18 დეკემბერი 2017 - 22:11

29 დეკემბერს ბელგიაში ტელეგრაფს ხურავენ. ასეთი სერვისი კიდევ არსებობს?

ფოტო: shutterstock.com

171 წლის წინ ბრიუსელიდან ანტვერპენში ტელეგრაფის ხაზით პირველი ელექტრონული შეტყობინება გაიგზავნა. 29 დეკემბერს ამ სერვისს ოფიციალურად დახურავენ. დიდ ბრიტანეთში ტელეგრაფი 1830 წელს გამოიგონეს და 1982 წელს გააუქმეს. ამერიკამ ბრიტანეთს უფრო გვიან, 2006 წელს მიბაძა. ინდოეთმაც კი, რომელიც მსოფლიოში ტელეგრაფის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი იყო, ეს სერვისი 2013 წელს გააუქმა. საქართველოში ის ჯერ კიდევ არსებობს და მას ძირითადად ასაკოვანი ადამიანები პოსტსაბჭოთა სივრცეში სამძიმრის შეტყბინებების გაგზავნისთვის იყენებენ. ყოველწლიურად ამ მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი მცირდება: 2014 წელს სულ 80 ლარი იყო.        

დასასრულის დასაწყისი

ბელგიურ ტელეგრაფს ბოლო დროს მხოლოდ 10 კომპანია და სულ რამდენიმე კერძო პირი იყენებდა. დიდწილად ესენი იყვნენ მანდატურები, რომლებსაც სჭირდებოდათ სისტემა, რომლის პირობებშიც შეტყობინების გაგზავნის და მიღების ფაქტი იურიდიულად დადასტურებული იქნებოდა. ტელეგრამის გასაგზავნად საჭირო იყო სპეციალურ ნომერზე დარეკვა და შეტყობინების კარნახი, რომელიც შემდეგ ფოსტით იგზავნებოდა. სტანდარტული 20-სიტყვიანი ტელეგრამის ფასი ბელგიაში 23 ევრო და 75 ცენტია, რასაც მიწოდების მომსახურების ფასი - 90 ცენტი ემატება. ბუნებრივია, რომ ულიმიტო sms-შეტყობინებების ეპოქაში, ტელეგრამმა თანამედროვე ტექნოლოგიებთან კონკურენციას ვერ გაუძლო.

ტელეფონის წინაპარი



ტელეფონის გამოგონებამდე ტელეგრაფი დიდ მანძილზე რეალურ დროში ინფორმაციის გადაცემის ერთადერთი საშუალება იყო. ტელეგრაფისტები დიდწილად მორზეს ანბანს იყენებდნენ. ხაზის მეორე ბოლოში მას ჩვეულებრივ ენაზე თარგმნიდნენ ჯერ ოპერატორები, მოგვიანებით კი სპეციალური მანქანები. ამის შემდეგ ტექსტი იბეჭდებოდა და ადრესატთან მიჰქონდათ. მსოფლიოს ფოსტებში ტელეგრაფის ათასობით მიმწოდებელი მუშაობდა. 

იმის გამო, რომ შეტყობინების გამგზავნისთვის ყველა სიტყვა ფასიანი იყო, ჩამოყალიბდა წერის სტილი, რომელიც თანამედროვე ტექსტურ შეტყობინებებს ჰგავს. ტელეგრამების სიძვირის გამო, ადამიანებმა მაქსიმალურად მოკლე ფრაზების მოფიქრება და სიტყვების შემოკლება დაიწყეს.

დასასრული

სულ რაღაც 100 წლის წინ ტელეგრაფი ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიად მიიჩნეოდა. მან მთლიანად შეცვალა იმ დროის ადამიანების ყოფა. მას შემდეგ რაც სატელეფონო კავშირი გაჩნდა, ტელეგრაფი სულ უფრო არქაულ, ძვირადღირებულ და მოუქნელ ტექნოლოგიას ესმგავსებოდა. თუმცა ტელეგრაფმა და ტელეგრამებმა კიდევ დიდხანს იცოცხლა და, პირველ რიგში, კინემატოგრაფის წყალობით. არცთუ დიდი ხნის წინ, ჰოლივუდურ ფილმებში თითქმის აუცილებელი იყო სცენა, რომელშიც ახლად დაქორწინებულები ხმამაღლა კითხულობდნენ ქორწილებში სტუმრების ტელეგრამებს, რომლებმაც დღესასწაულზე დასწრება ვერ შეძლეს. ახლახან, ბრიტანელებს თავიანთ 100 წლის იუბილეზე მისალოც ტელეგრამებს სამეფო სასახლიდან უგზავნიდნენ.

ცნობილი ტელეგრამები



ბრიტანელი მწერალი ივლინ ვო 1930-იან წლებში გაზეთ Daily Mail-ის კორესპონდენტად მუშაობდა და აბისინიის ომიდან შეტყობინებებს აგზავნიდა. ცნობილია ერთი ტელეგრამა, რომელიც მან მწერლის ოსტატობით შექმნა. ივლინ ვომ გადაწყვიტა, ბოლო მოეღო დაუსაბუთებელი ისტორიისთვის იმის შესახებ, რომ თითქოს ადოვში, საბრძოლო მოქმედებების დროს ამერიკელი მედდა ნაღმზე აფეთქდა და ეს ორი სიტყვით გააკეთა. "Nurse Unupblown" - ასეთი შეტყობინება გაგზავნა მწერალმა, რომელიც ითარგმნება, როგორც "მედდა აუფეთქებელია".  

ცნობილმა მწერალმა ოსკარ უაილდმა თავის გამომცემელს მოკლე ტელეგრამა გაუგზავნა შეკითხვით, იყიდებოდა თუ არა მისი წიგნი. ტექსტი მხოლოდ კითხვის ნიშნისგან შედგებოდა "?". გამომცემელმა მას ასევე მოკლედ უპასუხა "!"

XIX საუკუნეში, ბრიტანელმა გენერალმა ჩარლზ ნეიპირმა ბრძანება გასცა გაენადგურებინათ მოხალისეთა რაზმები, რომლებიც იმდროინდელ ინდურ პროვინცია სინდში (ახლა პაკისტანის ტერიტორიაა) მოქმედებდნენ. თუმცა გენერალმა თავის უფლებამოსილებას ბევრად გადააჭარბა და მთელი პროვინცია დაიპყრო. არსებობდა ჭორი, რომ მან სარდლობას ერთსიტყვიანი ტელეგრამა გაუგზავნა: "Peccavi". ლათინურად ეს ნიშნავს "შევცოდე"-ს (I have sinned) და ისმის, როგორც "მე დავიპყარი სინდი". მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ კალამბურის ავტორი ინგლისელი მოზარდი გოგო იყო, რომელმაც ის სატირულ ჟურნალ Punch-ს გაუგზავნა. თუმცა მის ავტორობას დღემდე ხშირად გენერალ ნეიპირს აწერენ.

სხვა თემები