12 დეკემბერი 2018 - 22:38

ფეისბუკმა სექსის შესახებ წერა აკრძალა. ეს სიმართლეა?

ფოტო: shutterstock.com

Facebook-მა სექსზე წერა ფაქტობრივად აკრძალა. ოქტომბერში სოცქსელმა თავის „თანამეგობრობის ნორმებს“ სადავო კონტენტის ახალი კატეგორია - „სექსუალური შევიწროება“ დაუმატა. „თანამეგობრობის ნორმები“ - წესების კრებულია, რომლითაც ფეისბუკის მოდერატორები ხელმძღვანელობენ, წყვეტენ რა, რომელი ჩანაწერები დაბლოკონ და რომელი - არა. Facebook-მა ის „ყალბ ახალ ამბებთან“ დაკავშირებული სკანდალების ფონზე, 2018 წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნა და მას შემდეგ პერიოდულად აახლებს. მართალია, ახალი კატეგორიის სათაურში ლაპარაკი მხოლოდ შევიწროებაზეა, თუმცა თავად აკრძალვებს ფეისბუკი უფრო ფართოდ განმარტავს: „ჩვენ არ დავუშვებთ ისეთი კონტენტის გამოქვეყნებას, რომელიც ახალისებს სქესობრივ კონტაქტს ზრდასრულ ადამიანებს შორის, ხელს უწყობს მათ, ან შექმნილია ასეთი კონტაქტების ორგანიზების და კოორდინაციის მიზნით“. კატეგორია „სექსუალური შევიწროება“ მხოლოდ ახლა შეიქმნა, მაგრამ მოიცვა მანამდე გამოქვეყნებული აკრძალული კატეგორიების ნაწილი: „ზრდასრულების სექსუალური ექსპლუატაცია“ და „სექსუალური ხასიათის ქმედებების და შიშველი სხეულის გამოსახვა“. 

კონკრეტულად რა აიკრძალა?

ნებისმიერი კონტენტი, რომელიც Facebook-ის აზრით, ადამიანებს სექსით დაკავებისკენ უბიძგებს: პორნოგრაფია, სტრიპტიზი, ეროტიკული მასაჟი. დაბლოკავენ მათაც, ვინც დაუფარავად ცდილობს სექსუალური პარტნიორების, ან ისეთი ფოტოების პოვნას, რომლებზეც შიშველი ადამიანები არიან გამოსახულები. და ბოლოს, აკრძალვა ვრცელდება სექსთან დაკავშირებულ ნებისმიერ მინიშნებაზე. 

არაცხადი მინიშნებებია:

- ზოგადი ხასიათის გამონათქვამები სექსუალური ქვეტექსტით, მაგალითად, ფრაზა: „დღეს საღამოს ხომ არ გავერთოთ“;
- სექსუალურ-პროვოკაციული სლენგი;
- სექსუალური ქვეტექსტის მქონე მინიშნებების გამოყენება, მაგალითად, სექსუალური როლების, პოზების, ფეტიშისტური სცენარების, სექსუალური 
სურვილების (მათ შორის პარტნიორების მიმართ), აღგზნებული მდგომარეობის, სქესობრივი აქტის ან სექსუალური ხასიათის ქმედებების, სხეულის სექსუალური ნაწილების (მაგალითად, მკერდის, საჯდომის), გენიტალიების ჰიგიენური მდგომარეობის ხსენება;
- კონტენტი (მათ შორის, ხელით დახატული გამოსახულებები, ასევე ციფრული ან ფიზიკური ობიექტები), რომელსაც შეუძლია აშკარად გამოხატოს სქესობრივი აქტი, ან ადამიანები სექსუალურ პოზაში.

სიტყვა „სექსის“ დაწერა შეიძლება?

შეიძლება. ეს არის ახალ წესებში არსებული, ორიდან ერთ-ერთი გამონაკლისი. ნებადართულია „უბრალოდ ხსენება“:

- (ქალის ან კაცის) სექსუალურად აღგზნებული მდგომარეობის;
- სქესობრივი აქტის (სექსუალური შეღწევის, თვითდაკმაყოფილების ან ფეტიშისტური სცენარების განხორციელების).

როგორც ჩანს, ფეისბუკი არ კრძალავს თავისთავად ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორებიცაა „ერექცია“, „სექსი“, „მასტურბაცია“ და სხვა სინონიმები. დაბლოკვა ემუქრებათ მხოლოდ მას, ვინც ამ უბრალო ხსენების „ჩარჩოებიდან გავა“. რა „ჩარჩოებია“ ეს, ტექსტში არ წერია - ორიგინალურ (ინგლისურ) ვერსიაში ამ პუნქტის სრული ფორმულირება ასეთია: [არ გამოაქვეყნოთ] სექსუალური შინაარსის გამონათქვამები დეტალებში და არ გასცდეთ სექსუალური აღგზნების მდგომარეობის ან სქესობრივი აქტის უბრალო ხსენებას“. რამდენად დეტალურად შეიძლება სექსის ან აღგზნების აღწერა ისე, რომ აკრძალვას არ დაექვემდებაროს, გაურკვეველია.

აკრძალვები მხოლოდ საჯარო პოსტებზე ვრცელდება?

არა, მათი გამოქვეყნება არსად შეიძლება. „თანამეგობრობის ნორმები“ ვრცელდება პოსტებზეც (კომენტარებზე), ჯგუფებში დისკუსიებზეც და მესენჯერის მიმოწერაზეც. Facebook-ი აღნიშნავს, რომ კომპანია თავად არ ეძებს სადავო შინაარსს - ადამიანის დასაბლოკად მას ჯერ ვინმემ უნდა უჩივლოს (და არსებობს საფრთხე, რომ ტროლები ამას მასობრივად გააკეთებენ). „თუ თქვენ მესენჯერში მიმოწერა გქონდათ მასთან, ვისაც სექსზე ლაპარაკი უნდა, საეჭვოა ამისთვის გიჩივლონ და ფეისბუკიც არ დაგბლოკავთ“, - წერს The Verge.

ეს აკრძალვები რა საჭიროა?

თავად კომპანიას არ უთქვამს, რატომ შეიტანა ცვლილებები თავის წესებში. მაგრამ ამერიკული გამოცემები და უფლებადამცველები „ელექტრონული საზღვრების ფონდიდან“ თანხმდებიან იმაზე, რომ ეს გაზაფხულზე მიღებული კანონთა პაკეტის FOSTA-SESTA-ს მიღების შედეგია (ორი კანონის პაკეტი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ და სენატმა მიიღეს: Allow States and Victims to Fight Online Sex Trafficking Act და Stop Enabling Sex Traffickers Act).

ახალი კანონის თანახმად, შესაძლებელია ვებგვერდების მფლობელთა პასუხისმგებლობის დაყენება, თუ მათ პლატფორმას სექს-ვაჭრობისთვის იყენებენ (მანამდე ვებგვერდები მომხმარებლების კონტენტის გამო პასუხს არ აგებდნენ).

„ელექტრონული საზღვრების ფონდში“ Facebook-ის ქმედებებს უწოდეს „იდეალური მაგალითი იმისა, რისიც გვეშინოდა: ვებგვერდებმა გადაწყვიტეს, რომ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება შესაძლებელია, თუ სექსის განხილვას მაქსიმალურად ფართო თვალსაზრისით აკრძალავ“.

სხვა თემები