01 მაისი 2025 - 07:07

დაიწყება თუ არა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომი?

ტერორისტული თავდასხმების შედეგად, ქაშმირში 26 ადამიანი დაიღუპა. ამის საპასუხოდ, ნიუ-დელიმ საზღვრები დახურა და პაკისტანთან თითქმის ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. შეიძლება თუ არა სამხედრო კონფლიქტამდე მივიდეს ორი ქვეყანა, რომელთაც ბირთვული იარაღი აქვთ? 

რა ხდება?

პაკისტანის უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, კარაჩის რიგითმა მცხოვრებლებმა შეშფოთება გამოთქვეს ქაშმირის სადავო რეგიონის ინდოეთის ნაწილში, პაჰალგამში ტურისტების მკვლელობასთან დაკავშირებით. ისლამისტურმა დაჯგუფებებმა წარსულშიც არაერთხელ განახორციელეს სისხლისმღვრელი თავდასხმები სადავო ტერიტორიაზე, რაც ხშირად ინდოეთისა და პაკისტანის ჯარებს შორის დაძაბულ შეტაკებებსა და სროლასაც კი იწვევდა. თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ნიუ-დელის გადაწყვეტილი აქვს, ჭკუა ასწავლოს ისლამაბადს, რომელსაც ქაშმირში სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის არსებული დაძაბულობის მიუხედავად, პაკისტანში ინდოეთთან სრულმასშტაბიან ომს არ ელიან. „ვფიქრობ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ტოტალური ომი შეუძლებელია“, - განუცხადა Deutsche Welle-ს ისლამაბადში დაფუძნებული უსაფრთხოებისა და კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა იმტიაზ გულმა. „ორივე ქვეყნის ბირთვული პოტენციალი სრულმასშტაბიანი კონფრონტაციის მთავარ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს“, - აღნიშნა მან. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს გათვლა წარსულში გამართლებული იყო, ამჟამად დაპირისპირება მწვავდება. პაჰალგამის თავდასხმის შემდეგ, ნიუ-დელიმ პაკისტანის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების სერია მიიღო, მათ შორის, თითქმის ყველა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვა, ამასთანავე, 1960 წელს დადებული ინდის წყლების ხელშეკრულების შეჩერება, რომელიც მდინარე ინდიდან წყლის განაწილებას არეგულირებს. საპასუხოდ, ისლამაბადმა ნიუ-დელისთან დიპლომატიური ურთიერთობები შეამცირა და ორმხრივი ვაჭრობა შეაჩერა. რა მოხდება ამ ყველაფრის შემდეგ?

მიიღებს თუ არა ინდოეთი საპასუხო სამხედრო ზომებს?

2019 წელს, ქაშმირის პულვამში თვითმკვლელმა ტერორისტმა 40 ინდოელი ჯარისკაცი იმსხვერპლა. საპასუხოდ, ნიუ-დელიმ პაკისტანზე მიიტანა საჰაერო დარტყმები, რამაც ორი ქვეყანა ომის ზღვარზე მიიყვანა, თუმცა მაშინ კრიზისი ჩიხური სიტუაციით დასრულდა. შეუძლია თუ არა ინდოეთს მსგავსი დარტყმების ხელახლა განხორციელება? „ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და მისი მთავრობა უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან, რათა საპასუხო სამხედრო რეაგირება მოახდინონ“, - განუცხადა DW-ს პრავინ დჰონტიმ, კონფლიქტების პრევენციის არასამთავრობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“ უფროსმა ანალიტიკოსმა. „ინდოეთის მთავრობისა და მმართველი პარტიის მხრიდან პაკისტანის მიმართ ჩვეულმა მტრულმა რიტორიკამ საზოგადოების მოლოდინები უკვე ჩამოაყალიბა“, - დასძინა მან. „ეს მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს თავის იმიჯს საზოგადოების თვალში. სავარაუდოდ, ინდოეთის ხელისუფლება იძულებული იქნება, განახორციელოს სამხედრო ოპერაცია, რომელიც უფრო მასშტაბური უნდა იყოს, ვიდრე - 2019 წლის საჰაერო დარტყმები, რათა მთავრობის მხარდამჭერები დამშვიდდნენ“, - განაცხადა ექსპერტმა. 

დჰონტის თქმით, დიპლომატიურ ნაბიჯებს „საზოგადოების ფსიქიკაზე ისეთივე დამამშვიდებელი ეფექტი არ აქვს, როგორც - სამხედრო ქმედებებს“. მისი აზრით, „სამხედრო ოპერაციის ალბათობა მაღალია“. თუმცა შეერთებულ შტატებში პაკისტანის ყოფილი ელჩი, მალიჰა ლოდჰი მიიჩნევს, რომ ნიუ-დელის ასეთი ქმედება „ისლამაბადის მხრიდან გადამწყვეტ სამხედრო პასუხს გამოიწვევს“. პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება „გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი შედეგების მომტანი იქნება  და სრულმასშტაბიან კრიზისს გამოიწვევს“. ინდოეთის ყოფილმა გენერალმა, საიდ ატა ჰასნაინმა განაცხადა, რომ ინდოეთის საპასუხო ქმედება „კონკრეტული დროით არ უნდა იყოს შეზღუდული“ და „უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც წარმატება გარანტირებული იქნება“. მან მოუწოდა ინდოეთის საზოგადოებას, ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ ნდობა გამოიჩინონ.

რამდენად დაუცველია პაკისტანი ინდოეთის ზეწოლის მიმართ?

ინდოეთსა და პაკისტანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაყინული დარჩება და ომის მსგავსი სიტუაცია, სავარაუდოდ, მომავალშიც შენარჩუნდება. ანალიტიკოსი გიული მიიჩნევს, რომ ნიუ-დელი, საერთაშორისო გავლენის გამოყენებით, პაკისტანზე ზეწოლას  გააგრძელებს. „ინდოეთი პაკისტანის იზოლირებას შეეცდება. ინდის წყლების ხელშეკრულებიდან ცალმხრივი გასვლა ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა გიულმა და დასძინა, რომ ვაჭრობისა და ვიზების შეჩერება და ისლამაბადის საერთაშორისო იზოლაცია „ინდოეთის ხელთ არსებული ყველაზე დამაჯერებელი ინსტრუმენტებია“. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ზემოთ ხსენებული ზომები უფრო ინდოეთის ინტერესებში შედის, „რადგან პაკისტანის შესაძლებლობები შეზღუდულია“. ამის მიზეზი არის ის, რომ ისლამაბადს „საერთაშორისო უცხოური ინვესტიციები სჭირდება“. 

პაკისტანი მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, ინფლაცია კი მკვეთრად იზრდება და რიგით მოქალაქეებს მძიმე დარტყმას აყენებს. ქვეყანა დგას უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე, რაც დასავლეთ ბელუჯისტანსა და ჩრდილო-დასავლეთ ჰაიბერ-პაჰტუნჰვას პროვინციაში მოქმედი ექსტრემისტული ჯგუფებისგან მომდინარეობს. გარდა ამისა, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი კვლავ ციხეში რჩება და მისი მხარდამჭერები სამხედრო „ისთებლიშმენტს“ უპირისპირდებიან. ქაშმირის საკითხზე ინდოეთთან გაჭიანურებულმა კონფლიქტმა, შესაძლოა, ქვეყანაში სიტუაციის კიდევ უფრო დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. 

კონფლიქტმა შეიძლება გლობალურ უსაფრთხოებაზე გავლენა იქონიოს

გაერომ მოუწოდა ინდოეთსა და პაკისტანს, „უკიდურესი თავშეკავება“ გამოიჩინონ და „პრობლემები მშვიდობიანად, კონსტრუქციული ჩართულობით მოაგვარონ“. ანალოგიურად, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორივე მხარეს მოუწოდა, „გამოიჩინონ თავშეკავება, ერთმანეთს შეხვდნენ“ და „არსებული უთანხმოებები დიალოგის გზით მოაგვარონ“. ირანმა მხარეებს უკვე შესთავაზა შუამავლობა, ხოლო საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ერ-რიადი „ესკალაციის თავიდან აცილებას“ ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაპირველად დაგმო პაჰალგამის თავდასხმა, მან ამ საკითხთან დაკავშირებით თავის ბოლო კომენტარში არცერთი მხარე არ დაიჭირა. „ქაშმირის საზღვარზე დაძაბულობა 1500 წელია არსებობს. ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მხარეები, ასე თუ ისე, მოგვარდებიან. მე ვიცნობ ორივე ლიდერს (ინდოეთისა და პაკისტანის)“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. 

ქაშმირში თავდასხმის შემდეგ, „შეერთებული შტატები რთულ დიპლომატიურ ლანდშაფტში უნდა ორიენტირდეს“. „ვაშინგტონის მხარდაჭერა ინდოეთის მიმართ, მისი მზარდი პარტნიორობა ამ ქვეყანასთან და პაკისტანთან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობა ჩინეთთან მზარდი კავშირების ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფისა და უფრო ფართო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია ჟურნალ Newsweek-ში. „ვაშინგტონი, სავარაუდოდ, დიპლომატიური გადაწყვეტილებების მიღებას შეეცდება, რათა დეესკალაცია და შემდგომი ძალადობა თავიდან აიცილოს. კონფლიქტის მოგვარება არა მხოლოდ სამხრეთ აზიაზე იმოქმედებს, არამედ, შესაძლოა, გლობალური უსაფრთხოების მდგომარეობაც შეცვალოს, განსაკუთრებით კი, რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენის გათვალისწინებით“, - აღნიშნავს გამოცემა.

სხვა თემები