14 აგვისტო 2018 - 23:25

რა სჭირს თურქულ ლირას? მთავარი

სტამბოლი, თურქეთი

სტამბოლი, თურქეთი

ფოტო: shutterstock.com

მთელ მსოფლიოში განვითარებადი ქვეყნების ადგილობრივი ვალუტის კურსი ეცემა - ჩინური იუანით დაწყებული, დასრულებული არგენტინული პესოთი. ეს თავისთავად სიახლე არ არის, რადგან დოლარი მათ მიმართ წლის დასაწყისიდან მყარდება. მაგრამ თურქეთში კრიზისმა განსაკუთრებულ მასშტაბს მიაღწია. აგვისტოში თურქული ლირის კურსი მკვეთრად დაეცა

წლის დასაწყისიდან თურქული ლირა დოლარის მიმართ 45%-ით გაუფასურდა

თურქული ლირა, რომლის კურსიც ვარდნაც წლის დასაწყისიდან დაფიქსირდა, აგვისტოში მკვეთრად გაუფასურდა. პარასკევს, 10 აგვისტოს, ის დოლარის მიმართ 18%-ით გაუფასურდა, ორშაბათს - კიდევ 7%-ით. წლის დასაწყისიდან ვარდნამ 45% შეადგინა. კურსის ვარდნას უკავშირებენ, როგორც რთულ მდგომარეობას ქვეყნის ეკონომიკაში, რომელიც დიდწილად უცხოურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული, ასევე ხელისუფლების ქმედებებს. კერძოდ, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოთხოვნის თანახმად, არ გაზარდა საპროცენტო განაკვეთი ინფლაციის მიუხედავად, რომელმაც ივნისისთვის 15%-ს გადააჭარბა.

გარდა ამისა, ზაფხულში მკვეთრად გაუარესდა აშშ-თურქეთის ურთიერთობები. ვაშინგტონი ანკარას სთხოვს შეწყვიტოს ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დევნა, რომელიც 2016 წელს სამხედრო აჯანყების მხარდაჭერის ბრალდებით დააპატიმრეს. 1 აგვისტოს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ თურქეთის მთავრობის ორი მინისტრის მიმართ სანქციები აამოქმედა. 10 აგვისტოს, ლირის კურსის მკვეთრი ვარდნის დღეს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებს მკვეთრად ზრდის.

თურქეთის ხელისუფლება კურსის ვარდნაში გარე ძალებს ადანაშაულებს

13 აგვისტოს, ერდოღანი „ეკონომიკურ ალყაზე“ ალაპარაკდა და განაცხადა, რომ აშშ-მ თავის სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკელი მღვდელი ამჯობინა, რომ ის თურქეთს „ფეხებში ესვრის“ და „ზურგში დანას ურტყამს“. 14 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ „ბოიკოტს გამოუცხადებს ამერიკაში წარმოებულ ელექტრონულ ტექნიკას. მანამდე ერდოღანმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა შეისყიდონ დასუსტებული ლირა.

ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნაში დამნაშავეების ძებნა თურქეთის ხელისუფლებამ სოცქსელებში დაიწყო. გამოძიება დაინტერესდა პუბლიკაციებით, რომლებმაც თითქოს ხელი შეუწყვეს დოლარის კურსის ზრდას, ასევე „ყალბი ახალი ამბებით“, რომელთა გავრცელების მიზანიც ეკონომიკით მანიპულირებაა. ერდოღანმა სოცქესელებში არსებული „ეკონომიკური ტერორისტების“ და „მოღალატეთა ქსელის“ შესახებაც ილაპარაკა.

თურქეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ვალუტის კრიზისს „ეკონომიკური ახსნა არ აქვს“. „თურქეთის ეკონომიკა მტკიცეა, მას კარგი დინამიკა აქვს და ასეც გაგრძელდება. უახლოეს მომავალში ეკონომიკური წესების ფარგლებში ვალუტის გონივრული კურსი დადგინდება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მთავრობა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს არ გადაუხვევს. თურქეთის ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ლირის მხარდაჭერის გეგმა შემუშავებულია. ცენტრალურმა ბანკმა კომერციული ბანკების მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. ამ ფონზე ლირა დოლარის მიმართ ოდნავ გამყარდა.

Chanel-ის და Louis Vuitton-ის მაღაზიებთან ტურისტების გრძელი რიგებია

ტურისტები მასობრივად ყიდულობენ გაიაფებულ საქონელს. სააგენტო Reuters-ი იუწყება ტურისტების გრძელი რიგების შესახებ Chanel-ის და Louis Vuitton-ის მაღაზიებთან. მყიდველები დიდწილად არაბული ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ისინი მაღაზიებში რამდენიმე ჩემოდნით მიდიან; ერთი ეგვიპტელი ტურისტის თქმით, მან დაახლოებით 1000 დოლარი დაზოგა საჩუქრების და ტანსაცმლის ფასების სხვაობაზე მის ქვეყანასა და თურქეთში. ერდოღანი ტურისტების ქცევას მიესალმა და თურქებს მოუწოდა ძველებურად სტუმართმოყვარეები იყვნენ. „მაშინ როდესაც ბევრს დოლარები აქედან მიაქვს, ამ ადამიანებს ის თქვენთან მოაქვთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

სხვა თემები