31 დეკემბერი 2017 - 16:31

2017 წლის შედეგები ციფრებში. თემა

ფოტო: shutterstock.com

BBC-მ 2017 წლის შედეგები ციფრებში ასახა. ზოგიერთი ციფრი მოულოდნელია, მაგრამ მიმავალი წლის მოვლენებზე მკითხველს მკაფიო წარმოდგენას უქმნის.   

37 993

2017 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, საერთაშორისო კოალიციამ აშშ-ის ხელმძღვანელობით ერაყის და სირიის ტერიტორიაზე 37 993 ბომბი და რაკეტა ჩააგდო. იმავე ტერიტორიას აქტიურად უტევდა რუსეთიც, მაგრამ მოსკოვი გამოყენებული რაკეტების და ბომბების რაოდენობას არ ასაჯაროებს.

აქტივისტები ამტკიცებენ, რომ მშვიდობიან მოქალაქეთა შორის მსხვერპლი ვაშინგტონის და მოსკოვის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს ბევრად აღემატება. ამ ფონზე, საერთაშორისო კოალიციის და რუსეთის სამხედროებმა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები სირიის და ერაყის ტერიტორიების დიდი ნაწილისგან გაათავისუფლეს.

127

მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში იმდენი აქტიური ვულკანი არ არის, რამდენიც - ინდონეზიაში. მათი რაოდენობა 127-ა. ნოემბერში ვულკანი აგუნგი ამოიფრქვა, რის გამოც საშიში რაიონებიდან ათობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 

1 700 000

Twitter-ის ზუსტად 1 700 000 მომხმარებელმა გამოიყენა ჰეშთეგი #MeToo, რომლითაც სექსუალური ძალადობის და შევიწროების შემთხვევები გააპროტესტა.

ჰეშტეგი #MeToo ჰოლივუდელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის სკანდალის შემდეგ გავრცელდა. სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ქსელში დაწყებულ კამპანიაში 85 ქვეყნის ქალები მონაწილეობდნენ.

0

ნობელის მშვიდობის პრემიის არცერთი ლაურეატი და მათ შორის არც მიანმარის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი, არ გამოხმაურებია როჰინჯა მუსლიმების მიმართ მიანმარის ხელისუფლების სასტიკ პოლიტიკას. 

ორგანიზაციის "ექიმები საზღვრებს გარეშე" მონაცემებით, 2017 წელს 7 ათასამდე მუსლიმი როჰინჯა მოკლეს, მათ შორის 5 წლამდე ასაკის 730 ბავშვი.

სექტემბერში, აუნ სან სუ ჩიმ როჰინჯების დევნაზე ცნობებს ტყუილი უწოდა. მან განაცხადა, რომ როჰინჯებთან დაკავშირებული რეალური სიტუაცია დეზინფორმაციის უზარმაზარმა ტალღამ დაამახინჯა.

812

აისბერგი A68, რომელიც ამ წლის ივლისში ანტარქტიდაში ლარსენის შელფურ მყინვარს მოწყდა, იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მის ფართობზე (812 სტადიონი) თავისუფლად ჩატარდებოდა, ფეხბურთის მომდევნო 12 მსოფლიო ჩემპიონატი. მეცნიერები აისბერგის მყინვარიდან მოწყვეტას გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული კლიმატური ცვლილებების დაჩქარებას უკავშირებენ.

44

ინდოელმა ექიმებმა დათვალეს, რომ ნოემბერში, დელიში, ჰაერის დაბინძურების დონე იმდენად მაღალი იყო, რომ მისი სუნთქვა დღეში 44 ღერი სიგარეტის მოწევას გაუტოლდა. მსოფლიოს იმ 20 მეგაპოლისს შორის, რომლებშიც ჰაერი ყველაზე მატად არის დაბინძურებული, 10 ინდური ქალაქია.

1600%

2017 წლის განმავლობაში, ბიტკოინი 1600%-იტ გაიზარდა და 20 ათას დოლარს მიუახლოვდა.

60 000 000

აგვისტოში, ქარიშხალ "ჰარვის" დროს, აშშ-ის ტერიტორიაზე 150 ტრილიონი ტონა წყალი გადაიღვარა. წყლის ეს მოცულობა საკმარისია 60 მილიონი ოლიმპიური აუზის (50 მ სიგრძის, 25 მ სიგანის და 2 მ სიღრმის) შესავსებად.

17

2017 წელს მსოფლიო მასშტაბით ცნობილი 17 ადამიანი გარდაიცვალა. ნეკროლოგების ვებგვერდის Deathlist.net-ის მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში წინა წლებთან შედარებით ყველაზე მეტი ასეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ჟურნალ Playboy-ის დამფუძნებელი ჰიუ მარსტონ ჰეფნერი, ამერიკელი კომიკოსი ჯერი ლუისი, მილარდერი დევიდ როკფელერი, მუსიკოსი ტომ პეტი, პიანისტი ფესტ დომინო, მომღერალი და გიტარისტი გლენ კემპბელი, ამერიკელი მსახიობი მერ ტაილერ მური.

3%

საერთაშორისო სააგენტო Eurasia Poll-ის მონაცემებით, ბრაზილიის პრეზიდენტის მიშელ ტემერის რეიტინგი 3%-მდე დაეცა. ეს არის სახელმწიფოს მეთაურის მხარდაჭერის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იმ ქვეყნებში, სადაც Eurasia Poll-ს გამოკითხვა ჩაუტარებია. ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტის მხარდაჭერა 6%-მდე გაიზარდა, მაგრამ ტემერი რეიტინგით კვლავ ბოლო ადგილზე რჩება.

კომენტარები ()

სხვა თემები