ტრამპი ირანს დაბომბვით ემუქრება. დაეხმარება თუ არა რუსეთი თეირანს?

რუსეთი ირანთან თანამშრომლობის ახალი შეთანხმების რატიფიცირებას აპირებს. რას ნიშნავს ეს აშშ-ის პრეზიდენტის მუქარის ფონზე, რაც ირანის დაბომბვას გულისხმობს? - ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.
რა ხდება?
სამშაბათს, 8 აპრილს, რუსეთის სახელმწიფო დუმა რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას აპირებს. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მიმდინარე წლის იანვარში მოაწერეს. შეთანხმება ჩაანაცვლებს 2001 წლის ხელშეკრულებას, რომელიც აქამდე გრძელდებოდა. ხელშეკრულებაზე მუშაობა ოთხი წლის წინ დაიწყო, თუმცა ირანსა და რუსეთს შორის რეალური დაახლოება, მათ შორის - სამხედრო სფეროში, დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე მოხდა. ეს დაკავშირებულია რუსეთის უკრაინაში ინტერვენციასთან, რისთვისაც ირანულ თვითმფრინავებს აქტიურად იყენებდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც 47 მუხლისგან შედგება და ეს მოხდა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების წინა დღეს. ხელშეკრულების რატიფიკაცია თეირანის წინააღმდეგ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული დაბომბვის მუქარის ფონზე მომზადდა. ამ კონტექსტში ანალიტიკოსები ყველაზე დიდ ყურადღებას დოკუმენტის სამხედრო კომპონენტზე ამახვილებენ.
რა სახის სამხედრო თანამშრომლობას გულისხმობს ახალი ხელშეკრულება?
2024 წელს რუსეთმა სტრატეგიულ პარტნიორობის მსგავსი შეთანხმებას ჩრდილოეთ კორეასთან გააფორმა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მხარეები პირდაპირ ვალდებულნი არიან „დაუყოვნებლივ“ უზრუნველჰყონ „სამხედრო და სხვა სახის დახმარება მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით“, ერთ-ერთ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში. ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ომში, მოსკოვმა და ფხენიანმა კი, სავარაუდოდ, ერთმანეთის იარაღით მომარაგება დაიწყეს. ორ ქვეყანას შორის არსებულ სამხედრო ალიანსზე დასავლეთში ხშირად საუბრობდნენ.
ირანთან შეთანხმების ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ მოსკოვი და თეირანი თანამშრომლობაში ასე შორს არ წასულან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში, პარტნიორი იღებს ვალდებულებას, რომ არ გაუწიოს აგრესორს „არანაირი სამხედრო ან სხვა სახის დახმარება, რომელიც აგრესიის გაგრძელებას ხელს შეუწყობს“. გარდა ამისა, შეთანხმებიხ მიხედვით, მხარეები უზრუნველჰყოფენ, რომ „უთანხმოება, რომელიც წარმოიქმნება, გადაწყდეს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის სხვა მოქმედი ნორმების საფუძველზე“.
შეთანხმება არ ითვალისწინებს სამხედრო ალიანსის შექმნას, - ხაზგასმით აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ, იანვარში დოკუმენტის ხელმოწერის წინა დღეს. დოკუმენტი ასევე არ გულისხმობს ირანის მიერ ანექსირებული ყირიმისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული სხვა უკრაინული ტერიტორიების აღიარებას. როგორც ირანული მედია იტყობინება, თეირანმა ეს ნაბიჯი არ გადადგა სპარსეთის ყურის კუნძულებზე საკუთარი ტერიტორიული დავების გამო, რომლებზეც პრეტენზიას არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებენ.
ომის შემთხვევაში, ირანი და რუსეთი ერთმანეთის დასაცავად მზად არ არიან
ფაქტობრივად, ამ პუნქტმა ვერაფერი შეცვალა ორ ქვეყანას შორის არსებულ სამხედრო თანამშრომლობაში, რადგან იგივე ფორმულირება 2001 წელს გაფორმებულ შეთანხმებაში უკვე გამოყენებული იყო. სამხედრო თანამშრომლობა ახალ ვერსიაში შემოიფარგლება „სამხედრო და ექსპერტთა დელეგაციების გაცვლით“, სამხედრო გემებისა და ხომალდების პორტებში გამოძახებით, სამხედრო პერსონალის წვრთნით, გამოფენებში მონაწილეობით, მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლითა და „ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაში მჭიდრო თანამშრომლობით“.
აღნიშნული შეთანხმების საკმაოდ ზოგადი ფორმულირება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნები ერთმანეთის დასაცავად მზად არ არიან. „ირანს არ სურს ჯარისკაცების მსხვერპლად გაღება საკუთარი ინტერესებისთვისაც კი. ის მარიონეტული ძალებისა და მოკავშირეების მეშვეობით ბრძოლას ამჯობინებს. რუსეთის ინტერესებზე ხომ საერთოდ რა უნდა ვთქვათ“, - ამბობს აღმოსავლეთმცოდნე, ირანის, ისლამიზმისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ახლო აღმოსავლეთში, ნიკიტა სმაგინი. ექსპერტის აზრით, კრემლი იზიარებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებისა და საუდის არაბეთის პოზიციას, რომლებიც ირანის სამხედრო გაძლიერებას ეწინააღმდეგებიან. „კრემლი აშკარად არ არის მზად, დაიცვას ირანი ისრაელის ან შეერთებული შტატების თავდასხმის შემთხვევაში“, - დარწმუნებულია სმაგინი.
ბირთვული შეთანხმების საკითხი
ირანთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის კიდევ ერთი საკვანძო საკითხია მისი ბირთვული პროგრამა და ეჭვები, რომ თეირანი, მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის განვითარების საფარქვეშ, ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. 2015 წელს შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან, რუსეთსა და ჩინეთთან დადებული შეთანხმება საშუალებას აძლევს ირანს, რომ ბირთვული ენერგიის სამოქალაქო მიზნებისთვის გამოსაყენებლად, ურანის მხოლოდ 3,67% გამდიდრება შეძლოს. სანაცვლოდ, შეთანხმების მონაწილე მხარეები თეირანისთვის სანქციების ეტაპობრივად მოხსნას აპირებდნენ. თუმცა, დონალდ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს, 2018 წელს, შეერთებული შტატები ამ შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოვიდა, რის შემდეგაც მან ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები კვლავ დააწესა და კიდევ უფრო გაამკაცრა. საპასუხოდ, თეირანი თავის ვალდებულებებზე ეტაპობრივად უარს ამბობს.
„უარეს შემთხვევაში, რუსეთს შეეძლო, ირანის ბირთვული პროგრამისთვის მხარი დაეჭირა. აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას უკვე აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს შესაბამის ტექნოლოგიებს უზიარებს“, - განუცხადა ZDF-ს ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტმა ჰანა ნოტტემ. თეორიულად, რუსეთს შეუძლია დააჩქაროს ირანული ბირთვული ბომბის შექმნა, მაგრამ ამის გაკეთებას არ აპირებს, - ამბობს გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უსაფრთხოების ექსპერტი შტეფან მაისტერი. „მოსკოვი, ფაქტობრივად, არ არის დაინტერესებული ასეთი ტექნოლოგიების გადაცემით, რადგან ამ შემთხვევაში ის შეიძლება ჩინეთისა და ინდოეთის ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს “, - თვლის მაისტერი. ანალიტიკოსი იხსენებს, რომ წარსულში რუსეთი ამ საკითხში დასავლეთის პარტნიორის როლში მოქმედებდა და ასეთი ტექნოლოგიების გავრცელების მიმართ უკიდურესად ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდა.
შეუძლია თუ არა მოსკოვს, აშშ-სა და ირანს შორის შუამავალი გახდეს?
მას შემდეგ, რაც ტრამპი დაემუქრა ირანს „დაბომბვით, რომლის მსგავსიც მათ არასდროს უნახავთ“, თუკი თეირანი ბირთვული შეთანხმების ხელმოწერაზე უარს იტყოდა, კრემლმა შუამავლის როლის შესრულების ინიციატივა გამოთქვა. ამერიკელი ანალიტიკოსები ვაშინგტონს მსგავსი ნაბიჯის შესახებ აფრთხილებენ და ეს ხდება განსაკუთრებით ახალი პარტნიორული შეთანხმების ფონზე. „რუსეთის საერთო ინტერესები ირანთან მას არასასურველ შუამავლად აქცევს და უდავოდ იმუშავებს ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ინტერესების შელახვაზე“, - აცხადებს ჯონათან ლორდი,ამერიკული უსაფრთხოების ახალი ცენტრის ახლო აღმოსავლეთის თავდაცვის პროგრამის დირექტორი. თავისი გავლენის გამოყენებით, რუსეთს, თეორიულად, შეუძლია აიძულოს ირანი, შეთანხმებას მიაღწიონ, - ამტკიცებს ის. თუმცა ექსპერტის აზრით, უფრო სავარაუდოა, რომ კრემლი პოტენციურ მოლაპარაკებებში ნებისმიერ როლს მოირგებს, რათა შეერთებულ შტატებზე ზეწოლა განახორციელოს.
„როდესაც ვსაუბრობთ ირანსა და აშშ-ს შორის არსებულ პრობლემებზე, ეს აშკარად არ არის გამოწვეული შუამავლების არარსებობით. ამის გარეშეც არსებობენ შუამავლები - იგივე ომანი ან შვეიცარია, რომელთა მეშვეობითაც შეთანხმებების გადაცემა ხდება. ქვეყნების მთელი ნაკრებია დაინტერესებული, რომ ომი არ იყოს. მათ შორისაა რუსეთი, თუმცა მსურველები მის გარეშეც არიან“, - დარწმუნებულია სმაგინი. მისი თქმით, მთავარი პრობლემა კომპრომისის საფუძვლის არქონაა და ამ კუთხით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ძირეულად რაიმე შეცვალოს. „მეტ-ნაკლებად სავარაუდო სცენარია, რომ რუსეთი განზე გადგება. ის ვერ და არ შეუშლის ხელს თავდასხმებს. კრემლს შეუძლია თავისი ნეიტრალიტეტი უზრუნველჰყოს, საკუთარი გავლენა ამაზე დააფუძნოს და შეერთებულ შტატებს ნეიტრალური სტატუსის სანაცვლოდ რაღაცაზე ევაჭროს“, - ვარაუდობს ექსპერტი.