23 აპრილი 2025 - 11:03

რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა. რა მოხდება კონკლავამდე

რომის პაპის ფრანცისკე

რომის პაპის ფრანცისკე

ფოტო: GETTY IMAGES

კათოლიკურ ეკლესიაში ძალიან ცოტა რამ არის ისე დეტალურად და ზედმიწევნით რეგლამენტირებული, როგორც პერიოდი პაპის გარდაცვალებასა და ახალი პონტიფიკოსის არჩევას შორის. თუ რა და როგორ  ხდება ამ დღეებში, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

რა ხდება?

არავინ მართავს, მაგრამ ყველაფერი მკაცრად რეგულირდება. ორშაბათს, 21 აპრილს,  რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ, ვატიკანში ე.წ. „ცარიელი სავარძლის“ (ლათ. - sedis vacante) პერიოდია. ლოგიკურად, ამ დროს რომის პაპის ტახტი ცარიელია. თუმცა მოვლენების განვითარება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე დეტალურად არის გაწერილი. კათოლიკურ ეკლესიაში ყოველთვის ასეა გარდამავალ პერიოდში, რომელიც პაპის გარდაცვალებით  იწყება და ახალი პონტიფიკოსის არჩევით სრულდება. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პერიოდი სამ ეტაპად იყოფა: გარდაცვლილი პონტიფიკოსის დაკრძალვის წინა დღეები, შემდეგ გლოვა და კარდინალების მომზადება კონკლავისთვის, ბოლოს კი - თავად კონკლავი. 

გლოვა და გამომშვიდობება გარდაცვლილ პაპთან

პონტიფიკოსის გარდაცვალებიდან მალევე იწყება Novendiale - ცხრადღიანი გლოვის პერიოდი და ყოველდღიური ღვთისმსახურებები წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. ეს განსაკუთრებული დროა ეკლესიისთვის და ის გამოირჩევა მრავალი დეტალით, რომელთაც დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვთ. ორშაბათიდან ვატიკანის დოკუმენტებზე არის დატანილი არა წმინდა საყდრის გერბი, არამედ სპეციალური გერბი, რომელიც „ცარიელი სავარძლის“ პერიოდს ასახავს. მასზე გამოსახულია წმინდა პეტრეს გადაჯვარედინებული გასაღებები ღია ქოლგის ქვეშ. აღნიშნული გერბი დაიბეჭდება ვატიკანის გაზეთის - Osservatore Romano-ს გარეკანზე მანამ, სანამ ახალი პაპი არ აირჩევა.

პაპ ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს, გარდაცვალებიდან ხუთი დღის შემდეგ დაკრძალავენ. წარსულში დაკრძალვის ცერემონია ზოგჯერ უფრო სწრაფად ტარდებოდა. იოანე XXIII 1963 წელს, გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ დაკრძალეს, პიუს XII 1958 წელს - ოთხი დღის შემდეგ. დაკრძალვამდე მორწმუნეებს საშუალება აქვთ დაემშვიდობონ გარდაცვლილ პაპს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. თუმცა, თითქმის 150 წლის განმავლობაში ფრანცისკე პირველი პონტიფიკოსია, რომელსაც ამ წმინდა პეტრეს ტაძარში არ დაკრძალავენ. მან თავისთვის უბრალო საფლავი აირჩია სანტა მარია მაჯიორეს ეკლესიაში, ქალაქის მთავარ ტაძარში, რომელიც ღვთისმშობლის სახელობისაა და პაპის საყვარელი სალოცავი იყო (აღნიშნული ტაძარი რომში, რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს). აღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილი გახდა ფრანცისკეს ანდერძიდან, რომელიც 21 აპრილს გამოქვეყნდა. ამის შესახებ საუბარია რომის პაპის ავტობიოგრაფიაშიც, სახელწოდებით „იმედი“, რომელიც 2025 წლის იანვარში გამოქვეყნდა. 

კარდინალების მოსაზრებები და ძალთა ბალანსი კონკლავამდე

კონკლავისთვის მოსამზადებელი კარდინალების შეხვედრები დაკრძალვამდე იწყება. კონსისტორიების სერიას (ამ შეხვედრებს ასე უწოდებენ) დაკრძალვის დღემდე და მის შემდეგ ესწრებიან არა მხოლოდ 80 წლამდე კარდინალები, რომელთაც პაპად არჩევის უფლება აქვთ (ამჟამად 135), არამედ კათოლიკური ეკლესიის ყველა კარდინალი (ამჟამად 252). ბოლო დროს ასეთი პროცედურებისთვის შემოიღეს სპეციალური ტერმინი: წინასწარი კონკლავი. აზრთა ეს გაცვლა მნიშვნელოვანია, რადგან აქ საუბარია135 კარდინალზე 71 ქვეყნიდან.  ყველა მათგანი ერთმანეთს არც იცნობს, მათ შორის, საეკლესიო პოლიტიკაში მათი პოზიციების თვალსაზრისით.

ეს საერთო კრებები  ვატიკანში, სინოდის დარბაზში ტარდება. კარდინალები, რომელთაც ახალი პაპის არჩევა ევალებათ, სხდომებს რომში ჩასვლისთანავე უნდა დაესწრონ. 2013 წლის 13 მარტს, ფრანცისკეს არჩევის შემდეგ ცხადი გახდა ასეთი კონსულტაციების მნიშვნელობა, რადგან ეს იყო ძალიან ღია დებატები. გარდა ამისა, სწორედ მაშინ ბუენოს-აირესის მაშინდელმა არქიეპისკოპოსმა, ხორხე მარიო ბერგოლიომ თავის გამოსვლაში კათოლიკური ეკლესიისა და რწმენის მდგომარეობაზე იმდენად კარგად ისაუბრა, რომ ამით ნებსით თუ უნებლიედ პაპობის კანდიდატი  გახდა. 

კონკლავი: კარდინალების არჩევა და თეთრი კვამლი სიქსტის კაპელას თავზე

პაპის გარდაცვალებიდან 15-20 დღის განმავლობაში კარდინალებმა, რომლებიც კონკლავს ქმნიან, წმინდა საყდრის ახალი ხელმძღვანელი უნდა აირჩიონ. ისინი იკრიბებიან ვატიკანის პანსიონში, წმინდა მართას სახლში, მობილური ტელეფონების, კომპიუტერებისა და გაზეთების გარეშე. სწორედ აქ ცხოვრობდა ფრანცისკე, სანამ პაპი იყო. დილით წმინდა პეტრეს ბაზილიკაში „რომის ეპისკოპოსის არჩევისთვის“ მესა აღევლინება. ლანჩის შემდეგ კარდინალები გადაინაცვლებენ სიქსტის კაპელაში, სადაც კენჭისყრა გარე სამყაროსგან სრულ იზოლაციაში ჩატარდება.

იოანე პავლე II კონკლავისა და პაპის არჩევნების ჩატარების მთელ პროცესს დეტალურად აღწერს. „პაპობის ისტორიაში არც ერთი დოკუმენტი არ შეიცავს პროცედურის ისეთ საფუძვლიან და დეტალურ აღწერას, როგორც „ცარიელი სავარძელის“ შემთხვევაში“, - განმარტა ეკლესიის ისტორიკოსმა და პაპის ექსპერტმა იორგ ერნესტიმ DW-სთან ინტერვიუში. ჯერ კიდევ ფრანცისკეს გარდაცვალების დღეს ზოგიერთმა ექსპერტმა ე.წ. „გრძელი კონკლავი“ დააანონსა. რას ნიშნავს ეს? მე-20 საუკუნეში პაპების არჩევას ორიდან ხუთ დღემდე დასჭირდა. ორი კონკლავი - 2005 და 2013 წლებში - მხოლოდ 26 და 27 საათს გაგრძელდა. სწორედ ეს კონკლავები ისტორიაში ყველაზე მოკლევადიანად ითვლება. დღეს კი, მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო, კონკლავი შეიძლება ცოტათი გაჭიანურდეს. 

ერნესტი, რომელიც „ხანგრძლივ კონკლავზე“ საუბრობს, 1800 წელს, პაპ პიუს VII-ის არჩევას გულისხმობს. მაშინ კარდინალები სიქსტის კაპელაში 1799 წლის 1 დეკემბერს შეიკრიბნენ და 1800 წლის 14 მარტამდე ვერ დაიშალნენ. თუმცა 1831 წლის შემდეგ აღარ გამართულა კონკლავი, რომელიც ექვს დღეზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც წესი, პონტიფიკოსის არჩევა დახურული კენჭისყრით ტარდება. პაპი არჩეულად ითვლება მაშინ, როდესაც კანდიდატს კარდინალთა ხმების არანაკლებ ორ მესამედს დამატებული ერთი ხმა აქვს. თუ პაპი პირველი კენჭისყრისას არ აირჩევა ან თუ კონკლავის პირველ დღეს კენჭისყრა არ შედგება, მაშინ ყოველ მომდევნო დღეს უნდა ჩატარდეს ოთხი ტური - ორი დილით და ორი საღამოს. 

ყოველი ტურის შემდეგ, რომელიც საბოლოო შედეგს არ იძლევა, ბიულეტენები  სპეციალურ ღუმელში იწვება. სიქსტის კაპელას ბუხრიდან ამოსული შავი კვამლი ნიშნავს, რომ ახალი პაპი ჯერ არ არჩეულა. მას შემდეგ, რაც პონტიფიკოსი აირჩევა, ღუმელში ბიულეტენებს ემატება სელი, რომელიც კვამლს თეთრ შეფერილობას აძლევს. 

სხვა თემები