03 იანვარი 2018 - 17:55

აზრი აქვს თუ არა 1 იანვრიდან ახალი ცხოვრების დაწყებას? მგონი, არა

ფოტო: shutterstock.com

ახალი წლის ღამე და მომდევნო რამდენიმე დღე - წელიწადის ის დროა, როდესაც პლანეტის მცხოვრებთა უმრავლესობა თავს პირობას აძლევს, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებს: მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდება, უფრო ორგანიზებული, ჯანმრთელი და რაციონალური გახდება. პირობის დადება სასიამოვნოა, მაგრამ მისი შესრულება რთული. რატომ არის ეს გზა არაეფექტიანი და როგორ სჯობს მოქმედება მიზნის მისაღწევად?

დიდი ხნის ტრადიცია

საახალწლოდ საკუთარი თავისთვის პირობის მიცემის ტრადიცია ჯერ კიდევ იულიუს კეისრიდან მოდის. ტრადიციას დღემდე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს - მარკ ცუკერბერგიდან დაწყებული, ცნობილი ეკონომისტით და პუბლიცისიტით ნასიმ ტალებით დასრულებული. მეტიც, ამერიკაში ეს ლამის ოფიციალური ტრადიციაა: ამერიკის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მომდევნო ერთი წლის მიზნების სია, რომლის განხორციელებაშიც მოქალაქეებს შეიძლება სახელმწიფო დაეხმაროს. ესენია: უფრო ხშირი მოგზაურობა, სახლის ყიდვა ან პენსიის დაგეგმვა.

ადამიანების ჩვევა - მოვლენები ერთი წლით ადრე დაგეგმონ, იმითაც აიხსნება, რომ დეკემბერში ყველა მიმავალი წლის შედეგებს აჯამებს და იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში. ამასთან, გეგმის შინაარს მნიშვნელობა არ აქვს - არის ეს უცხო ენების შესწავლა, სიგარეტისთვის თავის დანებება თუ სამსახურის შეცვლა. წლის ბოლოს ადამიანებს უჩნდებათ ილუზია, რომ ჯერ კიდევ არაფრით გაფუჭებული ახალი წლიდან ყველაფერს უკეთ წარმართავენ.

სტატისტიკა

სოციოლოგთა მონაცემებით, ამერიკელების დაახლოებით 60% თავის თავს საახალწლო დაპირებას (დროდადრო ან მუდმივად) აძლევს. პოპულარულ დათქმებს შორისაა: წონის დაკლება, გააზრებული ფინანასური გადაწყვეტილებების მიღება, ოჯახთან მეტი დროის გატარება. გამოკითხულთა მხოლოდ 9% აღიარებს, რომ მიზანს მიაღწია. რესპონდენტების მესამედი მცდელობას პირველი ორი კვირის განმავლობაში თავს ანებებს.

ტკბილეულის ჭამა, სოცქსელებში ჩაძირვა და სისულელეებზე ფულის ხარჯვა ადამიანს იმწუთიერ სიამოვნებას ანიჭებს. ამ დამოკიდებულებასთან ბრძოლა კი რთულია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ესმის, რომ სწავლას და რეგულარულ ვარჯიშს შედეგი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აქვს და კალენდარში ახალი თარიღების მონიშვნა საქმეს არ შველის.

გამოსავალი

პირველ რიგში, გაიაზრეთ, რა გიშლით ხელს მიზნის მიღწევაში და გინდათ თუ არა ცვლილებები სინამდვილეში. სასურველია, თუ ამას ყველაფერს ჩაიწერთ, რაც პრობლემის მასშტაბურობის შეფასებაში, მასთან გამკლავებასა და თქვენი რეჟიმის რაციონალურ დაგეგმვაში დაგეხმარებათ. ბოლოსდაბოლოს, იქნებ ცვლილებები სულაც არ გჭირდებათ, უბრალოდ ფიქრობთ რომ “ასეა საჭირო”, რადგან ამას ყველა აკეთებს.

კონკრეტული, მოკლევადიანი მიზნები დაისახეთ. “ჰაერზე სეირნობა და რაც შეიძლება მეტი მოძრაობა” - აბსტრაქტული მიზანია, მაგრამ ერთი გაჩერებით ადრე ავტობუსიდან ჩამოსვლა და ფეხით გავლა - რთული არ არის, ისევე როგორც, თუ ფულის ფლანგვა არ გინდათ, სჯობს ხელფასის დღეს მკაფიოდ განსაზღვრული თანხა სისტემატურად დეპოზიტზე შეინახოთ. თითქოს ბანალური რჩევაა, მაგრამ - ეფექტიანი.

საკუთარ თავს ზედმეტს ნუ მოსთხოვთ. ყველაზე რეალურია “პატარა საქმეების თეორია”, რომელიც, საბოლოო ჯამში, დიდ ცვლილებებამდე მიგიყვანთ: დაისახეთ პატარა მიზნები, მოკლევადიანი ინტერვალებით - და არა ერთი და გრძელვადიანი. მაშინ თქვენი ცხოვრება შეიცვლება თანდათან და არა მკვეთრად და სტრესულად. ამ მეთოდს მიკროცვლილებებს უწოდებენ. ჯანსაღ კვებაზე გადასვლა თუ გინდათ, თავდაპირველად შეარჩიეთ ის კერძები და პროდუქტები, რომლებიც მიგაჩნიათ, რომ გემრიელი და სასარგებლოა და ისეთით დაიწყეთ, რომლის მომზადებასაც დიდი დრო არ სჭირდება. რეჟიმის დაცვა თუ გსურთ, დასაწყისისთვის, ერთსა და იმავე დროს ისადილეთ.

იანვარი ცვლილებებისთვის ცუდი დროა

ახალი წლის პირველი თვე ცვლილებებისთვის ყველაზე შესაფერისი დრო არ არის. ზამთარში არათუ მკვეთრი გარდაქმნების მიღწევა, არამედ ჩვეული საქმეების კეთებაც რთულია, როგორებიცაა ადრე დაძინება, აქტიური მოძრაობა, ბევრი ხილის და ბოსტნეულის მიღება. ამ დროს სეზონური პროდუქტის რაოდენობაც მწირია და დღესასწაულებიც ბევრია. ამიტომ, ყველაზე რეალურია გაზაფხულამდე მიზნისკენ “პატარა ნაბიჯების” გადადგმა, აპრილიდან კი საკმარისი ძალა დაგიგროვდებათ უფრო სერიოზული მოქმედებისათვის.

მოკლედ, გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში რაიმეს შესაცვლელად ახალი წელი საჭირო არ არის.

კომენტარები ()

სხვა თემები