14 აპრილი 2025 - 11:57

სამხედრო ალიანსი სერბეთსა და უნგრეთს შორის. დაიწყება თუ არა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ომი?

მარტის შუა რიცხვებში ხორვატია, ალბანეთი და კოსოვო სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საპასუხოდ, სერბეთმა და უნგრეთმა სამხედრო ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს. შეარყევს თუ არა ეს რეგიონის უსაფრთხოებას? - ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა. 

რა ხდება? 

სერბეთის სახელმწიფო მედია სერბეთსა და უნგრეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ერთსულოვნად აქებს. „ბომბი, რომელიც შეარყევს რეგიონს“, - ასე ჟღერს ტაბლოიდური გამოცემა Informer-ის სათაური. სამთავრობო სერბული გაზეთი Kurir-ი კი „ისტორიულ მომენტზე" წერს. გამოცემა Novosti აღნიშნულ შეთანხმებას „რკინის მეგობრობის ახალ მტკიცებულებას“  უწოდებს, ხოლო პორტალი Republika აცხადებს, რომ „ხორვატებსა და ალბანელებს სერბეთ-უნგრეთის სამხედრო ალიანსის პანიკურად ეშინიათ“. 

გაზეთები, სატელევიზიო არხები თუ ინტერნეტ პორტალები - სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ყველა მედიასაშუალება ერთხმად წერდა შემოთავაზებულ სამხედრო ალიანსზე, რომლის შეთანხმებაც უნგრეთისა და სერბეთის თავდაცვის მინისტრებმა კრისტოფ შალაი-ბობროვნიცკიმ და ბრატისლავ გაშიჩმა ბელგრადში, 1 აპრილს გააფორმეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ბოსნია და ჰერცეგოვინას შემადგენლობაში არსებული სერბთა რესპუბლიკის (Republika Srpska) პრეზიდენტმა, მილორად დოდიკმა განაცხადა, რომ ბოსნიელი სერბები „ახალ სამხედრო ალიანსს“ შეუერთდებიან. 

სერბულმა მედიამ ახალი „სამხედრო პაქტი“ წარმოაჩინა, როგორც რეაქცია ნატოს პარტნიორებს - ხორვატიასა და ალბანეთს შორის ახლახან შეთანხმებულ სამხედრო ალიანსზე, ისევე როგორც კოსოვოზე, რომლის დამოუკიდებლობაც ბელგრადს ათწლეულების შემდეგაც არ უღიარებია. „განსაკუთრებით საგანგაშოა“ ის, რომ „ეს სამხედრო ალიანსი (იგულისხმება ხორვატია-ალბანეთის შეთანხმება - რედ.) ბელგრადთან კონსულტაციის გარეშე შეიქმნა“, - ნათქვამია სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ბელგრადში მიაჩნიათ, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს სერბეთის იზოლაციას და კოსოვოში „გასამხედროებული სტრუქტურების“ შექმნას, რაც „უხეში პროვოკაციაა“, - დასძენს დიპლომატიური დეპარტამენტი. 

სამხედრო შეთანხმება ზაგრებს, ტირანასა და პრიშტინას შორის

სინამდვილეში რას გულისხმობს ზაგრებს, ტირანასა და პრიშტინას შორის დადებული შეთანხმება? დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ტირანაში 2025 წლის 18 მარტს, ნატოს სტრატეგიული კონცეფციისა და ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და სამხედრო პერსონალის მომზადება. ასევე იგეგმება ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფარგლებში, ძირითადი აქცენტი უცხოური კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციული კამპანიებისგან დაცვის ზომებზე  კეთდება. მართალია, სერბეთი აცხადებს, რომ ახალი სამხედრო ალიანსისგან ის საფრთხეს გრძნობს, მაგრამ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი ამტკიცებს, რომ „თანამშრომლობის ეს მემორანდუმი მტრული არ არის“. 

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სერბეთსა და ხორვატიას შორის მუდმივი ეროვნული მეტოქეობა და მტრობა სამმხრივმა შეთანხმებამ კიდევ უფრო გაახურა. „წავიდა ის დრო, როდესაც ხორვატიას უნდა ეკითხა ბელგრადისთვის, რისი უფლება ჰქონდა და როგორ უნდა მოქცეულიყო და ეს აღარასოდეს განმეორდება“, - განაცხადა ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა ივან ანუშიჩმა. ზაგრებში გამომავალი გაზეთი Jutarnji list-ი ამტკიცებდა, რომ სერბეთის პრეზიდენტს - ალექსანდრ ვუჩიჩს ნერვული აშლილობა დაემართა, როცა ახალი ალიანსის შესახებ შეიტყო. სერბულმა პრესამ კი უპასუხა ტრიუმფალური სათაურებით, რომელთაგან ერთ-ერთი ასეთი იყო: „ხორვატიამ და ალბანეთმა ექსპრეს- პასუხი მიიღეს: უნგრეთსა და სერბეთს შორის სამხედრო ალიანსის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა“.

რაზე შეთანხმდნენ ბელგრადი და ბუდაპეშტი?

უფრო დეტალური შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ბელგრადსა და ბუდაპეშტს შორის ეგრეთ წოდებული ისტორიული „სამხედრო ალიანსი“ მხოლოდ ვუჩიჩის მიერ კონტროლირებადი მედიის პოლიტიკური ტრიუკია. „ეს ემთხვევა ვუჩიჩის სხვა მარკეტინგულ ტრიუკებს“, - განუცხადა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა პეტარ ბოშკოვიჩმა ბელგრადულ გაზეთ Danas-ს, რომელიც მთავრობას აკრიტიკებს. სერბმა სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრე რადიჩმა რამდენიმე პორტალზე განმარტა, თუ რაზეა სინამდვილეში საუბარი. შეთანხმება, რომელიც ასე ხმამაღლა დაანონსდა, „არ  შეიცავს სამხედრო ალიანსის ელემენტებს“, - განაცხადა მან. დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ კონკრეტული სამხედრო თანამშრომლობის პროექტებს, რომლებიც ყოველწლიურად, 2023 წლის ჩარჩო შეთანხმების საფუძველზე ზუსტდება. თავად ვუჩიჩმა ასევე განმარტა, რომ „სამხედრო ალიანსი არის მიზანი“ და მისი შექმნის კურსი მხოლოდ ახლა დაისახა. 

არსებობს თუ არა დასავლეთ ბალკანეთში ომის დაწყების საფრთხე?

რაც უნდა ბუნდოვანი იყოს სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები წლების განმავლობაში იარაღდებიან. მაგალითად, ხორვატიამ, რომელიც სავალდებულო გაწვევას 2025 წლის 1 იანვარს დაუბრუნდა, საფრანგეთისგან Rafale-ს მოიერიშე თვითმფრინავები შეიძინა და გარდა ამისა, გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.  თავის მხრივ, სერბეთმა მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების შესაძენად პარიზთან კონტრაქტი გააფორმა, ამასთანავე, შეიარაღების სისტემებს რუსეთისა და ჩინეთისგან ყიდულობს. „ფიტილი ბალკანეთში ჯერ კიდევ მოკლეა“ - ასეთი სათაური ჰქონდა ბუნდესვერის ასოციაციის 2024 წლის იანვრის მოხსენებას, რომელიც ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში არსებულ ვითარებას ეხებოდა. მაგრამ რამდენად ფეთქებადია სიტუაცია იქ რეალურად? 

სამხედრო სიმძლავრის კოეფიციენტებში უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, ომი უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. აპრილის დასაწყისში ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში რეგიონში არსებული ვითარების შეტანა საჭირო არ იყო. სულ რაღაც ერთი წლის წინ, მისი წინამორბედი იენს სტოლტენბერგი ასევე ირწმუნებოდა, რომ ბალკანეთში პირდაპირი სამხედრო საფრთხე არ არსებობს. „ნამდვილი ომის დაწყების ალბათობა დაბალია“, - ამბობს ვუკ ვუკასანოვიჩი ბელგრადის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრიდან. ექსპერტის აზრით, შეიარაღების მიმართულებით ბალკანეთში გამართული მარათონის მიუხედავად, ასეთი კონფლიქტისთვის ქვეყნებს ძალიან ცოტა რესურსი აქვთ. ვუკასანოვიჩი განმართებით, პირველ რიგში, ადგილობრივი ელიტების ძალაუფლებას შეუქმნის ომი საფრთხეს. 

ნატოს ყოფნა რეგიონში

გარდა ამისა, რეგიონში ნატოს პოზიციები ძლიერია. კოსოვოს გარდა, ალიანსის წევრია სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მეზობელი ყველა სხვა ქვეყანა. თავად სერბეთი და  ბოსნია-ჰერცეგოვინა კი ნატოს წევრები არ არიან. ამასთანვე, შეერთებულ შტატებს კოსოვოში დიდი სამხედრო ბაზა - Camp Bondsteel-ი- აქვს. ალბანეთის ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე დურესის პორტში დიდი საზღვაო ბაზის აშენება უკვე დიდი ხანია იგეგმება. გარდა ამისა, რუმინეთში, რომელიც ესაზღვრება სერბეთს, კონსტანცის მახლობლად მდებარე Mihail Kogalniceanu-ს საავიაციო ბაზაა, რომელიც ამჟამად გაფართოებისა და მოდერნიზების პროცესშია.  შესაძლოა, აქ განთავსდეს ალიანსის 10 000-მდე ჯარისკაცი, რაც მას ნატოს ყველაზე დიდ ბაზად აქცევს ევროპაში, ტერიტორიის მიხედვით. 

სხვა თემები