14 დეკემბერი 2018 - 11:00

რა ორგანიზაციაა და როგორ ეძებს დამნაშავეებს ინტერპოლი?

ფოტო: Interpol

ფოტო: Interpol

21 ნოემბერს ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთკორეელი კიმ ჩონ იანი აირჩიეს. ამ თანამდებობაზე პრეტენზია რუს გენერალ ალექსანდრ პროკოპჩუკსაც ჰქონდა. ამერიკელმა და ბრიტანელმა კანონმდებლებმა ინტერპოლის ხელმძღვანელად რუსეთის წარმომადგენლის არჩევა დაუშვებლად მიიჩნიეს, უკრაინა და ლიტვა კი ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრნენ.

ინტერპოლი პოლიციაა, რომელიც საერთაშორისო დანაშაულს იძიებს?

სრული ოფიციალური სახელწოდებაა - კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მაგრამ ის კლასიკური პოლიცია არ არის. ეს სტრუქტურა არ იძიებს დანაშაულს და არ ჰყავს თავისი აგენტები, რომლებსაც ვინმეს მიმართ ძალის (და მით უფრო, იარაღის) გამოყენება შეუძლიათ. ინტერპოლს აქვს „რეაგირების ჯგუფები“, მაგრამ ეს არ არის სპეცრაზმი, არამედ არიან ინსტრუქტორები, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელებს ეხმარებიან - მაგალითად, თუ იქ მძიმე კრიმინალური სიტუაციაა ან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მასშტაბური ღონისძიება იგეგმება.

სინამდვილეში, ინტერპოლის მთავარი ფუნქცია - მონაცემთა სხვადასხვა ბაზის შედგენა და მხარდაჭერაა. ამ მონაცემების გამოყენება მთელ მსოფლიოში სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია. ინტერპოლს აქვს დამნაშავეების, მოპარული და ყალბი დოკუმენტების, თითის ანაბეჭდების, დეენემის, გატაცებული ავტომობილების, ხელოვნების ნიმუშების და იარაღების ბაზები.

ინტერპოლი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც 192 წევრი ქვეყანა ჰყავს, ანუ მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო. ინტერპოლის წევრები არ არიან ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ბუტანი, კირიბატი, მიკრონეზია, პალაუ, სამოა, სან-მარინო, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, ვანუატუ და ვატიკანი.

ყველა ქვეყანას ინტერპოლის თავისი განყოფილება აქვს?

დიახ. მაგრამ ინტერპოლის ნაციონალური ბიუროები თავიანთი ქვეყნების კანონებს ემორჩილებიან და ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობენ. ხშირად, ინტერპოლის განყოფილება - პოლიციის განყოფილებაა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობს.

რას ნიშნავს, როდესაც ინტერპოლი ვინმეზე საერთაშორისო ძებნას აცხადებს?

დავუშვათ, რომელიმე ადამიანმა ჩაიდინა საშიში დანაშაული და გაიქცა საზღვარგარეთ. მაშინ ინტერპოლის ნაციონალურ ბიუროს შეუძლია „წითელი“ ცირკულარის ამოქმედება, რომელსაც ხშირად დაკავების საერთაშორისო ორდერს უწოდებენ. ეჭვმიტანილის შესახებ მონაცემები გაჩნდება საერთაშორისო ბაზაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერპოლის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები ამ ადამიანის დაპტიმრების ვალდებულებას იღებენ, თუ მას თავის ტერიტორიაზე დააკავებენ.

არსებობს სხვა „ფერის“ ცირკულარები - მაგალითად, ისინი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ადამიანი საშიშია, მაგრამ მისი დაუყოვნებლივ დაპატიმრების აუცილებლობა არ არის. არსებობს ცალკე ცირკულიარი დაკარგულების ძებნისათვის.

საერთაშორისო ძებნა არ ნიშნავს იმას, რომ ინტერპოლის ცირკულარით დაკავებულებს რომელიმე საერთაშორისო სასამართლოს გადასცემენ. მას შემდეგ, რაც ადამიანს რომელიმე ქვეყანაში დააკავებენ, ადგილობრივი სასამართლო წყვეტს, გადასცეს თუ არა ის იმ სახელმწიფოს, რომელმაც „ცირკულარი“ აამოქმედა.

ინტერპოლის პრეზიდენტს რა უფლებამოსილებები აქვს?

ინტერპოლის პრეზიდენტი - უფრო წარმომადგენლობითი ფიგურაა. ორგანიზაციის კონსტიტუციის თანახმად (ასეთი არსებობს) პრეზიდენტი აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა. გარდა ამისა, კომიტეტში ორი ვიცეპრეზიდენტი და ცხრა წევრია (სხვადასხვა ქვეყნიდან; მათ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა ირჩევს). კომიტეტი ინტერპოლის მუშაობის სტრატეგიის შემუშავებისათვის წელიწადში ერთხელ იკრიბება.

ყოველდღიურად ორგანიზაციას გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს (ამ თანამდებობაზე დღეს იურგენ სტოკია). სამდივნო ინტერპოლის ყველა აღმასრულებელ დოკუმენტს აქვეყნებს, ამოწმებს (და თუ საჭიროა, აუქმებს) ცირკულარებს, აყალიბებს მონაცემთა ბაზებს და უშუალოდ მუშაობს ნაციონალურ ბიუროებთან.

რატომ წერდნენ ამდენს ინტერპოლის პრეზიდენტის არჩევნებზე?

პირველი მიზეზი იყო ის, თუ როგორ დასრულდა ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის კარიერა. ჩინეთის მოქალაქე მენ ჰუნვეი 25 სექტემბერს სამშობლოში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და დაიკარგა. რამდენიმე კვირის შემდეგ მან ორგანიზაციის შტაბ-ბინას ლიონში წერილი მისწერა, რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ. მენ ჰუნვეი, რომელსაც იმავდროულად ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, კორუფციაში დაადანაშაულეს. ინტერპოლმა განაცხადა, რომ მენ ჰუნვეის გაუჩინარების საქმის გამოძიების უფლება არ ჰქონდა.

მეორე მიზეზი ამ თანამდებობზე რუსეთის წარმომადგენლის კანდიდატურა იყო. დასავლეთში რუსეთს აქვს ისეთი სახელმწიფოს რეპუტაცია, რომელსაც შეუძლია საერთაშორისო პოლიციური სისტემით მანიპულირება. უფლებადამცველები და ჟურნალისტები რუსეთს ისეთ ქვეყნად ასახელებდნენ, რომლებიც ინტერპოლის ცირკულარის დახმარებით დისიდენტებს და „რეჟიმის“ მოწინააღმდეგეებს დევნიან. ეს თავად ინტერპოლმაც აღიარა - რამდენჯერმე მან უარი თქვა „წითელ“ ცირკულარზე, რომლითაც რუსეთი Hermitage Capital Management-ის ხელმძღვანელის, უილიამ ბრაუდერის დაპატიმრებას ითხოვდა. ორგანიზაციის ჩინოსნების აზრით, ცირკულარი არღვევდა იტერპოლის კონსტიტუციას, რომელიც პოლიტიკური საფუძვლით დაპატიმრებებს და სხვა ტიპის დევნას პირდაპირ კრძალავს.

ამ წლის მაისში, ბრაუდერი ესპანეთში, ყოველგვარი ცირკულარის გარეშე დააპატიმრეს. როგორც გაირკვა, რუსეთმა ინტერპოლის პროცედურებში არსებული ხვრელით ისარგებლა და დამოუკიდებლად დააგზავნა ეგრეთ წოდებული „განაცხადი“. „განაცხადი“ პირდაპირ და წინასწარი შემოწმების გარეშე ხვდება ნაციონალური ბიუროს მონაცემთა გაცვლის ბაზაში. ცირკულარებისგან განსხვავებით „განაცხადები“ ძებნილთა საჯარო ბაზაში არ ხვდება. ინტერპოლი ამტკიცებს, რომ ყველა ასეთ „განაცხადს“ ორგანიზაცია პოსტფაქტუმ ამოწმებს, თუმცა მათი რაოდენობის (წლიურად 22 ათასი) გათვალისწინებით, ეს საეჭვოა და ბრაუდერთან დაკავშირებულმა შემთხვევამ ეს დაადასტურა. ესპანეთის სასამართლომ ფინანსისტის რუსეთისთვის გადაცემაზე უარი თქვა, ინტერპოლი კი ამტკიცებს, რომ „განაცხადი“ ბაზიდან წაშალა.

ასეთ ხვრელებს სხვა სახელმწიფოებიც იყენებენ?

დიახ. მაგალითად, თურქეთი ინტერპოლის საშუალებით პოლიტიკური ნიშნით დევნის ათობით შემთხვევაშია ეჭვმიტანილი. 2017 წელს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თურქეთის ხელისუფლებას ინტერპოლის მექანიზმების „ბოროტად გამოყენებაში“ ადანაშაულებდა მწერალ დოგან აჰანლის ესპანეთის ტერიტორიაზე დაპატიმრებისათვის. ის თურქული წარმოშობის გერმანიის მოქალაქეა. პოლიტიკურ დევნაში ესპანეთიც დაუდანაშაულებიათ, რომელიც მისთვის კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელის, კარლეს პუჩდემონის გადაცემას ითხოვდა.

როგორ შეიძლება ადამიანის ინტერპოლის ბაზაში მოძებნა?

ორგანიზაცია „სამართლიანი სასამართლოსთვის“ წერს, რომ თუ ადამიანს აქვს ეჭვი, რომ ის საერთაშორისო ძებნაშია, მან ინტერპოლის საჯარო ბაზა უნდა შეამოწმოს. მაგრამ ამ ბაზაში მხოლოდ „წითელი“ ცირკულარები ხვდებიან, და ისიც ყველა არა; ბაზით შეუძლებელია იმის გარკვევა, დაგზავნილია თუ არა ადამიანის შესახებ „განაცხადი“. ბრალდების ყველა დეტალის შესახებ გაგება უშუალოდ ინტერპოლში შეიძლება. ამისთვის საჭიროა ორგანიზაციის დოკუმენტების კონტროლის კომისიისთვის მიმართვა.

თუ არის ალბათობა იმისა, რომ „წითელი“ ცირკულარი ან „განაცხადი“ ინტერპოლის ბაზაში მოხვდა, ძებნილმა თავი უნდა შეიკავოს სახელმწიფო საზღვრის გადალახვისაგან - წევრი ქვეყნების უმრავლესობაში მესაზღვრეები ვიზიტორებს ინტერპოლის ბაზებში ამოწმებენ. ზოგიერთ ქვეყანაში ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია შეიძლება სასტუმროების თანამშრომლებმა გასცენ, რომლებსაც ძებნილთა საჯარო ბაზებში კლიენტების შემოწმების ვალდებულება აქვთ.

ისიც შესაძლებელია, რომ ადამიანი ინტერპოლის ბაზებიდან წაიშალოს. ყველაზე მარტივი გზაა, თუ ადამიანს საშუალება აქვს დაამტკიცოს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ამასთან, საქმეში კრიმინალური მუხლის არსებობა აუცილებლად უარის საფუძველი არ ხდება: საკმარისია ინტერპოლის დარწმუნება იმაში, რომ საქმეში პოლიტიკური შემადგენელი კრიმინალურზე დიდია.

ბაზებიდან ამოშლის მეორე გზა ინტერპოლისთვის იმის დამტკიცებაა, რომ გადაცემის მომთხოვნ ქვეყანაში ადამიანის საბაზო უფლებები ირღვევა. მაგალითად, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტის დოკუმენტების მითითება.

სხვა თემები