22 მაისი 2025 - 14:58

მემარჯვენეების მორიგი ტრიუმფი. რა არის ცნობილი პოლონეთში არჩევნების პირველი ტურის შესახებ

არჩევნების პირველი ტურის მთავარი შედეგი სულაც არ არის ის, რომ ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ ვარშავის მოქმედი მერი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი რაფალ ტრჟასკოვსკი და ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური ძალის მიერ მხარდაჭერილი, „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის“ დირექტორი კაროლ ნავროცკი. ეს ზუსტად ის იყო, რისი პროგნოზირებაც ყველაზე ადვილი გახლდათ.

ამ არჩევნების სიურპრიზი ის იყო, რომ მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე კანდიდატებმა მნიშვნელოვნად მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე წინასაარჩევნო პროგნოზებით იყო ნავარაუდევი. „პოლონეთი ყავისფრდება“ - Gazeta Wyborcza-ს ჟურნალისტის, მარტა ნოვაკის ეს გამოთქმა მხატვრულ გაზვიადებას დღეს სულაც არ ჰგავს. საარჩევნო რბოლაში ორი ფინალისტის უკიდურესად თანაბარი და  სხვა მონაწილეების მოულოდნელი შედეგები მეორე ტურის შედეგს, რომელიც 1 ივნისს არის დაგეგმილი, სრულებით არაპროგნოზირებადს ხდის. „ეს ორი კვირა ჩვენი სამშობლოს ბედს წყვეტს. ამიტომაც, არც ერთი ნაბიჯი უკან“, - პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ამ სიტყვებს, ალბათ, არჩევნებში ჩართული ქვეყნის ორივე ძირითადი პოლიტიკური ბანაკის ყველა პოლიტიკოსი დაეთანხმებოდა. იქამდე კი, სანამ კანდიდატები ბოლო ძალებს იკრებენ, BBC-მ კიდევ ერთხელ გააანალიზა, თუ რა მოხდა არჩევნების პირველ ტურში.

ნავარაუდევი ფინალისტები და დეტალებში ჩამალული ეშმაკი

წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, თუ ვინ დაიკავებდა პირველ და მეორე ადგილს საბოლოო ოქმში, არჩევნები პროგნოზების შესაბამისად დასრულდა. თუმცა, როგორც ამბობენ, ეშმაკი დეტალებში იმალება. რაფალ ტრზასკოვსკი აშკარად ელოდა, რომ პირველ ტურში ხმების 30%-ზე მნიშვნელოვნად მეტს მიიღებდა, თუმცა, სიმბოლური ბარიერი ძლივს გადალახა. მის შტაბ-ბინაში არ დაუმალავთ ის ფაქტი, რომ პირველ ტურში კარგი შედეგი იქნებოდა, თუ კაროლ ნავროცკისთან შედარებით, სულ ცოტა, ოთხიდან ხუთ პროცენტულ პუნქტამდე უპირატესობა ექნებოდა და არა მიზერული ერთ-ნახევარი, რაც სტატისტიკური შეცდომის ზღვარში შედის. თავის მხრივ, ნავროცკის შედეგი, წინასაარჩევნო გამოკითხვებთან შედარებით, შესამჩნევად მაღალი აღმოჩნდა.

ეს სიტუაცია, განსაკუთრებით, რუმინეთიდან მიღებული ამბების ფონზე, სადაც ნიკუშორ დანმა არჩევნების მეორე ტურში ჯორჯ სიმიონთან 20%-იანი სხვაობის გადალახვა შეძლო, ტრჟასკოვსკისა და მისი გუნდისთვის შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლონელი სოციოლოგები თავიანთ გამოკითხვებში ხშირად არ გულისხმობენ სოფლის მოსახლეობის ხმებს, რომლებიც უფრო მეტად კაროლ ნავროცკის ემხრობიან. ამიტომაც, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, რაფალ ტრჟასკოვსკიმაც და კაროლ ნავროცკიმაც, მხარდამჭერებისადმი მიმართულ გამოსვლებში, უკვე ისაუბრეს საკუთარ თავზე, როგორც პოლონეთის მომავალ პრეზიდენტზე.

ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ტრჟასკოვსკის გამოსვლა მშვიდი და დამაიმედებელი იყო. პირველ ტურში მოვიგეთ, ახლა მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის ვიბრძვით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ყველაფერი კარგად არის, - განაცხადა მან. ნავროცკის გამოსვლა უფრო აგრესიულობით გამოირჩეოდა. მან საარჩევნო კამპანიას უსამართლო უწოდა და თავის ოპონენტს დებატების ჩატარება მაშინვე შესთავაზა. ნავროცკიმ სხვა მემარჯვენე კანდიდატებს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში მხარი მას დაუჭირონ. 

რა მოხდება ამ ყველაფრის შემდეგ?

პოლონელი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ რაფალ ტრჟასკოვსკი წარმოუდგენლად რთული ამოცანის წინაშე დგას. მეორე ტურის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ეგზიტპოლის პარალელურად ჩატარდა და აჩვენებს, რომ ვარშავის მერი არჩევნების ფინალში მცირე უპირატესობით იმარჯვებს, შეცდომაში შემყვანი არ უნდა იყოს. უფრო მეტიც, როგორც გაზეთ Rzeczpospolita-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე მიხალ პლოჩინსკი წერს, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ტრჟასკოვსკი არჩევნებში ფავორიტად აღარ ითვლება. პირველ ტურში მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე კანდიდატებმა ერთობლივად ხმების 50%-ზე მეტი მიიღეს, დანარჩენებს შორის კი ყველა არ არის მზად, უპირობოდ დაუჭიროს მხარი ვარშავის მერს არჩევნების ფინალურ ტურში. გარდა ამისა, სოციოლოგები საუბრობენ პოლონეთის კვალობაზე, არჩევნების პირველ ტურში 60 წელზე უფროსი ასაკის ამომრჩევლებს შორის ანომალიურად დაბალ აქტივობაზე. ეს, თეორიულად, კაროლ ნავროცკისთვის ქმნის დამატებითი ხმების რეზერვს, რომელიც ამომრჩევლის ამ კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის სიმპათიებით სარგებლობს. თუმცა არჩევნების ბედს წინასწარ განსაზღვრულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

დაბოლოს, იმ სიტუაციაში, როდესაც არჩევნების შედეგი სიტყვასიტყვით ბეწვზე ჰკიდია, ცალკეულ მოვლენებს, რომლებსაც შეუძლიათ ამა თუ იმ კანდიდატისთვის ხმების გადამწყვეტი წილი მოიტანონ, შეიძლება უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდეთ. ამ როლის შესრულება დებატებს შეეძლო: რაფალ ტრზასკოვსკი უფრო გამოცდილ ორატორად ითვლება, თუმცა ვერცერთმა ფინალისტმა ვერ შეძლო კენჭისყრის პირველ ტურამდე დებატებში აუდიტორიაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოეხდინა. ორი მრავალათასიანი დემონსტრაცია, რომელიც არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, 25 მაისს გაიმართება, შესაძლოა, ამომრჩევლის მობილიზებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. რაფალ ტრჟასკოვსკი „პატრიოტთა მარშს“ უხელმძღვანელებს, კაროლ ნავროცკი კი - „პოლონეთის მარშს“.

სხვა თემები