საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები. რა ხდება?

პარიზი, საფრანგეთი
რა არის ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა?
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები გადაწყვეტს, გახდება თუ არა საფრანგეთი მორიგი წამყვანი ევროპული ქვეყანა, რომელიც ლიბერალურ ღირებულებებს და პოლიტიკურ ისტებლიშმენტს დაუპირისპირდება.
ამ არჩევნებში ოთხი ყველაზე პოპულარული კანდიდატიდან ორი პოლიტიკურად რადიკალია (მარინ ლე პენი, ჟან-ლუკ მელანშონი). რომელიმე ამ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთის ევროკავშირში წევრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
იმის გამო რომ, საფრანგეთი ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყანაა, ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მომავალსაც. საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლა, სავარაუდოდ, იმაზე დიდი პოლიტიკური შოკი იქნება, ვიდრე დიდი ბრიტანეთის Brexit-ი ან ამერიკაში - დონალდ ტრამპის გამარჯვება.
როდის და როგორ ირჩევენ ფრანგები პრეზიდენტს?
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად, 23 აპრილს და 7 მაისს გაიმართება.
კანდიდატები, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ, ერთმანეთს ორი კვირის შემდეგ ხელახლა დაუპირისპირდებიან. გამარჯვებისთვის კანდიდატს ამომრჩევლების ხმების ნახევარზე მეტი სჭირდება.
ფრანგების თქმით, პირველ ტურში ისინი ხმას აძლევენ გულით, მეორეში კი გონებით.
რა განასხვავებს ამ წინასაარჩევნო გარემოს წინა არჩევნებისგან?
ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ტერორისტული აქტი საფრანგეთის ტერიტორიაზე მოხდა, აქედან ბოლო, 20 აპრილს, პარიზის ცენტრში, არჩევნებამდე ორი დღით ადრე. ამან რადიკალებისთვის სასარგებლო ატმოსფერო შექმნა.
ვინ არიან და რას ჰპირდებიან ამომრჩეველს მთავარი კანდიდატები?
წელს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრირებული 11 კანდიდატია, წინასწარი გამოკითხვებით ლიდერობს ოთხი:
მარინ ლე პენი - ულტრამემარჯვენე “ნაციონალური ფრონტის” ლიდერი
48 წლის მარინ ლე პენი არის პარტიის ლიდერი 2011 წლიდან. პარტიის თავმჯდომარედ არჩევისას მან განაცხადა, რომ პარტიას რასისტული და ანტისემიტური იმიჯისგან გაათავისუფლებდა.
ლე პენს მისი არჩევის შემთხვევაში სურს: ა) საფრანგეთის ევროკავშირიდან და ნატოდან გაყვანა; ბ) რეფერენდუმის ჩატარება საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლაზე; გ) პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება; დ) საფრანგეთის ეროვნულ ვალუტის - ფრანკის დაბრუნება.
მისი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ქვაკუთხედია მიგრანტების ყოველწლიური მაჩვენებლის 10 000-მდე შემცირება და მათ მიერ სახელმწიფო სერვისებზე წვდომის შეზღუდვა.
საერთაშორისო ასპარეზზე, ემხრობა რუსეთთან და მის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დაახლოებას; აკრიტიკებს გლობალიზაციას და „რადიკალურ ისლამთან“ ბრძოლის პირობას დებს.
ფრანსუა ფიიონი - მემარჯვენე-ცენტრისტული “რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი
63 წლის ფრანსუა ფიიონი ხუთი წლის განმავლობაში პრემიერმინისტრად მუშაობდა. მას ახასიათებენ, როგორც ტიპურ ფრანგ კონსერვატორს, ის ფრანგული კათოლიკური თემის წარმომადგენელი და ტრადიციული, ოჯახური ღირებულებების დამცველია.
გამარჯვების შემთხვევაში, აპირებს 35-საათიანი სამუშაო სისტემის გაუქმებას, სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, სიმდიდრის და ჯანდაცვის გადასახადების გაუქმებას და მიგრანტთა რაოდენობის შემცირებას.
საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის და დასავლეთის კონსოლიდაციის მომხრეა, თუმცა რუსეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ემხრობა. მას მიაჩნია, რომ ევროკავშირის სანქციები მოსკოვის მიმართ ირაციონალური, არასწორი ზომაა და შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს.
საარჩევნო მარათონის დასაწყისში მას მოწინავე პოზიცია ეკავა, თუმცა ოჯახის წევრების ფიქტიურ დასაქმებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო მისი რეიტინგი მკვეთრად შემცირდა.
ჟან-ლუკ მელანშონი - “მემარცხენე ფრონტის” ლიდერი
65 წლის მელანშონი პოლიტიკური მოძრაობა „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერია. არჩევნებში ის პარტია „მემარცხენე ფრონტს“ წარმოადგენს, რომლის წევრები ძირითადად ყოფილი კომუნისტები, მეამბოხე ახალგაზრდები და ასაკოვანი რევოლუციონერები არიან.
მელანშონი პირობას დებს, რომ საფრანგეთს ევროკავშირიდან და ნატოდან გაიყვანს და რუსეთს დაუახლოვდება; აცხადებს, რომ ქონების გადასახადს გაზრდის, ასევე გაზრდის მინიმალურ ხელფასს და საზოგადოების შეჭირვებულ ფენებზე იზრუნებს.
სამართლიანობის აღდგენაზე გაცემული დაპირებების გარდა, მელანშონის კამპანიას ანტიგერმანული ნარატივი გამოარჩევს. 2015 წელს მან გამოსცა წიგნი Le Hareng de Bismark, რომელშიც წერს, რომ გერმანია ისევ საფრთხეა და რომ მისი იმპერიალიზმი ბრუნდება.
ემანუელ მაკრონი - მოძრაობის “წინ!” ლიდერი
39 წლის ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო რბოლაში გამოჩენას თავიდან სერიოზულად არავინ აღიქვამდა, მაგრამ, გამოკითხვების თანახმად, ახლა ის მარინ ლე პენის მთავარი კონკურენტი და პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატია.
პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ის სოციალისტური პარტიის წევრი იყო და ფრანსუა ოლანდის მთავრობაში ჯერ მრჩევლის, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა.
მისი პოლიტიკური პლატფორმა ცენტრიზმია. ის დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელსაც ტრადიციული პარტიებიდან ზურგს არავინ უმაგრებს. მაკრონი ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის მომხრეა.
კანდიდატებთან შედარებით რუსეთთან დაკავშირებით მისი პოზიცია ყველაზე კრიტიკულია, თუმცა მომრიგებლური. მისი თქმით, თუკი რუსეთი საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს შეასრულებს, ის გერმანიის ხელმძღვანელობასთან ერთად ნელ-ნელა მოხსნის ეკონომიკურ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ.
როგორია მოქმედი პრეზიდენტის და მისი პარტიის პოზიციები ამ არჩევნებში?
მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი არაპოპულარულია. ის მეორე ვადით კენჭს არ იყრის. ოლანდის “სოციალისტური პარტიის” კანდიდატია ბენუა ამონი, კვლევების თანახმად, მას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.
რა ძალაუფლებას მიიღებს არჩეული პრეზიდენტი?
ეს დამოკიდებულია მიმდინარე წლის 11 და 18 ივნისს საფრანგეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. არჩეული პრეზიდენტის ძალაუფლება სუსტი იქნება, თუ მისი პარტია პარლამენტში მანდატების უმრავლესობას არ მოიპოვებს. ამასთან, ფრანგულ პოლიტიკაში პრემიერმინისტრიც მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც ირჩევს პარლამენტის გამარჯვებული უმრავლესობა.
როგორი შანსები აქვთ კანდიდატებს?
წინასწარი კვლევის შედეგებით, ფრანგ ამომრჩეველს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს: ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი და ცენტრისტი ემანუელ მაკრონი. წინასწარი პროგნოზით, პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას სწორედ ისინი მიიღებენ.
თუ პირველი ტური ლე-პენი - მაკრონის წყვილის გამარჯვებით დასრულდა, კვლევების შედეგებით მეორე ტურში ფრანგების უმრავლესობა უპირატესობას არა რადიკალური, არამედ ზომიერი შეხედულებების კანდიდატს, ანუ ცენტრისტ ემანუელ მაკრონს მიანიჭებს.
არჩევნებმდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებული პოლიტიკური რეიტინგის მიხედვით: მაკრონს აქვს 24.5%, მარინ ლე პენს - 22.5%, ფრანსუა ფიიონს - 19.5%, ჟან ლუკ მელანშონს - 18.5% - იანი მხარდაჭერა.
რა გავლენას ახდენს ფრანგების არჩევანი ჩვენზე?
ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის და რუსეთისთვის სანქციების მოხსნის მომხრეთა გამარჯვება არ შედის საქართველოს ინტერესებში. განსაკუთრებით არასასურველ ფიგურად აღიქმება ულტრამემარჯვენე “ნაციონალური ფრონტის” ლიდერი მარინ ლე პენი, რომელიც არაერთხელ იყო შემჩნეული რუსეთიდან დაფინანსების მიღებაში და რუსული ინტერესების ლობირებაში.