14 იანვარი 2019 - 00:30

როგორ განვასხვაოთ პოპულისტები ტრადიციული პოლიტიკოსებისგან? ინსტრუქცია

პოპულისტი

ფოტო: shutterstock.com

თანამედროვე პოლიტიკურ ენაში სიტყვა „პოპულისტს“ ნეგატიური მნიშვნელობა აქვს. დასავლეთში სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ პოპულიზმი ლიბერალური დემოკრატიის მთავარი საფრთხეა. თანამედროვე პოლიტიკოსებს შორის მთავარ პოპულისტს დონალდ ტრამპს უწოდებენ, პოპულისტები არიან იტალიის, ვენესუელის, პოლონეთის, უნგრეთის, თურქეთის და ბრაზილიის ხელისუფლებებში. სპეციალისტებმა შეადგინეს ერთგვარი ინსტრუქცია იმის გასარჩევად, თუ ვინ არიან სინამდვილეში პოპულისტები, როგორ განვასხვაოთ ისინი დანარჩენი პოლიტიკოსებისგან და მართლაც ემუქრებიან თუ არა საზოგადოებას.

რა უნდა ვიცოდეთ პოპულიზმის შესახებ?

- პოპულისტებისთვის საზოგადოება ყოველთვის იყოფა „ხალხად“ და „ელიტად“.

- ხალხის წარმომადგენლებად მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევენ.

- თანამედროვე პოპულისტები თამაშობენ შიშებზე, რომლებიც საზოგადოებებს გლობალიზმის შედეგებთან დაკავშირებით აქვთ.

- პოპულიზმი და ფაშიზმი - ერთსა და იმავეს არ ნიშნავს.

- ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ხმამაღალ და რთულად შესასრულებელ დაპირებებს იძლევა - პოპულისტი არ არის.

- პოპულისტების ხელისუფლებაში მოსვლა ყოველთვის საშიში არ არის, მაგრამ ყოველთვის იწვევს პოლიტიკურ კრიზისს.

- ავტორიტარულ ქვეყნებში პოპულიზმი, ხელისუფლებასთან ბრძოლის, შესაძლოა, ერთადერთი ეფექტიანი გზაა.

- ავტორიტარულ ქვეყანაში გამარჯვებულმა პოლიტიკოსებმა შეიძლება ააშენონ დემოკრატია, მაგრამ შეიძლება - ვერ.

- პოპულიზმი გავრცელდა იმიტომ, რომ ხშირად ხელისუფლებას არ სურს მნიშვნელოვანი პრობლემების განხილვა, ხოლო კრიტიკას სისულელეს ან ბოროტ განზრახვას უკავშირებს.

ვინ არიან პოპულისტები?

სიტყვას „პოპულიზმი“ თანამედროვე პოლიტიკურ ენაში მკაფიოდ გამოხატული უარყოფითი დატვირთვა აქვს. ხშირად პოლიტიკოსები ასე ახასიათებენ ოპონენტებს არა რაიმე კონკრეტული თვისების გამო, არამედ ზოგადად მათი დისკრედიტაციის მიზნით.

პოპულიზმის პოპულარული აღქმა ასეთია: ეს არის რთული პრობლემების მარტივი საშუალებებით გადაწყვეტის ემოციური დაპირება. თუმცა ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ თანამედროვე პოლიტიკურ ბრძოლაში ყველა, ან თითქმის ყველა იყენებს ხმამაღალ და მარტივ ლოზუნგებს, რის გამოც რაციონალური არგუმენტების ემოციური გამოხტომებისგან გარჩევა ყოველთვის რთულია.

ხშირად პოპულისტურს უწოდებენ ასევე ხელისუფლებების პოპულარულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ისინი არჩევნების წინ იღებენ: მაგალითად, მოულოდნელად ამცირებენ გადასახადებს ან ზრდიან პენსიებს. მაგრამ ეს საკმაოდ სტანდარტული კონიუნქტურული სვლაა, რომელსაც ხშირად ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მთავრობები მიმართავენ.

ცნება „პოპულიზმი“ მეცნიერებაში მკაფიოდ განსაზღვრული არ არის, მაგრამ არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლებსაც მკვლევრების უმრავლესობა გამოარჩევს. ამ ნიშნების მიხედვით, შესაძლებელია პოპულისტების გამორჩევა დანარჩენი პოლიტიკოსებისაგან და იმის ვარაუდი, თუ როგორ იმოქმედებენ ისინი დიდ პოლიტიკაში, მათ შორის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

რით განსხვავდებიან პოპულისტები ტრადიციული პოლიტიკოსებისგან?

პოპულისტები შეიძლება ემხრობოდნენ როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე იდეებს. ტრადიციული სოციალ-დემოკრატებისა განგანსხვავებით, მემარცხენე პოპულისტები აკრიტიკებენ თანამედროვე პარლამენტარიზმს და ბიზნესთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესაძლებლობას უარყოფენ. ამით ისინი წარსულის რევოლუციონერებს ჰგვანან, მაგრამ მათგან განსხვავებით, საკუთარ თავს არა ერთი რომელიმე კლასის, არამედ „ელიტისგან“ მთელი დანარჩენი საზოგადოების დამცველად აცხადებენ.

მემარჯვენე პოპულისტებს კლასიკური მემარჯვენეებისგან ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის პატივისცემა შემორჩათ. მაგრამ ისინი ბევრად მეტ დროს უთმობენ მიგრანტებთან ბრძოლას და ქვეყნის სხვადასხვა საგარეო გავლენისაგან დაცვას.

ორივე ფლანგის პოპულისტები იოლად იყენებენ ერთმანეთის ლოზუნგებს. თუ პარტია, რომელიც თავის თავს მემარჯვენეს უწოდებს, პირობას დებს რომ სახელმწიფოს ფულს ეკონომიკაში აქტიურად დააბანდებს ან საზოგადოებას საყოველთაო უფასო ჯანდაცვით უზრუნველყოფს (და იმავდროულად გადასახადებს შეამცირებს) - ეს ეჭვის სერიოზული საფუძველია. და პირიქით, თუ მემარცხენე პოლიტიკური ძალა მასობრივ იმიგრაციას უცხოეთის მთავრობების შეთქმულებად წარმოაჩენს და ნაციონალური სუვერენიტეტის დაცვის (და იმავდროულად, ადამიანების გადაადგილების მაქსიმალურად გაიოლების) პირობას დებს - ეს პოპულიზმია.

პოპულიზმი იდეოლოგიაა?

პოპულისტები საზოგადოების შიშებზე თამაშობენ და სიტუაციის დრამატიზებას ცდილობენ. მათ ხშირად „ერთი საკითხის პარტიებს“ უწოდებენ, რადგან ტრადიციული პარტიებისაგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად კონკრეტული წინადადებები მათ, როგორც წესი, ერთ ან ორ ყველაზე მწვავე საკითხთან დაკავშირებით აქვთ (მაგალითად, მიგრანტებზე ან ევროკავშირიდან გასვლაზე).

ამასთან, თანამედროვე პოპულისტებს, როგორც წესი, მომავლის შესახებ მკაფიო წარმოდგენა არ აქვთ, ამიტომ ძალიან ხშირად ისინი იდეალური ქვეყნის სურათს ხატავენ. მაგალითად, დასავლეთევროპელი პოპულისტები ხშირად მიმართავენ 1970-ან წლებს, როდესაც ომი დიდი ხნის დასრულებული, გლობალიზაცია კი ჯერ დაწყებული არ იყო. მეცნიერები ამას „რეტროპოპულიზმს“ უწოდებენ.

პოპულიზმი იდეოლოგია არ არის, არამედ უფრო პოლიტიკური მიდგომაა, რომელსაც ძალიან განსხვავებული შეხედულებების პარტიები იყენებენ. მოწოდებები და ლოზუნგები განსხვავებულია, მაგრამ საზოგადოების მოწყობის შესახებ წარმოდგენები - ხშირად იდენტური.

მთავარია, რომ ყველა პოპულისტური ძალა მეტ-ნაკლებად მკაცრად მიჯნავს სოციუმს ორ ჯგუფად - „რიგით ადამიანებად“ („ხალხი“) და „ელიტად“. პოპულისტები მათ ერთმანეთს უპირისპირებენ, ადანაშაულებენ რა მმართველ უმცირესობას ხელისუფლების მიერ გარიყული უმრავლესობის პრობლემებში. საკმაოდ ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, პოპულისტები მხარს უჭერენ სხვადასხვა შეთქმულების თეორიას.

პოპულისტების აზრით, უმრავლესობა - სტატიკური და უცვლელი ერთობაა, რომლის წევრებსაც საერთო ინტერესები, ფასეულობები და საბაზო საკითხებზე ერთი პასუხი აქვთ.

იმავდროულად, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ელიტებს აკრიტიკებს - პოპულისტური არ არის. პოპულისტი პოლიტიკოსები ყოველთვის ამტკიცებენ, რომ ისინი წარმოადგენენ „ხალხს“ და ამის გამო მათ არ სჭირდებათ წინასწარ გაწერილი პროგრამა, რადგან ყოველ კონკრეტულ მომენტში ისინი „ხალხის ნების“ გამომხატველები იქნებიან.

რატომ მომრავლდნენ პოპულისტები?

დასავლელი მეცნიერები და ექსპერტები, როგორც წესი, პოპულისტ პოლიტიკოსებს აკრიტიკებენ, მაგრამ აღიარებენ, რომ მათი პოპულარობის წყარო თავად თანამედროვე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სისტემაშია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბევრმა მოქალაქემ ძალაუფლების სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუების მიმართ ნდობა დაკარგა.

ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მიმდინარე პროცესებს ერთმანეთზე სულ უფრო მეტი გავლენა აქვს. ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით, ბევრი თვალსაზრისით, მართვა რაციონალიზებული გახდა, მაგრამ ის სულ უფრო ოპერატიულ მმართველობით გადაწყვეტილებებს მოითხოვს. რაც უფრო მეტია მმართველობითი პროცედურა, მით უფრო გაუმჭვირვალეა ის. ყოველ ჯერზე, ყველაფრის მარტივი და გასაგები ენით ახსნა, ძალიან რთულია. 

ამასთან, დასავლური ელიტა მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში ხაზს უსვამდა თავის დემოკრატიულ ბუნებას და მას სხვადასხვა ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმის საპირწონედ წარმოაჩენდა. ამის გამო ის ნაწილობრივ პასუხისმგებელია იმაზე, რომ ადამიანებს გარკვეულად იმედი გაუცრუვდათ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ დემოკრატია იზღუდება არამხოლოდ გარედან - უცხოური რეჟიმებით, არამედ შიგნიდანაც - მმართველობითი კანონებით (იმით, რომ გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი ჩინოსნებმა დამოუკიდებლად, ამომრჩევლებთან კონსულტაციების გარეშე უნდა მიიღონ, რადგან სხვაგვარად სისტემა უბრალოდ არ იმუშავებს). მიუხედავად იმისა, რომ პოპულიზმი დემოკრატიისთვის საფრთხედ ან სულ ცოტა გამოწვევად მიიჩნევა, მისი პოპულარობა იზრდება, რადგან მასზე მოთხოვნა არსებობს.

გარდა ამისა, ეკონომიკურ გლობალიზაციას მოჰყვა არამხოლოდ მსოფლიო ეკონომიკის ზოგადი ზრდა, არამედ უთანასწორობის გამწვავებაც. ყველაზე მეტად ამან დაბალანაზღაურებადი მუშახელი დააზიანა, რომელსაც მძაფრ კონკურენციას უწევენ არაკვალიფიციური მიგრანტები. მაგალითად, თუ 2001 წელს ამერიკელების მესამედი თავს საზოგადოების არაუზრუნველყოფილ ფენას მიაკუთვნებდა, 2015 წელს - თავს ასეთად მიიჩნევს ნახევარი.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ფონზე ხელისუფლებები ახალი რეალობის შესახებ შინაარსობრივ დისკუსიებს გაურბიან და კონკურენციაში დამარცხებულ მოქალაქეებს ახალ პირობებთან ადაპტაციას სთხოვენ. რაც, ბუნებრივია, მხოლოდ ამძაფრებს თანამედროვე პოლიტიკური სისტემის მიმართ უკმაყოფილებას. ისევე როგორც ის, რომ ტრადიციული პარტიები იმდენად დაემსგავსნენ ერთმანეთს, რომ ლიბერალების, კონსერვატორების და სოციალ-დემოკრატების ერთმანეთისგან გარჩევა, თითქმის შეუძლებელია.

პოპულისტების ხელისუფლებაში მოსვლა საშიშია?

პოპულისტური პარტიები, თავის პროგრამებში, როგორც წესი დემოკრატიას არ უარყოფენ. მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ისინი ხშირად ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ინსტიტუტის დაქვემდებარებას და მათთვის მიუღებელი ინსტიტუტების გაუქმებას. რამდენად ახერხებენ ისინი ამ პროცესში წინსვლას, ამა თუ იმ ქვეყნის კონკრეტულ პირობებზეა დამოკიდებული.

თუ პოპულისტები მოდიან ისეთი ქვეყნის ხელისუფლებაში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარებულია, მათი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. ამის მაგალითად დონალდ ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები მოჰყავთ. ტრამპის საგარეოპოლიტიკური აქტივობა მნიშვნელოვნადაა შეზღუდული კონგრესთან მოლაპარაკების აუცილებლობით, ასევე ამა თუ იმ ნაბიჯთან დაკავშირებით მას ხშირად უმაღლესი სასამართლოს თანხმობა სჭირდება.

პოპულისტები შეიძლება შეზღუდოს არამხოლოდ შეკავების შიდა მექანიზმებმა, არამედ საგარეო ფაქტორებმაც. მაგალითად, პარტია „სირიზა“, რომელიც საბარძნეთში ხელისუფლებაში 2015 წელს მივიდა, მემარცხენე პოპულისტური პარტიის კლასიკურ მაგალითად მიიჩნეოდა, მაგრამ მთავარი დაპირებები, რომელიც გასცა, არ შეუსრულებია - არ დაუტოვებია ევროზონა და არ უთქვამს უარი მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელსაც ევროკავშირი საბერძნეთისგან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა. „სირიზამ“ წინა მთავრობების კურსი განაგრძო და სხვა პოლიტიკურ ძალებს შორის „ჩაიკარგა“, ამის გამო პარტიამ პოპულარობა დაკარგა და კვლევების თანახმად, სავარაუდოდ, მომდევნო არჩევნებში ვეღარ გაიმარჯვებს.

იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული ტრადიცია ნაკლებად მტკიცეა, ხოლო საერთაშორისო ინსტიუტუტებზე დამოკიდებულება დაბალი, პოპულისტებს პოლიტიკურ ცხოვრებაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ასე მოხდა აღმოსავლეთ ევროპაში, უნგრეთსა და პოლონეთში, სადაც პოპულისტური პარტიები თანმიმდევრულად ზღუდავენ მედიის, სასამართლო ხელისუფლების და მესამე სექტორის თავისუფლებას.

პოპულისტურ ტექნოლოგიებს თავად ავტორიტარული რეჟიმებიც ხშირად იყენებენ. მაგალითად, ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა რუსეთში პირველ წლებში ოლიგარქებს ბრძოლა გამოუცხადა, მოგვიანებით კი დასავლეთის სახით საგარეო მტერს დაუპირისპირდა და ხელისუფლების დაყოფის პრინციპი ფაქტობრივად გააუქმა. საზოგადოებრივი უკმაყოფილების სამართავად რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია კონტროლირებადი პოპულისტური, პირველ რიგში კი მემარცხენე ხასიათის პროექტების შექმნა. მაგრამ ზემოდან შექმნილი და დამოკიდებული პოპულისტური პოლიტიკური ძალები ეფექტიანი არ არის, რადგან პოპულისტები დანარჩენი პოლიტიკური ძალებისგან არამხოლოდ იდეებით, არამედ ისტებლიშმენტისგან დამოუკიდებლობითაც განსხვავდებიან.

ყველაზე რადიკალურ შემთხვევაში პოპულისტები ცდილობენ დემოკრატიის ჩანაცვლებას მეტად ან ნაკლებად ხისტი დიქტატურით, რაც ალექსანდრ ლუკაშენოკომ ბელარუსში, 1994 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააკეთა.

ზოგჯერ საზოგადოება და ინსტიტუტები პოპულისტებს წინააღმდეგობას უწევენ, რაც შეიძლება არაპროგნოზირებად, ზოგჯერ მრავალწლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, როგორც ეს ვენესუელაში მოხდა.

ავტორიტარულ ქვეყნებში პოპულიზმი ეფექტიანია?

ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში პოპულისტების მიმართ აქვთ, არის ის, რომ ისინი აკრიტიკებენ პოლიტიკურ სისტემას, რომლის სიკეთეებითაც აქტიურად სარგებლობენ. ესენია, სიტყვის თავისუფლება, არჩევნები, პარლამენტის ტრიბუნა. რასაც ვერ იტყვი ავტორიტარულ რეჟიმებში მცხოვრებ ოპოზიციონერებზე, სადაც წვდომა სახელმწიფოს მართვასა და მედიაზე ძალიან შეზღუდულია და დიდია რეპრესიებში მოქცევის შანსი.

ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია ამომრჩევლისთვის ისეთი სიცოცხლისუნარიანი რეფორმების პროგრამის შეთავაზება, რომელიც სიტუაციის რეალურ ცოდნას და მმართველობით გამოცდილებას დაეფუძნება. ასეთ ქვეყნებში ოპოზიციონერები ხშირად იყენებენ პოპულისტურ ტექნოლოგიებს: კონცენტრაციას აკეთებენ ხელისუფლებისთვის რამდენიმე ყველაზე მტკივნეულ თემაზე, საკუთარ თავს კორუმპირებული ელიტის საპირწონედ წარმოაჩენენ, და რაც ყველაზე მთავარია, უფრო კრიტიკით არიან დაკავებულები, ვიდრე წინადადებების შეთავაზებით.

ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ავტორიტარულ ქვეყნებში პოპულიზმი ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ლამის ერთადერთი ეფექტიანი ტაქტიკაა. ასეთ გაერთიანებებს „ნეგატიურ კოალიციებსაც“ უწოდებენ. მკაცრად კონტროლირებად არჩევნებში ისინი სერიოზულ შედეგებს ვერ მიიღებენ, მაგრამ მათი ძალა მოძრაობის მასობრიობაშია, რომელსაც ხელისუფლების მიუღებლობა აერთიანებს.

სამხრეთამერიკელი მეცნიერები ხშირად უარყოფენ პოპულიზმის დასავლურ განსაზღვრებას. ეყრდნობიან რა ლათინური ამერიკის ქვეყნებში დიქტატურებთან ბრძოლის გამოცდილებას, მათ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ პოპულისტურ ლოზუნგებს შეუძლია პოლიტიკაში ავტორიტარული ხელისუფლებების მიერ განდევნილი საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართვა.

სხვა თემები