01 იანვარი 2019 - 20:30

რამდენი მიგრანტია მსოფლიოში და რა დოკუმენტი მიიღო გაერომ პრობლემასთან საბრძოლველად

ლტოლვილები

ფოტო: shutterstock.com

2018 წლის მიწურულს, 10-11 დეკემბერს მაროკოში გამართულ სპეციალურ კონფერენციაზე გაერომ უსაფრთხო, თანმიმდევრული და ლეგალური მიგრაციის შესახებ გლობალური პაქტი მიიღო, რომელიც საბოლოოდ 20 დეკემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაამტკიცეს. მაგრამ დოკუმენტს წინააღმდეგობა მიღებამდე შეხვდა. მისი სამუშაო ვერსია ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში გამოქვეყნდა, მაგრამ მაროკოს კონფერენციის მოახლოებასთან ერთად ქვეყნების ნაწილმა პაქტის ხელმოწერაზე უარი თქვა. ნოემბრის შუა რიცხვებში თავისი უარის შესახებ განაცხადა ავსტრალიამ. აშშ მოლაპარაკებებიდან ჯერ კიდევ 2017 წელს გავიდა. პაქტს არ შეუერთდნენ ავსტრია, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, ისრაელი.

რა შეთანხმებაა ეს და რისთვის არის ის საჭირო?

2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოში სულ 257,7 მილიონი მიგრანტია, ანუ პლანეტის დაახლოებით 3,4%. მათგან 68,5 მილიონი - იძულებით დევნილია. შეთანხმების შემქმნელთა არგუმენტი ის არის, რომ პრობლემა ძალიან დიდი გახდა და მისი გადაწყვეტა იმ ქვეყნების ძალისხმევით ჯობს, საიდანაც მიგრანტები მოდიან და რომელი ქვეყნებიც ყველაზე ხშირად იღებენ მათ.

გაეროს შეთანხმება გაგრძელებაა ნიუ-იორკის დეკლარაციისა ლტოლვილების და მიგრანტების შესახებ, რომელიც გაეროს 193-ვე ქვეყანამ 2016 წლის სექტემბერში ერთხმად მიოიწონა (მათ შორის საქართველომაც). დეკლარაციის ერთ-ერთი მთავარი მომხრე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო, რომელმაც მაშინდელ მიგრაციულ კრიზისს ევროპაში „ადამიანობის ტესტი“ უწოდა.

მხარეებმა პირობა დადეს, რომ 2018 წელს მიგრაციული პოლიტიკის კოორდინაციის შესახებ სრულყოფილ მრავალმხრივ შეთახმებას მოაწერდნენ ხელს. დოკუმენტის მთავარი მიზანია მიმღები ქვეყნების ტვირთის შემცირება, ლტოლვილებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გადანაწილება სახელმწიფოებს შორის და მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისთვის პირობების შექმნა. ნიუ-იორკის დეკლარაციაში ჩამოთვლილია ვალდებულებები, რომლებიც ხელმომწერმა ქვეყნებმა თავის თავზე აიღეს, გლობალურ შეთანხმებაში კი მათი რეალიზების უფრო კონკრეტული მექნიზმებია გაწერილი.

მაგრამ სავალდებულო იურიდიული ძალა არც ამ შეთანხმებას აქვს და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.

ხელმომწერმა ქვეყნებმა რა უნდა გააკეთონ?

მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაცვლიან ყველაზე ახალ, ზუსტ და დეტალიზებულ მონაცემებს ლტოლვილების შესახებ და ასეთი სტატისტიკის შეგროვებისათვის ადგილებზე სპეციალურ სამეცნიერო ცენტრებს შექმნიან. ისინი შეთანხმდნენ ასევე, რომ შეებრძოლებიან გარემოებებს, რომლებიც ადამიანებს მშობლური ადგილების დატოვებას აიძულებს: სიღარიბეს, ომებს, სტიქიურ უბედურებებს.

გარდა ამისა, სახელმწიფოები პირობას დებენ, რომ ერთად შეებრძოლებიან არალეგალური მიგრანტების ტრანსპორტირების ბიზნესს და განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობას, ასევე გააიოლებენ ლეგალური მიგრაციის პირობებს. ადამიანების დროებითი მოთავსების ცენტრებში განთავსება მხოლოდ უკიდურეს ზომად უნდა იქცეს. ყველა მიგრანტს, მისი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, დაჰპირდნენ საბაზო სოციალურ მხარდაჭერას, დისკრიმინაციისაგან დაცვას და პირობების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მათ ახალ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

რით არიან უკმაყოფილოები ქვეყნები, რომლებმაც პაქტს ხელი არ მოაწერეს?

შეთანხმების ყველა კრიტიკოსს მიაჩნია, რომ გლობალური პაქტი მათ ნაციონალურ სუვერენიტეტს ემუქრება და მას საერთაშორისო ინსტანციებზე დამოკიდებულს ხდის. გარდა ამისა, მათი აზრით, დოკუმენტი ფაქტობრივად ათანაბრებს კანონიერ და უკანონო მიგრანტებს. მაგალითად, ორივესთვის ხელმისაწვდომია „საბაზო მომსახურება“, რომელშიც შედის ჯანდაცვა და განათლება ახალგაზრდებისათვის. „მიგრაციული სტატუსისაგან დამოუკიდებლად“ ნებისმიერ მიგრანტს, რომელიც „მოწყვლად მდგომარეობაშია“ ანუ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის მსხვერპლია, მხარდაჭერას აღუთქვამენ.

ავსტრიის მთავრობის აზრით, შეთანხმება მიგრაციას ადამიანის ერთ-ერთ საბაზისო უფლებად აქცევს, რაც არასწორია; უნგრეთის ხელისუფლება დოკუმენტის ავტორებს იმისთვის აკრიტიკებს, რომ ისინი არალეგალურ მიგრაციას აღიქვამენ როგორც შეუქცევად და მთლიანობაში დადებით პროცესს, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება. ანალოგიური პრეტენზია აქვს ჩეხეთსაც - პრაღა უკმაყოფილოა იმით, რომ შეთანხმებაში არ წერია ის, რომ არალეგალური მიგრაცია პრინციპულად არასასურველია. ზოგიერთი ექსპერტი პაქტს „გულუბყვილობისთვის“ და იმის არ აღიარებისათვის აკრიტიკებს, რომ მიგრაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს არამხოლოდ განვითარებას და ურთიერთსასარგებლო კულტურულ გაცვლას, არამედ კრიმინალის და სოციალური დაძაბულობის ზრდასაც.

უკმაყოფილების მიზეზი არალეგალებისთვის ცხოვრების გაიოლებაა?

არა. კრიტიკოსების მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ პირიქით, შეთანხმებაში ლტოლვილებისთვის გარანტიები არასაკმარისია. ბევრ ექსპერტს არ სჯერა, რომ ადამიანები საკუთარი ნებით მასობრივად დატოვებენ მშობლიურ ადგილებს ისეთი სერიოზული მიზეზების გარეშე, როგორებიცაა სამოქალაქო ომი ან შიმშილი. მაგრამ ისინი შიშობენ, რომ სწორედ შეთანხმება მისცემს სტიმულს იმიგრაციას, რადგან როგორც კი პოტენციური მიგრანტები მისი არსებობის შესახებ შეიტყობენ, დაიჯერებენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში მათ მართლაც ელიან. მათი აზრით, მიგრანტებისთვის დაპირებულმა მრავალმა შეღავათმა სუსტად განვითარებადი ქვეყნების ძალიან ღარიბ მოქალაქეებს შეიძლება შეუქმნას ილუზია, რომ დასავლეთით გაქცევა უფრო სარფიანია, ვიდრე სამშობლოში დარჩენა, იმ შემთხვევაშიც თუ მათ სახლში პირდაპირი საფრთხე არ ემუქრებათ. მაგრამ შეთანხმებაში სურვილების შესახებ დეკლარაციების გარდა არაფერი წერია, ხოლო დაპირებები ძალიან ბუნდოვანია. შედეგად, პაქტმა შეიძლება ვერ გადაჭრას არსებული პრობლემები და შექმნას ახალი.

კრიტიკოსებს საეჭვოდ მიაჩნიათ დოკუმენტის ავტორების მიერ შეთავაზებული ლტოლვილების საკუთარ ქვეყნებში დახმარების იდეა. ამ სახელმწიფოების დიდ უმრავლესობაში ხელისუფლებები კორუმპირებულია, ხოლო ინსტიტუტები არ მუშაობს და არ არსებობს არანაირი ემპირიული მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი დახმარება რეალურად სასარგებლოა. მსოფლიოს ლტოლვილების ორი მესამედი ისეთი ქვეყნებიდანაა, როგორებიცაა სირია, ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, მიანმარი, სომალი.

და ბოლოს, დოკუმენტში გაცხადებული სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილების პრინციპმა პრაქტიკაში შეიძლება ტვინების უარესი გადინება გამოიწვიოს, ასევე მსოფლიოს ყველაზე ღარიბი რეგიონები საბოლოოდ ჩარჩნენ დღევანდელ მდგომარეობაში.

თბილისის პოზიცია როგორია და რამდენი ლტოლვილია საქართველოში?

საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მიგრაციის პრობლემების მოგვარების ინიციატივას საწყის ეტაპზევე შეუერთდა. თბილისმა გაეროს დანარჩენ 193 ქვეყანასთან ერთად 2016 წლის სექტემბერში ხელი მოაწერა ნიუ-იორკის დეკლარაციას ლტოლვილების და მიგრანტების შესახებ. შესაბამისად, საქართველო შეუერთდა მაროკოს კონფერენციის დოკუმენტსაც, ეგრეთ წოდებულ მიგრაციის პაქტს, რომელიც ნიუ-იორკის დეკლარაციის გაგრძელებაა და შესასრულებლად სავალდებულო არ არის.

რაც შეეხება საქართველოში ლტოლვილების რაოდენობას, 2018 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე კავკასია“ საქსტატის უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობით განაახლა ანგარიში, რომელშიც ბოლო პერიოდის იმიგრაციული ნაკადები გაანალიზა. ამ ანგარიშის თანახმად, საქართველოში წლებთან ერთად იმიგრანტების რაოდენობის კლების ტენდენციაა.

დევნილთა ყოფილი სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბოლო, 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი სულ 1477 ადამიანს აქვს მინიჭებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 0,04%-ა.

თუ შეთანხმებას იურიდიული ძალა არ აქვს, პრობლემა რაშია?

თითოეული მთავრობისთვის, რომელმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ეს საკუთარი პოლიტიკისადმი ერთგულების (ზოგჯერ მრავალწლიანის) და პრინციპის საკითხია. მაგალითად, არალეგალებს, რომლებიც ცდილობენ ავსტრალიაში მოხვედრას, როგორც წესი აგზავნიან გადასატვირთავ ბაზებში პაპუა-ახალ გვინეაში. მათი მოვლის პირობები, რაც ზოგჯერ წლობით გრძელდება, ძალიან მძიმეა. გაეროს 2016 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთი ბაზებში მცხოვრებთა შორის ხშირია სუიციდის შემთხვევები, ადამიანები ხშირად იზიანებენ თავს, ეწყებათ დეპრესია. გლობალური პაქტი მოითხოვს, რომ ლტოლვილები დროებით თავშესაფრებში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გაზგავნონ.

დონალდ ტრამპი თავის პოლიტიკას დასაწყისიდანვე მიგრანტებთან ბრძოლაზე აგებდა. აშშ-ის პრეზიდენტი მუდმივად იმეორებს იმას, რომ ეს საკითხები თითოეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს. ამასთან, იგივე ნიუ-იორკის დეკლარაცია, რომელმაც გლობალური პაქტის შემუშავებას დაუდო სათავე, დიდწილად ობამას იდეა იყო, ახლანდელი ადმინისტრაცია კი მის ინიციატივებს თანმიმდევრულად უარჰყოფს.

აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს, განსაკუთრებით უნგრეთს, მიგრანტების ყველაზე დიდი ტალღა, ისევე როგორც გერმანიას, 2015-2016 წლების კრიზისის დროს მიაწყდა. ისინი თანმიმდევრულად ეწინააღმდეგებიან ლტოლვილების შესახებ პასუხისმგებლობის გადანაწილების ევროპულ ინიციატივებს და მიაჩნიათ, რომ თუ ლტოლვილები ყველაზე მდიდარი ქვეყნებისკენ მიისწრაფვიან, მაშინ სწორედ ამ ქვეყნებმა უნდა იზრუნონ მათზე. ავსტრიის დღევანდელი ხელისუფლებისთვის სწორედ მიგრანტების შესახებ პოზიციაზეა დამოკიდებული საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნება: მმართველი სახალხო პარტიის პარტნიორია ანტიმიგრანტული „თავისუფლების პარტიაა“.

და ბოლოს, ისრაელი მთელი ძალით იცავს თავისი სახელმწიფოს ნაციონალურ ხასიათს და სხვა ეროვნების ლტოლვილებს, იმ შემთხვევაშიც თუ ისინი ომების და სამოქალაქო კონფლიქტების მსხვერპლნი არიან, ისრაელში არ მიესალმებიან. ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების პოლიტიკოსებიდან არავის აწყობს ფარისევლობასა და ამომრჩევლების მოტყუებაში დადანაშაულება.

ბოლოს და ბოლოს შეთანხმება მნიშვნელოვანია თუ არა?

იმ ქვეყნებზე, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს პაქტს, დიდწილად არის დამოკიდებული შესაძლებელი გახდება თუ არა ლტოლვილებთან დაკავშირებით შეთანხმებული მსოფლიო პოლიტიკის შემუშავება. ის, რომ ამ პაქტის ხელმოწერაზე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ თქვა უარი, იმაზე მიანიშნებს, რომ შესასრულებლად რაიმე უფრო სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა ევროკავშირის დონეზე ძალიან გართულდება.

იმიგრაცია ერთ-ერთი საკვანძო პრობლემაა და არა იმდენად იმის გამო, რომ მას მსოფლიო პროცესებზე რეალური გავლენა აქვს, არამედ იმ პერსპექტივის გამო, რომ ქვეყნები საერთაშორისო კოორდინაციას და რთული საკითხების კოლექტიურად გადაწყვეტას ვერ ახერხებენ. ჯერჯერობით შეთანხმება არ გამოდის, როგორც ჩანს ქვეყნებს შორის, რომელთა ნაწილი მზადაა ახალი მიგრანტები მასობრივად მიიღოს, ხოლო სხვები ამაში თავისთვის დიდ საფრთხეს ხედავენ, განხეთქილება არსებობს.

სხვა თემები