მერცი კანცლერი გახდა. იქნება თუ არა გერმანია კვლავ ევროკავშირის ლიდერი?

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეათე კანცლერად CDU-ს ლიდერი ფრიდრიხ მერცი აირჩიეს. როგორია მისი შეხედულებები ევროპულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და რას ელიან მერცისგან ევროკავშირში? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას Deutsche Welle შეეცადა.
რა ხდება?
„ჩვენ მზად ვართ გერმანიაში ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროევროპული მთავრობა, რაც კი ოდესმე გინახავთ ჩემს ქვეყანაში“, - დაჰპირდა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერი ფრიდრიხ მერცი კოლეგებს კონსერვატიული ევროპის სახალხო პარტიის კონფერენციაზე, რომელიც ერთი კვირის წინ, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართა. მერცმა, რომელიც ჯერ არ იყო გერმანიის კანცლერი, თავისი მომავალი ევროპული კურსის მიზნები თავშივე გამოკვეთა: ევროკავშირის ერთიანობისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, თავისუფალი ვაჭრობის ახალი შეთანხმებების მხარდაჭერა, კლიმატის დაცვისა და კონკურენტუნარიანობის პოლიტიკის კორექტირება და კონტინენტზე მიგრანტების ნაკადის შემცირება. უკვე 7 მაისს, გერმანიის მთავრობის მეთაურად არჩევის მეორე მცდელობიდან მეორე დღეს, მერცი ამ თანამდებობაზე პირველ საზღვარგარეთულ ვიზიტებს იწყებს პარიზსა და ვარშავაში, ხოლო 9 მაისს ბრიუსელში ჩავა.
მერცი ევროკავშირში გერმანიის პოზიციების გაძლიერებას გვპირდება
მერცის განცხადებით, მან იცის, რომ ბოლო წლებში ბევრს სურდა გერმანიის ლიდერობის პოზიციების ზრდა ევროკავშირსა და საერთაშორისო დონეზე. ამიტომაც მას სურს ახალი ინიციატივების განხორციელება, რათა ევროკავშირის წინსვლისთვის მეტი გააკეთოს. თუმცა საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს (ECFR) ბერლინის ოფისის პოლიტოლოგის, რაფაელ ლოსის თქმით, ევროპაში არავის სურს, რომ გერმანიამ, ევროკავშირში ყველაზე მეტი მოსახლეობისა და დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, გამოიყენოს თავისი წამყვანი პოზიცია და ზეწოლის გზით, თავისი ინტერესების რეალიზება სცადოს. ლოსის აზრით, სასურველი იქნებოდა, გერმანიას მიეცა ისეთი გამაერთიანებელი იმპულსი, რომელიც ევროკავშირში სიტუაციას დააბალანსებდა და ევროკავშირის მცირე წევრი სახელმწიფოების მოსაზრებებსაც მოისმინებდა.
მერცი თავდაცვის სფეროში ევროპის გაძლიერებას გეგმავს
როცა თავდაცვაზეა საუბარი, ევროკავშირმა ერთიანი პოზიცია უნდა დაიკავოს „უპირველეს ყოვლისა, ჩვენი თავდაცვის უფრო ეფექტურად ორგანიზებით, რაც ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალს ახალ დონეზე აწევს“, - ამბობს ფრიდრიხ მერცი. ამისათვის აუცილებელია „პრაგმატულები“ ვიყოთ ერთობლივი სამხედრო შესყიდვებისა და თავდაცვის პროექტების შემუშავების საკითხებში, - დასძენს გერმანიის მოქმედი კანცლერი. პრინციპში, მერცი მიიჩნევს, რომ ეს ნატოს ფარგლებში უნდა მოხდეს, მაგრამ ევროპელებმა უნდა შეძლონ საკუთარი თავის უკეთ დაცვა, ვიდრე ეს წარსულში ხდებოდა. „ეს არ არის არჩევითი, არამედ აუცილებელი პირობაა ევროპის კონტინენტზე თავისუფლებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა მერცმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ვაშინგტონის მხრიდან მკაფიო სიგნალების შემდეგ, რომ ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი თავის დასაცავად, ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ახალი თავდაცვის სტრატეგია და გეგმები, რომლებიც ევროპული არმიების გადაიარაღების დაფინანსებას ეხება. ახლა ეს გეგმები პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს. თებერვლის ბოლოს, ბუნდესტაგის არჩევნების ღამეს, მერცი კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ მისი „აბსოლუტური პრიორიტეტი“ ევროპის გაძლიერება იყო, რათა ის „ეტაპობრივად“ აშშ-ისგან დამოუკიდებელი გამხდარიყო.
კვლავ ამუშავდება თუ არა ევროკავშირის ფრანკო-გერმანული ძრავა?
ეს სიტყვები, ალბათ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ძალიან მოეწონა. მაკრონსა და მერცს შორის ურთიერთობა ევროკავშირისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს, ფრანკო-გერმანული ალიანსი, ტრადიციულად, ევროკავშირის შემდგომი განვითარების მამოძრავებელ ძალად ითვლებოდა. გერმანია და საფრანგეთი კვლავ ევროკავშირის ორ უდიდეს სუბიექტს წარმოადგენენ, აღმოსავლეთ ევროპის მზარდი როლის მიუხედავად, - აღნიშნავს პოლ მორისი, საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IFRI) ექსპერტი. ის ამას ხსნის ბერლინისა და პარიზის როლის მნიშვნელობით, რომელიც ეკონომიკური და თავდაცვის პოლიტიკას ეხება.
DW-სთან ინტერვიუში მორისის მიერ გაკეთებული განაცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი იმედოვნებს, რომ ევროპისთვის სტრატეგიული ავტონომიის პროექტის განსახორციელებლად კანცლერ მერცის სახით საიმედო პარტნიორს იპოვის. მაკრონისთვის ეს საკვანძო ტერმინი გულისხმობს, რომ ევროპა ფუნდამენტურად უფრო სუვერენული და დამოუკიდებელი უნდა გახდეს სხვა სახელმწიფოებისგან არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში, არამედ ნედლეულის, ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებითაც. პოლ მორისი ევროკავშირისთვის ახალ იმპულსებს ელის გერმანიისა და საფრანგეთისგან, განსაკუთრებით, ენერგეტიკისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის უთანხმოება არსებობდა გერმანიის ბოლო მთავრობის დროს, რომელშიც „მწვანეებიც“ შედიოდნენ. ექსპერტის შეფასებით, კონსერვატორებისა და სოციალ-დემოკრატებისგან შემდგარი გერმანიის ახალი მთავრობის პირობებში ყველაფერი უფრო მარტივად იქნება. კერძოდ, IFRI-ს ექსპერტი ვარაუდობს, რომ მომავალში გერმანია ნაკლებად იქნება შემზღუდველი საფრანგეთისთვის ბირთვული ენერგიის განვითარებაში, რადგან ოფიციალურ ბერლინს იაფი ელექტროენერგია სჭირდება.
ECFR-ის წარმომადგენელი რაფაელ ლოსი ვარაუდობს, რომ პარიზსა და ბერლინს შორის ასევე განიხილება ევროპის ბირთვული შეკავების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობებმა გამორიცხეს ასეთი საჯარო განხილვები არსებულ ამერიკულ თავდაცვით პოლიტიკაზე დაყრდნობით, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, მას ამ საკითხის საფრანგეთის პრეზიდენტთან განხილვა სურს.
რა მიმართულებით იყოფა ბერლინისა და პარიზის აზრები?
მორისიც და ლოსიც ვარაუდობენ, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობით, მისი წინამორბედის, ოლაფ შოლცისგან განსხვავებით, ფრანკო-გერმანული ურთიერთობები გაუმჯობესდება. მიუხედავად ამისა, არსებობს საკითხები, რომლებშიც ბერლინი და პარიზი ერთმანეთს არ ეთანხმებიან. მაგალითად, პოლ მორისი აღნიშნავს, რომ საფრანგეთმა უარი განაცხადა გერმანიის მიერ მხარდაჭერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ევროკავშირსა და Mercosur-ის ბლოკს შორის, რომელშიც შედიან ბრაზილია, არგენტინა, ურუგვაი და პარაგვაი. საფრანგეთი ასევე ემხრობა ე.წ. ევროობლიგაციების საკითხს - ევროკავშირის ერთობლივ ფინანსურ ვალდებულებებს თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად. ტრადიციულად, გერმანია ერთობლივი სესხის აღების იდეას მკაცრად ეწინააღმდეგებოდა. გერმანიის ახალი მთავრობის კოალიციური შეთანხმება ხაზს უსვამს, რომ ოფიციალური ბერლინი კვლავ პასუხისმგებელია ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების ვალებზე და რომ ევროკავშირის ფარგლებში ბიუჯეტის გარეშე დაფინანსება გამონაკლისად უნდა დარჩეს.
ბრიუსელი გერმანიის მთავრობისგან ქმედით ნაბიჯებს ელის
ბრიუსელი გერმანიის ახალი მთავრობის მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ელოდა. რაფაელ ლოსის თქმით, მთავარია, გერმანიამ შოლცის კაბინეტის დაშლის შედეგად დარჩენილი სიცარიელე სწრაფად შეავსოს. ის დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის მეორე დღესვე დაიშალა. როგორც ლოსმა აღნიშნა, ბრიუსელი იძულებული გახდა, შეგუებოდა იმ ფაქტს, რომ გერმანიას ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე „ხმამაღლა აზრის გამოთქმა არ შეეძლო“. პოლიტოლოგი იხსენებს, რომ გადაწყვეტილებები ევროპულ დონეზე იყო ინიცირებული და ფაქტობრივად, უკვე შეიძლებოდა განხორციელებულიყო, განსაკუთრებით, ევროპული თავდაცვის პოტენციალის მიმართულებით.
ორივე ანალიტიკოსის შეფასებით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მერცის მთავრობის დროს ე.წ. „გერმანული ხმის მიცემა“ წარსულს ჩაბარდება. ბრიუსელში „გერმანული ხმა“ ბევრისთვის შოლცის მთავრობის ევროპული პოლიტიკის სიმბოლოა, რაც მმართველ კოალიციურ პარტნიორებს შორის უთანხმოების გამო, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის შეკავებას გულისხმობს. გერმანია ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის 2028 წლამდე პერიოდის გრძელვადიანი ბიუჯეტის მომზადებისთვის, - აგრძელებს რაფაელ ლოსი. ახლა ამ საკითხზე მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შედის. რაც შეეხება მიგრაციას, ლოსი მიიჩნევს, რომ საეჭვოა, ფრიდრიხ მერცი მზად იყოს, თავისი იდეები ევროპული სამართლებრივი ჩარჩოს საწინააღმდეგოდ განახორციელოს. სხვა საკითხები, რომლებიც უახლოეს პერიოდში ბერლინსა და ბრიუსელს აინტერესებს, მოიცავს ამერიკის პროტექციონისტულ სატარიფო პოლიტიკაზე რეაგირებას და ჩინეთთან ვაჭრობას, - ასკვნის ECFR-ის პოლიტოლოგი.