04 იანვარი 2019 - 22:35

რამდენიმე კვირაა უწყვეტად ვსვამ. გავლოთდი?

ფოტო: shutterstock.com

ალკოჰოლიზმის ხარისხი ლიტრებში არ იზომება. დამოკიდებული ხართ თუ არა ალკოჰოლზე, ამაზე დაფიქრება ორგანიზმის გარკვეული რეაქციის და ცხოვრებაში სხვადასხვა უსიამოვნო ცვლილების მიხედვით შეიძლება. არსებობს კრიტერიუმების სია, ასევე ყველაზე გავრცელებული მიზეზები ნერვიულობისათვის და ექიმთან წასასვლელად. რაც უფრო მეტია ეს სიმპტომები, მით უფრო მძიმეა ვითარება.

რა კრიტერიუმებია ეს?

ალკოჰოლი ხელს გიშლით იმის კეთებაში, რაც გასაკეთებელი გაქვთ

ალკოჰოლის გამო საქმეს დათქმულ ვადებში არ ასრულებთ; ჰპირდებით, მაგრამ არ ხვდებით ახლობლებს; გავიწყდებათ ბავშვის საბავშვო ბაღიდან გამოყვანა; ხარჯავთ ფულს, რომელიც, მაგალითად, ბინის საყიდლად გადადეთ და შემდეგ გამოსავალს ვერ პოულობთ.

ყველაფრის მიუხედავად, განაგრძობთ სმას

გტოვებთ საყვარელი ადამიანი, რადგან ვეღარ უძლებს თქვენს დამოკიდებულებას ალკოჰოლზე, გაგდებენ სამსახურიდან, გიქვავდებათ თითები და ძალიან გტკივათ მუცელი. მშობლები მუდმივად გეუბნებიან, რომ ძალიან ბევრს სვამთ, რაც სკანდალებით მთავრდება, მაგრამ სმას მაინც არ წყვეტთ.

დასათრობად იმაზე მეტს სვამთ, ვიდრე ადრე

ამას ალკოჰლის მიმართ ტოლერანტობის ზრდას უწოდებენ.

სვამთ თითქმის ყოველდღე, თუ არ სვამთ, ფიზიკურად შეუძლოდ ხართ

როდესაც თქვენ გამცივნებთ, ვერ იძინებთ, გული გერევათ და შფოთი გაქვთ - ეს შეწყვეტის სინდრომია. თუ თქვენ საღამოს დალიეთ, დილით ნაბახუსევზე ხართ. მაგრამ ეს ნაბახუსევი არ არის, რომელიც ბევრ არადამოკიდებულ ადამიანს ახასიათებს: სინამდვილეში, ისინი ალკოჰოლით იწამლებიან; ასეთ სიტუაციაში ჭიქა არყისგან ისინი უფრო შეუძლოდ გახდებიან. ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები კი ნამდვილად ნაბახუსევზე არიან და არყის დალევა შვებას მოჰგვრით.

სვამთ დაგეგმილზე მეტს

როდესაც ცდილობთ შეწყვიტოთ სმა, მაგრამ არაფერი გამოგდით.

ხშირად ფიქრობთ ალკოჰოლზე და დალევა ძალიან გინდათ

მოდუნების და დასვენების ალტერნატიული მეთოდები არ გაინტერესებთ.

თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე პუნქტი თქვენც გეხებათ, შეგიძლიათ შეავსოთ ტესტები, რომლებიც ექიმებს პაციენტების ალკოჰოლური დამოკიდებულების განსასაზღვრად ეხმარება. თუ მაჩვენებელი მაღალია, ექიმმა სასარგებლო რჩევები, ან შესაძლოა, აბებიც მოგცეთ.

თუ აღმოჩნდა რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული არ ვარ?

თუ ალკოჰოლზე დამოკიდებული არ ხართ - ეს კარგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი წესრიგშია. მაგალითად, დამოკიდებულების რისკის ქვეშ არიან 65 წელზე მეტი ხნის ადამიანები და ქალები, რომლებიც კვირაში დაახლოებით 100 გრამ სპირტს სვამენ (რაც ერთი ლიტრი ღვინის, 2,5 ლიტრი ლუდის და ექვსი პატარა ჭიქა არყის ტოლია). თუ თქვენ ხშირად არა, მაგრამ ცოტ-ცოტას, ანუ დაახლოებით 40 გრამ სპირტს სვამთ (რაც დაახლოებით ნახევარი ლიტრი ღვინოა, ერთი ლიტრი ლუდი და ერთჯერადად ორ პატარა ჭიქა არაყზე ოდნავ მეტი) - ესეც საშიშია. ზოგიერთ ქვეყანაში მიჩნეულია, რომ კაცის ნორმა მეტია, და მათთვის სარისკო ქცევაა კვირაში 200 გრამზე ოდნავ ნაკლები სპირტის მიღება (ორი ლიტრი ღვინო, ხუთი ლიტრი ლუდი და 12 ჭიქა არაყი), ან ერთ ჯერზე 50 გრამი სპირტის მიღება.

ნორმაზე მეტი ალკოჰოლის მიღება სხვადასხვა დაავადების რისკს ზრდის. ალკოჰოლს შეუძლია თითქმის ყველა ორგანოს, ნებისმიერი სისტემის, დაზიანება.  დასაწყისისთვის ეს შეიძლება იყოს უძილობა, მაღალი წნევა, მაგრამ დროსთან ერთად ზიანი უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება.

თუ ჩვეულებრივ, ადამიანი ნორმას არ არღვევს, მაგრამ დასვენების დროს ბევრს სვამს, ამას binge drinking-ს („რეგულარული ლოთობა“) უწოდებენ. აქაც რისკებია. როდესაც ქალი ორი საათის განმავლობაში დაახლოებით 50 გრამ სპირტს, ხოლო კაცი 60 გრამ სპირტს სვამს, ეს ხშირად მთავრდება ტრავმებით, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით, ალკოჰოლური მოწამვლით და სხვა უსიამოვნებებით (ეს ამერიკული სტანდარტია, ბრიტანელებს მიაჩნიათ რომ ამაზე ნაკლები დოზაც საშიშია). გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყვეს ინსულტი, ღვიძლის დაავადებები და სხვა უსამოვნო შედეგები.

რამდენი უნდა დავლიო, რომ ჯანმრთელობას არ ვავნო?

სხვადასხვა ქვეყანაში ნორმა ხშირად ძალიან განსხვავებულია. მაგალითად, ამერიკული სტანდარტის თანახმად, კაცს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე შეუძლია მიიღოს დღეში 28 გრამი სპირტი (თითქმის 2 ჭიქა ღვინო, ან 2 ბოთლი ლუდი, ან 2 პატარა ჭიქა არაყი), ქალს - ორჯერ ნაკლები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ნორმაა დღეში 20 გრამი სპირტი, რომლის სმაც შეიძლება კვირაში არაუმეტეს ხუთი დღისა, რაც ერთ ჭიქა ღვინოზე ოდნავ მეტი, ერთი ბოთლი ლუდი, ან დღეში ერთი პატარა ჭიქა არაყია.

სხვა თემები