიანის გარეგნულ თავისებურებებს მისი ხასიათი განსაზღვრავს; მთლიანობას - როცა თითოეული ფრაგმენტი ინფორმაციის დამოუკიდებელი მატარებელია, მთლიანობაში კი, ადამიანის სახეს ქმნის; რეზონანსს - როცა ადამიანი ზოგადი ან სუბიექტური წარმოდგენების, ფასეულობებისა და შეხედულებების გათვალისწინებით "იკითხება"; წონასწორობას ანუ ფიზიკური და ფსიქიკური შემადგენლის ბალანსს - როცა გარეგნული დისჰარმონია სხეულის პროპორციის დარღვევით, ფსიქიკური კი, არათანმიმდევრული ქცევითა და მოქმედებით ვლინდება და თანაფარდობას - როცა სახის ფერი, ფორმა, კუნთები, ძვლები და სხვა ფრაგმენტები მკაცრად განსაზღვრული წესით ავსებენ ერთმანეთს.
ძირითადი ზონები და ფორმები
აღსანიშნავია, რომ სახე სამი ძირითადი ზონისგან - ზედა ანუ ინტელექტუალური (აზრების, ფიქრების), შუა ანუ ემოციური (გრძნობების) და ქვედა ანუ ვიტალური (ენერგიის) ნაწილისგან შედგება, რომელთა შორის ყოველთვის ერთი დომინირებს და სწორედ ის განსაზღვრავს ადამიანის ფსიქოტიპს. ამასთანავე, სახე პირობითად ექვს გეომეტრიულ ფიგურად - წრედ, ოვალად და რომბად, კვადრატად ან მართკუთხედად, სამკუთხედად და გულის ფორმის კონუსად იყოფა.
* კვადრატული (ან მართკუთხა) სახის მფლობელი მტკიცე ხასიათის და ძლიერი ნებისყოფის, სიჯიუტით და სიმტკიცით გამორჩეული, თუმცა ხშირად ძუნწი და ანგარებიანი ადამიანია, რომელმაც ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს სასურველ მიზანს. პრაქტიკულ და პრაგმატულ "კვადრატულებს" გამართული ლოგიკა და სხვათა დარწმუნების უნარი აქვთ, გონებით მოქმედებენ და არასდროს ემორჩილებიან გრძნობებს. ასეთი ადამიანები აუცილებლად კარგი ანალიტიკოსები არიან, თანდაყოლილი მოთმინებისა და ჟინის წყალობით კი, ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ დაწყებული საქმე.
* სამკუთხა სახის ფორმით არაორდინალური, საზრიანი და გონებამახვილი ადამიანი ხასიათდება, რომელსაც ბრწყინვალე ორატორული ნიჭი და იუმორის გრძნობა, თუმცა მეტად ცვალებადი ხასიათი აქვს. არ ცნობს ავტორიტეტებს, უყვარს თავისუფლება და ძალიან არ უყვარს, როცა ჭკუას ასწავლიან ან ცდილობენ მის დამორჩილებას. თუმცა, სწრაფად "გადახურებისა" და დიდი ხნით "გადაწვისკენ" მიდრეკილი "სამკუთხედები" მეტწილად ეგოისტები, კაპრიზულები, ზედმეტად კრიტიკულები არიან და მოჭარბებული ფანტაზიით, ტყუილებითა და რეალობის შელამაზებით გამოირჩევიან.
* მომრგვალებული სახის პატრონი ენერგიული, იმპულსური და ემოციური, ხელგაშლილი, სულგრძელი და კეთილშობილი ადამიანია, რომელიც გამჭრიახი გონებითა და სწრაფად აზროვნების უნარით გამოირჩევა, ყოველთვის უამრავი იდეა აქვს და ძალიან უყვარს ინიციატივის გამოჩენა. თუმცა, წინდაუხედავი, ნაკლებად პრაგმატულია და რისკისკენ მიდრეკილი, მეტწილად დაუფიქრებლად ჰკიდებს ხელს ახალ საქმეს. მართალია, ამაყი და ამბიციური "მომრგვალებულები" უპირობო ლიდერები არიან, მაგრამ ცუდად გამოსდით ხელმძღვანელობა, რადგან კარგად ეხერხებათ კოლექტივის მოტივირება, თუმცა ძალიან უჭირთ ადამიანების მართვა.
* ოვალური სახე ადამიანის ემოციურობასა და იმპულსურობაზე, ცნობისმოყვარეობასა და კარგად განვითარებულ ინტელექტზე მიანიშნებს. თუმცა, ძალიან რთულია ასეთი ადამიანის მართვა და დამორჩილება. მართალია, მდიდარი წარმოსახვის მქონე "ოვალურები" მეტწილად ხელოვანებისა და შემოქმედებით პროფესიებში ლიდერობენ, მაგრამ ნაკლებად პრაგმატულებს და არათანამიმდევრულებს ძალიან უჭირთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.
* გულის (კონუსის) ფორმის სახის მფლობელი პრაგმატიზმითა და კონსერვატიზმით გამოირჩევა. მართალია, სუსტი წარმოსახვა, მაგრამ პრაქტიკული ჭკუა აქვს და ნებისმიერ წამოწყებაში შეუძლია სარგებლის ნახვა. კომუნიკაბელური და კონტაქტური, თუმცა პატივმოყვარე და ანგარებიანი "ტრაპეციელები", რომლებიც მძიმედ ეგუებიან ცვლილებებსა და სიახლეებს, მეტწილად კარიერისტები არიან და არაფერს ერიდებიან პროფესიული წარმატების მისაღწევად.
* რომბისებრი სახის ფორმა სიმკაცრითა და სიჯიუტით, დოგმებისა და "პირადი ავტონომიისკენ" სწრაფვით გამორჩეულ ადამიანს აქვს, რომელიც არც მორალურ, არც ფიზიკურ ძალას არ უჩივის, ძალიან უყვარს ძალაუფლება და ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს ერთპიროვნული ლიდერობის მოპოვებას, არასდროს მარცხდება და "ალყაშემორტყმულიც" მსხვერპლის გარეშე აღწევს გამარჯვებას. მეტწილად გამხდარ და თხელ "რომბებს", რომლებიც ერთგვარ ისრებს ჰგვანან, ამიტომ თავდაცვაში ყოფნას ყოველთვის შეტევაზე გადასვლა ურჩევნიათ, შინაგანი ენერგიის უზარმაზარი მარაგი აქვთ და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ამოწურული სასიცოცხლო რესურსების შევსება.
პროფილი
ინდივიდუალური პროფილით გამოირჩევა ყველა ადამიანი, რადგან ყველას სახის განსხვავებული ნაწილი აქვს გამოკვეთილი. წინ გამოწეული შუბლით აქტიური, პოზიტიურად განწყობილი ადამიანი გამოირჩევა, რომელსაც კარგად განვითარებული წარმოსახვა, თუმცა ცუდი მეხსიერება აქვს. წინ წამოწეული პირის აპარატის მფლობელისთვის იმ საქმით სიამოვნების მიღებაა მნიშვნელოვანი, რომელსაც აკეთებს, გამოკვეთილი ცხვირით კი, სკეპტიკოსი ხასიათდება, რომელიც ყველაფერს ეჭვით უყურებს, არაფრის სჯერა და მაშინაც ჯიუტად იცავს საკუთარ პოზიციას, როცა იცის, რომ არასწორია.
ე.წ. წამახვილებული პროფილის პატრონი გამჭრიახი გონებით და დეტალების მიმართ ყურადღებით გამოირჩევა, ანალიტიკური გონება და სხარტად აზროვნების უნარი აქვს, ამიტომ სწრაფად და მარტივად ეგუება ცვლილებებსა და ახალ გარემოს, მომრგვალებული პროფილის მფლობელს კი, პირიქით, დიდი დრო სჭირდება მიღებული ინფორმაციის გააზრებისა და გადამუშავებისთვის, რადგან აზროვნებაც "დამუხრუჭებული" აქვს და ცხოვრების რიტმიც, არასდროს ჩქარობს და ვერ ხვდება რატომ ჩქარობენ დანარჩენები.
შუბლი
შუბლი ინტელექტზე მიანიშნებს, რადგან სწორედ შუბლის ფორმით განისაზღვრება რამდენად სწრაფად შეუძლია ადამიანს აზროვნება, ინფორმაციის დამუშავება და გადაწყვეტილების მიღება.
გამობურცული შუბლის პატრონს ყოველთვის მდიდარი წარმოსახვა, შემოქმედებითი ნიჭი და ანალიტიკური ჭკუა აქვს, საინტერესო მოსაუბრე და კარგი ორატორია, თუმცა ბუნტისთავი და რევოლუციონერია, არ ცნობს შეზღუდვებს, უყვარს სიახლეები და ყოველთვის ალტერნატიული გზით ცდილობს პრობლემების გადაჭრას. დახრილი შუბლით ენერგიული და სხარტი გონების ადამიანი ხასიათდება, რომელსაც კარგი მეხსიერება და სწრაფი რეაქცია აქვს, არასდროს კარგავს დროს ფიქრზე და გადაწყვეტილებასაც ზედმეტი ორჭოფობის გარეშე იღებს, თუმცა, სულსწრაფი და მოუთმენელი, ხშირად ნაჩქარევ, არასწორ დასკვნებს აკეთებს და სერიოზულ შეცდომებს უშვებს.
სწორი შუბლი მისი მფლობელის სწორხაზოვან აზროვნებაზე მიანიშნებს. ასეთი ადამიანი ყოველთვის სწორ გზას მიუყვება და არასდროს ფიქრობს გვერდზე გახვევას, საოცრად ჯიუტი, ჟინიანია და არ ცნობს კომპრომისებს, რადგან დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მას შეუძლია მოვლენების სწორად განჭვრეტა, თუმცა ძალიან უჭირს ინფორმაციის და მუდმივად ცვალებადი მოვლენების გააზრება, რადგან დიდი დრო სჭირდება გონებაში ყველაფრისთვის ადგილის მიჩენისა და დალაგებისთვის.
წარბები
უზარმაზარ ინფორმაციას ინახავს სახის ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფრაგმენტი - წარბები, რომელსაც უამრავის თქმა შეუძლია ადამიანის ფსიქოტიპზე, მის ენერგეტიკასა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე.
მასიური და ხშირი წარბები თავნება და ჯიუტ ადამიანს აქვს, რომელიც ყველგან დომინირებას, ლიდერობის მოპოვებას ცდილობს, თხელი და მეჩხერი წარბებით კი, ავი ზნის, აგრესიული ადამიანი გამოირჩევა, რომელიც არაფერს ერიდება და ნებისმიერ ფასად ცდილობს მიზნის მიღწევას. თვალებზე ბევრად გრძელი წარბების პატრონი მრავალმხრივ განვითარებული და გონებაგამჭრიახი კონსერვატორია მოქნილი ინტელექტითა და ინფორმაციის სწრაფად გააზრების უნარით, ის კი, ვისაც წარბები თვალებზე ბევრად მაღლა აქვს მოთავსებული გულღია, კომუნიკაბელური და დიდსულოვანი ადამიანია.
სამკუთხედი წარბები მისი მფლობელის ექსცენტრულობაზე მიანიშნებენ. ასეთი ადამიანი მხოლოდ საკუთარი ილუზიებით ცხოვრობს და ნაკლებად ინტერესდება სხვისი რეალობით, გადაბმული წარბებით მტკიცე ხასიათის ადამიანი გამოირჩევა, რომელიც ყოველთვის თამამად გამოთქვამს საკუთარ აზრს, წარბზედა ამობურცული რკალის პატრონი კი, მეტწილად საკუთარ პრობლემებზეა კონცენტრირებული, ძალიან უყვარს წუწუნი, ყველაფრის გაზვიადება და დრამატიზირება.
თვალები
მართალია ამბობენ, "თვალები სულის სარკეა, რადგან არასდროს იტყუებაო", მაგრამ ადამიანის რეალური ზრახვების ამოსაცნობად არა მხოლოდ თვალების ფერი, არამედ ფორმა, ჭრილი და ზომაც გასათვალისწინებელია. სხვათა შორის, მამაკაცს მარჯვენა თვალი უფრო კარგად აქვს განვითარებული, მაშინ როცა ქალბატონები მეტწილად მარცხენა თვალს ტვირთავენ.
ოვალური თვალების პატრონი ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებულია, დიდი თვალებით კი, დიდი გულის პატრონი, არტისტული და ლიდერობისკენ მიდრეკილი ადამიანი ხასიათდება, მაშინ როცა, პატარა თვალები ჯიუტ, ცბიერ და კონფლიქტურ ადამიანს აქვს. ახლოს ჩასმული თვალების პატრონს ყველაფრის კონტროლი უყვარს, რადგან ერთნაირად მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ, ფართოდ ჩასმული თვალებით პასიური, აუჩქარებელი, გაუბედავი ადამიანი გამოირჩევა, რომელსაც ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ღრმად ჩასმული თვალებით კი, ფლეგმატური ნიჰილისტი ხასიათდება, რომელიც აუჩქარებლად ცხოვრობს, არაფერი უნდა და იმითაც კმაყოფილია, რასაც ცხოვრება გაიმეტებს.
გადმოკარკლული თვალები ფიცხ და იმპულსურ, ენერგიულ და ზედმეტად მობილურ, იშვიათი ქარიზმით გამორჩეულ ადამიანს აქვს, რომელსაც არასდროს ყოფნის ერთი ცხოვრება, მაღლა აწეული წარბები და დაბლა დაწეული ქუთუთოები გაქნილს და გაიძვერას, ვიწრო თვალები კი, რომლებიც გამუდმებით "დარბიან" მეწვრილმანე ადამიანს ამხელენ.
თვალები დახრილი კუთხეებით მისი პატრონის პატიოსნებასა და სამართლიანობაზე, გამბედაობასა და სიმტკიცეზე მიანიშნებენ, ნაოჭებით თვალის შიდა კუთხესთან კი, გონებაგამჭრიახი ადამიანი ხასიათდება, რომელიც ბევრს ფიქრობს და ცოტას ლაპარაკობს.
ცხვირი
თუ ადამიანის ხასიათს სახე განსაზღვრავს, მაშინ მის ენერგეტიკულ პოტენციალს ყველაზე უკეთ ცხვირი განასახიერებს თავისი ფორმითა და ზომით.
მოკაუჭებული ან კეხიანი, ე.წ. არწივის ცხვირი მკაცრ, ძლიერი ნებისყოფის და ძალაუფლების მოყვარე ადამიანს აქვს, ფოსოთი კეხის სათავესთან კი, მეტწილად შემოქმედებითი ნატურის, მორცხვი და მორიდებული ადამიანი გამოირჩევა. სწორი და ბოლოში წამახვილებული ცხვირი მისი პატრონის თვითრწმენასა და სიამაყეს უსვამს ხაზს, მაშინ როცა გრძელი ცხვირით ეგოისტი, ნოღა ცხვირით კი, ზედაპირული, თავქარიანი ადამიანი ხასიათდება.
მსუქანი, ხორციანი ცხვირი ალკოჰოლის ზედმეტ სიყვარულზე მიანიშნებს. ცხვირი, რომელიც შუბლთან ქმნის ერთიან ხაზს - პატივმოყვარე ადამიანს აქვს, აპრეხილი ბოლოში წაწვეტებული ცხვირით კი, ცნობისმოყვარე, თუმცა ცბიერი ადამიანი ხასიათდება.
პირი და ტუჩები
მართალია, სილამაზის ეტალონად ერთი ზომის ზედა და ქვედა ტუჩი ითვლება, მაგრამ არც ადამიანები არიან იდეალურები, არც ნაკვთები აქვთ უნაკლო.
პატარა პირის პატრონს წესრიგი და დისციპლინა უყვარს, თუმცა სუსტი ნებისყოფა და დაბალი თვითშეფასება აქვს, ამიტომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარშემომყოფთა აზრს, მათ შეფასებას და შექებას. ასეთ ადამიანს ნაკლებად უმართლებს პირად ცხოვრებაში, რადგან თვითონ მართალი და პატიოსანი, პარტნიორისგანაც იმავეს მოითხოვს. დიდი პირით და მასიური ტუჩებით თავმომწონე ადამიანი გამოირჩევა, რომელიც პოპულარობისკენ ისწრაფვის, არასდროს იბნევა და ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია საკადრისი პასუხის გაცემა.
მსუქანი ტუჩები მგრძნობიარე და ემოციური ოპტიმისტის მახასიათებელია, დიდი და სქელი ტუჩების მფლობელი კი, გულწრფელობითა და პატიოსნებით გამოირჩევა, რომელსაც დასამალი არაფერი აქვს, ამიტომ ემოციებსაც კარგად მართავს და სიმშვიდესაც ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს.
წინ წამოწეული, ოდნავ შესივებული ზედა ან ქვედა ტუჩის პატრონი დამთმობი და გაუბედავია, ამიტომ ზედმეტად თავის გამოჩენას ჩრდილში ყოფნა და მიღებულით დაკმაყოფილება ურჩევნია, ყოველთვის შეუძლია კომპრომისზე წასვლა და მათი პატიება, ვინც გული ატკინა, მასიური ქვედა ტუჩი კი, მისი პატრონის მსუნაგობაზე მიანიშნებს, ასეთი ადამიანი არა მხოლოდ გასტრონომიული ღორმუცელა, არამედ ცხოვრებაშიც ძალიან ხარბია.
სიმეტრიული ტუჩები საღად მოაზროვნე, პატიოსან და ხელგაშლილ ადამიანს აქვს, თხელი წვრილი ტუჩების პატრონი - ზედმეტად ემოციური და ენერგიულია, ამიტომ ხშირად და უმიზეზოდ ფორიაქობს, ტუჩის ხშირი აბზეკით კი, აშკარად გამოხატული ეგოისტი ხასიათდება.
ნიკაპი
ჩვეულებრივ, ნიკაპი ნებისყოფასა და ფიზიკურ ძალასთან ასოცირდება, ამიტომ რაც უფრო ძლიერია ადამიანის შინაგანი ხერხემალი, მით უფრო მასიურია მისი გარეგანი გამოხატულება -ნიკაპი.
ფართო ქვედა ყბა კარგად განვითარებული "კუზით" ძლიერ და გამბედავ ადამიანს აქვს, რომელიც ყოველთვის ლიდერის პოზიციის მოპოვებას ცდილობს, რადგან სხვების მართვითა და მანიპულირებით იკმაყოფილებს პატივმოყვარეობას. ვიწრო და პატარა ნიკაპით რბილი, არაკონფლიქტური ადამიანი ხასიათდება, რომელსაც კამათში ჩაბმას დათმობა ურჩევნია და მართალია, არასდროს ცდილობს სხვის დამორჩილებას, მაგრამ არც სხვას გააბედვინებს საკუთარი ავტორიტეტის თავსმოხვევას.
მახვილი ნიკაპის პატრონი ზრდილი და თავშეკავებული, თუმცა ცბიერი და ვერაგი ადამიანია ბოროტი ზრახვებით, ამიტომ მისი ზრდილობაც ყოველთვის მოჩვენებითია. წაგრძელებული ნიკაპი უხეშ და შურისმაძიებელ, მომრგვალებული კი, პრაქტიკულ და პრაგმატულ ადამიანს აქვს, რომელსაც მართალია, ყოველთვის კარგად გამოსდის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, მაგრამ სხვებს უფრო ამუშავებს საკუთარი სარგებლისთვის, ვიდრე თვითონ იწუხებს თავს.
ოვალური ნიკაპით, რომელიც საკმაოდ იშვიათია და სილამაზის ეტალონად ითვლება, გულღია, მოსიყვარულე ადამიანი ხასიათდება მომხიბვლელი გარეგნობითა და სუსტი ჯანმრთელობით, ოდნავ წინ გამოწეული ნიკაპი კი, ჯიუტ, საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანს აქვს, რომელიც პანიკის გარეშე აგვარებს ყველა პრობლემას. კვადრატული ნიკაპი მისი მფლობელის მტკიცე ხასიათსა და შეუპოვრობაზე მიანიშნებს, კვადრატული, ოდნავ მაღლა აწეული და წინ გამოწეული ნიკაპის პატრონს ძალაუფლება უყვარს და ყველაფერში საკუთარ სარგებელს ხედავს, ე.წ. აგურის ფორმის წინ წამოწეული ნიკაპით კი, მტკიცე, უდრეკი ადამიანი ხასიათდება, რომელიც არასდროს იხევს უკან.
ფოსო ნიკაპზე ადამიანის სიმტკიცესა და თვითრწმენაზე, ნარცისიზმსა და საკუთარი თავით ტკბობაზე მიანიშნებს, მსუბუქად შუაზე გაყოფილი ნიკაპის პატრონი ვნებიანი და მოსიყვარულეა, თუმცა მეტწილად საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა სიყვარული უფრო იტაცებს, ის კი, ვისაც გამყოფი ზოლი მკაფიოდ აქვს გამოხატული, მარტოობისა და დეპრესიისკენაა მიდრეკილი.
ყურები
მართალია, ძირითადი მახასიათებლების ფონზე ყურებს ნაკლებად ექცევა ყურადღება, მაგრამ ისიც ისეთივე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, როგორც თავისა და სახის სხვა ფრაგმენტები.
დიდი ყურები დიდი ინტელექტის მანიშნებელია, მაშინ როცა, პატარა ყურები კარგად განვითარებულ ინტუიციაზე მიანიშნებს. ფართო ყურებით პრაგმატული ადამიანი გამოირჩევა, გრძელი ყურებით კი, ხარბი, მსუნაგი ადამიანი ხასიათდება, რომელიც ერთი დღით ცხოვრობს და ყველაფერი ერთად უნდა.
დიდი ბიბილოები დამოუკიდებლობისა და მოზღვავებული ენერგიის სიმბოლოა, პატარა კი - ადამიანის სუსტ ნებისყოფაზე მიანიშნებს, რომელიც ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. ყური ბიბილოს გარეშე მისი მფლობელის ცვალებად ხასიათს განასახიერებს, ვისთვისაც წესრიგიც უცხოა და დისციპლინაც, თავს მჭიდროდ მიმაგრებული ყურების პატრონი კი მომჭირნე, თავშენახული ადამიანია, რომელსაც სხვებზე კარგად გამოსდის გეგმების დასახვა და ყველაფრის წინასწარ გათვლა.
სახე, როგორც ანამნეზი
ხასიათის თავისებურებებთან ერთად, ადამიანის სახით მისი ცხოვრების წესის, მავნე ჩვევებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრაც შეიძლება.
კანის ნაცრისფრად შეფერვა ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის ზონაში - ჟანგბადის უკმარისობის სიმპტომია, კანის გაუფერულება თანმდევი სისუსტით, ქრონიკული დაღლილობითა და მოთენთილობით კი, სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე მიანიშნებს, რომელიც როგორც ანემიით, ისე ფილტვებისა და გულის დაავადებებით შეიძლება იყოს გამოწვეული. მოულოდნელად გაჩენილი წითელი ფერის გამონაყარი აუტოიმუნურ დაავადებებზე მიანიშნებს, ინტენსიური გამონაყარით და ქავილით - ცელიაკია ანუ ორგანიზმის მიერ გლუტენის მიუღებლობა გამოიხატება, პეპლის ფორმის გამონაყარი ლოყებზე კი, მჭამელის ანუ კანის ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმის ერთ-ერთი პირველი სიმპტომია.
მართალია, იდეალურად სიმეტრიული სახე არ არსებობა, მაგრამ ჩვეულებრივ, ასიმეტრია ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა, სიმეტრიის აშკარა დარღვევა, სახის ერთი ნაწილის გაქვავება და მიმიკის მოშლა ნერვული სისტემის დაავადებების ან ინსულტის ნიშანია. თვალების აპრიალება, სინათლისადმი მგრძნობიარობა და ერთგვარი ქვიშის შეგრძნება - ჰიპერთირეოზზე (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერებაზე) მიანიშნებს, როცა ფარისებრი ჯირკვალი დიდი ოდენობით ჰორმონებს გამოიმუშავებს, ორგანიზმი კი, ჟანგბადის დეფიციტს განიცდის, შეშუპებული ცხიმოვანი უჯრედები თვალის ნერვს აწვება და გამოსახულების გაბუნდოვნებას, მსუბუქ დალტონიზმს იწვევს.
წამწამების მოულოდნელად დაგრძელება ტრიქომეგალიის (ნორმაზე -12 მილიმეტრზე მეტად წამწამების პათოლოგიური ზრდის) სიმპტომია. მართალია, დაავადება მეტწილად თანდაყოლილია, მაგრამ სხვა დაავადებით, მათ შორის ტუბერკულოზით ან იმუნოდეფიციტური პათოლოგიებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. ჭარბი თმა სახეზე ჰორმონალური ბალანსის დარღვევაზე, მეტწილად ჰირსუტიზმსა (ქალებში უხეში თმის ჭარბად ზრდა მამაკაცისთვის დამახასიათებელ, ე.წ. ანდროგენმგრძნობიარე ზონებში) და პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომზე მიანიშნებს.
სახის დასივებას და თვალების შეშუპებას კანისა და თმის სიმშრალესთან ერთად იოდის დეფიციტი იწვევს. ჩვეულებრივ, იოდი ფარისებრი ჯირკვლების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, მისი სიმცირე კი, მთელ ორგანიზმს ზიანს აყენებს. ენდოკრინული პრობლემების მაუწყებელია წონის სწრაფი კლება და მატება, სიცივისადმი მომატებული მგრძნობელობა და მენსტრუალური ციკლის დარღვევა. მცირე ზომის ქსანთელაზმები (ქუთუთოს ყვითელი ხალები) ანუ კეთილთვისებიანი წარმონაქმნები - სისხლში ჭარბი ქოლესტერინის მანიშნებელია, რაც თავის მხრივ, ათეროსკლეროზს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს იწვევს. ყურების ქავილი ეგზემის ან ფსორიაზის, ალერგიის ან სოკოვანი დაავადებების ერთ-ერთ მთავარ სიმპტომად ითვლება. ამასთანავე, ყურების ქავილი ორგანიზმში D-ვიტამინის მარაგის ამოწურვაზე მიანიშნებს.