27 ოქტომბერი 2018 - 22:31

რომელ ქვეყნებში მსახურობენ ქალები სპეცრაზმებში. თემა

სამხედრო ქალი

ფოტო: shutterstock.com

დიდ ბრიტანეთში ქალებს ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყველა დანაყოფში მსახურების უფლება მისცეს. ახლა მათ სპეცდანიშნულების რაზმებშიც (როგორც საავიაციო, ასევე საზღვაო) შეუძლიათ მსახურება. სპეციალისტების თქმით, ამიერიდან ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები პროფესიული ვარგისიანობის და არა სქესობრივი ნიშნით დაკომპლექტდება.

ნორვეგია

ნორვეგია ნატოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 1980-იანების შუა წლებიდან ქალებს საბრძოლო დანაყოფებში სამსახურის უფლება მისცა. ნორვეგია გახდა ასევე სამხედრო ბლოკის პირველი ქვეყანა, რომელმაც 2016 წელს ჯარში სავალდებულო მსახურება ქალებზეც გაავრცელა.

2014 წელს ნორვეგიაში ჩამოყალიბდა მსოფლიოში პირველი ქალების სპეცრაზმი Jegertroppen („მონადირეთა რაზმი“). შეისწავლა რა ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება, შეიარაღებული ძალების სარდლობამ დაასკვნა, რომ ნორვეგიულ არმიას სჭირდება კარგად გაწრთვნილი ქალი-სამხედროები სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და ადგილობრივ ქალებთან კონტაქტების დამყარებისათვის. ეს განსაკუთრებით აქტუალურია საბრძოლო ოპერაციებისას რელიგიურ-კონსერვატიული ცხოვრების წესის მქონე ქვეყნებში.

„მონადირეთა რაზმის“ არსებობის პირველსავე წელს მასში მონაწილეობაზე განაცხადი 200-ზე მეტმა ქალმა შეიტანა. ყოველწლიურად, დაახლოებით ათი ქალით ივსება სპეცრაზმის ელიტური ქალების რაზმი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ, როგორც ნორვეგიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ჩინეთი

2013 წლის მარტში, ჩინეთში შეიქმნა მთლიანად ქალებისგან დაკომპლექტებული სპეცრაზმი. ის ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის სპეციალური დანიშნულების არმიის ნაწილია.

სამხედრო მოსამსახურეთა უმრავლესობის ასაკი 28 წლამდეა. ბევრს უმაღლესი განათლება, საზღვაო ქვეითთა კორპუსში მსახურების გამოცდილება და მაღალი სპორტული მიღწევები აქვს.

რაზმში მოსახვედრად ახლწვევამდელ ქალებს სამი ეტაპის გავლა უწევთ - საბაზო ფიზიკური, პროფესიული და სპეციალური მომზადება.

რაზმის მებრძოლებს უნდა გააჩდნეთ პარაშუტისტების და წყალქვეშა საცურაო უნარები, ასევე უნდა იცოდნენ ყველა სახის იარაღის გამოყენება.

გერმანია

გერმანიაში ქალებს KSK-ში მსახურებაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ. KSK - ბუნდესვერის საიდუმლო სამხედრო ნაწილია, რომლის სპეციალიზაციაა სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციები და მძევლების გათავისუფლება. თუმცა, ბოლო დრომდე რთული მისაღები გამოცდების გამო ქალები იქ მოხვედრას ვერ ახერხებდნენ.

2011 წელს, გერმანიის თავდაცვის ფედერალურმა სამინისტრომ განაცხადა იმის შესახებ, რომ KSK-ში მისაღებ გამოცდებზე ქალი-კანდიდატებისთვის პირობების შემსუბუქებას აპირებს.

ამ დანაყოფში ქალების არსებობის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს, რადგან მისი საქმიანობა და მებრძოლთა სახელები გასაიდუმლოებულია. ბუნდესვერის ვებგვერდზე არის მასალა, რომელიც KSK-ს ერთ-ერთ ქალ სამხედრო მოსამსახურეს ეძღვნება. ეს ქალი ამბობს, რომ ფორმალურად ის ოპერატიულ თანამშრომლად არ მიიჩნევა. თუმცა მისი ხელმძღვანელის თქმით, ქალები ოპერაციებში ფაქტობრივად კაცებივით მონაწილეობენ.

ამ ელიტური სამსახურის მებრძოლები მონაწილეობდნენ, მაგალითად, ნატოს კოსოვოსა და ავღანეთის ოპერაციებში. ისევე როგორც ნორვეგიული სარდლობა, KSK-ს ხელმძღვანელობამ დაასკვნა, რომ ქალი სამხედრო მოსამსახურეები მუსლიმურ ქვეყნებში ოპერაციებისას შეუცვლელები არიან.

ამერიკის შეერთებული შტატები

პენტაგონმა ქალებს ყველა საბრძოლო დანაყოფში, მათ შორის ელიტურში, მსახურების უფლება 2015 წლის ბოლოს მისცა. მას შემდეგ ამერიკელ ქალებს შეუძლიათ იმსახურონ სამხედრო-საზღვაო ძალებში, ქვეთთა არმიის სპეცრაზმში და სპეციალური დანიშნულების სხვა დანაყოფებში. მაგრამ სპეცრაზმის დანაყოფში მისაღებ გამოცდებს ქალები ჯერჯერობით ვერ აბარებენ.

2017 წლის ივლისში, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს პირველი ქალი კანდიდატის შესახებ, რომელსაც სამხედრო-საზღვაო სპეცრაზმის SEALs ძირითად დანაყოფში უნდა ემსახურა. თუმცა საზღვაო-სასწავლო ცენტრში რამდენიმეკვირიანი წვრთნის შემდეგ ქალმა სპეცმომზადების გაგრძელებაზე უარი თქვა.

იმავდროულად, ამერიკული მედია არაერთხელ წერდა, რომ ამერიკულ სპეცდანაყოფებს ქალების მიღების შესახებ ოფიციალურ თანხმობამდეც არაერთხელ ჩაურთიათ ისინი თავის ოპერაციებში, ყველაზე ხშირად კი იმ ქალებს, რომლებიც სპეციალურ გადამზადებას გადიოდნენ, დროებით CIA-ს „უთმობდნენ“ ხოლმე.

წყარო: BBC

სხვა თემები