02 იანვარი 2019 - 18:25

რისი გაკეთება შეიძლება სიცივეში და რისი არა?

ზამთარი

ფოტო: shutterstock.com

როგორ გადავიტანოთ ზამთარი ისე რომ ავად არ გავხდეთ? ეს კითხვა თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, ზუსტად როგორ უნდა მოიქცეს ყველაზე ცივი სეზონის დროს. არსებობს ცრუ წარმოდგენები და გადაჭარბებული სიფრთხილე, რომელიც ასევე ხელს უშლის ადამიანების სწორ ქცევას.   

ორპირისგან ავად გავხდები?

თავისთავად ორპირი ინფექციას არ იწვევს, მას ვირუსები იწვევენ. ვირუსის გარეშე ავად ვერ გახდებით. ორპირის (მათ შორის ზაფხულისაც) ბევრ ქვეყანაში ეშინიათ, რადგან მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის პიკი წლის ყველაზე ცივ პერიოდს ემთხვევა. აქედან ლოგიკური დასკვნა ჩნდება, რომ მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას სიცივე იწვევს. სინამდვილეში ასე არ არის, თუმცა, უდავოა, რომ სიცივეს და ინფექციებს შორის კავშირი არსებობს. ჯერჯერობით მეცნიერებმა არ იციან ზუსტად, როგორ ახსნან სწორად ეს კავშირი. ყველაზე პოპულარული ვარაუდები კი დაახლოებით ასეთია:

- საქმე ჰაერის სიმშრალეშია - ის თითქოს ხელს უშლის ლორწოვან გარსებს თავი დაიცვას ვირუსებისგან.

- ყველაფერი იმის ბრალია, რომ წელიწადის ცივ დროს ადამიანები მეტ დროს ატარებენ შენობებში (მათ შორის იმის გამოც, რომ სასწავლო წელი იწყება და ბავშვები, რომლებიც ისედაც უფროსებზე ხშირად ავადმყოფობენ, ეფექტიანად ავრცელებენ ვირუსებს თანაკლასელებში).

- სიცივეში ვირუსები წარმატებით ვრცელდება.

ფიფქების ყლაპვა შეიძლება?

დიახ. მეტიც, ცივი ლუდის სმა და ნაყინის ჭამაც შეიძლება ზამთარში ქუჩაში. საქმე ის არის, რომ პროდუქტებმა შეიძლება გააცივოს პირი და საყლაპავი, მაგრამ ამ გზაზე ისინი თითქმის არ ეხებიან ადგილებს, სადაც მწვავე ინფექციების გამომწვევი ვირუსები შეიძლება გავრცელდეს. და კიდევ, საეჭვოა, რომ იმდენი ცივი რამ შეჭამოთ ან დალიოთ ყინვაში, რამდენ ცივ ჰაერსაც ჩაისუნთქავთ ჩვეულებრივ ქუჩაში გადაადგილებისას.

მინუსიანი ტემპერატურის დროს დილით სირბილი შეიძლება?

შეიძლება. ეს რეკომენდებულიცაა. მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ამ დროს აუცილებელია სწორად ჩაცმა - ისე, რომ არც ძალიან გადახურდეთ, არც გაიყინოთ და ფეხიც არ დაგიცურდეთ. რჩევები განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მოხუცებმა და იმ ადამიანებმა, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემა აწუხებთ. მათ ჯობს ცალკე მიმართონ ექიმს კონსულტაციისთვის და გაარკვიონ შეიძლება მათთვის სირბილი თუ არა.

მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს, თუ ადამიანს მხოლოდ სურდო აქვს ან ყელი ოდნავ სტკივა, მაგრამ ტემპერატურა ნორმალური აქვს, ვარჯიში ასევე შეიძლება, თუმცა განსაკუთრებული დატვირთვის გარეშე.

მწეველს ავად გახდომის მეტი შანსი აქვს?

მწეველ ადამიანს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით დაავადების მეტი შანსი აქვს და მისი გამოჯანმრთელების პროცესიც ბევრად გაჭიანურდება. ექიმები ასეთ პაციენტებს ურჩევენ ავად ყოფნის დროს ნაკლები სიგარეტი მოწიონ და თავი აარიდონ სიგარეტის კვამლს, რომ მდგომაროება არ დაიმძიმონ.

სხვა თემები